თეკლა ჯავახაძის ტომ სოიერი და საქმროსგან მიღებული შენიშვნები - გზაპრესი

თეკლა ჯავახაძის ტომ სოიერი და საქმროსგან მიღებული შენიშვნები

რვა წელია, გოგონა თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრობს და დედაქალაქში მუშაობს. ხვეულ და მოწითალო თმას დროდადრო ჩალმაში აქცევს, ზოგჯერ კი გაშლილს ატარებს და ორივე იმიჯს ერთნაირად კარგად იხდენს. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ხუთ სპექტაკლშია დაკავებული, გამოჩნდა სერიალში - "ტიფლისი" და სულ მალე კიდევ ერთ ახალ ამპლუაში იხილავს მაყურებელი.

GzaPress- მარიკა სამანიშვილი და თენგო ჯავახაძე ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან. დიდი ხანია, მარტო ვცხოვრობ და მათ ნახვას იშვიათად ვახერხებ. ჰოდა, ზოგჯერ ნოსტალგია მაქვს, სიშორესა და მშობლების მონატრებას ვერ ვუძლებ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გავხდი, ქუთაისში ჩასვლას მხოლოდ დღესასწაულებზე ან გასტროლის დროს ვახერხებ. ზაფხულის მერე იქ არ ჩავსულვარ. თუმცა, დღის განმავლობაში მშობლებთან სატელეფონო კონტაქტი მაქვს. დედ-მამასთან საუბარი ბევრ რამეში მეხმარება.

- მარტო ცხოვრებას აქვს თავისებური ხიბლი, მაგრამ სირთულეც ახლავს...

- დიახ, ძალიან რთულია (იღიმის). სტუდენტობიდან მოყოლებული, ხან დეიდასთან ვცხოვრობდი, ხან - ბიძაშვილთან და მაშინ ნაკლებად განვიცდიდი მარტოობას, რადგან შინ დაბრუნებულს ოჯახური გარემო მხვდებოდა. შემდეგ მარტო გადავედი საცხოვრებლად, ახლა მეგობარ გოგონასთან ერთად ვარ. ვცდილობთ, ერთმანეთს ოჯახური გარემო შევუქმნათ, მაგრამ ორივეს ისეთი სამსახური გვაქვს, რომ ერთურთს თითქმის ვერ ვნახულობთ... ახლახან საპრემიეროდ ვემზადებოდით - სპექტაკლი "ჯუჯა-ცხვირი" უნდა წარმოგვედგინა. როცა რაღაც სიახლისთვის ვემზადები, ვგრძნობ, ასეთ დროს კიდევ უფრო მენატრება მშობლები. სურვილი მიჩნდება, მათ ჩემი ემოცია გავუზიარო და სამზადისის ყველა დეტალი მოვუყვე.

- ასეთ დროს ვის უზიარებ შენს ემოციას?

- ჩემს ცუგას. საქმეზე რომ ველაპარაკები, მისმენს, მაგრამ როცა ვსაყვედურობ, ისე იქცევა, თითქოს არაფერი ესმოდეს (იღიმის). ვფიქრობ, ძაღლები ადამიანების ყველაზე კარგი მეგობრები არიან. ლეკვის შინ მიყვანა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რა ჯიში ამერჩია. ჩემს შეყვარებულს - გიორგის ძალიან მოსწონს ჯეკ-რასელ-ტერიერი. შარშან ზაფხულს სწორედ ამ ჯიშის ლეკვის აყვანა გადავწყვიტე. ვინაიდან ძალიან ძვირად ღირებული ჯიშია, დედ-მამამ და გიორგიმ დაბადების დღეზე ლეკვი ერთობლივი ძალებით შეიძინეს და მაჩუქეს. მშობლები როცა მირეკავენ, პირველ რიგში, ტომს მოიკითხავენ ხოლმე და შემდეგ - მე (იღიმის). ყოველდღიურად ჩემს ტომ სოიერს "ეწირება" ტელეფონის დამტენი, რამდენიმე კაბელი და ა.შ. მის მოსავლელად მე და გიორგი დროს ყოველდღიურად ვინაწილებთ: თუ შინ არ ვარ, გიორგი სამსახურიდან ჩემთან მიდის, რათა ლეკვს აჭამოს. სხვათა შორის, ერთხელ უკვე მყავდა თეატრში და ერთხელაც - ტელევიზიაში. აცრები ჩატარებული აქვს და მისი სახლიდან გაყვანაც უკვე შეიძლება - ეზოში ძაღლებს დაუმეგობრდება, ითამაშებს.

- შენს შემოქმედებაში რა სიახლეებია?

GzaPress- მოგეხსენებათ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში თვეში რამდენიმე პრემიერა გვაქვს. ბატონი გოგა თავაძის სპექტაკლი - "ჯუჯა-ცხვირი" იმედია, მაყურებელს მოსწონს. გარდა ამისა, დაკავებული ვარ წარმოდგენებში: "რომეო და ჯულიეტა", "სამი მუშკეტერი", "ჩვენ გველის დიდება" და "წითელქუდა".

- "ტიფლისის" მეორე სეზონში შენს პერსონაჟს ისევ იხილავს მაყურებელი?

