ნინო მაჩაიძის პირადი ცხოვრება და წარმატების ფორმულა - გზაპრესი

ნინო მაჩაიძის პირადი ცხოვრება და წარმატების ფორმულა

შეგახსენებთ, ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებლები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და აკაკი რამიშვილის ფონდი - "ტრადიცია და ინოვაცია". 2011 წლიდან ფესტივალის მუდმივი სამხატვრო ხელმძღვანელი მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ალექსანდრე კორსანტია გახლავთ.

- ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა, წარვდექი ჩემი საყვარელი ქართველი მაყურებლის წინაშე. რაც ყველაზე მთავარია, უბრალოდ სოლო კონცერტი კი არ გავმართე, არამედ, არაჩვეულებრივი ფესტივალი გავხსენი და თანაც, ქველმოქმედების საშუალება მომეცა: შემოსული თანხა გადავრიცხე "საქართველოს სოლიდარობის ფონდში". ამ კონცერტისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე. მართლაც, მთელი გულით ვიმღერე და როდესაც მაყურებლის უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. ძალიან მენატრებოდა ქართველი მსმენელი, მაყურებელი. გული მწყდება, რომ უდროობის გამო ბევრ კონცერტში, მით უფრო - საქველმოქმედოში ვერ ვმონაწილეობ. ჩემი ნება რომ იყოს, ერთ კონცერტსაც არ გამოვტოვებდი.

- ახლახან თანამედროვე სოპრანოთა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდით, მანამდე ულამაზეს საოპერო შემსრულებელთა ათეულის სათავეში აღმოჩნდით. საინტერესოა, რომელიმე სხვა საოპერო მომღერლის ცხოვრებაშიც ყოფილა ასეთი თანხვედრა?

GzaPress- რასაკვირველია, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და ანალოგიც ალბათ, არ არის, რადგან ადრე გარეგნულ იერსახეს ასეთ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მსიამოვნებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის. მე ვემსახურები ოპერას და აქ მთავარია, კარგად იმღერო, კარგი არტისტი იყო. იმასაც ვიტყვი, რომ დღეს საოპერო მომღერლების შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა და სულაც აღარ არის აუცილებელი, ფიზიკურად სრული, წონიანი იყო. მიხვდნენ, რომ კარგად სიმღერა გამხდარ მომღერალსაც თავისუფლად შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვოკალური თვალსაზრისით იყო ფორმაში, არამედ - გარეგნულადაც. თანამედროვე დადგმებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპექტაკლის რეჟისურას და შესაბამისად, მომღერალმაც ყველაფრის გაკეთება უნდა შეძლოს - ურთულეს პოზაშიც კი, თუნდაც სცენაზე დაწოლილმა უნდა შეძლოს სიმღერა, ირბინოს და ა.შ. საქართველოში ჩამოსვლამდე ჰამბურგში, გერმანელი რეჟისორის მიერ დადგმულ ჯუზეპე ვერდის "ტრავიატაში" ვიოლეტას პარტია შევასრულე და ეს იყო ყველაზე რთული დადგმა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. სპექტაკლი ტრადიციულზე 40 წუთით მეტხანს გრძელდებოდა, ხოლო ვიოლეტა პირველსავე ეპიზოდში შემოდიოდა და მხოლოდ მეორე აქტის ბოლოს ტოვებდა სცენას. ფაქტობრივად, ამოსუნთქვის საშუალებაც არ მომეცა. ამას ემატებოდა გაუჩერებლად მბრუნავი სცენა, სადაც მეც გაუთავებლად საწინააღმდეგო მიმართულებით დავდიოდი ან დავრბოდი. სხვათა შორის, სპექტაკლმა წარმატება მომიტანა. საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და იმასაც გეტყვით, რომ მისი სირთულიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ სამმა სოპრანომ ვიმღერეთ, დანარჩენები პირველსავე რეპეტიციიდან გარბოდნენ. მე კი ძალიან მიყვარს მსგავსი გამოწვევები, ამიტომ დავინტერესდი და მართლაც, ტრიუმფით დავასრულე სპექტაკლი.

