რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას - გზაპრესი

რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას

"ჩემს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების გამო, 3 წელია, საქართველოში აღარ დამიკრავს", - ამბობს პიანისტი თათია შარანგია, რომელიც წელიწადზე მეტია, მეუღლესთან - სადრო შელიასა და შვილებთან ერთად, საქართველოში ცხოვრობს. 20 აპრილს ის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და როგორც ამბობს, შემოსულ თანხას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

- ჩემი დიდი ოცნება და სურვილი იყო, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი გამემართა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დავხმარებოდი. დღეს უკვე ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა და 20 აპრილს ოცნებას ავისრულებ. სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრის დარბაზში გავმართავ. ჩემთვის ბავშვები ყველაზე ძვირფასი არსებები არიან. ბევრ შშმ პატარასთან მქონია ურთიერთობა და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი განსაკუთრებულად თბილი, მგრძნობიარე და ნიჭიერები არიან. სასიამოვნოა, მათი სუფთა სულით აღქმული და წრფელი, ნათელი თვალებით დანახული სამყარო. უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადები ამ კონცერტისთვის. მინდა, ბოლომდე დავიხარჯო და ჩემს უსაყვარლეს მსმენელსაც ვასიამოვნო.

- გარკვეული პერიოდი, შემოქმედებით საქმიანობაში პაუზა გქონდა...

GzaPress- დიახ, სამწუხაროდ ასე მოხდა... 3 წელია, საქართველოში არ დამიკრავს, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ადამიანების თანადგომით, საყვარელ საქმიანობას ახალი ენერგიითა და შემართებით დავუბრუნდი. სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს გპირდებით.

- ამჟამად საქართველოში ცხოვრობთ, არა?

- წელიწადზე მეტია, საქართველოში ვართ. იყო პერიოდი, როცა ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება, რადგან ჩემი მეუღლე ამერიკის მოქალაქეა, ვაშინგტონში ცხოვრობდა და ერთ-ერთი სერიოზული ორგანიზაციის დირექტორი იყო, მაგრამ ახლა უკვე ბავშვებთან ერთად, თბილისში ვცხოვრობთ.

- ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. ამას როგორ ახერხებ?

- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის! თავის მოვლას ნამდვილად ბევრ დროს ვუთმობ. მომწონს, როდესაც ქალი საკუთარ თავს პატივს სცემს და მოვლილია. თუმცა, მანდილოსნების სილამაზის მთავარი საიდუმლო - მათი ბედნიერება და სულიერი სიმშვიდეა. ბედნიერების შეგრძნება და სიყვარული ამშვენებს ადამიანს. ბედნიერებას არ აქვს საზღვარი, ამას გულში ვერ იტევ და "ანათებ". როგორი ლამაზი და მომხიბვლელიც უნდა იყო, თუ ცხოვრება არ გიხარია, შეიძლება, ჩრდილში დარჩე.

- სახის კანს განსაკუთრებულად უვლი?

- სახის კანის მოვლის არანაირი საიდუმლო არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, მას განსაკუთრებულადაც არ ვუვლი. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ზედმეტი პროცედურები არ მჭირდება.

- ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებ უპირატესობას? ხშირად ვარჯიშობ?

- მხოლოდ იმ ელემენტარულ რაღაცებს ვაკეთებ, რაც სხეულის ტონუსისთვის აუცილებელია. მიყვარს წყალი, ცურვა და ხშირად ვსტუმრობ აქვა-აერობიკის ჯგუფს.

- დიეტაზე ყოფნა გიწევს?

- დიეტის დაცვა მხოლოდ ბავშვობაში მომიხდა, ისიც - გარდატეხის ასაკში. ახლა კი, დიეტების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ვცდილობ, სწორად ვიკვებო და ჯანსაღად ვიცხოვრო. თუ კვების რეჟიმს დაიცავ, დიეტა და შიმშილობა საჭირო აღარ იქნება.

- ფოტოებიდან ჩანს, რომ გარუჯული სხეული მოგწონს. ზამთარში თბილ ქვეყნებს სტუმრობ თუ სოლარიუმში ირუჯები?

GzaPress- სამწუხაროდ, გარუჯული სხეული ჩემი სუსტი წერტილია. ვიცი, რომ დიდი დოზით ნამზეური კანზე ცუდად აისახება, მაგრამ "ზაგარი" იმდენად მიყვარს, რომ ზამთარში ამისთვის თბილ ქვეყნებსაც კი ვსტუმრობ. თუმცა, დროდადრო სოლარიუმშიც ვირუჯები...

- სანდროს შვილსა და შენს შვილებს როგორი ურთიერთობა აქვთ?