- სერიალის პირველ სეზონში ეპიზოდური როლი მქონდა. როგორც რეჟისორისგან ვიცი, მეორეშიც გამოჩნდება. სიახლეც არის: მალე "ჯიდიესზე" დაიწყება ახალი სერიალი "სამზარეულო", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს შევასრულებ. სიუჟეტი ფრანგული რესტორნის თანამშრომლების ცხოვრებაზეა და მე მიმტანი ვიქნები. საპასუხისმგებლო როლია. სერიალის რეჟისორები ირაკლი ჩხიკვაძე და ჯაბა მელქაძე არიან, სცენარზე სანდრო კაკულია მუშაობს. სერიალი ეთერში შემოდგომიდან გავა, მანამდე კი ორი სეზონის გადაღება უნდა მოასწრონ.

- რამდენჯერმე ახსენე შეყვარებული - გიორგი. პროფესიით ვინ არის?

- უკვე ორი წელია, ერთად ვართ. მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ. ნელ-ნელა ვგეგმავთ სხვა ეტაპზე გადავინაცვლოთ, მაგრამ ჯერ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. გიორგი მსახიობია, "კომედი ჯგუფის" წევრი. გარდა ამისა, აქვს ანიმაციური სტუდია "ველოსიპედი", სადაც მუშაობენ საბავშვო, შემეცნებით ანიმაციურ კლიპებზე.

- მშობლებიც მსახიობები არიან და შენი საქმროც. საინტერესოა, ისინი როგორ აფასებენ შენს ნამუშევრებს?

GzaPress- სამივე მაძლევს რაღაც შენიშვნას, მათგან სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ აზრს ვისმენ. მამას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. შეიძლება, ერთი სიტყვით შეგაფასოს. მისი შენიშვნები ყოველთვის დოზირებულია. რაც შეეხება დედას, - ბევრი ლაპარაკი იცის, დეტალურად აგიხსნის ყველაფერს და ბოლოს შენ უნდა გამოიტანო დასკვნა, რა მოეწონა და რა - არა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში პროფესიულად შედარებით გავიზარდე, რადგან დედ-მამის მხრიდან შენიშვნები თანდათანობით შემცირდა, რაც ძალიან მახარებს... მშობლების ხედვა განსხვავდება გიორგის აზრებისგან. ბუნებრივია, გიორგი ბევრ რამეს გაცილებით თანამედროვედ აღიქვამს.

- შენს წინაპრებზე რას გვეტყვი?

- ბებიაჩემი იმ წელს გარდაიცვალა, როცა მე დავიბადე, ამიტომ დედის მხრიდან მხოლოდ ბაბუას მოვესწარი: გიორგი სამანიშვილი ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენელი გახლდათ და ჟორას სახელით უფრო იცნობდნენ. ქუთაისის პიონერთა პარკის ავტორი გახლდათ და რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ პარკში მემორიალი გავუხსენით. რაც შეეხება მამას მშობლებს: ბაბუა ბუნდოვნად მახსოვს, ხოლო ბებია - ძალიან კარგად. მას ქუთაისში ეზოიანი სახლი ჰქონდა და ზაფხულში ანდა მაშინ, როცა დედ-მამას თეატრში რეპეტიცია ჰქონდა, მასთან ვიყავი. იცით, ბაბუაჩემი როგორი იყო?! დისნეის მულტფილმში - "მფრინავი სახლი" სათვალიანი მოხუცი რომ არის, ზუსტად ისეთი. როცა ამ მულტფილმს ვუყურებ, სულ მახსენდება ერთი ამბავი: ავად ვიყავი, ბაბუა მოვიდა, გვერდით დამიჯდა, მელაპარაკებოდა და მეფერებოდა.

- ახლახან დედაშენს თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან ძაღლი აუყვანია...

GzaPress- დიახ. მამას ჩემზე მეტად უყვარს ძაღლები. სახლში ხშირად გვყავდა ამა თუ იმ ჯიშის ცხოველი, მაგრამ ბოლო დროს რაღაც ვერ მოახერხეს ლეკვის შინ მიყვანა და ამას ძალიან განიცდიდა. მამას ეგონა, რომ ტომი რამდენიმე თვეს გაატარებდა ჩემთან და მერე ქუთაისში გავუშვებდი, მაგრამ ჩემი ლეკვის დათმობას არ ვაპირებ. მამას დავპირდი, როგორც კი ელიზბარაშვილის თავშესაფარში ლეკვი გამოჩნდებოდა, მაშინვე ავიყვანდი და გავუგზავნიდი. ახლახან დედა თბილისში იყო ჩამოსული. ახლობელმა თავშესაფარში მიიყვანა, მარიკამ კი ორი დღის მიყვანილი ძაღლი ნახა და მოეწონა. თენგომ ლეკვს დორა დაარქვა. ქუთაისში დიდი ვერანდა გვაქვს და დორა იქ ბედნიერად დანავარდობს, ჩემებიც გახარებული არიან. თუმცა, მამას კიდევ ერთი ძაღლის ყოლის სურვილი აქვს (იღიმის).

ანა კალანდაძე