ისტორიული კადრები ლუკას ფოტოალბომიდან - გზაპრესი

ისტორიული კადრები ლუკას ფოტოალბომიდან

მაგალითად, ჩემს რესპონდენტს ასეთი ათეულობით სურათი აქვს: გარდა იმისა, რომ ეს კადრები მისი ბავშვობის დროინდელ პერიოდს ასახავს, პირდაპირ არის გადაჯაჭვული საქართველოს ისტორიასთანაც... მზია შარაშიძის, იგივე - ლუკას ალბომი სავსეა საინტერესო და უნიკალური ფოტოებით. მასთან ერთად კადრებში აღბეჭდილი არიან: ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია; ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი - მერაბ კოსტავა; ქვეყნის პატრიარქი - ილია II. ასევე: მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, პოეტები, სპორტსმენები...

- შენი ალბომის დათვალიერებისას, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება იმ ფოტომ მოახდინა, რომელზეც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად ხარ აღბეჭდილი...

GzaPress- ეგ მართლა მნიშვნელოვანი ფოტოა და წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს... ყველას გვახსოვს, როგორი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ბიძაჩემის წყალობით, ქვეყანაში მომხდარ ღირსშესანიშნავ მოვლენებს პატარაობაში არ დავკლებივარ. ბიძა - შალვა შარაშიძე ფოტოკორესპონდენტი და ჟურნალისტი გახლდათ, სხვადასხვა გადაცემაზე მუშაობდა, ამზადებდა სტატიებს და შესაბამისად, ფოტომასალასაც იღებდა. მის მიერ გადაღებული ფოტოების ძალიან დიდი არქივი არსებობს. შალვას ავტორობით ბევრი მნიშვნელოვანი, ლეგენდარული კადრი შემორჩა ჩვენს ქვეყანას. ის ასევე, ჩართული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაშიც. მოკლედ, წერდა, ფოტოებს იღებდა, დადიოდა ყველა მიტინგზე, შეკრებასა თუ სპორტულ ღონისძიებაზე... მას ძალიან ვუყვარდით მე და ჩემი ძმა, მით უმეტეს, რომ დაოჯახებული არ იყო და შვილებიც არ ჰყავდა. სამწუხაროდ, ის 2003 წელს გარდაიცვალა.

- ბიძას მიტინგებზეც დაჰყავდი?

- ჰო, ჩამჭიდებდა ხელს და ყველგან - მიტინგსა თუ ამა თუ იმ თავყრილობაზე მივყავდი. სულ ამბობდა: რაც ახლა ხდება, ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ბავშვმა ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რომ დაამახსოვრდესო. მოგეხსენებათ, მიტინგებზე უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. იმ სიტუაციაში ფოტოკორესპონდენტს უნდა ემუშავა, ბავშვთან ერთად საქმის გაკეთება კი შეუძლებელი იყო. კარგი გამოსავალი მოძებნა: ისეთ გამოსაჩენ ადგილას დამაყენებდა, რომ თავისი ფოტოკამერით სადაც უნდა წასულიყო, ადვილად დავენახე. ჰოდა, ასეთი ადგილი იყო მიტინგზე არსებულ მიკროფონთან ახლოს და ყოველ მიტინგზე იქ დროშასავით ვიყავი "გამოფენილი"...

- გამოდის, რომ იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი ბავშვიც იყავი...

- კი, მიტინგზე შეკრებილები მცნობდნენ, თბილად მხვდებოდნენ, მეფერებოდნენ და მეუბნებოდნენ: აი, ჩვენი გოგო მოვიდაო. ყველამ იცოდა, სადაც უნდა ვმდგარიყავი. რაც მთავარია, ბიძაჩემი ფოტოებს ლეგენდარულ ადამიანებთან მიღებდა და ამბობდა: ამ სურათებს წლების მერე დაედება ფასიო. პრინციპში, ასეც მოხდა. ვინაიდან ბიძაჩემის ნამუშევრები არქივშია, ძალიან ხშირად, მისგან დამოუკიდებლად, ფოტოები სხვადასხვა გამოცემაში (გაზეთი, ჟურნალი) ჩნდებოდა ხოლმე...

- ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად ხარ, უკან შენზე ოდნავ მოზრდილი ბიჭი დგას, რომელიც თურმე, გიგი უგულავაა...

- კი და ეს ფოტო ინტერნეტსივრცეში მისი მერობის პერიოდში გავრცელდა. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე: სურათი საფუძვლიანად "განიხილეს", იმსჯელეს და ბოლოს დასვეს კითხვა, - ეს გოგო ვინ არის? ნეტავ, ახლა სად არის და რას საქმიანობსო? ამ ამბავმა ჩემამდეც მოაღწია და ცნობისმოყვარეებმაც დაადგინეს, რომ ის ბავშვი მე ვარ (იღიმის).

- შენს ბავშვურ მეხსიერებას როგორ შემორჩნენ ეროვნული მოძრაობის მაშინდელი ხელმძღვანელები?

