"ქერა, შტერ გოგონასთან მაიგივებენ" - გზაპრესი

"ქერა, შტერ გოგონასთან მაიგივებენ"

პრეამბულის მაგიერ

- მხატვრულ ლიტერატურა ძალიან მიყვარს. წიგნებს უმეტესად მგზავრობის დროს ან შესვენებების პერიოდში ვკითხულობ. ჩანთით წიგნი სულ დამაქვს.

- ახლა რას კითხულობ?

- ფრედერიკ ბეგბედერის "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე". ლიტერატურა ძალიან მიყვარს, კლასიკაც მიყვარს და თანამედროვე ავტორებსაც დიდი პატივს ვცემ. დღეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, - შენი აზრით, წიგნის ქურდი ქურდიაო? - რა თქმა უნდა, ქურდია-მეთქი. თავად წიგნი არასდროს მომიპარავს, მაგრამ ჩემგან არაერთხელ წაუღიათ და აღარ დაუბრუნებიათ. მეც დამვიწყებია და ალბათ, მათაც არ ახსოვთ.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- რაც ეგზიუპერის პატარა უფლისწული გავიცანი, მასთან ვმეგობრობ. მინდა, სულ ჩემთან იყოს და არ დამეკარგოს. ლიტერატურული პერსონაჟების გაფეტიშება სტუდენტობის წლებში უფრო მახასიათებდა. მაშინ ჩემი კერპი მარკესის რემედიოსი ("მარტოობის ასი წელი") იყო. სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანის კერპი არაერთი გმირი შეიძლება გახდეს. ერთი პერიოდი დოსტოევსკის ანასტასია ფილიპოვნა მომწონდა, მიშკინზე მეტად რასკოლნიკოვი მიყვარდა. "იდიოტი" პირველად რომ წავიკითხე, VIII კლაში ვიყავი და სრული შოკი მოვიღე. ხელმეორედ სტუდენტობის წლებში დავუბრუნდი.

- დოსტოევსკის შემოქმედება გამორჩეულად გიყვარს?

- ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ავტორია. ძალიან მიყვარს თომას მანი, მიშელ ულბეკი, მურაკამი... დღეს ადამიანს ძალიან ცოტა დრო აქვს, ცხოვრების რიტმი აჩქარებულია. და აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, სქელტანიანი წიგნებისთვის დრო გამოვნახოთ. ამის გამო ძალიან განაწყენებული ვარ ფამუქზე. ეს ავტორი მიყვარს, მისი შეხედულებები საინტერესოა, მაგრამ თან ნერვებს მიშლის. რასაც 200 გვერდში ამბობს, 100 გვერდში ჩაატევდა.

- წიგნის კითხვისას გიტირია?

- არაერთხელ მიტირია. ბოლოს აკა მორჩილაძის "ობოლე" წავიკითხე და ტირილით გავსკდი. აკა ქართველი მარკესია, შეიძლება - უკეთესიც. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაზე ვგიჟდები.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- აზარტული საერთოდ არ ვარ. სატელევიზიო ინტელექტუალური თამაშებიდან შემოთავაზება არასდროს მქონია. რატომღაც ქერა, შტერ გოგოსთან გამაიგივეს.

- ამის გამო გული გწყდება?

- ჩემთვის ძალიან ცუდი ტონია იმის აფიშირება, რა იცი და რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული. თუ ჟურნალისტი არ მეკითხება, ამას ხაზს არც ერთ ინტერვიუში არ ვუსვამ. ამ თემაზე პირველად შენ ამალაპარაკე. არასდროს უკითხავთ რა წამიკითხავს, რომელი ავტორი მიყვარს და რა მაინტერესებს.

- "გზა" რესპონდენტებს ყველა მხრიდან წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

- მადლობა თქვენ ამისთვის.

- რა იცი, რა ხდება, შესაძლოა, ამ ინტერვიუს შემდეგ "შტერ გოგოს" აღარავინ შეგადაროს.

- რომ გიპასუხო, ალბათ იტყვიან, ვინმემ უკარნახაო (იცინის).

- იაპონიაში არსებობს გამოთქმა, რომლითაც პიროვნების სიზარმაცეზე მიუთითებენ: "ჰასიზე მძიმე არაფერი აუწევიაო". რა არის ჰასი?

- იაპონიაში?

- დიახ, 2 სიტყვით მიგანიშნებ: "ჭამა" და "კულტურა"

- ჩხირები, რომლითაც საკვებს მიირთმევენ, ხომ?

- გამოიცანი. როგორ ადამიანს უწოდებდნენ ხარჭას?

- ადამიანს, რომელიც ფარული სასიყვარულო კავშირი ჰქონდა პიროვნებასთან, რომელზეც დაქორწინებული არ იყო.

