"ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს გვჭირს, სიბრმავე და ეგოიზმია" - გზაპრესი

"ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს გვჭირს, სიბრმავე და ეგოიზმია"

"როგორც კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს, არსებობს დაავადება, როცა კითხვა არ შეგიძლია. მე ეს დაავადება მჭირს".

პრეამბულის მაგიერ

- ბავშვობაში დედა "უქარქაშო ხმლებსა" და სხვა ნაწარმოებებს თავად მიკითხავდა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში 5-იანი მყავდა, გაცილებით მეტს ვსწავლობდი, ვიდრე ჩემი მასწავლებელი გვავალებდა.

- კითხვა რატომ არ შეგიძლია? ამ დროს რას განიცდი?

- აზრი მეკარგება და მერე მალე მეძინება. ეს დიდი პრობლემა არ არის. შემიძლია, მცირე ტექსტი წავიკითხო. მაგალითად, გავეცნო დოსტოევსკის ცნობილ გამონათქვამებს ამა თუ იმ ნაწარმოებიდან. ასე მწერალზე შთაბეჭდილებაც მექმნება. არ შემიძლია, დავჯდე და "ძმები კარამაზოვები" ვიკითხო.

- ინფორმაციას აუდიოწიგნებიდან, ინტერნეტიდან იღებ?

- რა თქმა უნდა. რადგან სქელტანიან წიგნებს ვერ ვკითხულობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაციის დეფიციტს განვიცდი. დოსტოევსკი, ბალზაკი, ფროიდი (რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალო)... როცა მათ ნააზრევს გავცნობივარ, ყოველთვის დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მწერლები არაფერს ახალს არ იგონებენ და არ წერენ. ყველა წიგნის საწყისი - ბიბლიაა. მწერლები პერსონაჟებს სიბრძნეს ჩააწვეთებენ ხოლმე და ისე გვაწვდიან. ვთვლი, რომ ყველა სიბრძნის საწყისი ბიბლიაა, ასე რომ, მათგან ახალი არაფერი გამიგია.

- ახლა რას საქმიანობ?

- მოგეხსენება, სიმღერის ტექსტებს თავადაც ვწერ. ალბომზე ვმუშაობ. ამბიცია მაქვს, სწორ მორალს ვაზიარო საზოგადოება. მინდა, ქართული ასოებით დავწერო აზრები, რომლებიც ადამიანებმა იციან, მაგრამ მივიწყებული აქვთ და ხელახლა საპოვნია. 2 სიმღერა უკვე ჩავწერე. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. ჩემთვის ერთი პროფესიონალის აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა ისეთი ადამიანის შეფასება, ვისაც მუსიკის არაფერი გაეგება.

- პროფესიით ეკონომისტი ხარ, არა?

- ვიყავი.

- ეს პროფესია თუ არ გაინტერესებდა, რატომ აირჩიე?

- 32 წლის ვარ. იმ პერიოდში, როცა სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, აბიტურიენტების უმრავლესობა არჩევანს გაუაზრებლად ვაკეთებდით. მეც ამ ნაკადში მოვყევი. ჩემი მუსიკისთვის მეტი დრო მქონოდა და სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავი დამეხსნა - ამის მოგვარებაში დედიკო დამეხმარა. ასე აღმოვჩნდი ეკონომიკის ფაკულტეტზე. დღეს ჩემი პროფესიაა "ადამიანი". ადამიანს ყოველდღე ვსწავლობ. რა არის კაცობრიობის პრობლემა? რატომ არ ვართ კარგად?..

- ფსიქოლოგიამ, სოციოლოგიამ გაგიტაცა?

- დაახლოებით. ადამიანების ყოფა მაინტერესებს. ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს გვჭირს, სიბრმავე და ეგოიზმია.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ბორატთან. ეს გმირი ძალიან მიყვარს.

- რის გამო გიყვარს?

- მისი სარკაზმი მომწონს იმ უსუსურობაზე, რომელიც პლანეტას სჭირს.

