"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა" - გზაპრესი

"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"

ის ერთდროულად 3 ფილმში გადასაღებად ემზადება. რა ხდება მას და სალომე ჭაჭუას შორის, რომელი თვისება არ მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში და ვის მიმართავს, როცა რთული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დავიბადე...

- ...1988 წლის 26 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი, მაგრამ ფეხზე ტრავმა მივიღე და სურვილი სურვილად დარჩა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყოველი დილის გათენება მიხარია. ჯანმრთელი ვარ, ჩემი ახლობლებიც კარგად არიან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს მიზანდასახულობაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...არაერთი მავნე ჩვევა მაქვს, თუნდაც - სიგარეტის მოწევა. რამდენი ხანია, ვცდილობ, თავი დავანებო, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ადამიანის დაჩაგვრა და ზემოდან, მედიდურად ყურება. ამაში საკუთარი თავი რამდენჯერმე გამომიჭერია, მაგრამ იმ წუთშივე აზრზე მოვსულვარ.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი, უსამართლოდ მოქცევა. ცნობისათვის, უსამართლობაში მხოლოდ კანონებს არ ვგულისხმობ, მორალი და ეთიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- პირველად თავი წარმატებულად ვიგრძენი...

- ...ჩემს, როგორც მსახიობის წარმატებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ის, რომ ხალხი მცნობდა, პირველად სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" თამაშის პერიოდში ვიგრძენი. ლევან ხომერიკის როლმა პოპულარობა მომიტანა. ეს ერთდროულად, უცნაური და ძალზე სასიამოვნო განცდა იყო. თითქოს დამაკომპლექსა კიდეც, მაგრამ თავში არ ამვარდნია. მედიდურობის გამო სხვას დავცინი და თავად ამას როგორ გავაკეთებ?!

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი....

GzaPress- ...ჩამოთვლა საიდან დავიწყო, არ ვიცი... შევცვლიდი ჩემს 2-მეტრიან და გაბუშტულ ცხვირს (იცინის). სიმაღლეშიც გავიზრდებოდი 3-4 სანტიმეტრით. ძალიან არ მომწონს ჩემი წვერი, რადგან საოცარი ფერი აქვს - "რიჟაც" არ არის, რაღაცნაირი წითელია. სხვა ფერის რომ იყოს, წვერმოშვებული ვივლიდი თუ არა, მაინც ვერ გეტყვით. ახლახან გავიგე სიტყვა "ლამბერსექსუალი". ადამიანებს წვერის გაპარსვა ეზარებათ და "აპრავებენ", - ლამბერსექსუალი ვარო. ბავშვური სახე მაქვს და წვერი ცოტა არ იყოს, ასაკს მმატებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გავცდე ქალაქს და ბუნებაში გავიდე. ამას ხშირად ვერ ვახერხებ.

- ქალაქგარეთ ჩემი საყვარელი ადგილები...

- ...ბევრგან არის. სარფში ამოჩემებული მაქვს ერთი მთა, სადაც მეგობრებთან ერთად ხშირად ავდივარ და კარვებში ვცხოვრობთ. ეს მთა საქართველო-თურქეთის საზღვარზეა. მეორე ამოჩემებული ადგილი მაქვს კოჯორში: სასაფლაოებს რომ გაივლი, იქ ერთი ღრმა ხევია, დასაბანაკებლად ძალიან კარგი ადგილია, მისტიკური და იდუმალი. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე ადგილი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მისტიკურ ადგილებზე, იდუმალებაზე ვგიჟდები.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ხალხმრავალ ადგილას ვხვდები და ზედმეტ ყურადღებას მაქცევენ. მგონი, ამის კომპლექსიც მაქვს.

- ვნანობ, რომ...

- ...შესაძლოა, ბევრ რამეს ვნანობდე, მაგრამ ყველაზე მეტად ვნანობ იმას, რომ ბებიას და ბაბუას, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან, თავის დროზე უფრო მეტი ყურადღება ვერ მივაქციე.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სულსწრაფობაა - მთელი ცხოვრება ამ სისუსტეს ვებრძვი. მინდა, ყველაფერი სწრაფად მოხდეს, რაც ძალიან ცუდი თვისებაა.

- სულსწრაფობა პირად ცხოვრებაში...

- ...მახასიათებს. ამ ბოლო დროს მივხვდი, პროცესით უნდა დატკბე და არა - შედეგით. ახლა პროცესით ტკბობა დავიწყე.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ბევრჯერ პატიება არ შემიძლია. ადამიანს თუ შევატყობ, რომ შეცდომას გულწრფელად ნანობს, აღიარებს, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება, ყველაფერს ვაპატიებ. შეცდომისგან ხომ არავინაა დაზღვეული.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ყველა შეცდომა მახსოვს, რომელიც კი ოდესმე დამიშვია. ყველა სიკეთეც მახსოვს, რომელიც ვინმეს ჩემთვის გაუკეთებია. უმადური არ ვარ.

- ბოლოს თვალზე ცრემლი მომადგა...

- ...გუშინ ერთმა ფილმმა ლამის ამატირა. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ, ზედმეტად მგრძნობიარე. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პროფესიის ბრალია. "შიშველი ნერვი" ვარ, ოდნავი შეხებაც კი განცდებს იწვევს.

- წონასწორობას ვკარგავ, როცა...

- ...უსამართლობას ვაწყდები. თავში ეგრევე "შარიკი" ტრიალდება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემთვის საყვარელი, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე ძნელად ასახსნელი რამ არის. ეს მოვლენაა. როცა შეყვარებული ვარ, მაშინ ფეხზე მყარად ვდგავარ და თან, ეს განცდა მცელავს. ახლა რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი ბანალური იქნება. ღმერთი ნამდვილად სიყვარულია.

