რის გამო უჯავრდება მეუღლე ციცინო კობიაშვილს - გზაპრესი

რის გამო უჯავრდება მეუღლე ციცინო კობიაშვილს

მაყურებელი ინტერესით ადევნებს თვალს რძალ-დედამთილის ურთიერთობას. ქალბატონი ნელის როლის შემსრულებელი მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ციცინო კობიაშვილი გახლავთ.

- როცა ამდენი წლის შემდეგ, "ღამის შოუს სტუდიამ" სერიალში დაბრუნება შემოგთავაზათ, როგორი რეაქცია გქონდათ?

- ძალიან მიყვარს ეს გუნდი, აქ ოჯახური სიტუაციაა (განსაკუთრებით დიდ პატივს რეჟისორ კოხის ვცემ) და სწორედ ამიტომ, ადვილად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ სერიალში კვლავ მეთამაშა. რძალ-დედამთილის თემა მუდმივად აქტუალურია და ხალხს ეს აინტერესებს. მაგალითად, დღესაც, ტრანსპორტში ერთი ქალბატონი გამომელაპარკა და სერიალის შესახებ ყველა წვრილმანი გამომკითხა. სცენარისტების გადაწყვეტილებით, რამდენიმე სერიაში ჩემი გმირი აქტუალური იყო. სამაგიეროდ, ახლანდელ ორ სერიაში აღარ ვარ, რადგან ქმარს შემარიგეს და სახლში დავბრუნდი.

- როგორ ფიქრობთ, ნელის რით ჰგავხართ?

GzaPress- მხოლოდ ის გვაკავშირებს, რომ ნელი არც ბოროტია და არც - უსამართლო. სამაგიეროდ, მაწაკია, სიტყვას არავის შეარჩენს. მე ასეთი ნამდვილად არ ვარ.

- რეალურ ცხოვრებაში თქვენს რძალთან, თამთა ჭელიძესთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა და დღესაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა (ლაპარაკია მსახიობ ჯაბა კილაძეზე. - ავტ.) და თამთა ერთად აღარ არიან.

- თამთას შენიშვნას არასოდეს აძლევდით?

- არა, რას ამბობ, ეს არასდროს გამიკეთებია.

- ნელისა და ქეთევანს ადრე უფრო ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ბოლო დროს კი თითქოს დატკბნენ.

- მართალი ხარ. ეს მეც მომწონს და ვფიქრობ, მაყურებელსაც მოეწონა. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ნელის კატა - ფელიჩე ჩემია და მას ნამდვილად ფელიჩე ჰქვია. მართალია, სცენარისტებს სხვა სახელის დარქმევა სურდათ, მაგრამ არ გამოვიდა. სხვათა შორის, კატას სახელი ჩემმა შვილიშვილმა, ლიზიმ დაარქვა.

- "შუა ქალაქში" თქვენი ყოფილი სტუდენტებიც მონაწილეობენ.

- ნამდვილად ასეა! ბაჩო ქაჯაია ხომ საერთოდ, ჩემი გაზრდილია. 12 წლიდან ჩემთან არის. მარიამ ჯოლოგუაც ჩემი სტუდენტი იყო.

- სერიალში თქვენი შვილიც მონაწილეობს.

- კი, ასეა. ყველას თავისი გზა აქვს და მერწმუნეთ, იმიტომ არავინ არასდროს დამიძახებს, რომ ჯაბა ჩემი შვილია. მადლობელი ვარ უფლის იმისთვის, რასაც მაძლევს. როცა რაღაც გვეძლევა, მისი დანახვის უნარი უნდა გვქონდეს, მაგრამ თუ არ გვეძლევა, ე.ი. ასეა საჭირო - მე ასე მწამს.

- ახალმა სეზონმა თითქოს არ გაამართლა. როცა "ტვ 11"-ზე გადიოდა, სერიალი ძველებურად პოპულარული აღარ იყო.

GzaPress- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ესა თუ ის პროექტი რომელ სატელევიზიო არხზე გადის. "ტვ 11"-ზეც რამდენიმე ისეთი სასაცილო სერია გავიდა, რომ მთელი გულით ვიხარხარე. 5 სერიაში 3 რომ გაჰიტდება, ძალიან მაგარია. "იმედზე" უკვე 9 სერია გავიდა და ყველა კარგი იყო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კვირაში მხოლოდ ერთი სერია კეთდება, ფართხაფურთხით გაკეთებული არ არის და ყველა წვრილმანი გათვლილია.

- რამდენად ადვილია, რეჟისორმა სხვა რეჟისორის მითითებები შეასრულოს?

- კოხისაც ვუთხარი: როცა სერიალში სათამაშოდ მივდივარ, იქ რეჟისორი კი არა, მსახიობი ვარ-მეთქი. არაფერში ვერევი, თუ არ შემეკითხებიან, საკუთარ აზრს თავზე არავის მოვახვევ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რეჟისორი რა ამოცანას მომცემს და მერე მე იმას ჩემებურად გავმართავ. ხანდახან არტისტი ეშხში რომ შევა, რაღაც ზედმეტი აუცილებლად მოუვა. ასეთ დროს კოხი ისე ლამაზად გეტყვის, არ გატკენს, არ გაწყენინებს. მსახიობები თავიანთ ნებაზე თუ მიუშვი, კაცმა არ იცის, რა მოხდება.

- თქვენს ყოფილ სტუდენტებსაც არ აძლევთ მითითებებს ან შენიშვნას?

