"ცხვირახდილ" პაციენტთან გამოვლენილი მავნე ჩვევა და პროტესტის პირველი გრძნობა - გზაპრესი

"ცხვირახდილ" პაციენტთან გამოვლენილი მავნე ჩვევა და პროტესტის პირველი გრძნობა

პირდაპირ ეთერში მუსიკალური ნომრის შესრულებისას გულწასული გოგონას გამო, მაყურებლების გარკვეულმა ნაწილმაც ინერვიულა და თაკომაც. ტელეწამყვანი ცდილობდა, იატაკზე "უგონოდ" დავარდნილ სტუმარს დახმარებოდა, მაგრამ... მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობა იყო.

- პირველი აპრილი შარშანაც ჩემს ეთერს დაემთხვა: ჯერ ვითომ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ცეცხლი გაჩნდა, შემდეგ - განგაში ატყდა: სირენების ხმა ისმოდა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შემოცვივდნენ, გარეთ გაგვიყვანეს... აღმოჩნდა, რომ ჩემს ყველა ემოციას, შეშინებულ სახეს კამერით სტუდიის გარეთაც იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ აურზაურის შემდეგ, პროდიუსერი სტუდიაში ჩემს დაბრუნებას მონდომებით ცდილობდა, ისე შემეშინდა, მაინც ვერ ვრისკავდი. წელს ნამდვილად აღარ მეგონა, კიდევ თუ გამიმეტებდნენ. თან, გადაცემაში ისეთი სერიოზული თემები გვქონდა და ისეთი სტუმრები გვყავდა, ვერ წარმოვიდგინე, რომ ჩემს გაცურებას შეეცდებოდნენ. დათუნა ალადაშვილის, ნატალია ქუთათელაძისა და ნიჭიერი მსახიობის წყალობით, "მახეში" გავები.

- როგორც ვიცი, საღამოს 8 საათის შემდეგ არ ვახშმობ. კვების ეს რეჟიმი პირველად როდის დაარღვიე?

GzaPress- დედის გადაწყვეტილებით, ბავშვობიდან კვების საკმაოდ მკაცრი რეჟიმი მაქვს. გასუქების შიში იმით იყო გამოწვეული, რომ ძალიან მსუქანი ვყოფილვარ. თურმე, მსოფლიოში 28 ათასზე მეტი დიეტა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ეფექტური და გამართლებული მხოლოდ სამკურნალო, სპეციალისტის მიერ შერჩეული და სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული დიეტებია, რათა ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ. დიეტების მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავი, წლების განმავლობაში, 8 საათის შემდეგ არ ვვახშმობდი, დღის განმავლობაში კი ყველაფერს მივირთმევდი, რაც მინდოდა. ეს რეჟიმი პირველ კურსზე სწავლისას დავარღვიე და შესაბამისად, ზედმეტმა კილოგრამებმაც თავი იჩინა (იცინის).

- პირველი ავტოგრაფი...

- პირველი ავტოგრაფიც და მასთან დაკავშირებული პირველი ემოციაც კარგად მახსოვს: ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როცა პატარა გოგონამ ავტოგრაფი მთხოვა. მაშინ ჯერ კიდევ "დღის შოუში", "ჩართვებზე" ვმუშაობდი და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული პოპულარობით ვსარგებლობდი. ცოტათი უხერხულადაც ვიგრძენი თავი... შემდეგ მივხვდი, რომ შეიძლება, მოზარდს იმ ადამიანისგან ავტოგრაფი სამახსოვროდ უნდოდეს, ვის მიმართაც (თუნდაც - გაუცნობიერებლად) სიმპათიით არის განწყობილი.

- პირველი მეგობარი...

- ჩემი პირველი მეგობარი თინათინ ქავთარაძეა. ეს მეგობრობა ბავშვობიდან "მოდის". ერთმანეთთან მსგავსებას ვპოულობთ და ჩვენ შორის არსებულ განსხვავებებსაც პატივს ვცემთ. ცხოვრების განმავლობაში, ისეთი ურთიერთობა არ არსებობს, რომელშიც მცირე გაუგებრობა არ ხდება. ადამიანთან ძლიერი და მყარი მეგობრობა რომ გვქონდეს, უნდა გავითავისოთ: "სუსტი ვერასდროს გაპატიებს, პატიება ძლიერის თვისებაა".

- პირველი მარცხი ცხოვრებაში...

- მარცხი შეიძლება, ბევრნაირი იყოს. თუკი შეჯიბრებას, კონკურსებს ვიგულისხმებთ, ეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალი იყო. კონკურსის შედეგი არ მწყენია, პირიქით - მიმაჩნია, რომ ის სეზონი სამართლიანად დასრულდა.

