რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე ზურა ვადაჭკორიამ - გზაპრესი

რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე ზურა ვადაჭკორიამ

"ვარსკვლავური ავადმყოფობა" ემართება", - ამბობს ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია. როდის "თამაშობს" თავად, რისი გაკეთების სურვილი აქვს, რატომ არ უნდა, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, როდის მიდის რისკზე და როდის ჯიუტდება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1961 წლის 24 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...თვითმფრინავთმშენებელი კონსტრუქტორი. ეს საქმე ახლაც მიტაცებს. რომ წამოვიზარდე, ფოკუსების კეთებამ გამიტაცა და ილუსიონისტი გავხდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ეს ადამიანი უმუშევრად არ უნდა იყოს, საქმე ყოველთვის უნდა ჰქონდესო. იმასაც ამბობენ, - ეს კაცი საქართველოში არ უნდა დაბადებულიყო, მისი ადგილი ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაშია, სადაც ნიჭს აფასებენო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ბავშვობიდან მომეცა იმის საშუალება, მეკეთებინა ის, რაც მაინტერესებდა. ზოგიერთი ხომ შინაგანად ექიმია და სცენაზე ძალით დგას. ბედნიერია ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიას სწორად აირჩევს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

GzaPress- ...არასდროს ტყუილ დაპირებებს არ ვიძლევი. თუ არ შემიძლია, პირდაპირ ვამბობ, რომ ვერ გავაკეთებ, ხოლო თუ დავპირდები, ყველანაირად ვეცდები, სიტყვა არ გავტეხო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დამაბრკოლებს, მივალ და ყველაფერს ავუხსნი, ბოდიშს მოვუხდი. ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა ვაჟკაცობის ნიშანია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ უაზროდ ვიცი "აფეთქება". მოგვიანებით, როცა საკუთარ საქციელს ვაანალიზებ, ვხვდები, არასწორად მოვიქეცი, ემოცია უნდა მომეთოკა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...არ მგონია, რომ წარმატებული ვარ. ყოველთვის წარმატებისკენ უნდა ილტვოდე და ასე გაცილებით მეტს მიაღწევ. პოპულარული ადამიანი ყოველთვის თამაშობს. გრძნობს, რომ აკვირდებიან, უყურებენ, ამოწმებენ ქუჩაში გავლისას, ჭამისას. ჰოდა, ასეთ დროს ნებისმიერი მისი საქციელი თამაშია.

- მე ვთამაშობ, როცა...

- ...ყველა ადამიანი ბავშვობიდან თამაშობს. პატარას რამეს რომ არ შეუსრულებ, ტირილს იწყებს და ეს თამაშის მისეული ფორმაა. ტირის, რადგან იცის, ამის წყალობით შესაძლოა, სურვილი აუხდეს. ისე, ბავშვები საუკეთესო მოთამაშეები არიან.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...როცა ადამიანები ურთიერთობებს ცუდად იყენებენ. მიუღებელია ცილისწამება, პიროვნების სუსტი წერტილის გამოყენება. ზოგიერთისგან მსმენია: ესა და ეს კაცი მთვრალი უფრო კეთილიაო და როგორც კი ნასვამს დაიგულებენ, მიადგებიან, ათას რამეს სთხოვენ. ეს ძალიან ცუდი თვისებაა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მოვიგო ან მომცენ დიდი ჰონორარი; მაქვს სურვილი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემთვის პატივი უცია, ეს პატივისცემა სამმაგად გადავუხადო, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სხვა ადამიანებსაც გაუმართონ ხელი.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ადამიანი სცენაზე გამოდის, საკუთარ თავს მომღერალს უწოდებს და სიმღერა საერთოდ არ შეუძლია. პარტერში რომ ვზივარ და უნიჭო მსახიობს ვუყურებ, მაშინ მრცხვენია, თავს დაბლა ვხრი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ის არის, რომ საკუთარ სისუსტეებზე არ ვლაპარაკობ, რათა მერე ვინმემ ცუდად არ გამოიყენოს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია. ქებით არ გავფუჭდები, ეს თავში არ ამივარდება, მაგრამ როცა ვინმე მაქებს, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ერთი ასაკოვანი ქალი სულ მაქებდა, ზურგსუკან კი ცუდს ლაპარაკობდა - ასეთი ადამიანებიც არსებობენ. ჯაბა იოსელიანმა თქვა: თუ გინდა, გოიმს საქმე აკეთებინო, სულ უნდა აქო და ეფეროო.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...პატიება ყველას უნდა შეგვეძლოს, სხვანაირად დედამიწაზე სიკეთე არ დაისადგურებს. ადამიანი ცუდს რომ გაგიკეთებს და აპატიებ, ამით მიახვედრებ, რომ მან ცუდი საქციელი ჩაიდინა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ნათქვამია: გონიერი ადამიანი ჭკუას სხვის შეცდომებზე სწავლობსო. მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანი ჭკუას ყველაზე კარგად, საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველა ადამიანი სანდო არ არის, სახლში შემოსაშვები არ არის და გულის კარიც ყველას არ უნდა გაუღო...

