100-მანეთიანებით გაკეთებული გვირილები და დედისთვის მოწყობილი სიურპრიზი - გზაპრესი

100-მანეთიანებით გაკეთებული გვირილები და დედისთვის მოწყობილი სიურპრიზი

საკმაოდ ენერგიული ადამიანი ვარ და აქედან გამომდინარე, ყოველთვის მაქვს სურვილი, საკუთარ საქმეს ვაკეთებდე", - მითხრა სალომე გოგიაშვილმა, რომელსაც თურმე, ფულის შეგროვება არ უყვარს. ხარჯავს იმდენს, რამდენიც აქვს. უყვარს კომფორტი და ამ კომფორტის შესაქმნელად ბოლო "კაპიკებსაც" გაიღებს.

- ჩემი თინეიჯერობის პერიოდში ბევრი ფული არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ მეგობრებთან ერთად გასართობად წასულიყავი. თუმცა, მაშინ თბილისში სულ რამდენიმე ბარი და რესტორანი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მშობლები ბარში წასვლის უფლებას თუ მომცემდნენ. ახლაც მახსოვს, 5 ლარს რომ მოცემდნენ, 2 დღე მყოფნიდა ბარში შესასვლელად.

- რა ასაკიდან მიხვდი, რომ ფული აუცილებელი რამ არის?

GzaPress- 16 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და ოჯახში მარტო ქალები დავრჩით. სწორედ ამ პერიოდში დავფიქრდი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ სამსახურს ვიშოვიდი. ოჯახის რჩენას დედა და ბებიაც მოახერხებდნენ, მაგრამ მინდოდა, ცოტაოდენი ფული თავადაც გამომემუშავებინა.

- პირველი ხელფასი რა ასაკში აიღე?

- 17 წლის ვიყავი, როცა პირველად კონცერტი წავიყვანე და ჰონორარი მომცეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მახსოვს, ბებიასა და დედას სიურპრიზი გავუკეთე - აქსესუარები ვუყიდე. შემდეგ უკვე, მე და ჩემმა მეგობარმა რაღაც "ივენთი" მოვაწყვეთ და საკმაოდ კარგი თანხაც ვიშოვეთ. 13 წლის წინანდელ ამბავს გიყვები. მახსოვს, ფული დედას და ბებიასაც ვაჩუქე, დარჩენილი თანხით კი ტანსაცმელი შევიძინე. ძალიან გახარებული ვიყავი. ამის შემდეგ უკვე სტაბილური სამსახურები მქონდა.

- ანუ მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან ხარ?

- 20 წლის ასაკიდან უკვე სტაბილურად მქონდა საკუთარი შემოსავალი. თუმცა, საქართველოში ჩვენი პროფესიით (ყველა ჟურნალიტს არ ვგულისხმობ, ცხადია) ცხოვრებას ვერ აიწყობ და ვერც ისე იცხოვრებ, სხვისი დახმარება რომ არ დაგჭირდეს.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? ეკონომიური მხარჯველი ხარ?

- მეგობრები ხშირად მეუბნებიან, - კაცივით მხარჯველი ხარ; ისეთი, ფულის გადახდას ვერავინ რომ ვერ დაასწრებსო (იცინის)... მფლანგველი არ ვარ. ფულის უაზროდ ხარჯვა არ მიყვარს. შეიძლება, მეგობარი დავპატიჟო კაფეში და საკმაოდ სოლიდური თანხაც გადავიხადო მის გამასპინძლებაში, მაგარამ ამას მფლანგველობას ვერ დავარქმევ. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ამით პატივი ვეცი მეგობარს და მასთან ერთად, თავადაც ვისიამოვნე. ვერ ვიტან ფულის თვლას და საფულეში თანხას არასდროს ვაკონტროლებ. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს საშინელი თვისებაა... როცა საფულეში კონკრეტული თანხა მიდევს, მთელი დღის განმავლობაში ვხარჯავ და როცა დაახლოებით 5 ლარი დამრჩება, მერე ვიწყებ ფიქრს, სად დავხარჯე-მეთქი?

- რაიმე ისეთი ნივთი ან სამოსი თუ შეგიძენია, რომელიც ვერ გამოიყენე?

