რის გამო საყვედურობენ მეგობრები ნინო ჩხეიძეს - გზაპრესი

რის გამო საყვედურობენ მეგობრები ნინო ჩხეიძეს

- სახელი და გვარი...

- ნინო ჩხეიძე.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...ბევრ რამეს ამბობენ, კარგსაც და ცუდსაც. ამბობენ, რომ ერთგული მეგობარი ვარ. ცუდს რას ამბობენ? ზოგს არ მოსწონს ჩემი სიმღერები, მაგრამ კი არ მაკრიტიკებენ, მლანძღავენ. მე მაინც ხალხის მადლიერი ვარ, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად მიმიღო და ჩემი წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ჯერ სიმღერით ვილამაზებდი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ეს ჩემი პროფესია გახდა; შემდეგ ცხოვრებას პატარ-პატარა სიურპრიზებით ვილამაზებდი, სამკაულით, სამოსით... ახლა ძალიან მიყვარს, როცა ახლო მეგობრებს შინ ვეპატიჟები. სხვათა შორის, სახლის ინტერიერი საკუთარი გემოვნებით მოვაწყვე და თანდათან კიდევ უფრო ვალამაზებ.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ოჯახმა, პირველ რიგში კი, მშობლებმა. მიმაჩნია, რომ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებისას დიდ გავლენას სწორედ ოჯახი ახდენს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერავინ გასწავლის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...კარგი მშობლები, ძმა, მეუღლე და შვილი მყავს. ჩემი ძმა ეკონომისტია. ის ჩემზე უკეთ მღერის და ძალიან მინდოდა, "ახალ ხმაში" გამოსულიყო, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთი მწვრთნელი მე ვარ, თავი შევიკავეთ. სატელევიზიო შოუშიც არაერთხელ დაგვპატიჟეს, მაგრამ არ მომყვება, პოპულარობის სურვილი არ აქვს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ მომავალზე, ვაანალიზებ აწმყოს და საერთოდ არ ვფიქრობ წარსულზე. ჩემი ფიქრები ძირითადად, საქმესთან არის დაკავშირებული.

- ვიბნევი, როცა...

- ...არ მომწონს ის სიტუაცია, სადაც ვარ. ვიბნევი, როცა გარშემო ჩემთვის არასასურველი ადამიანები არიან.

- წონასწორობიდან გამოვდივარ, როცა...

- ...მატყუებენ. ასეთ დროს საკუთარ თავზეც ვბრაზობ - აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ეს ადამიანი ვინც იყო-მეთქი?! საერთოდ, კარგი რამ შეგემთხვევა თუ ცუდი, ამის მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ეძიო.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მსახიობი. ყოველთვის თეატრის მსახიობობაზე ვოცნებობდი. თეატრში ყველაფერი მიყვარს - კულისები, სცენის სუნი... ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სიმღერის ხათრით ჩავაბარე; მინდოდა, კულტურის სფეროში მემუშავა და გამეშუქებინა კონცერტები, წამეყვანა საღამოები ან მუსიკალური გადაცემა.

- მეზარება...

- ...ვარჯიში.

- ძალიან მინდა...

- ...ადამიანები უფრო კეთილები იყვნენ, თითოეულს პოზიტიური განწყობილება ჰქონდეს.

- ძალიან განვიცდი...

- ...ხალხის გაბოროტებას. ჩემი აზრით, ეს 2012 წლის ბრალია - კოსმოსში ბევრი რამ იცვლება, დედამიწაზე მძიმე აურაა.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...დღე, როცა დედა გავხდი. მაშინ 22 წლის ვიყავი და ვფიქრობდი: ვაიმე, ეს რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა; ბავშვი უნდა გავზარდო, მოვუარო-მეთქი. მოკლედ, ძალიან დაბნეული ვიყავი.

- დათმობა შემიძლია თუ...

- ...ადამიანი შეცდომას გულწრფელად აღიარებს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერ ვუღალატებ მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად ვიყო წასული ისეთ ადგილას, სადაც ზღვა არ იქნება. წყლის მეშინია და ცურვაც არ ვიცი. არც მთა და პასიური დასვენება მიყვარს... გადავიღალე, ზაფხულშიც კი არ დამისვენია. ახლო მომავალში ისრაელში, ვენაში, უკრაინაში კონცერტები მაქვს და დასვენებაზე ფიქრიც ზედმეტია.

- ვერაფრით ვისწავლე....

- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო. შემიძლია ნებისმიერ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი ვიყო, ეს თვისება კი წინ ბევრჯერ, თანაც - ძალიან ცუდად დამხვედრია... თუმცა, საბოლოო ჯამში ჩემი ხასიათი მომწონს. წყენა მალე მავიწყდება.

