პირველი ქურდობა, შეხვედრა ღარიბაშვილთან და დაწუნებული პომიდორი - გზაპრესი

პირველი ქურდობა, შეხვედრა ღარიბაშვილთან და დაწუნებული პომიდორი

გავრცელდა ჭორი, თითქოს იუმორისტი "ჯიდიესიდან" ისევ "რუსთავი 2"-ზე ბრუნდებოდა, ამის მიზეზად კი "ჯიდიესზე" განახევრებულ ხელფასს ასახელებდნენ...

საზოგადოების მითქმა-მოთქმა "კავეენის" შეჯიბრებაზე ამიკოსა და მისი გუნდის წარმატებამ - უმაღლესი ლიგის მეოთხედფინალში გადასვლამაც გამოიწვია: იუმორისტს "ქვეყნის მოღალატეს" უწოდებდნენ. თავად ამიკო ჭორებსა და უარყოფით კომენტარებზე ყურადღებას არ ამახვილებს. მიხეილ ხუბუტიას (რომელიც "კავეენის" ქართველების გუნდის სპონსორი გახლავთ) ემადლიერება, მას ძალიან კარგ პიროვნებად მიიჩნევს. ეს ადამიანი ბიჭებს თურმე, ბავშვივით გულშემატკივრობს და მათ მაქსიმალური კომფორტს უქმნის, რომ კარგად ითამაშონ... მოკლედ, "ცხელ-ცხელი" ჭორების პარალელურად, ამიკოს "პირველი ამბების" გახსენება ვთხოვე...

- პირველი გამოსვლა "კავეენის" შეჯიბრებაზე...

- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. ჩემი პირველი გუნდი "ნეპტუნი" იყო. შეჯიბრება აკადემიის დარბაზში ტარდებოდა - შიდა ტურნირი გახლდათ. შემდეგ აჭარის ნაკრებში - "რეზერვისტები" მოვხვდით. საქართველოს ჩემპიონატზე დედაქალაქში ჩამოვედით, აქაც ჩემპიონები გავხდით. მერე საქართველოს ნაკრებში ამოვყავი თავი და უკრაინის უმაღლეს ლიგაში ვითამაშეთ. სამწუხაროდ, დავმარცხდით... 10 წელია, საქართველო უმაღლესი ლიგის თამაშზე არ ყოფილა. მგონი, ამ თამაშში წარმატებით ჩავებით, რადგან ზუსტად 1 წელიწადში, მარცხის გარეშე, ჩემპიონის ტიტული მივიღეთ და უმაღლეს ლიგაში გადავედით, სადაც პირველი თამაში წარმატებით დავამთავრეთ. ახლა წინ მივიწევთ...

- პირველი სიყვარული...

GzaPress- სკოლაში ყველა ბიჭს ერთი და იგივე გოგო გვიყვარდა. ვჩხუბობდით: არა, მე მიყვარს, არა - მეო. მგონი, პირველი სიყვარული ეგ იყო... პირველი ნამდვილი სიყვარული კი ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების დედა გახლავთ.

- პირველი პაემანი გაიხსენე...

- საბერძნეთში გავემგზავრე და იქ შევხვდით, ოღონდ - უცნაური შეხვედრა გვქონდა, რადგან მანამდე, 8 თვის განმავლობაში მხოლოდ "სკაიპით" ვსაუბრობდით. ჰოდა, ერთმანეთი რეალურად რომ დავინახეთ, ცოტა არ იყოს, დავიბენით. 2 საათი ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. უკვე 2 შვილი გვყავს და მესამეზე ვმუშაობთ (იცინის)...

- მეუღლე საბერძნეთში ცხოვრობდა?

- კი, ერთ-ერთი ძლიერ ფირმაში (რომელიც საბერძნეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას "სიდი" დისკებითა და მუსიკალური ალბომებით ამარაგებს) მუშაობდა,F"ფორდისა" და "ბეემვეს" ფირმის მენეჯერი იყო, სიდედრი კი სვაროვსკის "ცეხში" მუშაობდა. მოკლედ, კარგ ცხოვრებას ყველანი მოვწყვიტე და საქართველოში წამოვიყვანე.

