სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის საოცნებო როლი - გზაპრესი

სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის საოცნებო როლი

პრეამბულის მაგიერ

- ლექსი თავადაც დამიწერია, მაგრამ არა ისეთი, რომ ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო.

- თანამედროვე პოეტების შემოქმედებას ეცნობი?

- რა თქმა უნდა. ძალიან მომწონს თემურ ელიავას ლექსები, განსაკუთრებით - "საუბარი ღმერთთან".

- საყვარელი ქალისთვის ლექსი მიგიძღვნია?

- რა თქმა უნდა, სუფრასთანაც არაერთხელ წამიკითხავს. ჩემმა თაობამ პოეზიას ალღო აუღო. შემოქმედებითი ადამიანები არიან, სიმღერებს ქმნიან. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

- ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას ვინ გირჩევდა?

- ბებია. ის ძალიან განათლებული ადამიანია. ბაბუა (მსახიობი ჯემალ ღაღანიძე) და მისი ძმა, ნოდარი ბაბუა ზღაპრებს მიკითხავდნენ. დღემდე მახსოვს, ეს ზღაპრები ჩემზე რამდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, როგორი ემოცია მოჰქონდა.

- შემოქმედი ადამიანების ოჯახში გაიზარდე, ბავშვობიდან თეატრში დადიოდი. როდესმე მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე გიფიქრია?

- მიფიქრია, სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, შესაძლოა მსახიობი არც გავმხდარიყავი, მაგრამ დღეს ეს პროფესია იმდენად მიყვარს, სხვა სფეროში ჩემი თავი ვერც კი წარმომიდგენია. თეატრის სიყვარულმა ყველანაირი ინტერესი გადასძალა.

- რომელ პერსონაჟთან იძმაკაცებდი?

- მერკუციოსთან. მასში ერთგულება, შინაგანი თავისუფლება მხიბლავს. ბევრი გმირის დასახელება შემიძლია, ვისთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი, მაგრამ მერკუციოს იმიტომ ვამბობ, რომ ამ გმირის თამაშის დიდი სურვილი მაქვს.

- მას პიროვნული თვისებებით ჰგავხარ?

- ეს ჩემმა მეგობრებმა უნდა თქვან, საკუთარ თავზე ლაპარაკი უხერხულია.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მიგიწვიეს, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ხარ ჩართული.

- კი, ჩემი პერსონაჟი მეტსახელით გრუშა მოძველბიჭო ადამიანია. რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს.

- გრუშა ქართველი პოლიტიკოსებიდან რომელიმეს ხომ არ გაგონებს?

- (იცინის) ერთ პოლიტიკოსს ვამსგავსებ, მაგრამ მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- ხელზე ტატუ გაქვს, რა გაწერია?

- "შენ ხარ ჩემი ცხოვრების ანგელოზი, ელენე". ეს ტატუ ჩემი შვილი რომ დაიბადა, მაშინ გავიკეთე. აპრილში 4 წლის ხდება.

- მეუღლეს დაშორდი?

- დიახ.

- თამუნა მუსერიძისა და შენმა ფოტოებმა ხალხი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ აალაპარაკა. მართლა რომანი გაქვთ თუ ეს სპეციალურად საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გააკეთეთ?

- მე და თამუნა შევთანხმდით, ამ თემაზე საერთოდ არ ვილაპარაკოთ.

- რას ნიშნავს გერმანული წეს-ჩვეულება - ბრუდერშაფტი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, მსგავსი რამ საქართველოშიც ხშირად ხდება. სუფრასთანაა დაკავშირებული.

- ვერ გიპასუხებ.

- ქეიფის დროს დამეგობრებას. "ჩემი თავია ჩემივე მტერი, თავი რომ არა, მე რა დამწვავდა?" რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს სიტყვები?

- ნივთის? თავით რა იწვება? ასანთის გარდა, არაფერი მახსენდება.

- ვის მიმართა დახმარებისთვის წრუწუნამ მულტფილმში - "წუნა და წრუწუნა"?

- ფიცხელას.

- სპარსული ანდაზის მიხედვით, ადამიანი, რომელიც სიბრძნეს ეძებს, ჭკვიანია. ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- როცა არ ეძებს.

- როცა ჰგონია, რომ იპოვა. რამდენი ქვით იწყებენ დომინოს თამაშს?

- 7.

- რამდენი უჯრაა საჭადრაკო დაფაზე?

- თეთრი თუ შავი?

- ორივე.

- არ მახსოვს, არადა ვთამაშობდი.

- 64. აზიის ბევრ სასტუმროში მასაჟისტებად ბრმები აჰყავთ. რატომ?

- კლიენტებს რომ არ შერცხვეთ, ხომ?

- დიახ. რომელ სპექტაკლს დგამდნენ სოფლის სცენაზე ფილმში "იმერული ესკიზები"?

- "ოტელოს". გუშინ მე და ბაბუა ვლაპარაკობდით, ქართული ფილმები კიდევ ერთხელ გვინდა ვნახოთ. ეს ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, საჭიროა.

- ბატონი ჯემალი სპექტაკლის შემდეგ შენიშვნებს გაძლევთ?