- ქალი უნდა იყოს...

- ძალიან ძნელი ასახსნელია... როგორი უნდა იყოს ის, რომელიც იდეალურთან მიახლოებულად წარმომიდენია? ალბათ ისეთი, როგორიც ჩემ გვერდით გინახავთ. ჩემს მეუღლეში ვიპოვე ის თვისებები, რაც ჩემთვისაა მისაღები, ჩემეულია - ცუდიც და კარგიც. მთავარია, როგორს მიგიღებენ, რაზე დახუჭავენ თვალს და რით დატკბებიან...

ჩემი და სალომეს ურთიერთობის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. შოუების წყალობით ხალხმა დაასკვნა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. ეს არც მე და არც სალომეს არსად გვითქვამს, მაგრამ არც ის გვითქვამს, რომ რაღაც არ მოხდა. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ ვაკეთებ - ამის უფლება ხომ მაქვს? ერთად ვცხოვრობთ თუ არა? - არც ამ კითხვაზე გიპასუხებ. ბოლო პერიოდში ჩვენზე ათასობით კომენტარი იწერება. ერთი 70 წლის ბაბუ წერს: არც ერთი ვიცი, ვინ არის და არც - მეორე, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, დროსა და ენერგიას რისთვის ხარჯავთ, ერთი მაგათი დედაც ვატირეო. ეს ყველაზე ჯანსაღი მიდგომა იყო, გამორჩეულად დამამახსოვრდა. ნეტავ, ყველა ადამიანი იმ 70 წლის კაცივით აზროვნებდეს.

- თავისუფლება...

GzaPress- ...საკუთარი ნების გამოხატვაა. თავისუფლება აზროვნებაშია. მე შემიძლია, ნებისმიერი მოვლენასა და ადამიანზე საკუთარი აზრი გამოვხატო და სადაც მინდა, ვისთანაც მინდა, იქ წავიდე, ჩავეხუტო, მივეფერო, ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბი ვარ. განმარტოება ძალიან მიყვარს. ამ დროს რას ვაკეთებ? საკუთარ თავთან დიალოგი მაქვს. ვის რა ვავნე, ვინ რით გავახარე და ა.შ. პერიოდულად, განმარტოება კარგია. საკუთარ თავზე კარგი და მკაცრი განმკითხველი ვერ გეყოლება.

- ბოლოს საკუთარ თავთან დიალოგი...

- ...მქონდა იმ ამბებზე, რომელიც ბოლო დღეებია, ქალაქში ხდება და რამაც გამაცოფა. გავიგე, - დადიან და უპატრონო ძაღლებს ხოცავენო. ეს რომ საკუთარი თვალით ვნახო, ვერ გადამირჩებიან. ასეთმა ადამიანებმა "უპატრონოები" საკუთარ თავებს უწოდონ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მეგობრებით უმდიდრესი ადამიანი ვარ. თითოეული ძალიან მიყვარს და მეამაყება. ჩვენ ერთმანეთს გამუდმებით ვუჩვენებთ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა მხარში ამოდგომა.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ტყუილად არაფერი ხდება და ყველაფერი ერთ დიდ ჩანაფიქრს, მიზანს ემსახურება. ადამიანების ცხოვრების ხაზები მხოლოდ იმიტომ იკვეთება ან არ იკვეთება, რომ ასეა საჭირო. მუდმივად საინტერესო და დიდი ამბების მოლოდინში ვარ. მგონია, რომ ჩემში რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება, პიროვნულად ვიზრდები. მოლოდინი არის, მაგრამ ამ მოლოდინს აბსტრაქტული სახე აქვს.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- მეგობრები ერთმანეთის აზრებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ ამ საქმეში უკონკურენტო ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მამაჩემი გახლავთ. მისი სიტყვები ყოველთვის შემეცნებითია, მისგან ბევრს ვსწავლობ. სხვათა შორის, რაც არ დავუჯერე, სანანებელი გამიხდა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ბევრი რამ ვერ ვისწავლე. სულ მინდა, ბევრი უცხო ენა ვიცოდე. მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებს ვფლობ. იაპონური მინდოდა და ვეღარ ვისწავლე. თუმცა, გვიანი არასდროს არაფერია.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ვუღალატო სამ რამეს: ოჯახს, სამართლიანობასა და სამეგობროს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ამ წუთში ბაბუისა და მამისგან ნათქვამი არაერთი ფრაზა გამახსენდა. ბაბუა მარიგებდა: ეცადე, ზემოდან არავის დახედო (ამის უფლება ღმერთმა არ მოგცა) და არც ზემოდან დაახედვინო ვინმესო. მამა მეუბნებოდა, ვიდრე ვინმეს სიტყვას ეტყვი, კარგად დაფიქრდი და აწონ-დაწონე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. არასოდეს შეეხო ვინმეს უსამართლოდ, მაგრამ თუ გადაწყვეტ სამართლიანად შეხებას, ეს ისე გააკეთე, რომ პასუხის დაბრუნება ვეღარ შეძლოსო.

- დაბოლოს...

- ...ყველას ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად შევეცადოთ და დროზე ადრე რაღაცები არ დავასათაუროთ. ჩემ მიმართ ბევრი ქება და ბევრიც - ცუდი სიტყვა მოვისმინე. ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, ვიდრე ჩემი და სალომეს ურთიერთობაა. პირადად მე მიგულეთ ერთ რიგით ჯარისკაცად ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. არ მიყვარს პოლიტიკა და არც მაინტერესებს, მაგრამ მიყვარს ჩემი სამშობლო, თან - ძალიან მიყვარს!

თამუნა კვინიკაძე