ცნობილების სააღდგომო ტრადიციები - გზაპრესი

ცნობილების სააღდგომო ტრადიციები

დავინტერესედით, როგორ ხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რა ტრადიციები აქვთ, როგორ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს...

ორიგინალურად გაწყობილი სააღდგომო სუფრა

გვანცა გიორგობიანი, მსახიობი:

- ჩემს ოჯახში, ისევე, როგორც ყველა მართლმადიდებლის ოჯახში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება... რაც შეეხება სააღდგომო ტრადიციებს, ყოველ წელს ტრადიციულად, პასქას თავად ვაცხობ და კვერცხებსაც ვღებავ.

- გემრიელი პასქა გამოგდის?

GzaPress- თავის ქებაში თუ არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ ჩემი მომზადებული პასქა ვინც გასინჯა, ყველას მოეწონა. ყოველ წელს სხვადასხვა რეცეპტის მიხედვით ვცდილობ ამ ნუგბარის გამოცხობას. თანაც, ინგრედიენტები არ მენანება. რაც სჭირდება, ყველაფერს ზუსტად იმ დოზით ვუკეთებ, როგორც მომზადების წესშია მითითებული. უკვე გამომცხვარ პასქას ორიგინალურად ვრთავ, ზემოდან ვასხამ თეთრ გამდნარ შოკოლადს, ვაყრი მწვანე კანფეტის პუდრას და ამ "მწვანე მდელოზე" "მარციპანით" გაკეთებულ პატარა წიწილებს ვათავსებ... რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას: ვცდილობ, ლამაზად და ორიგინალურად გავშალო. მაგიდას ვაფარებ წითელ გადასაფარებელს, ვაზაში ვდებ აყვავებული ტყემლის ტოტებს და ამ ტოტებზე ვკიდებ წითლად შეღებილ და მოხატულ კვერცხებს. მოკლედ, ტყემლის ტოტს ისე ვრთავ, როგორც ახალ წელს - ნაძვის ხეს.

- სააღდგომო კვერცხების მოხატვაზე თავად ზრუნავ?

- არა, კვერცხების მოხატვა არ მეხერხება, უკვე მოხატულს ვყიდულობ ხოლმე. ჩემს დისშვილებს ძალიან მოსწონთ ფერად-ფერადი კვერცხები და ყოველ წელს ვცდილობ, ბავშვები გავახარო. ვყიდულობ მწყრის, ციცრისა და ქათმის კვერცხებს. სხვათა შორის, ზოგჯერ ფერად კვერცხებზე სპეციალურ "ნაკლეიკებს" ვაკრავ, რომლებზეც მულტფილმის გმირებია გამოსახული... მოკლედ, ვცდილობ, ბავშვებს ეს ლამაზი დღესასწაული კიდევ უფრო გავულამაზო.

- ჯეჯილს თესავ?

- შარშან არ დამითესავს, წელს კი ესეც გავაკეთე. აღდგომას ამ მწვანე ჯეჯილში კვერცხებს ლამაზად ჩავაწყობ და სააღდგომო სუფრას კიდევ უფრო მეტად გამილამაზებს.

- აღდგომას იურუსალიმში, წმინდა მიწაზე თუ შეხვედრიხარ?

- იურუსალიმში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ სექტემბერში მეგობართან ერთად ვგეგმავ წასვლას, იქაურობის მოლოცვას. ზოგადად, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. უკვე 12 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და წელს ამ სიას, გეგმის მიხედვით, იერუსალიმიც დაემატება (იღიმის).

- აღდგომას ტაძარში არ მიდიხარ?

- ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად და დავიცვა ყველა ის წესი, რომელიც ყველა ქრისტიანმა მართლმადიდებელმა უნდა დაიცვას. მყავს მოძღვარი, დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. წელსაც, როგორც შარშან, აღდგომის ღამეს ტაძარში გავათენებ და იმედია, ზიარების უფლებას მომცემენ. მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ყველა ქრისტიან ადამიანს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული და სულიერად გაძლიერება ვუსურვო!

"არც პასქას ვაცხობ და არც - კვერცხებს ვღებავ"

გვანცა დარასელია, ჟურნალისტი:

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველა მართლმადიდებლისთვის მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს.

- აღდგომის ღამეს ტაძარში ათენებთ?

GzaPress- არა. როგორც წესი, აღდგომის დღესასწაულს შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ვეგებები.

- პასქას თუ აცხობ?

- არც პასქას ვაცხობ და არც - კვერცხებს ვღებავ, ამ ყველაფერს ჩემი და მეუღლის მშობლები აკეთებენ.

