ცნობისმოყვარე მსახიობის ოჯახური ცხოვრება - გზაპრესი

ცნობისმოყვარე მსახიობის ოჯახური ცხოვრება

შეგახსენებთ, მსახიობი ჟგუფ "ფრანის" სოლისტის - გაგა ჩიხლაძის მეუღლე გახლავთ. წყვილი უკვე მერვე წელია, ერთად ცხოვრობს და ორ შვილს ზრდის.

- როგორც მსახიობმა, რა გზა განვლე, ვიდრე სერიალ "შუა ქალაქში" გამოჩნდებოდი?

- მსახიობობა ბავშვობიდანვე მიტაცებდა, მაგრამ ამ პროფესიისადმი სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როდესაც მშობლებმა ყოფილ "პიონერთა სასახლეში", თოჯინების თეატრში სასწავლებლად მიმიყვანეს, მოგვიანებით კი სწავლა "არტოს ბაღში" გავაგრძელე. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. სოსო ნემსაძის ჯგუფში მოვხვდი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბატონმა სოსომ გორის თეატრში წაგვიყვანა და უკვე მეოთხე წელია, ამ თეატრის მსახიობი ვარ.

- სერიალ "შუა ქალაქში" როგორ მოხვდი?

GzaPress- "შუა ქალაქში" კასტინგის საშუალებით მოვხვდი. ძალიან ბევრ პერსონაჟზე მომსინჯეს, ბოლოს კი თეოს როლზე დამამტკიცეს.

- შენი გმირი რაიმეთი თუ გგავს?

- სხვათა შორის, თეო ძალიან მომწონს. მას რით ვგავარ? - ცნობისმოყვარეობით. ყველაფერი მაინტერესებს, რაც ირგვლივ ხდება (იცინის).

- სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს - გადასაღებ მოედანზე თუ თეატრში?

- "შუა ქალაქის" ჩაწერა რაღაცით ჰგავს სპექტაკლზე მუშაობის პროცესს. მაგალითად, აქაც მაყურებლის წინაშე გვიწევს თამაში, მაგრამ ჩემთვის თეატრი უფრო კომფორტულია... მიხარია, რომ სერიალის შექმნაში უმაგრესი ადამიანების გვერდით მიწევს მუშაობა, თითოეული ძალიან შემიყვარდა.

- შენ და შენი მეუღლე - გაგა წლებია, ერთად ცხოვრობთ. გაიხსენე, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ერთმანეთი ჩემს დაბადების დღეზე, საერთო მეგობრის - ზაზას წყალობით გავიცანით. ზაზა ჩემი ჯგუფელი და გაგას მეგობარი გახლავთ, ახლა კი თომას ნათლიაცაა. გაგას გაცნობის დღე კარგად მახსოვს: უნივერსიტეტში მისულმა ზაზა და გაგა დავინახე. ზაზას მივესალმე და ლექციაზე შევედი. რამდენიმე დღის შემდეგ, გაგა თეატრალურთან ისევ შევნიშნე. თურმე, მეგობრისთვის უთხოვია, - ანა გამაცანიო. ზაზამ ერთმანეთი გაგვაცნო, მერე სახლში დამპატიჟა, მაგრამ თავი დავიფასე, არ გავყევი (იცინის). ცოტა ხანში გაგამ ტელეფონზე დამირეკა. დავმეგობრდით და ხუთ თვეში დავქორწინდით კიდეც.

- თუ გახსოვს, გაგა სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?

- ნამდვილად არ უთქვამს სიტყვები: "მე შენ მიყვარხარ". ამის გარეშეც ვხვდებოდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა.

- გაგას მოსწონს სერიალი, რომელშიც მონაწილეობ?

- მაქსიმუმ, სამი სერია ექნება ნანახი და ამბობს, რომ მოსწონს. ისე, ჩაწერებზეც არ დამყვება. რჩევებს თეატრში შესრულებულ როლებზე უფრო ხშირად მაძლევს, მაგრამ რაღაცებში არ ვეთანხმები და ჩვენი საუბარი ხშირად კამათით სრულდება. თუმცა, საბოლოოდ მაინც ვცდილობ, მისი რჩევა გავითვალისწონო.

- შვილების აღზრდის პარალელურად, მუშაობა რთული არ არის?

GzaPress- ძალიან რთულია ორი ბავშვის მოვლა ჩვენი სამუშაო რეჟიმის პარალელურად. ამიტომ, ნენე ქუთაისში იზრდება - გაგას მშობლებთან, თომას კი ბებიაჩემი ზრდის. ჰოდა, თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება თუ არა, მაშინვე თომასთან ერთად, ქუთაისში მივდივართ.

- ბავშვები უყურებენ სერიალს?

- თომა 5 წლის არის, ნენე კი აგვისტოში გახდება ორის. სერიალს თომა უყურებს და შინ დაბრუნებულს მიყვება, რა ვთქვი "შუა ქალაქში" და როგორ ვიქცეოდი. ბოლოს ყოველთვის მეკითხება: ეს რატომ თქვი? ის რატომ გააკეთეო? (იცინის). უხარია, დედას ტელევიზორში რომ ხედავს.

- ზოგიერთები ამბობენ, რომ კომედიური პერსონაჟის თამაში უფრო ძნელია, ვიდრე - ტრაგიკულის. შენც ასე ფიქრობ?

- კი, მეც გამიგონია, რომ ამბობენ, კომედიური როლის კარგად შესრულება ძალიან რთულიაო, მაგრამ პირადად მე, ამ ჟანრში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე დრამატულ წარმოდგენაში მონაწილეობისას.

მარეხ ჭონიშვილი