- მომავალი მეუღლე იოლად დაითანხმე, რომ საქართველოში წამოსულიყო?

- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. სხვა თუ არაფერი, ჩემი ცოლი სვანია, მაგრამ მე აჭარელი ვარ, ეს კი უფრო "მძიმე კატეგორიაა". აჭარლები სვანებზე "მძიმეები" ვართ. რომ დააკვირდე, აჭარლებზე ანეკდოტიც არ არსებობს - ვინც დაწერა, ყველა გავაქრეთ (იცინის).

- პირველი სასჯელი...

- პომიდორს დღემდე არ ვჭამ. ჰოდა, მშობლები მაძალებდნენ, მეჭამა. ამისთვის ბევრი მეთოდი გამოიყენეს... ისე არ გამიგოთ, თითქოს "კაი ბიჭი" ვარ და პომიდორს ამიტომ არ ვჭამ. უბრალოდ, არ მიყვარს. შემეძლო, მთელი დღე მშიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ბოსტნეულს არ შევჭამდი. დღესაც, პიცასა თუ სხვა კერძში პომიდორი ან თუნდაც წითელი, ბულგარული წიწაკა რომ შევნიშნო, არ ვჭამ.

- ანუ წითელი ფერის საკვებს საერთოდ არ მიირთმევ?

- არა. არ ვიცი, ზიზღია თუ რა ხდება, მაგრამ წითელ საკვებს პირში რომ ვიდებ, ცუდად მოქმედებს ჩემზე (იცინის).

- შენი მომზადებული პირველი კერძი...

- რა თქმა უნდა, შემწვარი კვერცხი, რადგან მარტივად მოსამზადებელია. ჩემი უსაყვარლესი კერძი შემწვარი კარტოფილი გახლავთ. შემიძლია, მთელი დღე, მთელი კვირა ვჭამო, სახამებელი ვერაფერს დამაკლებს. ოჯახის წევრები მეჩხუბებიან, - ამდენ კარტოფილს ნუ ჭამ, არ შეიძლებაო...

- პირველი შვილი...

- საბა. ის ჩემს ცხოვრებაში "გადატრიალება" იყო... როცა მეუღლის ფეხმძიმობის ამბავი შევიტყვე, ეს ამბავი აღვნიშნე - დალევის, "გულაობის" მიზეზს ვეძებდი და ვიპოვე. როცა გავიგე, ბავშვის გულისცემა ისმოდა, ესეც აღვნიშნე; პატარა მუცელში რომ ამოძრავდა, ამ ფაქტს ხომ საერთოდ, მთელი კვირა ვზეიმობდი.Hჰოდა, მერე საბა დაიბადა, რომელმაც ისეთი შეგრძნებები გამიჩინა, რასაც არ ველოდი. დიდ სიხარულს ველოდი, მაგრამ საბამ ეს "სკალა" დაამსხვრია და უფრო "შორს წავიდა". ცხადია, ორივე შვილი მიყვარს, მაგრამ პირველი შვილის დაბადებით განცდილი სიხარული განსაკუთრებულად მახსოვს. ვცდილობ, საბასთან მეტი დრო გავატარო. განა იმიტომ, რომ რაღაცები ვასწავლო, პირიქით - ბევრ რამეს სწორედ მისგან ვსწავლობ, უპირველეს ყოვლისა კი, დიდ სიყვარულს, რომელსაც ჩემ მიმართ გრძნობს.

- "მამა" პირველად როდის დაგიძახა?

