ზურა დოიჯაშვილის ცხოვრების მაჟორი და მინორი - გზაპრესი

ზურა დოიჯაშვილის ცხოვრების მაჟორი და მინორი

"მადლობა უფალს, რომ ცოცხალი ვარ. მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. გულზე შუნტირება დამჭირდა, ახლა ახალი გული მაქვს, რომელსაც გავუფრთხილდები", - ამბობს მომღერალი. რა შემთხვევაში კარგავს წონასწორობას, რის გამო იღებს საყვედურებს და რა არის მისი ხასიათის ყველაზე დიდი სისუსტე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

GzaPress- 1963 წლის 17 აგვისტო. წინა საუკუნის ადამიანი ვარ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი. აღარც კი მახსოვს, მაშინ ეს პროფესია როგორ წარმომედგინა. მინდოდა, გაგარინის მსგავსად, მეც კოსმოსში გავფრენილიყავი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ისეთ რამეებს ამბობენ, რომ მსიამოვნებს და ზოგჯერ ვწითლდები კიდეც.

- არ მჩვევია...

- ...ბილწსიტყვაობა და ჩემს სამეგობროში ეს ყველამ იცის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...სიცოცხლე მიყვარს. მყავს მეუღლე, შვილები, შვილიშვილები. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი გახლავართ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია. უფრო თამამად შემიძლია გითხრა, რა არ მომწონს. ჩრდილში ყოფნა მიყვარს, წინა რიგებში დგომას არ ვინდომებ და ეს ცუდია, მით უმეტეს - ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის. მოკლედ თავმდაბლობაა ის თვისება, რომელიც საკუთარ თავში თან მომწონს და თან - არა.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ძალიან ბევრი რამ, ყველაზე მეტად - ღალატი.

- მრცხვენია, როცა...

GzaPress- ...სხვა უზრდელობს... მრცხვენია იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს მასშტაბით თავს გვჭრიან. სამწუხაროდ, ამის არაერთი მაგალითი არსებობს: წვრილმანი ქურდობიდან დაწყებული, ჰალსტუხის ღეჭვით დამთავრებული. ზოგიერთი თავს ისე წარმოგვიდგენს, თითქოს სამშობლო ძალიან უყვარს, სინამდვილეში კი პატრიოტის ნიღაბს ამოფარებული თვალთმაქცია.

- ვნანობ, რომ...

- ...უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ამ ქვეყანას მოვევლინე. შემეძლო, გაცილებით ბევრი რამ გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე. ამას, რა თქმა უნდა, ვნანობ... როცა ადამიანი განსაცდელის წინაშე დგები, ღირებულებების გადაფასებასაც ახდენ. რაც უფრო გვემატება ასაკი, ტაძრისკენ მივდივართ; ბევრი ათეისტი ვიცი, რომელიც მოქცეულა. ეს ცხოვრება ხომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის დროებითი გამოსაცდელი ადგილია და ამიტომაა, სიკვდილს გარდაცვალებას რომ ეძახიან. ღმერთმა ადამიანი სიყვარულისთვის შექმნა. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ერთი ლუკმაც რომ გვქონდეს, სხვას ისიც კი უნდა გავუყოთ, არ დავჩაგროთ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბავშვებია. 2 შვილიშვილი მყავს და მათი დანახვისას ყველაფერი მავიწყდება.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ყველაფრის პატიება შემიძლია, თუ ვგრძნობ, რომ სინანული გულწრფელია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვიხსენებ, მაგრამ დგება მომენტი, როცა შეცდომა თავს მახსენებს.

- ვიბნევი, როცა...

GzaPress- ...არც კი ვიცი, როდის ვიბნევი. სცენაზე არ ვიბნევი, ტექსტიც იშვიათად მავიწყდება. მთავარია, პირველი სიტყვა მახსოვდეს. ტექნიკური შეცდომების დროსაც იშვიათად ვიბნევი. ა! ახლა გამახსენდა: ვიბნევი, როცა ადამიანები ქუჩაში მხვდებიან, მომიკითხავენ, ძალიან თბილად ჩამეხუტებიან, მე კი ვერ ვიხსენებ მათ ვინაობას. თუმცა, ბუნებრივია, ამას არ ვაგრძნობინებ, მეც მოვიკითხავ და მივეფერები...

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ო, ეს ძალიან ძნელია. "აფეთქებები" არ მახასიათებს, საკუთარ თავზე კონტროლს არ ვკარგავ. ძალიან, ძალიან უნდა გავბრაზდე, ეს რომ დამემართოს. ზოდიაქოთი ლომი ვარ და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზება ვიცი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მილიონერი (იცინის). მინდა, ვიყო მეგობრებთან ერთად და კარგი სამუშაო გარემო მქონდეს.

- სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის...

- ...აფორიაქებული ვარ. ალბათ ეს შინაგანი ფორიაქი პასუხისმგებლობის გრძნობიდან მოდის.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაფერია. გათენება და დაღამებაც კი სიყვარულია. ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეუღლეა, მანამდე კი იყო ბავშვური გატაცებები. მას შემდეგ, რაც მომავალი მეორე ნახევარი გავიცანი, მის გარეშე ვეღარ ვძლებდი. ჩემი თაობა სხვაგვარ ლაღ გარემოში გაიზარდა. ქუჩაში სხვანაირი ხალხი დადიოდა, მოწყალებას არავინ ითხოვდა. დღეს ახალგაზრდა ბიჭები დათრგუნვილები არიან. სამსახური არ აქვთ და შესაბამისად - არც ფული, რომ გოგო კაფეში დაპატიჟონ. ყველა კაცი ალფონსი არ არის... გოგონები მეტად რეალიზებულები არიან. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც არის, რომ ქალი უფრო მეტად მებრძოლია. გენდერული თანასწორობა "შემოგდებული" თემაა. აბა, თამარის ქვეყანაში და იქ, სადაც "დედა ენა" დაიწერა, რომელ გენდერულ დარღვევებზეა ლაპარაკი?