- რა თქმა უნდა, თავად მივდივარ და ვთხოვ, მითხრას, რა არ მოეწონა, რა შეიძლება შევცვალო, რა უნდა გამოვასწორო, როგორ უნდა გამეკეთებინა და ა.შ.

- ვინ თამაშობს პრინცესას როლს ფილმში - "რომაული არდადეგები"?

- ოდრი ჰეპბერნი.

- რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ცნობილი კურორტები - ნიცა და კანი?

- საფრანგეთის.

- მე ზღვის დასახელება გთხოვე.

- ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა.

- X საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა დახმარებისთვის დავით კურაპალატს მიმართა. ვინ მეთაურობდა ბიზანტიაში გაგზავნილ ჯარს?

- თორნიკე ერისთავი.

- რისი შიშია ნომოფობია?

- არ ვიცი.

- მობილურის არქონის შიში. შენ თუ გაქვს რამე ფობია.

- მთელი ბავშვობა 16-სართულიანი შენობების სახურავებზე დავრბოდი. ერთი თექვსმეტიანიდან მეორეზეც ვარ გადამხტარი. 3-4 წელია სიმაღლის შიში დამჩემდა, აღარ მსიამოვნებს, თავბრუსხვევა მეწყება.

- ვარაუდობენ, რომ მილიონობით ხე ამ ცხოველების დარგულია, ოდესღაც მათ დამალეს კაკალი და შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაავიწყდათ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ციყვებზე.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- არ ვიცი (იცინის).

- მიკვირს, ეს კითხვა რესპონდენტებს ხშირად რატომ აბნევთ. სწორ პასუხს ხომ თავად გეუბნები.

- (იცინის) მართლა დავიბენი. ისაკი ერქვა.

- სად მოკლეს ლინკოლნი?

- თეატრში.

- "მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით გული ერთხელაც არ ამძგერებია, თუმცა მოჩვენებით ხშირად მომჩვენებია, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი. ეტყობა ვერც ვერასოდეს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოუტყუებიხართ, ოღონდ განა საშიშარი ვარ. ქალს დავინახავ თუ არა, როდი შევყივლებ და ვეძგერები. სრულიად ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს თუ ხმის მისაწვდენ მანძილზე პოლიციელი მორიგეობს"... - ეს არის მწერლის მიერ შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი. დაასახელე ეს მწერალი.

- ვერ გიპასუხებ.

- გი დე მოპასანი. XX საუკუნის 80-იან წლებში ამერიკაში გამოვიდა "სუნების წიგნი". ვისთვის იყო ეს წიგნი განკუთვნილი?

- პარფიუმერიის შემქმნელებისთვის.

- ცდები.

- შესაძლოა ძაღლებისთვის იყო განკუთვნილი.

- რომელი ოჯახის წარმომადგენლები არიან: ლომები, ლეოპარდები, ვეფხვები?

- კატისებრთა ოჯახის.

- ძველი რომაელები ყველაზე მოკლე თითს უწოდებდნენ "აურიკულარის", ყველაზე გრძელ თითს - "იმპუდიკუს". რომელ თითს უწოდებდნენ "დემონსტრატუს"?

- (ფიქრობს) საჩვენებელ თითს. გამოვიცანი?

- დიახ. კლასში 45 მოსწავლეა, ვაჟების რაოდენობა გოგონების რაოდენობის 50%-ს შეადგენს. რამდენი ვაჟია კლასში?

- გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ) 15 გამოდის.

- "კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწვოდე კვარივით, სანთელივით, კოცონივით, მზესავით - როგორ ხვედრსაც გარგუნებს განგება. იმაზეც უნდა იფიქრო, შენ რომ ჩაქრები, წყვდიადმა არ დაისადგუროს ირგვლივ, ან შენ რომ ხარ, იმ ერთ ფიორა ადგილზე მაინც, სადაც ანთიხარ, ისე უნდა ენთო, შვილო, რომ სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ და აღარ შეიქმნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ". ჭაბუა ამირეჯიბის რომელ ნაწარმოებში ვხვდებით ამ სიტყვებს?

- "დათა თუთაშხიაში".

- "შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,/ გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,/ ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,/ დაულეველო, სამშობლოვ ჩემო!/ შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,/ როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი/ და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი". - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ოთარ ჭილაძე.

- დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც სცენაზე გოგი გეგეჭკორმა, ხოლო კინოში იმედა კახიანმა განასახიერა.

- (ფიქრობს) პლატონ სამანიშვილი.

- ვინ წარმოადგენს სახელმწიფო მბრალმდებელს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს?

- პროკურორი.

- ისააკ ნიუტონის 300 წლის აღასანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა, რა იყო მასზე გამოსახული?

- ვაშლი.

- ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?

- სანდრო ჟორჟოლიანმა.

- დაასახელე ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც დაფრინავს.

- ღამურა.

- დაბოლოს დაასრულეთ მონტეს ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანი, რომელიც ცოტას საქმიანობს, მეტისმეტად ყბედია, ვინც ცოტას ფიქრობს, ის...

- "...ბევრს ლაპარაკობს".

თამუნა კვინიკაძე