- სცენას პატარაობიდანვე შეეჩვიეთ, არა?

- ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ დედამიწაზე საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 წლის ასაკში უკვე სცენაზე მღერიან; სადაც ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საოპერო სკოლა გვაქვს; სადაც კონსერვატორიასთან არსებულ სასწავლებელში - ჩვენს ათწლედში იმართება უამრავი კონცერტი და ბავშვები საშემსრულებლო თვალსაზრისით არა მარტო კლასში, პედაგოგთან ოსტატდებიან, არამედ - სცენაზეც. სასცენო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლის კარიერისთვის, ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვისაც, რადგან სწორედ 8 წლიდან ვდგავარ სცენაზე.

- თუ არ ვცდები, მანამდეც აწყობდით კონცერტებს საკუთარ სცენაზე, ანუ შინ, და დიზაინერიც თავად იყავით. ასეა?

- კი (იცინის). შინ ფარდებისგან ფუშფუშა კაბებს ვიკერავდი და ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის კონცერტებს ვმართავდი. ეს ქართველებს ალბათ, გენში, სისხლში გვაქვს, რადგან დღესაც რომ ვუყურებ ჩვენს ბავშვებს, პატარაობიდან ყველა მღერის და ცეკვავს. საერთოდაც, ძალიან, ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები! გასაოცარი არ არის, რომ ჩავდივარ რომელიღაც ქვეყანაში, სადაც პირველად უნდა ვიმღერო და იქ მხვდება რომელიმე ქართველი პიანისტი ან ვიოლინოზე შემსრულებელი, ან ზოგადად - მუსიკოსი? მომღერლებზე ხომ აღარაფერს ვამბობ!

GzaPress

- უცხოეთის დადგმებში თუ იკვეთება თქვენი და რომელიმე ქართველი საოპერო მომღერლის გზები, პარტნიორად თუ ხვდებით ქართველებს?

- სხვათა შორის, ასეთი რამ ხშირად ხდება, მაგრამ ყველაზე მეტად მახარებს, რომ ორ კვირაში "ლა სკალაში" მე და ანიტა რაჭველიშვილი ერთად ვიმღერებთ "კარმენში". ვგიჟდები ანიტაზე, არაჩვეულებრივი ხმა აქვს და ასევე, არაჩვეულებრივი ადამიანია.

- ქალბატონო ნინო, ეტაპებად რომ დავყოთ თქვენი საოპერო ცხოვრება, ყველაზე მნიშვნელოვნად, გარდამტეხად რას გამოჰყოფდით?

- ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შემდეგ მილანის "ლა სკალაში" მოხვედრა იყო. მეორე წელსვე მამღერეს სცენაზე მთავარი - მარის პარტია "პოლკის შვილობილში" - ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა და კარგად მახსოვს, სპექტაკლების შემდეგ გავაფორმე კონტრაქტები ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ-ოპერასთან", ლონდონის "ქოვენ გარდენთან" და ა.შ. ამ ოპერების კასტინგ-დირექტორებმა იფიქრეს: თუკი 24 წლის გოგონას "ლა სკალა" თავის სცენაზე მთავარ პარტიას ამღერებს, ე.ი. ძალიან საინტერესო შემსრულებელიაო და იმიტომაც დაინტერესდნენ ჩემით. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი კი რასაკვირველია, ზალცბურგის ფესტივალი იყო, სადაც 2008 წელს "რომეო და ჟულიეტაში" ჯულიეტას პარტია შევასრულე. ეს პრემიერა საოპერო თეატრის სცენის პარალელურად, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და უჩვენებდნენ ყველა კინოთეატრში. ფაქტობრივად, მეორე დღეს 25 წლის შემსრულებელს მთელი მსოფლიო მიცნობდა... მომღერალს, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს ხმა, ნიჭი და იღბალი, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია გამბედაობაც და შრომისმოყვარეობაც. წარმატება იოლად არ მოდის და ამიტომ, შანსი რომ მოგეცემა, ის უნდა გამოიყენო. თუკი კარგ პარტიას შემოგთავაზებენ და პრემიერამდე მხოლოდ ორი კვირაა დარჩენილი, არ უნდა შეშინდე, დღე და ღამე უნდა გაასწორო და ამ ორ კვირაში შეისწავლო პარტია. მე მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ღმერთს მადლობა, რომ სწრაფად ვითვისებ ყველაფერს - ერთ კვირაში მთელი ოპერის სწავლაც კი შემიძლია და ამას იღბალს ვერ დავაბრალებ, ეს ჩემი დედიკოსა და მამიკოს დამსახურებაა (იღიმის).