- მასთან საერთო პიროვნულ თვისებებს პოულობ?

- ნაკლებად.

- რომელიმე პერსონაჟს ან ფილმის გმირს ჰგავხარ?

- შინაგანი სისუფთავით უინსტონ გრუმის ფორესტ გამპს ვგავარ.

- რეპერებიდან შენი კერპები ვინ არიან?

- 2-3-დღიანი ურთიერთობები მქონია ქულიოსთან, ჯა რულისთან... ბავშვობაში მყავდნენ "კუმირები", მაშინ მეგონა, ამ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ მქონდეს, ალბათ ჩემში დიდი ამბები მოხდება-მეთქი. როცა ფაქტის წინაშე დავდექი, მივხვდი, ვცდებოდი.

- ეს ადამიანი დღემდე ერთ-ერთ წარმატებულ რეპ-შემსრულებლად ითვლება. მისი ნამდვილი სახელი და გვარია არტის ლეონ აივი. რა მეტსახელით იცნობს მსოფლიო?

- ქულიო. ჩემი ძმა, მაგარი კაცია.

- რომელი ცნობილი რეპერი მოკლეს ხალხმრავალ ადგილას 4 გასროლით?

- თუფაქი.

- რომელი ქვეყნიდან გავრცელდა მსოფლიოში ფანჯრებთან სერენადის სიმღერის ტრადიცია?

- რა თქმა უნდა, საქართველოდან.

- დარწმუნებული ხარ?

- "შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია". ამაზე უკეთესი სერენადა არ ვიცი.

- ეს ტრადიცია დანარჩენ მსოფლიოში იტალიიდან გავრცელდა.

- სხვათა შორის, ქართველებსა და იტალიელებს ერთმანეთს გვამსგავსებენ.

- სერენადა გიმღერია?

- არა.

- ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ისინი თავიანთ ცოდვებს სიმბოლურად, თხას დააკისრებდნენ და მას უდაბნოში გზავნიდნენ. ამ წეს-ჩვეულების თანახმად, ისინი თითქოს ცოდვებისგან თავისუფლდებოდნენ. რომელი ცნობილი გამოთქმა წარმოიშვა ამ ამბიდან?

- არ ვიცი, პირველად გავიგე.

- "განტევების ვაცი". ერთიანი საქართველოს რომელი მეფე აღიკვეცა ბერად დავითგარეჯის მონასტერში დამიანეს სახელით?

- რომელ საუკუნეში?

- ეს 1155 წელს მოხდა.

- არ ვიცი.

- ამ ადამიანმა საგალობელიც შექმნა - "შენ ხარ ვენახი".

- ვერ გიპასუხებ.

- დემეტრე I.

- ა!!! ახლა გამახსენდა: მაგ დროს მეფობა რთული იყო, ბერობა სჯობდა.

- დაასახელე როკვარსკვლავი, რომელიც სცენაზე დააპატიმრეს.

- (ფიქრობს).

- მიგანიშნებ: ის ინგლისელი იყო.

- ჯიმ მორისონი.

- რომელმა ქართველმა მწერალმა დალია სული დღევანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, სადაც მაშინ წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთი იყო განთავსებული?

- ვაჟა-ფშველამ. "ხმელი წიფელი" და "შვლის ნუკრის ნაამბობი" როგორ დაწერა?! საოცრებაა!

- ვინ შეარქვა ვაჟა-ფშაველას ეს ფსევდონიმი?

- აკაკი წერეთელმა.

- ცდები, მას ეს ფსევდონიმი მეგობარმა - დიმიტრი ცისკარიშვილმა პეტერბურგში ყოფნის დროს შეარქვა. რომელია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტია?

- დემოკრატები.

- ცდები.

- აბა, ლიბერალები?

- ესეც არასწორი პასუხია.

- ნუ გადამრიე! აბა, რომელია?

- გაიხსენე, მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი რომელია?

- ჩინელები.

- მერე?

- ახლა არ მითხრა, ჩინეთის კომუნისტური პარტიაო.

