გიული ჩოხელის ვარსკვლავად ქცეული სულისა და გულის მონოლოგი - გზაპრესი

გიული ჩოხელის ვარსკვლავად ქცეული სულისა და გულის მონოლოგი

რევაზ ლაღიძის უკვდავი "თბილისოც" და კიდევ ბევრი ქართული სიმღერაც სწორედ მან იმღერა პირველად. 28 მარტს უდიდესი მუსიკალური პრიზების მფლობელს, 80 წლის გიული ჩოხელს "თბილისი ივენთ ჰოლში" საიუბილეო საღამო მოუწყვეს და ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. დიდი შესვენების შემდეგ, ქართველმა მსმენელმა კვლავ მოუსმინა ცხოვრების ქარტეხილგამოვლილი და კვლავ უჩვეულოდ ენერგიული, უნიჭიერესი შემოქმედის სულისა და გულის მონოლოგს - გიული ჩოხელის ჯაზს, რომელმაც 1950-60-იან წლებში სრულიად შეცვალა საბჭოთა კავშირის მუსიკალური სამყარო.

- ქალბატონო გიული, თქვენი ფილმებით, ჩანაწერებით აშკარაა, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა გაიარეთ...

GzaPress- ...და ძალიან მძიმეც. უფლის ნებაა ალბათ, აქამდე რომ მოვაღწიე. ჯაზი საერთოდ აკრძალული იყო ქვეყანაში და ჩვენ, ასე ვთქვათ, ადამიანებადაც არ მივაჩნდით. რას მღერიანო? - კითხულობდნენ. პირველად ჯაზი რომ მოვისმინე (დედამ მომასმენინა), 14 წლის ვიყავი. დედა არათუ კარგად მღეროდა, საქსოფონზეც უკრავდა და ჯაზსაც ბრწყინვალედ ასრულებდა. ამ მუსიკამ გამაგიჟა. თუმცა, ქართული მუსიკაც მიყვარს. ჰოდა, როდესაც ჯაზის შესრულება დავიწყე, ისე ჩაილექა ჩემს ორგანიზმში, ჩემს გულში, სულში, რომ ეს ელემენტები ქართულ საესტრადო სიმღერაშიც შემოვიტანე. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა: კომპოზიტორების ქართულ საესტრადო სიმღერებში ვიბრაციით, ხმის ტემბრით, ტექსტის მიწოდებით კარგად ჩანს, რომ ჯაზს ვასრულებ. დიდ ყურადღებას ვაქცევ ლექსის დრამატურგიას. იოლი არ არის, მსმენელამდე მიიტანო - რა გინდა და რატომ მღერი. ეს ხომ მარტო საცეკვაო მუსიკა არ არის? სულისა და გულის მონოლოგია! დღეს ვუსმენ ძალიან ბევრ მომღერალს და ისინი სრულიად სხვაგვარად მღერიან. ნიჭიერები არიან, მაგრამ სიტყვასთან კავშირი არ აქვთ. ვერ ვიგებ, რას ამბობენ.

- რომელი წლიდან გაეცანით ჯაზს?

- 1953-54 წლები იყო... ჯაზის შესრულება ჩემს ბიძაშვილთან, გოგი ცაგარელთან ერთად დავიწყე. მოვიდა ერთხელ და მითხრა, - კარგი სიმღერა დავწერე და მოდი, ვიმღეროთო. სოლოლაკში, ახლა თეატრალური საზოგადოების შენობა, აკაკი ხორავას სახლი რომ არის, იქაურობას მაშინ "სტელა" ერქვა. იქვე ბაღში ღია ესტრადა იყო, ზაფხულობით გრილოდა და კარგი საზოგადოებაც იკრიბებოდა. იქ ვიმღერე. ჰოდა, ტაში რომ დაუკრეს, მილოცავდნენ და მეხუტებოდნენ, მივხვდი, სიმღერა უნდა გამეგრძელებინა.

ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე... დავიბადე 1935 წელს. დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, უკვე 5-6 წლის ვიყავი. გვშიოდა, გვწყუროდა. მამა არ მყავდა და დედამ გამზარდა. დედა მუსიკალური კომედიის თეატრის სუპერმსახიობი, ელენე ჩოხელი გახლდათ. მას ფილმებშიც იღებდნენ. ხომ გახსოვთ, ქართული მხატვრული ფილმი "მხიარული რომანი"? იქ იპოლიტე ხვიჩიას უფროს დას თამაშობს. დედას წყალობით, სულ თეატრში ვიყავი. ის იყო ჩემი მოძღვარიც და "კონტროლიორიც", მაგრამ არაფერს მიკრძალავდა. თუკი მოგიხდება, თმაც შეიღებე და ტუჩიცო, - მეუბნებოდა.

- ბედნიერება იქნებოდა ასეთი დედის ყოლა, მით უმეტეს, იმ ყოფაში...

- კი, ძალიან დიდი ბედნიერება გახლდათ. ვერც ვიგებდი და არც მახსოვს, რომ ცუდი ცხოვრება იყო და არაფერი გვქონდა, არც საჭმელ-სასმელი და არც - ჩასაცმელი. დღეს თქვენთან საუბარში ვიხსენებ ამას, თორემ მაშინ იყო მხოლოდ მუსიკა - ჯაზი იყო ჩემთვის საჭმელ-სასმელიც და ჩასაცმელიც.

- ის მუსიკა, საბჭოთა კავშირის ანუ იმ სამყაროს მტერი იყო, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ამ მუსიკის შესრულება დიდი რისკი იყო. არ გეშინოდათ?

GzaPress- რასაკვირველია, ჯაზი "მტერი" იყო და ამიტომაც ჩვენ, ფაქტობრივად, მუდამ "გადასახლებულები" ვიყავით. როდესაც 1963 წელს მე და ჩემმა მეუღლემ, ჯაზ-პიანისტმა და კომპოზიტორმა ბორის რიჩკოვმა ჩამოვაყალიბეთ ბიგბენდი "ჩანგი", ძირითადად, იცით, სად გვქონდა გასტროლი? - მაგადანზე, სახალინიზე, ალტაის ოლქში. აქედანაც და რუსეთის ცენტრალური ქალაქებიდან მოშორებით გვამღერებდნენ. რუსეთი იყო ჩვენი "ვითომ პატრონი" და რასაც გვეტყოდა, სადაც გაგვიშვებდა, იქ უნდა წავსულიყავით. სხვათა შორის, ჩვენი ბენდის წევრები ლენინგრადელი (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგელი) ებრაელები იყვნენ, დღეს კი ამერიკელი ჯაზმენები არიან. მაშინ ისინი ლენინგრადიდან ჩამოვიყვანე და საქართველოს სოლისტებად ვაქციე. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც "ხრუშჩოვის ნიავმა" დაუბერა, ევროპაშიც გაგვიშვეს.

მახსოვს, ტალინის ჯაზ-ფესტივალში ამერიკელი ჩარლზ ლოიდის კვარტეტი, პოლონელი მუსიკოსები, სხვა უცხოელი და საბჭოთა კავშირის "იატაკქვეშეთის" ჯაზის შემსრულებლები მონაწილეობდნენ (ჩვენ - საბჭოთა ჯაზმენები ხომ სულ სარდაფებში ვიკრიბებოდით, სადაც ჯაზ-კლუბები იყო გახსნილი). მოკლედ, დიდი უბედურება გამოვიარეთ (იცინის).

- მაგრამ ეს დაბრკოლებებიც, "ბრძოლაც" ხომ საინტერესო იყო?