- ვერ ვიტყვი, რომ მაქვს ისეთი ნივთები, რომელიც არასდროს გამომიყენებია, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა ძალიან დიდი თანხა გადამიხდია კაბაში და მხოლოდ ერთხელ ჩამიცვამს. ფილარმონიაში ანსამბლ "ალილოს" კონცერტი მიმყავდა. მთელი თბილისის ნაღებმა საზოგადოებამ იქ მოიყარა თავი. ჰოდა, სწორედ ამ კონცერტისთვის შევიძინე საკმაოდ ძვირად ღირებული კაბა, რომელიც მხოლოდ იმ დღეს მეცვა, მერე კი კარადაში მივუჩინე ადგილი. განა იმიტომ აღარ ვიცვამ, რომ არ მომწონს, უბრალოდ, ყველა ახლობელმა და მეგობარმა, ვისთან ერთადაც ხშირად მიწევს ყოფნა, იმ კაბაში უკვე მნახა და ამის გამო აღარ მინდა მისი მეორედ ჩაცმა.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- არა, არ მქონია... ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მამას მეგობრები ხშირად მჩუქნიდნენ ფულს. მახსოვს, მოყვითალო ფერის, ნაჩუქარი 100-მანეთიანებით გვირილებს ვაკეთებდი, ასე ვერთობოდი. მერე მშობლები პატარა ბავშვს მატყუებდნენ და ამ ფულს 25-მანეთიანებში მიცვლიდნენ, - უკეთესი ფერი აქვსო (იცინის).

GzaPress

- რაში ხარჯავდი ამ ფულს?

- იმ ასაკში ვიყავი, როცა ვერ ვაცნობიერებდი, ფულით რა უნდა გამეკეთებინა. ერთადერთი, ის მახსოვს, რომ ძალიან მინდოდა და ან ძმა მყოლოდა და როცა ჩემს მშობლებს ეს განვუცხადე, მიპასუხეს: ბავშვის ყიდვას ბევრი ფული სჭირდებაო. ჰოდა, ეს ჩემი შეგროვებული ფული მთლიანად მამას მივეცი, - წადით ახლა და პატარა ბავშვი იყიდეთ-მეთქი. მერე მატყუებდნენ: დაგვირეკავენ, როცა კარგი ბავშვები ეყოლებათ და მოვიყვანთო (იღიმის)...

- შოპინგი გიყვარს?

- ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო კარგად ვაცნობიერებ, რას ნიშნავს სიტყვა "შოპოჰოლიკი". ვგიჟდები რაღაცების ყიდვაზე. მაისურის შეძენაც კი მიხარია, ეს მაბედნიერებს. ჰოდა, გადავწყვიტე, კვირაში სამჯერ მაინც შევიძინო რაიმე.

- სილამაზის სალონში ხშირად დადიხარ?

- თუ თავის ქებაში არ ჩამითვლით, გეტყვით რომ საერთოდ, მაკიაჟსა და ვარცხნილობას პროფესიულ დონეზე, თავად ვიკეთებ. ვერავინ გამალამაზებს ისე, როგორც ამას თავად მოვახერხებ. თუმცა, არის მომენტი, როცა თმის დავარცხნა მეზარება. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს ვსტუმრობ სილამაზის სალონს. თმა და ფრჩხილი ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს. ძირითადად, ფულს მასაჟში, კანის მოვლასა და სხვა პროცედურებში ვხარჯავ.

- ვიცი, რომ ამ ეტაპზე არ მუშაობ, მაგრამ როცა ხელფასი გქონდა, მის თვიდან თვემდე გადანაწილებას ახერხებდი?

- ხელფასის თვიდან-თვემდე გადანაწილებას ვერასდროს ვახერხებდი. მაშინ, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი და პარალელურად კიდევ 5 სამსახური მქონდა, თვის ბოლოს კარგი თანხა მიგროვდებოდა. თუმცა, იმ პერიოდში ბანკიდან კრედიტი მქონდა გამოტანილი, ვიხდიდი ბავშვების სწავლის ფულს, მქონდა ძალიან ბევრი ხარჯი. აქედან გამომდინარი, ხელფასის აღებიდან მეორე დღეს უკვე ერთი თეთრიც აღარ მქონდა.

- მატერიალური კრიზისის დროს, დახმარებას ვის სთხოვ?

GzaPress- თუ დამიჯერებთ, მეგობრისგან თანხა არასდროს მისესხებია. ვფიქრობ, გოიმობაა, როცა გერიდება იმის, რომ მეგობარს დახმარება სთხოვო. ყოველთვის თავად გამოვმძვრალვარ კრიზისული სიტუაციიდან. მაგალითად, რაღაც ნივთი ამიღია და გამიყიდია... რატომღაც, სულ მერიდებოდა ახლობელი ადამიანების შეწუხების.

- თავადაც არასდროს გაგისესხებია ფული?