- მათთავის ჩემი სიტყვა შენიშვნა არ არის. გადასაღები მოედნიდან რომ გამოდიან, მიყურებენ, რას ვიტყვი. იციან, ჩემი სიტყვები წაადგებათ. თუ დაოსტატებულები არიან, ეს ჩემი სიხარულია. ფაქტია, რომ როგორც მსახიობები, თვალსა და ხელს შუა იზრდებიან.

რაც შეეხება ჯაბას - პრემიერის წინ აუცილებლად ვსაუბრობთ მის პერსონაჟზე, ვკამათობთ, ვეძებთ ლოგიკას და ვხვდები, რომ მას ვეხმარები საკუთარი გმირის სწორად წაყვანაში, თორემ ჩემს აზრს არც მას ვახვევ თავს. რეჟისორის საქმე ის არის, რომ მსახიობი სწორ გზაზე დააყენოს.

- მეუღლესაც, მსახიობ თემურ კილაძესაც აყენებთ ხოლმე სწორ გზაზე?

- რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ ის ჩემს სპექტაკლში - "კაცები" თამაშობს, სადაც მართლა ძალიან კარგი სახე შექმნა. ვფიქრობ, ჩემი ქება არ სჭირდება, კარგი არტისტია.

- რთული არ არის, ოჯახში სამი ხელოვანი ადამიანი ცხოვრობდეს და სამივე თეატრში იყოს?

- ეს სირთულე უკვე გადავლახეთ. ადრე თემური ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა. სარეჟისოროზე რომ ჩავაბარე, საკმაოდ დიდხანს არ მელაპარაკებოდა, ამის გამო ხშირად ვჩხუბობდით. ახლა თემური იმაზე იბუტება, თუ ჩემს სპექტაკლში არ დავაკავებ.

- ამდენი მსახიობი ჰყავს ლიზის ოჯახში. როგორ ატყობთ, მას თუ აქვს სამსახიობო ნიჭი?

- კი. ლიზი ძალიან მგავს ხასიათით. დილიდან საღამომდე ვმღერით, ვცეკვავთ და ჭკუაზე არ ვართ. ძალიან ნიჭიერია. სხვა რა უნდა ისწავლოს ჩვენს ხელში, როცა არტისტობის გარდა არაფერი ვიცით?! თუ გაიქაჩება ამ პროფესიისკენ, გაიქაჩოს! იმედია, იმ დროისთვის მსახიობებს უკეთესი სამუშაო პირობები ექნებათ.

GzaPress

- ნელისავით, თქვენი შვილის პირად ცხოვრებაში ერევით?

- არა, რას ამბობ. მის პირად ცხოვრებაზე ვმსჯელობთ ხოლმე, მაგრამ ჩემი მოწონებული გოგო რომ მოიყვანოს ცოლად, ზღაპარია ეგ ამბავი...

- ჯაბას რჩეული არ ჰყავს?

- არა. ცოლის მოყვანაზე ლაპარაკიც არ უნდა... ჯაბასთვის სიტყვა "ცოლი" არ ასოცირდება კერძის მომზადებასთან, დარეცხვასთად და ა.შ. ამ ყველაფერს მეც ვუკეთებ. მისთვის ცოლი მეგობარი უნდა იყოს და ნამდვილი მეორე ნახევარი, ასეთი კი ვერავინ ნახა. ამის გამო ძალიან მტკივა გული.

- დატვირთული სამუშაო რეჟიმის პარალელურად, საოჯახო საქმეების კეთებას როგორ ასწრებთ?

- დღეს იმდენი საქმე გავაკეთე: სარეცხიც გავრეცხე, სამი თავი სადილიც მოვამზადე, დავიბანე და მერე თეატრში წამოვედი. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული იცით, რა არის? ის, რომ ვიცი, რეპეტიციაზე უნდა წავიდე. ასეთ დროს არაფრის კეთება არ მეზარება. როცა ჯაბა პატარა იყო, იმ პერიოდში ჩვენი თეატრი ბევრს დადიოდა გასტროლზე (მაშინ თეატრის ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე გახლდათ) და ამის წყალობით, ჩემს ქმარს მოვლილი აქვს მთელი მსოფილო, მე კი მარტყოფს არ გავცილებივარ. მარტყოფში სახლი გვაქვს - იქ ვიჯექი და ბავშვს ვუვლიდი (იღიმის).

- ამჯერად რომელ სპექტაკლზე მუშაობთ?

- არის ასეთი იტალიელი დრამატურგი, ნობელიანტი - დანიელ ფო. მასზე იტალიელები ჭკუას კარგავენ. უკვე მის მესამე პიესას ვდგამ, რომელიც ქართულად ჩვენ ვთარგმნეთ. მაია ჯაფარიძე წლებია, მხარში მიდგას და ტექსტს მითარგმნის. ვმუშაობ პიესაზე - "ყველა ქურდი მძარცველი არ არის", მაგრამ სპექტაკლს რა ერქმევა, ჯერ არ ვიცი. ეს ერთმოქმედებიანი ფარსია. ძალიან სასაცილოა. ჭოლა ჩვენი სცენოგრაფი იქნება - მან თავისი შარმი და ნიჭიერება სცენოგრაფიაშიც კარგად გამოიყენა. სხვათა შორის, ჭოლაც ჩემი სტუდენტი იყო. მიხარია, რომ ახლა ვთანამშრომლობთ.

ნათია ჟივიძე