- პირველი მავნე ჩვევა, რომელიც დღემდე ვერ დაძლიე...

GzaPress- სელფების გადაღება (იცინის). არ ვიცი, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას დავაბრალო თუ ჩემს მავნე ჩვევას, მაგრამ მაშინ, როცა გუგა კუზანოვთან რინოპლასტიკის ოპერაციას ვესწრებოდი, სადაც გათიშული პაციენტი "ცხვირახდილი" იწვა, მე კი სელფი გადავიღე, მივხვდი, ასეც აღარ შეიძლება (იცინის)...

- პირველი ორიგინალური საჩუქარი თაყვანისმცემლისგან...

- არ მიმაჩნია, რომ ორიგინალური საჩუქარი ძვირად ღირებული უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანის ხასიათს უნდა "ერგებოდეს". მგონი, ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ ყვავილები არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან ამას არ ითვალისწინებენ... ორიგინალური იყო, როდესაც თაიგულის ნაცვლად, ქოთანში დარგული ყვავილები მაჩუქეს.

- პირველი სირცხვილი...

- პირველ სირცხვილთან დაკავშირებით, ჩემი პირველი პირდაპირი ეთერები მახსენდება. საქმის, ჩემი ვალდებულებების მიმართ პასუხისმგებლობას ყოველთვის მიჩვეული ვიყავი, მაგრამ გამოუცდელობის გამო, ეთერში უამრავი შეცდომა "მეპარებოდა". შესაბამისად, მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, ათასობით ადამიანის მრცხვენოდა. თუმცა, გამოცდილება პრაქტიკას "მოაქვს", პრაქტიკა კი შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია.

- შენ შესახებ გავრცელებული პირველი ჭორი...

- პირველი ჭორი გარეგნობას უკავშირდება: გავიგე, რომ თურმე ცხვირისა და ყურების პლასტიკური ოპერაცია გამიკეთებია (იცინის). ეს ხშირად მსმენია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უბოროტო ჭორია და რეაქციაც შესაბამისი მქონდა. მამა ხუმრობს ხოლმე, - მე ვარ შენი "პლასტიკური ქირურგიო" (იცინის).

- პროტესტის პირველი გრძნობა...

- ჩემი პირველი პროტესტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უკავშირდება, უფრო სწორად კი - მათ მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას. ჩემს ცხოვრებაში ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო, რადგან ასეთი ადამიანი ჩემი ოჯახის წევრია... ჩემთვის "სტიგმა" მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს გახლავთ მძიმე პრობლემა, რომლის მიმართაც ყველაზე ჰუმანური დამოკიდებულების მაგალითი ოჯახმა მომცა... არადა, ეს თემა ბევრი ოჯახისთვის ტაბუდადებულია არსებული სტიგმის თუ ინფორმაციის უქონლობის გამო. ხომ იცით, შშმ პირების საზოგადოებაში გამოჩენა გარკვეულ უხერხულობასა და დისკომფორტს იწვევს ხოლმე. იმედია, ამ ადამიანების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება მალე გაჩნდება და ისინი საზოგადოებაში უფრო მეტად ინტეგრირებულები იქნებიან.

- პირველი ფილმი, რომელმაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- სტივენ სპილბერგის "შინდლერის სია", რომელსაც 7 "ოსკარი" აქვს მიღებული და კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ პერიოდს ასახავს. მძაფრი და საკმაოდ ემოციური სამი საათი დღემდე მახსოვს...

- პირველი ცეკვა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე შეასრულე...

GzaPress- რადგან ქართულ ცეკვებს ბავშვობიდან ვასრულებდი, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად რომელი ვიცეკვე, არ მახსენდება, - ბევრი კონცერტი ტარდებოდა. ზრდასრულ ასაკში, სატელევიზიო ეთერში პირველად "ფოქსტროტი" შევასრულე. "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში სწორედ ამ ცეკვით გადავედი (იცინის).

- პირველი მოგონება, რომლის გახსენებისას დღემდე გეღიმება...

- ყველას გვაქვს უამრავი კარგი და ცუდი მოგონება. საბოლოო ჯამში, ჩვენი ცხოვრება და ბიოგრაფიაც ხომ მოგონებები ანუ განვლილი ეტაპებია. შესაბამისად, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ მექნება გასახსენებელი, მაგრამ რატომღაც, ახლა პირველი ხელფასი გამახსენდა, რამაც საშუალება მომცა, ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე თავადაც მეზრუნა, მათთვის მესიამოვნებინა...

- პირველი წარმატება...

- ჩემთვის წარმატება ჩემი საქმეა. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი წარმატებულია, ვინც იმ საქმეს აკეთებს, რაც უყვარს.

ეთო ყორღანაშვილი