"არასწორ დროს" წაკითხული "დანაშაული და სასჯელი" - გზაპრესი

"არასწორ დროს" წაკითხული "დანაშაული და სასჯელი"

ამბობს, რომ კითხვა უყვარს: "ახლა იმ 50 წიგნის შეგროვება დავიწყე, რომელიც "ბიბლუსმა" პროექტის ფარგლებში გამოსცა. პირველი ნაწარმოებიდან დავიწყებ და ყველაფერს წავიკითხავ, მიუხედავად იმისა, წაკითხული მაქვს თუ არა. მინდა, "საკუთარი თარო" გავაკეთო და მასზე ახალთახალი წიგნები ჩავამწკრივო..."

- ბავშვობაში ხშირად ვკითხულობდი, მაგრამ მას მერე, რაც საბალეტო სკოლაში შემიყვანეს, ცეკვაზე გადავერთე და წიგნებს მხოლოდ არდადეგების პერიოდში ვიხსენებდი. როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, წიგნების კითხვა უკვე აქტიურად დავიწყე.

- წასაკითხ ლიტერატურას თავად არჩევდი?

- კი. მესამე კლასში ვიყავი, როცა დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" წავიკითხე და მივხვდი, არ უნდა წამეკითხა. არ მომეწონა და მიკვირდა, სხვებმა ამ ნაწარმოებში კარგი რა ნახეს-მეთქი? მოგვიანებით, ეს წიგნი მოზრდილ ასაკში გადავიკითხე და მივხვდი, ნაწარმოების თავდაპირველი შეფასებისას შევცდი.... საერთოდ, სკოლაში სწავლის პერიოდში, ჩემთვის კლასგარეშე ლიტერატურა გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე - სასწავლო პროგრამა.

- პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხე?

- პირველი არ ვიცი, მაგრამ "ანა ფრანკის დღიური" განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. 13 წლისამ წავიკითხე და ჩემზე ძალიან იმოქმედა, ის შთაბეჭდილებები ახლაც მახსოვს... ბავშვობაში "პეპი გრძელიწინდა" და მსგავსი ნაწარმოებები წამიკითხავს, მაგრამ ანა ფრანკმა განსაკუთრებულად ძლიერი ემოცია "მომიტანა".

- შეგიძლია, ისეთი წიგნი დაგვისახელო, რომლის კითხვაშიც დრო ფუჭად დაკარგე?

GzaPress- "ამოკით შეპყრობილი" - თეატრალურ უნივერსიტეტში ვნახე ეს წიგნი და წავიკითხე. იმდენად არ მომეწონა, რომ მწერლის გვარ-სახელს არც დავკვირვებივარ... კიდევ, ჯერომ სელინჯერის "ბანანა თევზის ამინდს" ვერ ჩავწვდი. არადა, მირჩიეს, - წაიკითხე, ძალიან კარგიაო.

- ჯერომ სელინჯერის სხვა ნაწარმოებები წაგიკითხავს?

- არა. თუმცა, გამიგონია, რომ ძალიან მაგარია და უნდა წავიკითხო (იღიმის)...

- დაგვისახელე მწერალი, რომლის ნაწარმოებებიც განსაკუთრებულად მოგწონს.

- გამორჩეული მწერალი არ მყავს, მაგრამ არის წიგნები, რომლებიც განსაკუთრებულად მომწონს. მაგალითად, ბალზაკის "შაგრენის ტყავი". იცი, როგორი წიგნები მიყვარს? მარტო რომანტიკული და სასიყვარულო ჟანრის კი არა, არამედ ისეთი, რაღაცას რომ გასწავლის, ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოგიტანს. ჰოდა, ზუსტად ასეთია: "შაგრენის ტყავი", ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი", ლევ ტოლსტოის "ანა კარენინა", შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი"... მიმაჩნია, რომ ეს ნაწარმოებები "ერთჯერადად" წასაკითხი არ არის, მას ცხოვრებაში რამდენჯერმე უნდა მიუბრუნდე.

- "მზესუმზირასავით" წასაკითხ წიგნებს შორის რომელს დაასახელებ?

- "მზესუმზირასავით" პიესებს ხშირად ვკითხულობ.

- ალბათ, რომელიმე მათგანში თამაშის განსაკუთრებული სურვილიც გაქვს, არა?

- კი. ტენესი უილიამსის პიესაში - "ტრამვაი, სახელად "სურვილი", ბლანშის როლს სიამოვნებით შევასრულებდი. ის მოხერხებული ქალი და საინტერესო პერსონაჟია: შინაგანად სხვანაირია, მაგრამ თავს ყველას სხვანაირად აჩვენებს... კიდევ ბევრი პიესაა, რომელშიც ვითამაშებდი. ახლა ისეთ ასაკში ვარ, ჩემთვის ყველაფერი საინტერესოა. მინდა, საკუთარი თავი ნებისმიერი ჟანრის როლში მოვსინჯო...

- პიესის ან ლექსის დაწერა თუ გიცდია?

- კი, ბავშვობაში ლექსებს ვწერდი და სტუმრებს ვუკითხავდი ხოლმე (იცინის). კიდევ, მოთხრობებსაც ვწერდი. სხვათა შორის, ამ ნაწერებს ვინახავ...

- დღიურს აწარმოებ?

- დღიური სულ მქონდა და მასში ჩემს ფილოსოფიურ შეხედულებებებს ვწერდი... ყოველდღიური ჩანაწერები მქონდა და ეს პროცესი ძალიან მიყვარდა... დაახლოებით 4-5 წელია, დღიურს აღარ ვაწარმოებ.