- როგორც ჩანს, რისკიანიც ხართ, არა?

GzaPress- კი, ვარ, მაგრამ ჯანსაღი რისკი მიყვარს - ისეთ პარტიას არ ვიმღერებ, რამაც შეიძლება მავნოს, იოგები დამიზიანოს. გავრისკავ მხოლოდ მაშინ, თუკი ვიგრძნობ, რომ ეს წარმატებას მომიტანს. საკმაოდ კარგი ინტუიციაც მაქვს და საკუთარ თავსაც კარგად ვიცნობ.

- რატომღაც მგონია, რომ რომანტიკულიც იქნებით.

- რომანტიკული ვარ, მაგრამ ზომიერად - ღრუბლებში არ დავფრინავ, მიწაზე საკმაოდ მყარად ვდგავარ. სხვათა შორის, რომანტიზმი აუცილებელია არტისტისთვის ისევე, როგორც შემოქმედებითობა, გარდასახვა. თეატრი ხომ სასწაულის სამყაროა, სადაც ერთსა და იმავე სპექტაკლშიც კი, ყოველდღიურად განსხვავებული სასწაული შეიძლება მოხდეს! ამიტომ სცენაზე მიყვარს არტისტი, რომელიც სიმღერით რაღაც მნიშვნელოვანს მაგრძნობინებს, გულს ამიჩუყებს და არ მიყვარს მომღერალი, რომელიც მე - მაყურებელს "მიტარებს ლექციას", როგორ უნდა ვიმღერო; რომელიც მიმტკიცებს, რა კარგი ტექნიკა აქვს და რა კარგად მღერის! მიმაჩნია, რომ სწორედ ისეთი არტისტი ვარ, მაყურებელში განსხვავებულ ემოციას რომ აღძრავს. ამისთვის ბევრს ვმუშაობ და ბუნებრივია, ეს სულიდან და გულიდანაც მოდის. თუნდაც ახლანდელ სოლო კონცერტზე ვიტყვი: ისეთი ადამიანები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, მთელი კონცერტის განმავლობაში გვბურძგლავდაო, პირველად რომ მოუსმინეს ოპერას. ჩემი ძმის მეგობრები, ნათესავები, პირველად რომ დაესწრნენ საოპერო სპექტაკლს, მეუბნებოდნენ, რომ იტირეს. ეს იცით, რა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის? ე.ი. მე გულით ვიმღერე და მათ "რაღაც" გადავეცი.

- და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არსებობს თქვენთვის, რისთვისაც ალბათ, ყველაფერს გაიღებთ - თქვენი ოჯახი, იტალიელი მეუღლე, თქვენივე კოლეგა გვიდო ლოკონსოლო და პატარა ვაჟი, რომელსაც ჩვენებურად ალექსანდრე ჰქვია, ხომ?