- ძალიან. მაინც იმას ვაკეთებდით, რაც გვინდოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც "ბითლზს" ხულიგნებსა და ნარკომანებს უწოდებდნენ, ჩვენ კი მაინც ჯაზს "ვახურებდით". საჭმელს დღეში ერთხელ ვჭამდით, მუსიკა მართლაც გვაპურებდა... ერთ ამბავს გავიხსენებ: მაშინ ფილარმონია "პლეხანოვზე" მდებარეობდა. იქვე, პატარა ბაღში, სადაც მუდამ გრილოდა, ხისგან აშენებული თეატრი იყო, შესანიშნავი აკუსტიკით (იმ ადგილას, სადაც ახლა "სუხიშვილების" სტუდიაა), რომელსაც ერთ ლურსმანსაც ვერსად უპოვიდით. მერე რატომღაც დაშალეს ის თეატრი. ჰოდა, ერთ საღამოს იქ სოლო კონცერტი უნდა გვქონოდა. თბილისი "ჩანგის" აფიშებით იყო აჭრელებული. დილის 11 საათზე სარეპეტიციოდ რომ მივედით, რას ვხედავთ? - დიდი თოკი გაუბამთ, ზედ უზარმაზარი მტვრიანი ნოხები ჩამოუკიდიათ და პირახვეული ქალები გულმოდგინედ ბერტყავენ. ლამის გავგიჟდი. შევვარდი დირექტორთან, - რა ხდება-მეთქი? - რა და, აქაურობას შენი კონცერტისთვის ვალაგებთო. ისეთი მტვერი ტრიალებდა, იქ გაჩერებაც არ შეიძლებოდა და ჩავშალე ის კონცერტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ყველაფერი რომ დააწკრიალეს, მოვიდნენ და დამიჩოქეს, - კონცერტი ჩაატარეთო. გამოვუცხადე: მივდივართ, ლენინგრადში გავმართავთ კონცერტს-მეთქი. ახლა ისინი გაგიჟდნენ: რას ამბობ, ისეთი ამბავია ატეხილი, ეგ არ გააკეთოთო. დირექტორმა მითხრა, ხალხს უკვე ვემალებიო.

- ვინ იყო დირექტორი?

- გუგული ყიფიანი, ძალიან მაგარი ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარდა, ზემოთ აღნიშნული შეცდომა კი მისმა მოადგილემ დაუშვა. თვითონ გუგული ევროპული ყაიდის, ულამაზესი კაცი იყო, მექსიკური შლაპით დადიოდა და საფრანგეთში შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჯაზს რომ ვმღეროდი და ის რეპეტიციაზე შემოვიდოდა, არ არსებობდა, ცალი წარბი არ აეწია და არ დაეყვირა, - ქართულადო! ცოტა ხნით ვჩუმდებოდით და როგორც კი გავისტუმრებდით, მაშინვე თავიდან "გავახურებდით" ხოლმე. ერთხელაც, კაბინეტში "ლექცია" ჩავუტარე: ბატონო გუგული, თანამედროვე კაცი ხართ, კარგი გარეგნობის, კულტურული, ქვეყანა გიცნობთ. ასე არ შეიძლება, ჯაზი უნდა შეიყვაროთ. თუ გინდათ, მე დავანებებ თავს, საერთოდ წავალ ფილარმონიიდან-მეთქი. გაგიჟდა: რას ამბობო?! - და გულში ჩამიხუტა. ერთხელ კიდევ, ოთარ თევდორაძემ დამიწერა სიმღერა "პაემანზე". მახსოვს, მოდელების სახლმა მოდელებთან ერთად, მე და ანსამბლი "ხომლი" ბულგარეთში წაგვიყვანა. მე ვმღეროდი და ვცეკვავდი, "ხომლი" უკრავდა. ტანად ყველაზე პატარა გახლდით. ერთხელაც, ვუთხარი: ორმეტრიანი ქალები გყავთ და მე რისთვის გინდივართ, წავალ-მეთქი. - სად უნდა წახვიდე, ჩვენ შენი კოსტიუმების ჩვენება კი არა, სიმღერა გვინდაო. "პაემანზე" იქაც შევასრულე. თბილისში რომ დავბრუნდით, გუგული ყიფიანმა დამიბარა. სასწრაფოდ მოვიკაზმე და მივედი. გული მიგრძნობდა, საყვედურს მეტყოდა. ოთახში კომპოზიტორი ოთარ თევდორაძე და კიდევ ვიღაც დამხვდნენ. "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო" და შესვლისთანავე "ვეცი": არ მოგეწონათ? კარგი, რა, ხალხო, ჩამორჩენილები ხართ-მეთქი... გუგული წამოდგა: ნუ შეგვჭამე, მოდი, გოგო, ჩაგეხუტო, რა მაგარი იყავიო (იცინის). ოთარმა, - ეს რა უქენი ჩემს სიმღერას? გავგიჟდი, ისე მომეწონა. ასეთი რაღაცის გაკეთება თუ შეიძლებოდა, ვერაფრით ვიფიქრებდი, მართლა "ჯაზმენი" ხარო...