GzaPress- საბა დინჯი ბავშვია, შემაწუხებელი არასოდეს ყოფილა. 3-4 თვის გახლდათ, როცა "მამა" თქვა. მახსოვს, საწოლზე ვეთამაშებოდი... მართალია, მხოლოდ 4 წლის არის, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული კაცია. დილით რომ ვიღვიძებ, კომპიუტერთან მჯდომი მხვდება: ან მულტფილმს უყურებს, ან - თამაშობს. სხვათა შორის, მისი და - ემილი ზოგჯერ ხელს უშლის ანუ თამაში უკვე მასაც უნდა. საერთოდ, გოგონები უფრო "ტიკტიკები" არიან. ემილი 2 თვის იყო, "მამა" რომ დამიძახა, ყოველ შემთხვევაში, ბგერები მიამსგავსა. შესაძლოა, დავაბრალე კიდეც, რომ "მამა" თქვა (იღიმის).

- პირველი ქურდობა...

- მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი. გაკვეთილების შემდეგ ბებიასთან მივდიოდი (ბებია კარტოფილს მიწვავდა, შინ კი კარტოფილის ჭამას მიშლიდნენ). საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მაღაზია იყო. იქ რაიმეს მოსაპარად კი არ შევსულვარ, საღეჭი რეზინი უნდა მეყიდა. აღმოჩნდა, რომ ჯიბეში მხოლოდ 5-თეთრიანი მქონდა (მანამდე სკოლაში ფუნთუშა ვიყიდე). ფული რომ გადავიხადე, ერთის ნაცვლად, ორი კევი ავიღე და ამის გამო ისე დავიბენი, რომ "დავიწვი" კიდეც. გასვლისას გამყიდველმა ქალმა დამიძახა. მოპარულ კევზე არაფერი უთქვამს, ის თავადვე დავაბრუნე. ქალმა სილა მტკიცა და ეს მწარედ მახსოვს - ეს ჩემი პირველი ქურდობა იყო. მაშინ ისე შემრცხვა, რომ მერე მსგავსი რამ არასოდეს ჩამიდენია, ხელმრუდე არ ვარ.

- პირველი ჰონორარი...

- ბათუმში, კლუბებში დიჯეიდ ვმუშაობდი. პირველი ჰონორარი კლუბ "ღამურაში" მუშაობისას ავიღე, სადაც დღეში 40-50 ლარს მაძლევდნენ. ჭამა-სმით ისინი უზრუნველმყოფდნენ. ასე რომ, "სუფთა ქეში" მრჩებოდა.. მარტოხელა ბიჭის კვალობაზე კარგად ვცხოვრობდი - ჯიბეში ფული ყოველდღიურად მქონდა. შემდეგ იყო: ტელევიზია, "ივენთები"...

- "ჯიდიესზე" განახევრებული ხელფასის და "რუსთავი 2"-ზე შენი დაბრუნების მცდელობის შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა, ეს გეცოდინება...

- ეს აბსურდული ინფორმაციაა. ყველა სამსახური რომ დავკარგო და არსად მიმიღონ, "რუსთავი 2"-ში მაინც არ მივალ. იქიდან წამოვედი (მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს) და რაკი ეს ნაბიჯი გადავდგი, უკან არ დავბრუნდები. სხვა თუ არაფერი, ეს ჩემს იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. თუმცა, უამრავ ადამიანს სურს, "კომედი შოუში", "ვანოს შოუში" გამოვჩნდე, მაგრამ მიმაჩნია, ეს ნაბიჯი არ უნდა გადავდგა. მაქსიმალურად ვცდილობ, წარმატებას მივაღწიო. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მაყურებელი ამას ვერ ხედავს და ლოგიკურიც არის. ვმუშაობ და შეიძლება, სხვა ამპლუაში ან საერთოდ, ქვეყნის ფარგბელს გარეთ მიხილოთ... პარალელურად "ჯიდიესზე", "ბინა 18"-ის მსხიობი ვარ - მუსიკალურ მხარეს ვკურირებ. უკვე 5 კლიპი გადავიღე და ყველა რეიტინგულია. ვცდილობ, ყოველკვირა ახალი სიმღერა "გავაკეთო", კლიპი გადავიღო. თუკი მე, "არამომღერალი" ამას ვახერხებ, შოუბიზნესის წარმომადგენლებმაც უნდა მოახერხონ. შეიძლება, 3D ფორმატის კლიპები არ მაქვს, მაგრამ კრეატიული, ხარისხიანი, დასამახსოვრებელია და სწრაფად ვრცელდება. ასე რომ, იმუშავეთ, მეგობრებო: თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია.

