ამაოდ გაღებული მსხვერპლი - გზაპრესი

ამაოდ გაღებული მსხვერპლი

როგორც დეა ამბობს, ოