პატარა ბიჭი, "ერისიონის" ცნობილი კლიპიდან - გზაპრესი

პატარა ბიჭი, "ერისიონის" ცნობილი კლიპიდან

"შენ, ვინც კითხულობ ქართულ ლეგენდას, აღმოაჩენ ამ ამბავს", - ამბობდა პატარა ქართველი და წიგნის ფურცვლას იწყებდა. გიორგი ცხადაძე მაშინ 7 წლის იყო... შემდეგ ტელევიზიებმა ამავე ანსამბლის კონცერტის ჩანაწერი დაატრიალეს: პროექტში, სახელწოდებით "ქართული ლეგენდა" პატარა მომღერალი სცენაზე "ერისიონელთა" უფროს თაობასთან ერთად იდგა.

რამდენიმე კვირის წინ ახმეტელის თეატრში, პრემიერაზე გახლდით. ბრაზილიელმა ხელოვანმა - როდრიგო ფიშერმა სპექტაკლი "2+2=2" დრამატურგ ანტონინ მარტოსთან ანუ ირაკლი კაკაბაძესა და ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად დადგა. დრამატურგთან ერთად, სპექტალის ტექსტზე რეჟისორი და მსახიობები: ანდრია გველესიანი, სოფია სებისკვერაძე, გიგი მიგრიაული და გიორგი ცხადაძე მუშაოდნენ. დადგმაში მონაწილე ოთხი მსახიობი წარმოდგენის მსვლელობისას საკუთარი ბიოგრაფიიდან ერთ ეპიზოდს იხსენებდა და ერთ-ერთი ასეთი მონოლოგის დროს შევიტყვე, რომ პატარა "ერისიონელი" მსახიობი გამხდარა.

GzaPress- ახმეტელის თეატრში რამდენიმე თვის წინ, სამხატვრო ხელმძღვანელმა - ირაკლი გოგიამ მომიყვანა და ამჟამად ოთხ სპექტაკლში ვარ დაკავებული. აქ მეგობრული სიტუაციაა და პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა. ამ სეზონზე არაერთი პრემიერა გვქონდა, უკვე მეოთხე უცხოელმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლი "ახმეტელში". როდრიგო ფიშერი ძალიან პოპულარული ხელოვანია ბრაზილიაში და 2014 წელს მონოსპექტაკლისთვის საუკეთესო რეჟისორის წოდებაც მიანიჭეს. ის უბრალოდ წარმოდგენას კი არ დგამს, არამედ თავად არის მსახიობიც, გამნათებელიც, რადისტიც და მეტი ბუნებრივობისთვის, ასე ვთქვათ, თეატრსა და კინოს აერთიანებს. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. სპექტაკლის "2+2=2" სცენარი არ არსებობდა და რეჟისორთან ერთად მსახიობები ვარჩევდით ცალკეულ ეპიზოდებს, ამ ყველაფრის "გაშალაშინებაში" კი ირაკლი კაკაბაძე დაგვეხმარა.

- სპექტაკლში ბავშვობას იხსენებ და ხონიდან თბილისში გადმობარგების პერიოდს...

- რეჟისორმა რომ შემოგვთავაზა, ბავშვობა გაგვეხსენებინა, თავიდან არ ვიცოდი, მომეყოლა თუ არა ის ეპიზოდი, რომელიც ახლა სპექტაკლშია შესული. დავაკონკრეტებ: დავიბადე ხონში. 4 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვსახლი. უფროსი დები მყავს და მათ უმაღლესში უნდა ჩაებარებინათ, მეც სკოლაში უნდა შევსულიყავი. ჰოდა, შვილების უკეთესი მომავლისთვის, მშობლებმა თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტეს... ხონიდან თბილისში დადიოდა წითელი ავტობუსი და ასევე - მიკროავტობუსი, რომლით მგზავრობაც ორი ლარით მეტი ღირდა. მგზავრობა ცუდად გადამქონდა და ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მიკროავტობუსით ვიმგზავრებდით. 4 წლის ბავშვი ვიყავი და მახსოვს, როგორ მიდიოდა ოჯახში მსჯელობა ამ თემაზე. ის ორი ლარი ჩვენთვის პრობლემა იყო...

- მშობლები რას საქმიანობდნენ?

- მამა მომღერალია. რაიონშიც მღეროდა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი ოპერის თეატრში, ჯანო კახიძის ანსამბლში მიიღეს. მოგვიანებით, "ერისიონში" გადაინაცვლა, სადაც მერე მეც ვმღეროდი. რაც შეეხება დედას, პროფესიით პედაგოგია, ახლა "ერისიონში" ბუღალტრად მუშაობს.

- კარგად მღერი და უკრავ...

- დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა მამამ მითხრა, - სალამურს გიყიდი და დაკვრას გასწავლიო. მეგონა, საქსოფონივით ღილაკები ექნებოდა და ვითამაშებდი, მაგრამ ხის "უბრალო" ნივთი რომ მომიტანა, აღარ მომეწონა (იღიმის). თუმცა, ხელში რომ ავიღე, ნელ-ნელა მომეწონა ეს ინსტრუმენტი. თბილისში უკვე სიმღერის შესწავლაც დავიწყე. მერე სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებითაც დავინტერესდი და დღეს ვუკრავ: სალამურზე, ფანდურზე, ბასფანდურზე, გიტარაზე, დოლზე, დასარტყამ ინსტუმენტებზე. ვცდილობ, ფორტეპიანოზეც დავუკრა.