- ეს კი ნამდვილად სწორი პასუხია.

- უჰ!!! ეს რა კითხვა დამისვი, როგორ დამაბნიე!

- რომელ სოფელში დაიბადა ნიკო ფიროსმანი?

- მირზაანში.

- რომელი ფრინველი დებს კვერცხს სხვის ბუდეში?

- გუგული.

- "აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს -/ ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის.../ და მე ვყვირი: - ჩემს სისხლს დალევს უწინამც და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი!/ როსმე "არგო" (სხვა ხომალდი გუშინაც)/ მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით.../ და მე ვყვირი: - მკვდარსაც მნახვენ უწინამც!/ და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- მურმან ლებანიძე.

- რომელმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ უთხრა საფრანგეთის მოხუცებულ მეფეს - ლუდოვიკოს შემდეგი სიტყვები: "ისეთი მოხდენით ატარებთ ასაკს, რომ ყველა ინატრებდა თქვენს ადგილზე ყოფნას?"

- არ ვიცი.

- სულხან-საბა ორბელიანმა.

- ჰო!!! სხვა ვინ იქნებოდა, ლუდოვიკოსთან ხომ მას "ალოდინეს".

- რომელი ლიტერატურული გმირია ალონსო კეხადა - დონ-კიხოტი, გულივერი, რობინზონ კრუზო თუ გრაფი მონტე-კრისტო?

- დონ-კიხოტი.

- რა ერქვა ძველ საბერძნეთში მონას, რომელსაც ბავშვებისთვის თვალყურის დევნება ევალებოდა?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ: დღეს ეს ერთ-ერთი პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვაა. ამ პროფესიის ადამიანებს კი ბავშვებთან აქვთ კავშირი.

- პედიატრს გულისხმობ?

- არა.

- პედაგოგი.

- იოანე პეტრიწის განმარტებით, ძველად რიტორიკის სამი დარგი არსებობდა: თანამზრახველთა - სათათბირო, საპაექრო - სადაც პოლემიკა იმართებოდა და... დაასახელე მესამე დარგი, სადაც კარგად ჩანდა სიდიადე ორატორობისა.

- თამადა. იყო დრო, როცა ალკოჰოლთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა. ცხოვრებაში ყველა შეცდომა ნასვამს მაქვს დაშვებული.

- შენში ალკოჰოლი რას ცვლის?

- ემოციებს ვერ ვფარავ, ვერ ვაკონტროლებ. შეიძლება, სულაც არ მინდოდეს, მაგრამ მაინც მცდარი ნაბიჯი გადავდგა. მერე მრცხვენია. თუ დიდები არ დამიჯერებენ, პატარებმა მაინც დამიჯერონ: ყველას ვურჩევ, ზომიერება დაიცვან, კონტროლის დაკარგვამდე დალიონ.

- ტეხასელებს ძალიან უყვართ საკუთარი თავგადასავლების გაზვიადება, ამიტომ მათი საყვარელი გამონათქვამია: "არასდროს გააფუჭო კარგი ისტორია..." რით?

- არ ვიცი.

- "...სიმართლით".

- მე მიყვარს სიმართლე. ადამიანები ხშირად სიმართლეს ვერ ლაპარაკობენ იმის გამო, რომ ბევრ პიროვნებას არ უყვარს. შესაძლოა, სიმართლის მთქმელმა სიცოცხლე კრახითაც კი დაასრულოს. სიმართლე მხოლოდ მართალ ადამიანებს უყვართ.

- დაბოლოს: დაასრულე ემერსონის ცნობილი გამონათქვამი: "ყოველი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, რაღაცით მაინც მჯობია და მე მზად ვარ..."

- "..ვისწავლო მისგან". არა?

- ზუსტად ეს სიტყვებია.

- გენიოსი ვარ, რა... არ მინდა, სხვისი გავლენის ქვეშ მოვექცე. მე ყველაფერზე ჩემი აზრი და შეხედულება მაქვს.

თამუნა კვინიკაძე