იღბლიანიი და შრომისმოყვარე ნათია კვაშალი - გზაპრესი

იღბლიანიი და შრომისმოყვარე ნათია კვაშალი

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა, მაგრამ ასე თუ გამიმართლებდა, არ მეგონა. უკვე 5 წელია, "თავისუფალი თეატრის" მსახიობი ვარ. მახსოვს, ამ თეატრის სცენაზე პირველად რომ ვითამაშე, მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. მაია დობორჯგინიძის სპექტაკლში - "თაფლობის თვე" მთავარი როლი მქონდა. მაშინდელი ჩემი ემოცია და ნერვიულობა არასოდეს დამავიწყდება. მეგონა, ამდენს ვერ გავუძლებდი, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამ სპექტაკლში დღემდე ვთამაშობ და შემიძლია ვთქვა, რომ გამორჩეულად მიყვარს.

- როგორც ვიცი რუსთაველის თეატრის მსახიობიც ხარ...

GzaPress- ორი წლის წინ ბატონმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის დასში მიმიღო. ამან ძალიან გამახარა და ამავდროულად, მივხვდი, რომ დიდი პასუხისმგებლობაც დამეკისრა. გულწრფელად გეტყვით, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რუსთაველის თეატრის სცენაზე თუ მომიწევდა თამაში.

- მონაწილეობ სერიალში - "ტიფლისი". ფილმში კასტინგით მოხვდი?

- სერიალ "ტიფლისის" რეჟისორს - ლევან დაბრუნდაშვილს ვიცნობდი: მის ფილმში - "ანო და ვანო" წითელქუდა ვითამაშე, ამის შემდეგ ვმონაწილეობდი სერიალში - "პანიკის გარეშე". მიხარია, "ტიფლისში" მუშაობის საშუალებაც რომ მომეცა. რონელიც ძალიან საინტერესო პერსონაჟია და მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. სერიალის მეორე სეზონის გადაღებას მალე დავიწყებთ.

- სერიალში თავადის შვილის - მარო ყიფიანის როლს თამაშობ. შენი გმირი რაიმეთი თუ გგავს?

GzaPress- მაროს ტყეში გავარდნილი კაცი შეუყვარდება და ყველაფერს აკეთებს თავისი სიყვარულის გადასარჩენად... საკმაოდ ძლიერი და უშიშარი გოგოა. არ ვიცი, რამდენად მგავს, მაგრამ მის ადგილას, ალბათ, სიყვარულისთვის მეც ვიბრძოლებდი.

- საინტერესოა, შენი და ცხვირას სიყვარულის ამბავი მეორე სეზონში როგორ განვითარდება?

- ჩემი და ცხვირას ურთიერთობა მეორე სეზონშიც გაგრძელდება და იმედი მაქვს, ჩვენს სიყვარულს ბედნიერი დასასრული ექნება (იცინის).

- სერიალ "შუა ქალაქშიც" თამაშობდი. საინტერესოა, რომელ ჟანრში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს: კომედიაში თუ დრამაში?

- ორივე ჟანრში მუშაობა ძალიან რთულია, მე კი ვცდილობ, ორივეს შევეჭიდო და საბოლოოდ, რომელიც უკეთ გამომივა, იმას დავჯერდები. სერიალში "შუა ქალაქში" თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი. საოცრად მიყვარს კინოც და თეატრიც. ძალიან გამიხარდება, თუ ორივე სფეროში შევძლებ აქტიურად მუშაობას.

- როგორ ფიქრობ, შენს წარმატებაში გარეგნობამ რა როლი შეასრულა?

- არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ცხადია, მსახიობის შერჩევისას მის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევ?

GzaPress- უსინდისო ვიქნები, თავს უიღბლო რომ ვუწოდო და ვიწუწუნო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ მხოლოდ იღბალია ჩემი კოზირი. საკმაოდ შრომისმოყვარე ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია - წარმატების მისაღწევად კი ეს აუცილებელია.

- შეყვარებული გყავს? ეკრანზე გამოჩენის შემდეგ ალბათ, თაყვანისმცემლები მოგემატა, არა?

- ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მართლაც, ძალიან დიდი ყურაღება და სიყვარული ვიგრძენი სრულიად უცნობი ადამიანებისგან. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მათ დიდ მადლობას გადავუხდი. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას - შეყვარებული არ მყავს. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს გრძნობა ჯერჯერობით არ მწვევია.

- შენი გულის მოგება ძნელია?

- არა მგონია, ძნელი იყოს. ერთი უბრალო გოგო ვარ (იცინის).

- რომანტიკული არ ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რომანტიკული ვარ.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- ვცდილობ, თავისუფალი დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო, რადგან ისინი ჩემს განწყობაზე დადებითად მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა არის ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაც და გართობაც.

მარეხ ჭონიშვილი