- "ერისიონში" გატარებული პერიოდი გაიხსენე...

- კლიპი "შატილის ასულო" საფრანგეთში გადავიღეთ. თვითმფრინავით გაფრენა ჩემთვის საოცრება იყო. გუდაურსა და ბაკურიანში ნამყოფი არ ვიყავი და პირველად იქ ვნახე თოვლი. ეს კლიპი ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო და ვინაიდან იმ დროისთვის საკმაოდ მაღალბიუჯეტიანიც, ყველას ეგონა, რომ გავმდიდრდით, მაგრამ რასაკვირველია, ასე არ იყო (იღიმის).

- ვფიქრობ, გარეგნულად დიდი ცვლილებაა მაშინდელ და დღევანდელ გიორგის შორის. მაინც გცნობენ?

- ამ კლიპის შემდეგ, რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობდი და მათ შორის იყო "ნიჭიერი" (2012 წელს). "მეგობრების ტრიოს" წევრი ვარ. ერთად ვმღერით გიორგი გოგოლაური, ლადო დონღვანი და მე - ჰოდა, ამ პროექტიდან უფრო მიცნობენ.

- თეატრალურ უნივერსიტეტში როგორ მოხვდი?

GzaPress- სრულიად შემთხვევით ჩავაბარე თეატრალურში. ნუკრი ქანთარიას ჯგუფში ვსწავლობდი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. სკოლაში მეთორმეტე წელიც უნდა მესწავლა. ერთ-ერთი მასწავლებისგან გავიგე, რომ განცხადების დაწერის საფუძველზე, შეიძლებოდა, ექსტერნად გამევლო საგნები და მეთორმეტე კლასი აღარ დამემთავრებინა. განცხადება დავწერე. მოგვიანებით, დამიბარეს რესურსცენტრში, სადაც 12 გამოცდა ჩავაბარე და იმავე დღეს მომცეს ატესტატი. ეს ამბავი ჩემი ოჯახის წევრებისთვის სიურპრიზი იყო. როცა ატესტატით ხელში, შინ მივედი, მამამ მითხრა: ახლა ჯარში წაგიყვანენ ან აუცილებლად, სადმე უნდა ჩააბაროო. ეროვნული გამოცდებისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ გავრისკე და განაცხადის შევსებისას რატომღაც, თეატრალური უნივერსიტეტი ჩავწერე. გამოცდებზე კარგი ქულები მივიღე. არადა, გამოცდებზე ისე მივედი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთადერთი ლექსი მოვამზადე წინა დღეს - ენვერ ნიჟარაძის "მარადიული დღესასწაული" და ის წავიკითხე. მასში ასეთი სტროფებია: "ჰგავს სავსე მთვარე დიდი ხომალიდს, გაჩახჩახებულ ილუმინატორს" (იღიმის). - შვილო, ვინ გირჩია ან რატომ კითხულობ ამასო? - გაუკვირდათ, მაგრამ მიმიღეს, თან, "უფასოზე" ვსწავლობდი.

- კინო რომ გიყვარს, ეგ აღნიშნე, მაგრამ შენთვის ყველაზე საინტერესო ეპოქა და ჟანრი რომელია?

- ნებისმიერი ჟანრის ფილმში ვითამაშებდი, მაგრამ ყველაზე მეტად, ისტორიული შინაარსის ნამუშევრები მიზიდავს; "ბოევიკებიც" მომწონს. ვფიქრობ, ხელოვნებამ სულიერი საზრდო უნდა მიაწოდოს ადამიანებს, მაგრამ ამავდროულად, ისეთი შოუს ელემენტებით უნდა იყოს გაჯერებული, რომელიც მაყურებელს მიიზიდავს. მაგალითად, ჩვენ სპექტაკლი "2+2=2" ამ მხრივ კარგად არის აგებული: მასში მაყურებელი იმ დონეზეა ჩართული, რომ ნებისმიერს შეუძლია პარტერიდან სცენაზე ამოვიდეს, თავისი სათქმელი გვითხრას, დიალოგში შევიდეს მსახიობებთან. ვფიქრობ, ეს არის თეატრის მომავალი.

- დღესდღეობით, რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?

- იმდენი ოცნება მაქვს, რომ... ბანალური იქნება, თუ ვიტყვი: მინდა ქვეყნის საზღვრების გარეთაც ვიმუშაო და წარმატებებს მივაღწიო-მეთქი. ვფიქრობ, ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. ვიცი, რა უნდა გავაკეთო დღეს, ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ. არ ვამბობ - "ბევრი ფული მინდა" და მსგავს ფრაზებს, რადგან ასეთი ოცნებები უბრალოდ, არ მაქვს... სხვათა შორის, წლების წინ, პირველი ინტერვიუ სწორედ ჟურნალ "გზას" მივეცით მე და მამამ; მაშინ მუხიანში ვცხოვრობდით, "გზის" ჟურნალისტი შინ გვესტუმრა და საუბარი "ერისიონის" კლიპის თემაზე წარიმართა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩემი გახსენებისა და ყურადღებისთვის (იღიმის).

ანა კალანდაძე