- სანდროს 10 წლის შვილი ჰყავს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ხშირად გვსტუმრობს. დავითი ძალიან კარგი ბიჭია - თბილი, მოსიყვარულე, ნიჭიერი... ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში წარმატებულ მოსწავლედ მიიჩნევა. მას არაჩვეულებრივად თბილი ურთიერთობა აქვს ჩემს ბიჭებთან. ბავშვებს გულწრფელად უყვართ ერთმანეთი. ჩემი შვილებისთვის დავითის საქართველოში ჩამოსვლა დღესასწაულია. ედუარდ-გიორგი და ალექანდრე ჩემთვის ღვთის საჩუქარია და ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ორივე ძალიან ნიჭიერია. ფრანგულ ბაღში სწავლობენ დაUუკვე იციან 2 უცხო ენა: ფრანგული და ინგლისური.

- შენი უფროსი შვილი რამდენი წლის არის?

- ედუ 5 წლის გახდება და ამ ასაკში უკვე კარგად კითხულობს ქართულად. უყვარს, როცა წიგნებს ვუკითხავთ და განაბული გვისმენს. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ხშირად წავუკითხო... რაც შეეხებაAალექსანდრეს: ის ზაფხულში 4 წლის გახდება. სხარტი აზროვნება და საოცარი ხმის ტემბრი აქვს - ეს არაერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა (ოპერის მომღერლებს ვგულისხმობ). ჩემი შვილები ნამდვილად ამართლებენ თავიანთ გენეტიკას, რაც მახარებს.

- მკაცრი დედა ხარ?

- არა, არ ვარ მკაცრი (იცინის). ალბათ, თავად არიან ისეთები, რომ სიმკაცრის გამოჩენა არ მჭირდება. მათგან მუდმივად ვგრძნობ პატივისცემას. მოკრძალებული ურთიერთობა აქვთ უფროსებთან.

- დამოუკიდებლად ზრდი შვილებს თუ დამხმარე გყავს?

- ყოველთვის ვცდილობ, შვილებს ზრუნვა არ მოვაკლო და ჩემი ყველა თავისუფალი წუთი მათია. შვილების გაჩენის პირველივე დღიდან 2 არაჩვეულებრივი ქალბატონი მეხმარება.

- მეუღლე სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?

- სანდრო მართლა ზედმეტად მანებივრებს სიურპრიზებით. არც კი ვიცი, რომელი ერთი გამოვარჩიო... ჩემთვის განსაკუთრებულად ფასეული ის საჩუქარი იყო, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ბევრი იშრომა - წიგნი გამოსცა ჩვენს სიყვარულზე და მასში თავმოყრილია ყველა ის "ესემესი", რომელიც გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში გავუგზავნეთ ერთმანეთს. ამ წიგნს "სიყვარულის 1 თვე" ჰქვია. როცა სანდრომ ეს წიგნი მომართვა, თან - მკითხა: ცოლად გამომყვებიო? ის დაბადებულია იმისთვის, რომ ყველა დღე გამილამაზოს და ბედნიერი წუთები მაჩუქოს. მანებივრებს საკუთარი სიყვარულითა და ყურადღების გამოხატვის დიდი ნიჭით. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ნამდვილი დღესასწაულია.

- როგორი რეაქცია გქონდა, როცა სანდრომ ასეთი ფორმით გთხოვა ხელი?

- გავოცდი. ეს წიგნიც მოულოდნელი საჩუქარი იყო ჩემთვის.

GzaPress- თავად რით ანებივრებ მეუღლეს? გემრიელი სადილების მომზადება თუ გეხერხება?

- ჩემთვისაც და სანდროსთვისაც გემრიელი კერძების მომზადება ერთგვარი ჰობია. გვიყვარს, როცა ერთად კულინარიულ ექსპერიმენტს ვატარებთ და ამ საქმეში ხშირად ბავშვებიც ერთვებიან ხოლმე (იცინის).

- დილით ყავას რომელი ამზადებთ?

- ამ მხრივ განებივრებული ვარ - დღეს ყოველთვის სანდროს მომზადებული ყავით ვიწყებ... მერე სანდრო სამსახურში მიდის, ბიჭები კი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. შინ მარტო დარჩენილი, მეცადინეობას ვიწყებ. შუადღეს ლანჩზე მე და სანდრო ერთმანეთს ვხვდებით... ყველაზე მეტად საღამო მიყვარს, როცა ყველა ერთად ვიკრიბებით. ხშირად გვსტუმრობენ მეგობრები, რაც ძალიან გვახარებს.

- საერთო შვილის ყოლას არ აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვაპირებთ. მე და სანდროს აუცილებლად გვეყოლება საერთო შვილები.

- სანდრო რას საქმიანობს?

- ამჯერად, ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, განათლებისა და სტანდარტების სფეროში. მომავალში ალბათ, ამერიკაში გავემგზავრებით, მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს, საქართველოში ვიცხოვროთ.

სოფო ჭონიშვილი