ქალების "წამოფრენები" და უპასუხისმგებლო კაცები - გზაპრესი

ქალების "წამოფრენები" და უპასუხისმგებლო კაცები

თავისივე სქესის წარმომადგენელთა კრიტიკას არ მორიდებია. ისიც გაგვიმხილა, თუ რა გზით შეიძლება, ქალმა ოჯახურ ბედნიერებას მიაღწიოს... საუბარი გენდერული თანასწორობის თემით დავიწყეთ.

- საქართველოში ზოგადად, ადამიანის უფლებები დაუცველია. გარდა ამისა, ჩვენი მენტალიტეტი ისეა აწყობილი, რომ ოჯახში ბალანსი ყოველთვის დარღვეულია. ჩვენს ქვეყანაში გენდერულ თანასწორობას ბევრი მუშაობის შედეგად თუ მივაღწევთ. ამ საკითხზე სხვადასხვა ორგანიზაცია, სტრუქტურა უნდა მუშაობდეს, ღონისძიებებს აწყობდეს...

- "ბალანსის დაცვაში" რას გულისხმობ?

GzaPress- საქართველოში ქალის უფლებები ირღვევა. გარკვეული კანონები შეიმუშავეს, რათა ამ მხრივ საქმე გამოსწორებულიყო, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ქალები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას, ორგანიზაციას კი არ მიმართავენ, არამედ - მამას, ბიძას, ნათესავ ბიჭს, მერე ხდება "საქმის გარჩევა" და უბედურება. ვიდრე არ გავაცნობიერებთ, რომ ქვეყანაში კონსტიტუცია, წესები, კანონები არსებობს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, მანამდე რაიმეს დაბალანსებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ვიფიქრებთ, რომ ოჯახში კაცია აბსოლუტურად ყველაფერი, მან უნდა "შემოიტანოს", აშენოს, ცოლმა კი სამზარეულოში ხაჭაპური აცხოს და ბავშვები გაზარდოს, არაფერი გვეშველება. როცა 2 ადამიანი რაღაცას ერთად აშენებს, მშენებლობა უფრო მალე დასრულდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ ერთი აშენებს, მეორე კი ჭამს და შორიდან უყურებს.

- პოლიციას ენდობი? შენი აზრით, სამართალდამცველი შეძლებს ქალის უფლებების დაცვას?

- როცა კანონი არსებობს, მის ასამოქმედებლად კონკრეტულ ორგანოს უნდა მიმართო და საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლო. ყველა განვითარებად ქვეყანაში ასე ხდებოდა: რაღაც რომ დაკანონდებოდა, ხალხი ამას ნელ-ნელა ეჩვეოდა, მიღებული კანონის მეტ-ნაკლებად გამოყენებას იწყებდა. ჩვენც ასე თუ არ მოვიქცევით, ისევ ნათესავების იმედად დავრჩებით, ეს კი არა მგონია, საუკეთესო გამოსავალი იყოს.

- შენი აზრით, სად გადის ზღვარი გენდერული თანასწორობის მომხრე მამაკაცსა და არაჯენტლმენს შორის?

- ჩვენს ქვეყანაში ეს ზღვარი სად გადის, ვერ გეტყვი. აი, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, შეგვეძლო, ამ თემაზე ჩვეულებრივად გვესაუბრა. საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ჯენტლმენობის თემასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გაურკვევლობაა. ვერ დაგისახელებ არაჯენტლმენურ საქციელს, რომელიც გენდერულ თანასწორობას "კვეთს". ამის თქმა ხშირად მიწევს: ბოლო პერიოდში ხალხი ძალიან გაფარისევლდა. თუკი ამბობენ, რომ ისინი ყველაზე ვაჟკაცურები არიან, სინამდვილეში, ვაჟკაცური თვისებები ყველაზე ნაკლებად აქვთ; თუკი განათლებაზე აქვთ პრეტენზია, რეალურად - ყველაზე გაუნათლებლები არიან და ა.შ. რატომღაც, თითოეულ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ კონკრეტული "ნიღაბი მოირგოს" და სიკეთის, სიყვარულის სახელით ილაპარაკოს. ფარისეველ ხალხთან ურთიერთობა ყველას გვიხდება და მგონია, რომ ასეთი ადამიანები ერთმანეთის კლონები არიან, ყველა ერთნაირად შეგხვდება, "უყვარხარ", "მოენატრე"... ასეთ რეალობაში კონკრეტულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე საუბარი რთულია.

- შენი აზრით, მამაკაცებს უკეთესი მეგობრობა შეუძლიათ, ვიდრე - ქალებს?

- ვერ ვხვდები, ასეთი სტერეოტიპი რატომ არსებობს. თუკი ადამიანს კომუნიკაციის პრობლემა არ გაქვს და გულწრფელი ხარ, შეგიძლია, კარგი მეგობარი იყო. აი, სქესს კი მნიშვნელობა არ აქვს.

- ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის გჯერა?