GzaPress

კიდევ ერთ ამბავს გეტყვით: ქართულ სიმღერებში ჯაზის ელემენტების გამოყენება და იმპროვიზაცია რომ დავიწყე, გიორგი ცაბაძემ, რომელსაც მუსკომედიის თეატრში ხშირად მიჰქონდა ოპერეტები, დედაჩემს უთხრა: ელიკო, გააჩერე შენი შვილი, რას მღერის, რას ახურებს, მელოდია საერთოდ არ ისმისო. დედამ უპასუხა: ჩემო გოგი, შენც "გაიზრდები", ჯაზი შეგიყვარდება და გაიგებ, რასაც მღერისო (იცინის). მართლაც ეგრე მოხდა. გაიოზ კანდელაკმა აქ პირველი ჯაზ-ფესტივალი რომ მოაწყო, გოგი ამოვიდა სცენაზე, ჩამეხუტა და ის იყო, დედაჩემისთვის ნათქვამი სიტყვები სცენიდან ხმამაღლა უნდა შემეხსენებინა, მიმიხვდა და ჩამჩურჩულა, - გაჩერდი, გოგო, ძალიან მიყვარხარო. გოგი უნიჭიერესი კაცი იყო, ვენაცვალე მის სულს!..

- აშკარად, დედის გენმა გაჭრა: ძალიან არტისტული და ლაღი იყავით, თანაც - ძალიან თამამი. ეს ჩანაწერებიდან კარგად ჩანს...

- სხვაგვარად ჯაზსაც ვერ ვიმღერებდი. 12 თებერვალს 80 წლის გავხდი და ასაკს საერთოდ ვერ ვგრძნობ. ენერგიაც საკმაოდ მაქვს და ახლაც ვმღერი. ხომ მოისმინეთ კონცერტზე, როგორ შევასრულე ორი ჯაზური კომპოზიცია. ლექსებსაც ვწერ და ვხატავ კიდეც. 350 ლექსი დავწერე ორ წელიწადში. მესამე სიმღერა, რაც იმ კონცერტზე შევასრულე, ვაჟა აზარაშვილის იყო, ჩემს ლექსზე დაწერილი და "მგონი, მიხსნიან ვარსკვლავს" ერქვა.

P.S. "მგონი" კი არა, ვარსკვლავი ნამდვილად გაუხსნეს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ "ხელოვნების ქურუმის" წოდებაც მიანიჭა. იმ საღამოს გიული ჩოხელი უბედნიერესი იყო. სცენაზე გამოსულ ძველ მეგობრებს, სხვადასხვა თაობის შემსრულებლებსა და მის ყველა გულშემატკივარს განსაკუთრებულად ემადლიერებოდა, ეფერებოდა და ესიყვარულებოდა. შიგადაშიგ გული უჩუყდებოდა და ჩუმ-ჩუმად ცრემლსაც იწმენდდა.

ირმა ხარშილაძე