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ მინდა, ბევრი ფული მარტო მე მქონდეს. მსურს, სიმდიდრე ბევრს ჰქონდეს და მერე ერთმანეთს გავეჯიბროთ, ვინ უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებს. საქართველოში ხალხი რატომღაც, მესიის მოლოდინშია. "ეს მოვა და გადაგვარჩენს", "ის გვიშველის"... ნუთუ, რთულია იმის გააზრება, რომ ჩვენს საქმეს ვერასდროს ვერავინ გააკეთებს?

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეუღლე და მეგობრები მსაყვედურობენ, - ამდენს ნუ ეწევი და ნუ სვამო. ქეიფი მიყვარს, მაგრამ მარტო არასდროს დამილევია. ერთადერთი რასაც მართლა ძალიან ცუდს ვაკეთებდი, ეს სიგარეტის მოწევა იყო. ახლა აღარც ვეწევი და აღარც - ვსვამ.

- ბედისწერა...

- ...არსებობს და ამის მჯერა.

- ინტუიცია...

GzaPress- ...კარგად მაქვს განვითარებული. ინტუიცია რა შუაშია, მაგრამ ერთი ამბავი გამახსენდა: მოსკოვში აჩიკო ცანკაშვილთან ერთად ვიყავი. ერთ დღეს ვუთხარი, - სიზმარში გნახე, ხუბუტიას ეჩხუბე, ის კი დავარდა, გაშავდა და მოკვდა, მაგრამ მალევე გაცოცხლდა-მეთქი. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ აჩიკომ დამირეკა, - ბიჭო, შამანი ხომ არ ხარ? ხუბუტია თბილისის ერთ-ერთ რესტორანში უცემიათო. რატომ დამესიზმრა ხუბუტია, არ ვიცი. მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი - ქეთა თოფურიას კონცერტზე. აჩიკოს პირობა მივეცი, აღარ დავიძინებ-მეთქი (იცინის).

- მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს...

- ...ერთმანეთთან კავშირი შეძლებისდაგვარად გვქონდა. ყველას საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს... თუმცა, დაბადების დღეებზე შეხვედრებს მაინც ვახერხებთ. იქ ქართული რესტორნები ძალიან მომრავლდა, რადგან არა მარტო ჩვენებური კერძები, არამედ ქართული ესტრადაც მოსწონთ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ჩემ გვერდით გიტარაა, მუსიკას ვუსმენ, სიმღერებს ვწერ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინვე ინსტრუმენტთან მივდივარ, კარგ ხასიათზე მყოფიც ასე ვიქცევი. ცხოვრებაც ხომ მაჟორი და მინორია!

- როცა დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, საქმით გადავლახო. საკუთარ თავთან ერთად, მეგობრების იმედიც მაქვს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ვიდრე ექიმები საოპერაციოდ მამზადებდნენ, მეგობარმა მოძღვარი მომიყვანა. აღსარება ჩავაბარე, ვეზიარე. არ გასულა 5 წუთი და ვიღაც შემოვიდა, ხელში სანტიმეტრი ეჭირა, - ზომები უნდა აგიღოთო. ვერ გავიგე, რისთვის მზომავდნენ. - ასე მალე-მეთქი? - ვიკითხე (იცინის). ამ სცენას მამუკა ონაშვილი ესწრებოდა და სიცილით კვდებოდა. ახლა ერთი სული აქვს, ჩემი გაზომვის ამბავს თავისებური გაფორმებით, საჯაროდ როდის მოყვება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა. მინდა, ისევე კარგად ვფლობდე, როგორც რუსულს.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...მამა, მეუღლე, ახლობლები... საერთოდ, ჩემზე უფროსი ადამიანების მოსმენა მიყვარს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...პატარა ვიყავი, ბიჭებმა ვიჩხუბეთ. ეს ამბავი ბორჯომში მოხდა. მამა და მისი მეგობრები სუფრასთან ისხდნენ, მივვარდი და მამას ვუთხარი, - ასე და ასე მოხდა-მეთქი. - მერე, მე რას მეუბნები, შენ თავს თვითონ მიხედე, კაცი ხარ, ამის გამო ჩემთან მეორედ აღარ მოხვიდეო. მერე მე ჩემს შვილებს ვასწავლე ის, რაც მამამ მასწავლა.

- დაბოლოს...

- ...მართლმადიდებლურ სამყაროს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს. რამდენი ხანია, კარგად ცხოვრებას გვპირდებიან და როგორია რეალობა - ყველამ ვიცით. ასე რომ, ჩვენი თავის იმედი გვქონდეს და გვიყვარდეს შრომა. ქართველები კარგი ხალხი ვართ, მაგრამ ნუ გავყვირით, რომ ყველაზე კარგები ვართ - ეს ნაციონალიზმია!

თამუნა კვინიკაძე