- ალექსანდრეც, ალექსანდროც, ალეც - ყველა ისე ეძახის, როგორც გაუხარდება (იცინის). უკვე დიდი ბიჭია, მალე 2 წლის გახდება. საერთოდ, სიყვარულის გარეშე ვერ იარსებებ. შეუძლებელია, მხოლოდ საქმით, კარიერით იცხოვრო. შინ რომ ბრუნდები, ის ადამიანები უნდა გხვდებოდნენ, ვისაც უყვარხარ და ვინც გიყვარს. დიდ შეცდომად მიმაჩნია, როცა კოლეგები ამბობენ, ოჯახი და კარიერა ერთად შეუთავსებელიაო. ყველაფერს თავის ადგილს თუ მიუჩენ, საქმე გაიოლდება. მშობიარობის შემდეგ მხოლოდ ორთვიანი პაუზა მქონდა კარიერაში და მას შემდეგ ყველა გასტროლზე ჩემს ბიჭთან ერთად დავდივარ - ორი თვის ასაკიდან ჩემთან ერთად მოგზაურობს. 9 ქვეყანა მოიარა და ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, ლოს-ანჯელესში, ჰამბურგში ორჯერაც მოხვდა. მოკლედ, პატარა მოგზაურია (იცინის). ვერანაირი კარიერა ვერ გადაფარავს ოჯახის, ბავშვის სიყვარულს. გვიდოსნაირი ადამიანი რომ შემხვდა, ეს გამართლებაც არის და ამასთან ერთად, მიმაჩნია: თუკი ადამიანი იმას არ იზიარებს, რაც მე მიყვარს, ჩემს მოსაზრებას არ მიესალმება, მას არც ვუყვარვარ. ასეთ ადამიანს კი ცხოვრების თანამგზავრად ნამდვილად არ ავირჩევდი.

- როგორც ვიცი, თქვენ და გვიდო კარგი კულინარებიც ხართ და პირადად თქვენ ლობიანის საკუთარი რეცეპტიც კი შეიტანეთ მსოფლიოს 65 მომღერლის კულინარიის რეცეპტების წიგნში...

- კი (იცინის). ლობიანზე ხომ ვგიჟდები - ბოლოს და ბოლოს, რაჭველი ვარ. გვიდო არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს და ვფიქრობ, მჯობნის კიდეც, მხოლოდ - იტალიურ კერძებში, ქართულში კი - ნურას უკაცრავად. აჭარული ხაჭაპურის მომზადება ვასწავლე, მაგრამ მე უკეთესი გამომდის.

- სამივე როდის ახერხებთ თავშეყრას?

- რთულია შეხვედრა, როდესაც მე და ჩემი ბიჭი ამერიკაში ვართ, ის კი - ევროპაში, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მაინც ყოველდღე "ვხვდებით". ევროპაში თუ ვართ, ერთად ყოფნა ბევრად ადვილია, რადგან რეპეტიციების პერიოდში დასვენების დღეებიც გვაქვს და ვისაც უფრო უხერხდება, ის ჩადის მეორესთან. ახლა ნანატრ ორკვირიან შვებულებაში ვარ და ვისვენებ. ბავშვი ჩემთანაა და შეიძლება, მეუღლეც შემოგვიერთდეს. სამწუხაროდ, დედა 13 წელიწადია, გარდამეცვალა, მამა კი უბედნიერესია, აქ რომ ვყავართ. ვცდილობ, აქ ყოფნით ვისარგებლო და ბევრი ადგილი მოვინახულო - ლოპოტამ აღმაფრთოვანა, რამდენიმე მონასტერიც მოვილოცე. მოკლედ, სულიერადაც ვისვენებ. თუ ჩემი მეუღლე ჩამოვიდა, კიდევ უფრო მეტს ვიმოგზაურებთ საქართველოში, რადგან ისიც გიჟდება აქაურობაზე. თანაც, მის დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან ახლობლები და წინასწარ გეგმავენ, სად წაიყვანონ, რა უჩვენონ. ისე, მართლაც ულამაზესი სამშობლო გვაქვს. 10 წელია, იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ მაინც, მხოლოდ საქართველოს მოქალაქედ ვრჩები, ქართული პასპორტი მაქვს და არასდროს გავხდები იტალიელი.

ირმა ხარშილაძე