- თინი, რომელიმე ნაწარმოების წაკითხვამ ცხოვრებისეული შეხედულება რადიკალურად თუ შეგიცვალა?

- რადიკალურად - არა, მაგრამ ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩემი შეხედულება უფრო განმტკიცებულა.

- შეგიძლია, მაგალითი დაგვისახელო?

- ისეთ წიგნებს ვგულისხმობ, რომლებშიც ასეთი აზრი დევს: ადამიანს ძალაუფლების მოხვეჭა სურს, მატერიალურ ღირებულებებზეა "გადართული", თავის სულიერ მდგომარეობას კი ივიწყებს და ღმერთს კარგავს. ჰოდა, ამ ნაწარმოებების გმირები თავს ამიტომაც იკლავენ. ძალაუფლების მოსაპოვებლად სულს ეშმაკს მიჰყიდიან, მერე კი ამის გამო იღუპებიან... ადამიანმა ყოველი დღე უნდა დააფასოს; ყოველი დღით კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს.

- წიგნებს თუ ყიდულობ?

- კი. ახლა იმ 50 წიგნის შეგროვება დავიწყე, რომელიც "პალიტრა L"-მა პროექტის ფარგლებში გამოსცა. პირველი ნაწარმოებიდან დავიწყებ და ყველაფერს წავიკითხავ, მიუხედავად იმისა, აქამდე წაკითხული მაქვს თუ - არა. მინდა, წიგნების თარო გავაკეთო და მასზე ახალთახალი წიგნები ჩავამწკრივო. ძველები არ მინდა, რადგან მათ სხვისი ენერგეტიკა აქვს. მსურს, წიგნი პირველმა მე გადავშალო... მოკლედ, ახლა ეს ამოჩემება მაქვს (იცინის).

- ბავშვობაში შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გქონდა? როგორ გარემოში იზრდებოდი?

- კი, მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა, ოღონდ - რუსულენოვანი წიგნები ჭარბობდა, რადგან დედამ რუსული სკოლა დაამთავრა, მერე სწავლაც რუსეთში გააგრძელა...

- რუსულენოვან წიგნებს ხშირად კითხულობ?

- "ანა კარენინა" რუსულად წავიკითხე, ახლა პუშკინის ნაწარმოებებს ვკითხულობ... ინგლისურადაც მაქვს წაკითხული, მაგალითად, "ალისა საოცრებათა ქვეყანაში".

- თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს ეცნობი?

- რაღაცები წაკითხული მაქვს, მაგრამ მავიწყდება. ალბათ, უმნიშვნელო იყო-მეთქი, - ასე ვფიქრობ ხოლმე. სამაგიეროდ, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობამ" ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ნაწარმოები გულთან უფრო ახლოს მოდის... საერთოდ, ფილმებიც ასეთი მიყვარს: როცა ვიცი, რომ ამბავი ნამდვილად მოხდა, უფრო შთამბეჭდავია. შეთხზული, გამოგონილიც კარგია, მაგრამ რეალური მირჩევნია.

- შენს სამეგობროში წიგნები პოპულარულია?

- მეგობრები ერთმანეთს სულ ვუზიარებთ, თუ რა წავიკითხეთ და მერე ამ თემასთან დაკავშირებულ რჩევასაც ვიძლევით... საერთოდ, როცა რაიმე ფილმს ვუყურებთ ან ახალ ამბავს გავიგებთ, ვიკრიბებით და ერთგვარ განხილვას ვაწყობთ - ვფიქრობ, ეს საინტერესოა...

- წიგნების კითხვა როგორ გარემოში გიყვარს?

GzaPress- არ შემიძლია, მაგალითად, გადაღებიდან მოსულმა წიგნი გადავფურცლო, წავიკითხო... დედაჩემი სამ-ოთხ წიგნს ერთდროულად კითხულობს: ერთს - ჭამამდე, მეორეს - მოგვიანებით, მესამეს - საღამოს და ა.შ. მე ასე არ შემიძლია: ერთ წიგნს რომ ავიღებ, მას უნდა ჩავუჯდე. თანაც, ოთახს ჩავაბნელებ, ბრას ავანთებ და წამოწოლილი ვიწყებ კითხვას. ზოგჯერ წიგნი ისე გამიტაცებს, ვიდრე ბოლომდე არ ჩავალ, შეიძლება, რამდენიმე დღე სახლიდანაც არ გავიდე. მიყვარს, როცა წიგნის კითხვისას შინ მარტო ვარ, ყველაფრისგან მოწყვეტილი...

- ელექტრონული წიგნები შენთვის მოსახერხებელია?

- ელექტრონული წიგნის წაკითხვა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, - ფურცლები მირჩევნია.

- "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?

- სხვებს ვერ ვურჩევ, რადგან თავადაც ბევრი რამ მაქვს წასაკითხი...

- მაშინ გვითხარი, - საერთოდ, წიგნები რატომ უნდა წავიკითხოთ?

- წიგნს საკუთარი თავის რწმენა მოაქვს. რაც უფრო მეტს წაიკითხავ, ადამიანი მით უფრო მეტად თავდაჯერებული ხდები, შეხედულებები გიყალიბდება, ჭეშმარიტების გზას ადგები. მიმაჩნია, რომ წიგნები სიმართლეს ღაღადებს და პერსონაჟების თავგადასავლების გაცნობით, დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას შეიძენ.

ეთო ყორღანაშვილი