GzaPress- ჯანსაღი აზროვნების ადამიანების მეგობრობის მჯერა. მათ შეუძლიათ, აბსოლუტურად ყველანაირი კომუნიკაცია აწარმოონ, განურჩევლად სქესისა. არაჯანსაღად მოაზროვნესთან კი არც მეგობრობა გამოგივა, არც - კონტაქტი... ბოლო წლებია, უფრო მეტად გავაცნობიერე: საცხოვრებლად იმდენად ცოტა დრო გვაქვს, რომ ფარისეველ ადამიანებზე არ უნდა დავხარჯოთ. დრო იმ ადამიანებთან უნდა გავატაროთ, რომლებიც მართლა "ჩვენები" არიან, ვუყვარვართ, გაგვიგებენ...

- შენს სამეგობროში რომელი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ?

- საერთოდ, ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, მაგრამ ისინი ჩემი სისხლი და ხორცი არიან. მათ გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია... ჩემს მეგობრებს შორის გოგონები ჭარბობენ.

- შეგიძლია, დაოჯახების ინიციატორი იყო და მამაკაცს დაქორწინება თავად შესთავაზო?

- ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ... თუკი წყვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არსებობს, ასეთი რამ ნამდვილად შეიძლება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები არიან, რომლებთანაც ყოველთვის შემიძლია იმის თქმა, რაც მინდა და თუ რამეს ვერ გაიგებენ, ავუხსნი. საერთოდ, რთულია მეორე ნახევრის არჩევა და ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას წყვილების 90% ცდება. ურთიერთობის დანგრევა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი არ არის. თუკი მეგობართან, შეყვარებულთან თუ ქმართან ურთიერთობის შენარჩუნება გინდა, უპირველეს ყოვლისა, მასთან ჯანსაღი კომუნიკაცია უნდა გქონდეს.

- როგორ ფიქრობ, მნიშვნელოვანია, ცოლს უფრო მეტი ფინანსური შემოსავალი ექნება თუ ქმარს?

- ამაზე არასოდეს მიფიქრია. სახლის მშენებლობაში ვინ რამდენ აგურს დადებს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მათ ეს აგურები დადონ, რომ სახლი აშენდეს!

- ქალისთვის დასაოჯახებლად ოპტიმალური ასაკი რომელია?

- გააჩნია ქალბატონს. მაგალითად, ჩემს ირგვლივ იყვნენ გოგონები, რომლებიც მეგონა, იმისთვის დაიბადნენ, რომ გათხოვილიყვნენ და შვილები გაეჩინათ. ოჯახების უმეტესობა იმიტომ ინგრევა, რომ ქალები არარეალიზებულები არიან საკუთარ საქმეში და მხოლოდ შვილების აღზრდით არიან დაკავებული. ცხადია, შვილებზე ზრუნვა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ქალი ადამიანია, რომელიც იმისთვის დაიბადა, რომ კიდევ რაღაც სხვა ფასეული გააკეთოს. მიმაჩნია, რომ ჯერ შენს საქმეში გარკვეულ წარმატებას უნდა მიაღწიო და ოჯახის შექმნაზე მერე "გადაერთო". ოჯახი რუტინა არ არის, პირიქით - დიდი ბედნიერებაა, თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებ.

- კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა ქალს უფრო მეტად შეუძლია თუ კაცს?

- კონფლიქტში "წამოყოლიება" ქალს უფრო მეტად შეუძლია. მამაკაცები ცდილობენ, კონფლიქტში არ "შევიდნენ". მათ სიმშვიდე, სიწყნარე უყვართ. ქალებს ხანდახან "წამოფრენები" აქვთ - რაღაც უნდათ და ვერ გაუგიათ, რა სურთ. ბევრჯერ მინახავს, მანდილოსანი რაღაცით უკმაყოფილია, მაგრამ არ იცის, რით. თუ ქალი საქმეში რეალიზებულია, ჩხუბის ნერვები და დრო არ ექნება.

- შეგიძლია, მამაკაცებისთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი საერთო უცნაურობა დამისახელო?

GzaPress- მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს ახასიათებს უპასუხისმგებლობა, მაგრამ მამაკაცებს - განსაკუთრებულად. პრინციპში,Aამ შემთხვევაშიც გააჩნია, როგორ ადამიანთან გაქვს საქმე. თუკი მამაკაცი მიხვდება, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებს, აუცილებლად გამოასწორებს.

- როგორ ფიქრობ, კაცები უფრო ჭკვიანები არიან ქალებზე?

- მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება კაცს გაცილებით იოლად შეუძლია. უფრო ადვილად "ფეთქებადებიც" არიან, ქალებს კი ბევრი წინააღმდეგობის ატანა, "მაგრად დგომა" შეუძლიათ. კაცებს (განსაკუთრებით - საქართველოში) ისეთი თავმოყვარეობა აქვთ, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ ყველანაირ დეტალს. ცხადია, ეს საკითხიც ინდივიდუალურია, მაგრამ ვფიქრობ, ქალები უფრო ძლიერები არიან.

- სქესთან დაკავშირებული ორი სტერეოტიპი დამისახელე, რომელსაც ეთანხმები.

- ვერ დავასახელებ.

- შენი აზრით, ასეთი სტერეოტიპები რატომ მკვიდრდება?

- ის ადამიანები ამკვიდრებენ, ვინც ამ სტერეოტიპებთან რაღაც საერთოს პოულობენ. ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ ადამიანები პრობლემას სხვაში ხედავენ და არა - საკუთარ თავში.

ეთო ყორღანაშვილი