- არასოდეს არავისთან ვლაპარაკობ...

- ...ყველასთან ყველაფერზე ვლაპარაკობ, ტაბუდადებული თემა არ მაქვს. როცა რაღაც მიხარია, სიხარულით გამოწვეულ ემოციას ვერ ვფარავ, როცა მწყინს ან მტკივა - ცრემლს.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ნაკლებად ვფიქრობ და არც იმის მჯერა, რომ საკუთარ შეცდომებზე ჭკუის სწავლება შეიძლება.

- ცრუმორწმუნე...

- ...ვარ. მჯერა მეკვლის ფეხის და საწოლიდანაც მარჯვენა ფეხით ვდგები, ფეხსაცმელსაც პირველად მარჯვენა ფეხზე ვიცვამ. კიდევ, არ მიყვარს, როცა წინ კატა გადამირბენს ხოლმე.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ზუსტად არ მახსოვს, ბოლოს რა მესიზმრა, მაგრამ სიზმრებს ხშირად ვხედავ ხოლმე; უმეტეს შემთხვევაში, ნანახი მეორე დღესვე მიხდება, თან ზუსტად ისე, როგორც სიზმარში ვნახე.

- ძალიან მჯერა...

- ...უფლის, ეკლესიის. სამწუხაროდ, ისე ვერ ვცხოვრობ, როგორც მორწმუნეს შეეფერება. მჯერა, რომ ადამიანი რა ენერგიასაც გასცემს, უკან ისეთივე ენერგია უბრუნდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ბლოკნოტში ვინიშნავ, რა და როდის უნდა გავაკეთო. უფრო ხშირად, შვილის მომავალზე ვფიქრობ - სად ვასწავლო, როგორ მივაღებინო კარგი განათლება და ა.შ.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრებაა. თუ გინდა ცხოვრება შეიგრძნო, აუცილებლად უნდა გიყვარდეს. შემხვედრია ადამიანი, რომელსაც უთქვამს: არ ვიცი, რა არის სიყვარული; არასდროს არავინ მყვარებიაო. ვფიქრობ, ასეთმა ადამიანმა ცხოვრება არ იცის.

- როცა შეყვარებული ვარ....

- ...უფრო მეტად მობილიზებული და აქტიური ვარ, არაფერი მეზარება. ჩემთვის სიყვარული დიდი სტიმულია.

- ვოცნებობ...

- ...არაფერზე ვოცნებობ, რეალისტი ვარ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება. რამდენიმე დღის წინ "ახალი ხმის" ჩანაწერს ვუყურებდი და ვიტირე, ჭინჭარაულის გამოსვლაზე ცრემლები ვერ შევიკავე.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...შვილმა და ძმისშვილმა, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ, მაგრამ თუ ვიცი, რომ საქმე სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება, არ გავრისკავ... როცა კარიერას ვიწყებდი, მეუბნებოდნენ: ამ ჟანრში სიმღერა არ ჩაწერო, არავინ მოგისმენსო. გავრისკე და ვფიქრობ, გაამართლა.

- მახეში ადვილად...

- ...არ ვებმები; სხვის ავანტიურას არ ავყვები.

- ვეპრანჭები...

- ...რატომღაც აღარავის ვეპრანჭები და ეს არ მომწონს. არადა, ბუნებით ძალიან პრანჭია ვარ; მინდა ყველას მოვწონდე. Bისე, ბოლო დროს ნორმალურად თავის მოწესრიგებასაც ვეღარ ვახერხებ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია.

- მეშინია...

- ...სიკვდილის, ავადმყოფობის.

- არ მჩვევია...

- ...ჭორაობა, მეგობრებზე მათ ზურგს უკან ლაპარაკი.

- როცა ჩემს პირად ცხოვრებას ქექავენ...

- ...საკუთარ თავზე ჭორი ნაკლებად გამიგია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო. მეუბნებიან, - რატომ არ მირეკავ და არ მკითხულობო?! ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ვიღაც არ მაინტერესებს ან არ მახსენდება, არამედ ხშირად საამისო დრო არ მაქვს.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ვიცურო. ბავშვობაში ზღვაში ვიხრჩობოდი და მას შემდეგ წყლის მეშინია.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ მინდა ბევრი ფული მქონდეს! ადამიანს სიკეთის კეთება ფულის გარეშეც შეუძლია, მთავარია - ამის სურვილი ჰქონდეს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მინდა ერთმანეთი გვიყვარდეს; მინდა ყველას სახეზე ღიმილს ვხედავდე.

თამუნა კვინიკაძე

"გზა", 2012 წელი