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარ თავზე კონტროლი არასდროს დავკარგო. თავის დროზე დალაი ლამამ კარგად თქვა: პრობლემაზე, რომელიც გამოსწორდება, არ უნდა ინერვიულო და პრობლემა, რომელიც აღარ გამოსწორდება, იმაზე საერთოდ არ უნდა ინერვიულოო. მე რომ წონასწორობიდან გამოვიდე, რა, პრობლემა მოგვარდება? ყოველ დილით უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დღე გაგვითენა, ცუდს კი ყოველ წამს უნდა ველოდოთ. მიკვირს, ადამიანი თანამდებობაზე რომ ინიშნება, რატომ ჰგონია, რომ იმ სკამზე "დაეჭედა" და სულ იქ იქნება? რატომ უჩნდება სურვილი - იეშმაკოს? ამ ეშმაკობას ხომ საზოგადოება გრძნობს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ნამდვილად არ მინდა, მილიონერი ვიყო. როცა დიდი ფული გაქვს, გარშემო "მოთამაშე" ხალხი მრავლდება. ისინი თამაშობენ შენს მეგობრობას, ერთგულებას, შენზე მზრუნველის როლს ირგებენ და გაბნევენ. ვფიქრობ, ასეთ დროს თავისუფლებასაც კარგავ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...თავისუფლებას დავკარგავ. ამის მერე გამუდმებით ვიღაცის კონტროლის ქვეშ ვიქნები და ეს არ მინდა.

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს...

GzaPress- ...შევქმნა სამედიცინო სადაზღვევო კომპანია, რომელშიც ყველა ახალდაბადებულ ბავშვს ავტომატურად ავიყვან აღრიცხვაზე. მათ პერიოდულად ჩავუტარებდი გამოკვლევებს და თუ პატარებს საკუთარი სურვილით არ მოიყვანდნენ მშობლები, იძულების წესით მოვაყვანინებდი. სამსახურში თანამშრომელს ისე არ მივიღებდი, თუ ჯანმრთელობის ცნობას არ მომიტანდა. ადამიანს, რომელსაც ყოველწლიური სამედიცინო ისტორია ექნება, დაავადებებთან მკურნალობა გაუადვილდება.

- სიყვარული ეს...

- ...ჭეშმარიტებაა. არისტოტელემ თქვა: ჭეშმარიტი სიყვარული ეროსის სხივში მჟღავნდებაო. ეროსის სხივი კი ლტოლვაა. ადამიანი სულ შეყვარებული უნდა იყო, ასეთ დროს შენს გულში ბოღმისთვის ადგილი აღარ რჩება.

- ვრისკავ, როცა...

- ...ახალ ტრიუკს ვაკეთებ, ახალ ადამიანებს ვუმეგობრდები. ჩემს ასაკში ადამიანების დამეგობრება ძალიან ძნელია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ოჯახში, შენს საქმეზე მეტად, არაფერი გაინტერესებს და გიყვარს, გარშემო სხვას ვერაფერს ამჩნევო.

- როცა მარტო ვარ...

- ...ან ვხატავ, ან ჩემს რეკვიზიტს ვაკეთებ. ინტერნეტში არ დავძრომიალობ, სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ. მესიჯების წერაც არ მიყვარს. რამეს თუ მომწერენ, ვურეკავ და პასუხს ისე ვცემ. წერა რომ მყვარებოდა, ილუზიონისტი კი არ გამოვიდოდი (იღიმის). ჯარიდანაც არ ვწერდი ოჯახს ვრცელ წერილს, მხოლოდ ორი სიტყვის: "კარგად ვარ" დაწერით შემოვიფარგლებოდი. წიგნებიც უცნაურად დავწერე: ვიჯექი, ვლაპარაკობდი და დიქტოფონი იწერდა, მერე კი ეს ჩანაწერი სხვამ გაშიფრა.

- ბედისწერა...

- ...მე ბედისწერას უფლის ნებად მივიჩნევ. ბედისწერის მჯერა.

- თავისუფლება...

- ...უზრდელობა არ არის, უზრდელობა ზოგს ვაჟკაცობა ჰგონია.

- ინტუიცია...

- ...კარგად მაქვს განვითარებული. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი თევზებია, თევზები კი კარგი ინტუიციით გამოირჩევიან. იშვიათად, რომ ადამიანში შევცდე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ისევ ჩამს საქმეს ვაკეთებ და საკუთარ თავს ასე ვშველი. რეპეტიციაა ჩემი წამალი.

- მინდა ვიცოდე...

- ...ბევრი უცხო ენა. ვნანობ, რომ არ ვისწავლე.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ასეთი ადამიანები მყავდნენ და დღეს სამწუხაროდ, ჩემ გვერდით აღარ არიან. გული მწყდება, მათი მსგავსი "ხევისბერები" ბევრნი რომ არ არიან.

- ქართველი პოლიტიკოსებიდან ჩემი ფავორიტი...

- ...ედუარდ შევარდნაძე იყო. მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი. პატიოსანი ბიჭი ჩამოვიდა მამათიდან, აქ დახვდნენ მგლები და მერე ყველაზე მაგარ პოლიტიკოსად თავად იქცა.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...მართალი ვარ და არ მიჯერებენ.

- მე რომ ნატვრისთვალი მქონდეს...

- ...ვინატრებდი, დედამიწაზე ყველა ადამიანი კარგად იყოს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ყველა ჩვენ ჩვენ საქმეს პატიოსნად ვემსახუროთ. გავაცნობიეროთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ერთმანეთისა და ქვეყნის წინაშე. დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის, მაგრამ მას ჩვენ არ ვაფასებთ. დრო ყველა სარწმუნოებისთვის, ყველა ცოცხალი არსებისთვის ერთნაირია.

თამუნა კვინიკაძე