GzaPress- ამ ფოტოების ნახვისას ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული მოძრაობის დიდი აქტივისტი ვიყავი. არადა, რეალურად, მაშინ 8 წლის გახლდით და შეუძლებელიც კი იყო, ამ ასაკის ბავშვს რაიმე სახის პატრიოტული სულისკვეთება ჰქონოდა. იმ პერიოდში ჩემი ფიქრები სხვაგან ქროდა, მიტინგზე დგომას ცხადია, თამაში მერჩივნა, მაგრამ ბიძას არ ვეწინააღმდეგებოდი, რადგან იმდენს კი ვხვდებოდი, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. მომწონდა იქაური სიტუაციაც, შეძახილები, ხალხის აღტყინება. მიყვარდა ფოტოს გადაღებაც. ხომ ხედავთ, ხან ზვიად გამსახურდიას აქვს ჩემს თავზე ხელი დადებული და ხან - პატრიარქს. ეს ყველაფერი შეგრძნების დონეზე მახსოვს და ისიც, რომ ჩემ მიმართ დიდ სითბოს იჩენდნენ. ალბათ, უკვირდათ, ასეთი პატარა ბავშვი იქ საათობით რომ ვიდექი და არავის ვაწუხებდი.

- ეს ძალიან თბილი ფოტოა: თავი გაქვს მიდებული ჩვენს სახელოვან და სილამაზით განთქმულ მსახიობზე - მედეა ჯაფარიძეზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთმანეთს ახლოს იცნობდით...

- ამ ფოტოზე 4-5 წლის ვარ ანუ ეროვნულ მოძრაობამდეა გადაღებული და ბუნდოვნად მახსოვს ეგ დრო. როგორც ვიცი, ქალბატონი მედეა და მისი მეუღლე, რეზო თაბუკაშვილი იყალთოში, "შოთაობაზე" იყვნენ ჩამოსულები (ეს ღონისძიება იყალთოს აკადემიაში იმართებოდა). ცხადია, მეც იქ ვიყავი. რა თქმა უნდა, ბიძაჩემი ხელიდან არ გაუშვებდა შანსს, რომ ჩემთვის ამ დიდებულ ადამიანებთან ერთად, ფოტო არ გადაეღო. მახსოვს, ამ პერიოდში ცოტა უხასიათო ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, ჩემგან რა უდოდათ, რატომ მიღებდნენ სურათს. მაშინ რეზო თაბუკაშვილი დოკუმენტურ ფილმს - "მზე იყალთოში" იღებდა. მე გრძელი, შავი თმა მქონდა და ბატონ რეზოს მოვეწონე, - ეს ბავშვი ანგელოზის როლში უნდა გადავიღოო. მისი მოთხოვნა ასეთი იყო: უნდა დავმჯდარიყავი, თმა ჩამომეშალა, ტანზე ჩამომეყარა და წელს ზემოთ შიშველი ვყოფილიყავი. გავაფიჩინე ფეხები და გავაპროტესტე: არ გავიხდი-მეთქი. მთელი გადამღები ჯგუფი მეფერებოდა, მეხვეწებოდა, - ველოსიპედს გიყიდით, ამას გაჩუქებთ ან იმასო, მაგრამ ვერ გადამაფიქრებინეს. მერე ბატონმა რეზომ თქვა: კარგი, ნუ გაიხდის, შავი სვიტერი ჩააცვით და ასე გადავიღოთო. შავი სვიტერი კი ვერ იშოვეს და საბოლოოდ, იმ ანგელოზის როლი ფილმიდან ამოვარდა...

- შენ ყველაზე მეტად, რომელი ფოტო მოგწონს?

GzaPress- რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად გადაღებული სურათი მიყვარს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ყველა ფოტოს თავისი ისტორია და ღირებულება აქვს. ჩემთვის ასევე, ძვირფასია შილტონის ფოტო. ინგლისის ფეხბურთის ნაკრები საქართველოში ჩამოვიდა და "დინამოს" სტადიონზე ჰქონდათ წვრთნები. ბიძაჩემს შილტონთან ინტერვიუ ჰქონდა, საქმის დასრულების შემდეგ კი ეს სამახსოვრო სურათი გადამიღო. მახსოვს, მას მეკარის ხელთათმანი ეცვა და ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ამ კადრს რომ ვიღებდით, ბობი ჩარლტონი, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გამოვიდა და გაგიჟდა, - რა კარგი ბავშვიაო. მერე ინგლისის ნაკრების წევრების (მათივე ხელმოწერებით) მაგარი ხარისხის ფოტოები გვაჩუქა. მოკლედ, ასე დამაპროწიალებდა ბიძაჩემი აღმა-დაღმა, დღეს კი ამის გამო მისი მადლიერი ვარ.

ერთადერთი, რის გამოც გული მწყდება, ის არის, რომ ბევრი კარგი ფოტო დაიკარგა. თუმცა, ბევრი ფირი არსებობს, რომელთა გადარჩევა ალბათ, შესაძლებელია. წლები რომ გადის, ამ ყველაფერს მერე აქცევ ყურადღებას და ის შენთვის ძვირფასიც ხდება.

აი, ამ სურათზე მე და თამთა, მერაბ კოსტავას ქალიშვილი ვართ. ფოტო 1989 წლის 8 აპრილს არის გადაღებული. იმ დღეს ბიძამ სახლში მიმიყვანა და საღამოს ისევ წავიდა რუსთაველზე. ჩემს წაყვანასაც აპირებდა, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს, - გვიანიაო. ეგ ერთი დღე იყო, სახლში რომ დავრჩი და სწორედ მაშინ დატრიალდა რუსთაველზე ტრაგედია. ეტყობა, ჩემებს გულმა უგრძნო, თორემ იმ საშინელებას, რაც იმ ღამეს მოხდა, მეც შევესწრებოდი.

ლალი ფაცია