- ხელფასის განახევრების ამბავიც ჭორია?

- ჭორი არ არის, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ახლა რატომ "გაგიჟდნენ", არ ვიცი. კონკრეტულად ჩვენ კი არა, მთელ ტელევიზიას ბიუჯეტი საგრძნობლად შეუმცირდა. ამის რეალური მიზეზი რა გახდა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი "გადმოსახედიდან", თანამშრომლებმა უფრო მეტად მოინდომეს და უკეთ ამუშავდნენ. "პროსტა ფული" კარგია, მაგრამ - გადუნებს...

- პირველი საქმიანი საუბარი ბერასთან...

- მეამაყება, რომ ბერასთან საქმიანი საუბარი არ მქონია, რადგან ჩემი აზრით, ასეთი საუბრები მეგობრობას ასუსტებს. თუმცა, საქმეზე გვილაპარაკია და ეს უფრო, მეგობრული "ჩართვა" ყოფილა. არც ფინანსებზე გვილაპარაკია და არც არასდროს ვილაპარაკებ. ჩვენი ურთიერთობა ფულზე ძვირფასია. მაქსიმალურად შევეცდები, ბევრი ფული პატიოსანი გზით დავაგროვო, გავმდიდრდე და ზუსტად მისი ოჯახის მსგავსად, ბევრ სხვა ოჯახს და ქვეყანასაც დავეხმარო.

- პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან...

GzaPress- "ჯიდიესის" სტუდიაში შევხვდი. ძალიან კარგი ადამიანია. მის მიმართ პოზიტიურად განვეწყვე. განათლებული და ნიჭიერი პიროვნება გახლავთ. ირაკლი ღარიბაშვილის ცოდნაც და ადამიანობაც ჩვენს ქვეყანას ძალიან დაეხმარება. პირველივე შეხვედრისას იმდენად გავუშინაურდი, რომ დღემდე ვმეგობრობთ. ერთმანეთს ხშირად ვერ ვეკონტაქტებით, რადგან მას უამრავი (ჩემზე მნიშვნელოვანი) საქმე აქვს...

- ირაკლი ღარიბაშვილს სტუდიაში რა უნდოდა?

- მოგეხსენებათ, ის ბერას მეგობარიც არის.

- პირველი დეპრესია...

- 16 წლის ვიყავი, როცა მეგობარი გარდამეცვალა და ეს ძალიან განვიცადე...

- პირველი სერიოზული წარმატება...

- 1998 წელს "სლავიანსკი ბაზარზე", საუკეთესო ვოკალისთვის 864 ბავშვს შორის გრან-პრი ავიღე. ჩემი პირველი, ყველაზე დიდი წარმატება ეს არის.

- პირველი ღალატი...

- არავისთვის მიღალატია. საერთოდ, ძალიან ერთგული ვარ. ჩემთვის უღალატიათ - ასეთი 2-3 ადამიანი იყო, მაგრამ ესეც ბევრია. ამას საკუთრ თავს ვაბრალებ ე.ი. მეგობარი კარგად ვერ "დავიჭირე", მაგრამ არა უშავს, ცხოვრება გრძელდება... საბედნიეროდ, უამრავი კარგი მეგობარი მყავს და მათი განსაკუთრებული სიყვარული, ვიცი. ოჯახებით ახლო ურთიერთობას მიჩვეული ვარ, რაც შემდეგ ნათელმირონობაში გადადის.

ეთო ყორღანაშვილი