- ჯეჯილსაც არ თესავ?

- სიმართლე გითხრათ, ჯეჯილი არასდროს დამითესავს. წელს მომინდა, მქონოდა და დავთესე კიდეც. ძალიან ლამაზია.

- სააღდგომოდ იერუსალიმში გამგზავრების სურვილი ალბათ, გაქვს...

- ცხადია, დიდი სურვილი მაქვს, დავესწრო ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლას, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოვახერხე. ვფიქრობ, ამ სასწაულის ნახვა ყველა ქრისტიანს სურს.

"აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის ტაძარში ვხვდები"

თამუნა მუსერიძე, ჟურნალისტი:

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, როგორც წესი, ყოველთვის ტაძარში ვხვდები. სამწუხაროდ, იერუსალიმში ნამყოფი არ ვარ. ჩემი დიდი სურვილია, ოდესმე ამ დღესასწაულზე წმინდა მიწა მოვილოცო.

- სააღდგომო პასქის გამოცხობა თუ იცი?

GzaPress- პასქა ძალიან მიყვარს, მაგრამ არასდროს გამომიცხია, რადგან ვიცი, მის მომზადებას დიდი შრომა სჭირდება. ჩემი დატვირთული დღის რეჟიმიდან გამომდინარე, სულ გადარბენები მაქვს, არასდროს მაქვს დრო საიმისოდ, რომ ამ ნუგბარის გამოცხობა ვცადო. სამაგიეროდ, ჯეჯილს ყოველ წელს ვთესავ. წელს ჩემი შვილიც მომეხმარა და ერთად დავთესეთ - ვნახოთ, რა გამოვა.

"კვერცხს ენდროთი და ხახვის ფურცლებით ვღებავ"

სოფო გელოვანი, მომღერალი:

- ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ყოველ წელს, ტაძარში ვხვდები, მაგრამ წელს, იმ მიზეზის გამო, რომ აკა ჯერ 3 თვის არის, ტაძარში წასვლას ვერ მოვახერხებ.

- სააღგომო პასქას თავად აცხობ?

- ამის გაკეთება არასდროს მიცდია. იმედია, ოდესმე გავბედავ და გამოვაცხობ.

- კვერცხის შეღებვა თუ იცი?

- როგორ არა! კვერცხს ენდროთი და ხახვის ფურცლებით ვღებავ.

- ოდესმე, "ალილოზე" თუ ყოფილხარ?

- კი, ვყოფილვარ ბავშვობაში და დღესაც სასიამოვნოდ ვიხსენებ იმ პერიოდს. აქ, თბილისში ბავშვები შევიკრიბეთ და ჟრიამულით ჩამოვიარეთ სახლები.

- სააღდგომოდ ჯეჯილს ყიდულობ თუ თავად თესავ?

- ვყიდულობ ხორბალს და ვთესავ. წელსაც დავთესე და იმედია, აღდგომამდე კარგად გაიზრდება.

- ამ დღესასწაულზე ოდესმე, იერუსალიმში თუ ყოფილხარ?

- არასდროს და აღდგომას იქ მოხვედრა ჩემი ოცნებაა. ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა შთამბეჭდავი სანახავი იქნება.

"აღდგომას ლამის ჩვენს ყველა თეფშსა თუ ჭიქაში ჯეჯილი ბიბინებს"

ნინი წიკლაური, მომღერალი:

- აღდგომას სიხარულით ვეგებები, რადგან ყველაზე მეტად მწამს და მჯერა ამ დღესთან დაკავშირებული სასწაულის. ხშირად, დღესასწაულს ტაძარში ვხვდები; ეს ძირითადად, მაშინ ხდება, როცა შემიძლია, ვეზიარო... სააღდგომოდ ჩემს ოჯახშიც დიდი ფაციფუცია: უამრავ კვერცხს ვღებავთ, ვამზადებთ ამა თუ იმ გემრიელს კერძს. ვცდილობთ, ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს ლამაზად შევხვდეთ.

- იერუსალიმში, ღვთიური ცეცხლის გადმოსვას თუ დასწრებიხარ?

- სამწუხაროდ, არა. იმედია, ოდესმე ამის საშუალებაც მომეცემა.

- პასქის გამოცხობა თუ იცი?

- არასდროს გამომიცხვია. პასქას ძირითადად, ვყიდულობთ. სამაგიეროდ, ჯეჯილს ვთესავთ, რომელიც აღდგომას ლამის ყველა ჩვენს თეფშსა თუ ჭიქაში ბიბინებს (იღიმის).

სოფო ჭონიშვილი