- როცა სიკეთეს აკეთებ, შემდეგ ამ ყველაფერზე არ უნდა ისაუბრო. თუმცა, გეტყვით, რომ ახლობელ ადამიანს ფულს არასდროს ვასესხებ. თუ მაქვს ის თანხა, რაც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება, მივცემ და აღარც გამოვართმევ.

- შენს შვილებს თუ აქვთ ყულაბა?

- კი, აქვთ. მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვეხმარებით ბავშვებს ფულის შეგროვებაში. რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, რომ გარკვეული თანხა უნდა გადამეხადა კონკრეტულ ადგილას, მაგრამ საამისოდ ფული აღარ მქონდა. გავხედე ჩემს შვილს და ვუთხარი: დედი, ახლა უნდა დამეხმარო-მეთქი. წამოხტდა და დაუფიქრებლად გატეხა საკუთარი ყულაბა. საღამოს, როცა ჩემი მეუღლე შინ დაბრუნდა, მას უამბო, როგორი სიკეთეც გააკეთა და მერე თანხა ასმაგად დააბრუნებინა უკან (იღიმის).

- საკუთარი შრომით ყველაზე ძვირად ღირებული, რა ნივთი გაქვს შეძენილი?

- ბოლოს თანხა იმისთვის შევაგროვე, რომ დედაჩემისთვის სიურპრიზი მომეწყო - ბინა გავურემონტე. დასასვენებლად იყო წასული და მოვატყუე: მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და 5 დღე კიდევ დარჩით, რომ სახლი ცოტა მოწესრიგებული დაგახვედრო-მეთქი. მოკლედ, თავი არ დავიზოგე, ხელოსნებს ვეხმარებოდი. თან, ძალიან მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა, როცა ამ ყველაფერს ნახავდა, დიდ ემოციებს ველოდებოდი... როცა ჩამოვიდა და კარი გავაღეთ, პირდაპირ ოთახისკენ წავიდა, - აბა, სად ჩამოუშვა წყალიო? რემონტი არც შეუმჩნევია. მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით და ვიცინოდით.

- საკუთარი ავტობილი გყავს. მოძრაობის წესებს ხშირად არღვევ?

- წესებს საკმაოდ ხშირად ვარღვევ, ოღონდ, არა - შეგნებულად (იცინის)...

- პროდუქტების შესაძენად ბაზარში თავად დადიხარ?

- მე და ჩემი მეუღლე კვირაში ერთხელ ვსტუმრობთ ჰიპერმარკეტებს და მთელი კვირის პროდუქტს ვიმარაგებთ. თუმცა, რაღაცების ყიდვა ყოველდღიურადაც გვიწევს. ცხოვრება გართულებულია, 100 ლარი უკვე ფული აღარ არის. მარკეტში ამ თანხას რომ დავხარჯავთ, შინ მისულები ვხვდებით, რომ ბევრი არაფერი გვიყიდია. თუმცა, ჩემგან ამაზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს, როცა საქართველოში უამრავი ისეთი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც დღეში ლარიც კი სანატრელი აქვთ.

- საოჯახო ნივთების შეძენა თუ გიყვარს?

GzaPress- ეს კითხვა ჩემთვის დაახლოებით 10 წლის წინ რომ დაგესვა, გამიკვირდებოდა და ვიტყოდი, - რას მეკითხება-მეთქი? თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, საოჯახო ნივთებისა და აქსესუარების ყიდვაც შემიყვარდა. მომწონს ლამაზი ჭურჭელი და როცა სტუმრებს ველოდები, ვცდილობ, სუფრა ლამაზად გავშალო.

- მდიდარი რომ იყო, პირველ რიგში, რას გააკეთებდი?

- პირველ რიგში, ყველა ჩემს ახლობელს დავეხმარებოდი და საჭიროების მიხედვით შევუძენდი ბინას, მანქანას, დავუნიშნავდი ხელფასს. კიდევ, გავაკეთებდი ევროპული დონის ბავშვთა სახლს, სადაც პატარების აღსაზრდელად ყველანაირი პირობა იქნებოდათ.

- ამ ეტაპზე არ მუშაობ. ამას განიცდი?

- ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ და არ მიყვარს სახლში ჯდომა. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი სამსახური ბავშვების პატრონობაა, მათი აღზრდით ვარ დაკავებული.

- დამხმარე გყავს თუ შვილებს მარტო ზრდი?

- ძიძაც მყავს და კიდევ ერთი დამხმარე ქალი, რომელიც საოჯახო საქმეების კეთებაში მეხმარება.

სოფო ჭონიშვილი