- "ზედმეტად ბევრი მამაკაცია ამ ბიზნესში და მათ არ იციან, როგორ ჩააცვან ქალებს", - რომელი ცნობილი ფრანგი დიზაინერია ამ სიტყვების ავტორი?

- ჩვენი თანამედროვეა?

- არა.

- კოკო შანელზე ვფიქრობ.

- "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ..."

- "...თქმითაც დაშავდების".

- ტრადიციულ იტალიურ პიცაში აუცილებლად უნდა იყოს ახალი პომიდვრის სოუსი, ყველი და მწვანილის ფოთლები. პიცის ამ სამ კომპონენტს აქვს არა მხოლოდ კულინარიული, არამედ - სიმბოლური მნიშვნელობა. რა სიმბოლოებზეა ლაპარაკი?

- იტალიის დროშის ფერებზე.

- "ყურადღება! თქვენ გელით აქამდე არნახული სანახაობა". - ამ სარეკლამო აბრის წყალობით ფილმის პროდიუსერებმა დიდი შემოსავალი იშოვეს. ნაჩვენები იყო "ჯაზის მომღერალი". რით იყო ეს ფილმი მნიშვნელოვანი?

- ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ: ეს ფილმი 1927 წელს იყო გადაღებული.

- (ფიქრობს)

- ეს იყო პირველი ფილმი...

- ...(მაწყვეტინებს) სავარაუდო პასუხს გეტყვი. ჩემი აზრით, პირველი ხმოვანი ფილმი იქნებოდა.

- გამოიცანი. 1919 წელს, კიევში სოლოვცევის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ლოპე დე ვეგას დრამა, "ცხვრის წყარო", საბჭოთა თეატრის ისტორიაში შევიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რატომ?

- ვერ გიპასუხებ.

- პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო. ვინ იყო ბედისა და იღბლის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში?

- ვიცოდი და ვერ ვიხსენებ. იუნონა დედობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო.

- ფორტუნა.

- ვაიმეე!!! როგორ გავითიშე. საღამოს საათებში ყოველთვის დაღლილი ვარ და ამის ბრალია.

- დაასრულე გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი გამონათქვამი: "მე მიყვარხარ არა იმისთვის, თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, თუ ვინ ვარ მე, როდესაც..."

- არ მახსოვს.

- "...შენთან ვარ". შეყვარებული ხარ?

- არა და მინდა აღვნიშნო, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- რომელი ცნობილი ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში?

- უინსტონ ჩერჩილი.

- რა ერქვა ხევისბერი გოჩას შვილს?

- ონისე.

- ამ ცხოველს 15 წუთის განმავლობაში 200 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია.

- აქლემი.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა. რომელ ფორმაზეა ლაპარაკი?

- "ჩოლკა" იქნება.

- ნამდვილად ასეა. ერთხელ სალვადორ დალის ერთ-ერთმა პარფიუმერიულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსთვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა, სახლში მოიძია საგანი, ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და დამკვეთებს განუცხადა, რომ ის ფლაკონის თავსახურის მაგივრობას გასწევდა. თან შესთავაზა, სუნამოსთვის "გაელვება" დაერქმიათ. რისგან დაამზადა მან ფლაკონი?

- (პაუზის შემდეგ) ვერ ვხვდები.

- ნათურისგან. რა ემართება თვალის გუგას, როცა ადამიანი რაიმე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება, ასე არ არის?

- ნამდვილად ასეა, 45%-ით ფართოვდება. ეს მოგზაური 1643 წელს, პარიზში დაიბადა. 1671 წელს იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაწერა ვრცელი თხზულება: "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში". თხზულების საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოსაც შეეხება. წერილობით წყაროებში პირველად ამ ნაწარმოებშია მოხსენიებული ქალაქი ზუგდიდი. რომელ ევროპელ მოგზაურზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- შარდენზე. "ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა/ და ან ცაზე ვარსკვლავები?/ ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?/ ვინ მოგვითხროს მათი საქმე/ უთვალავი, საგმირონი,/ და ან მათზე გადმოსული/ მადლი ღვთისა და მირონი"? აკაკი წერეთლის რომელი პოემა იწყება ამ სიტყვებით?

- "თორნიკე ერისთავი".

- რა ერქვა ჯანი როდარის ცნობილი ზღაპრის გმირს?

- ჩიპოლინო.

- ხელოვნების რომელი დარგის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული პენ-კლუბში?

- მწერლები.

- ძველ საბერძნეთში ეს მხოლოდ მამაკაცების საქმედ მიიჩნეოდა, ქალები არ დადიოდნენ. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ გეტყვი.

- ბაზარში სიარულზე. რომელი ჯირკვლის ამოკვეთა ხდება გლანდების ოპერაციის დროს?

- არ ვიცი.

- ნუშისებრი ჯირკვლის. დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბლით, ნაცნობებს - კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს მათი..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მტრებს მათი ინტელექტით".

თამუნა კვინიკაძე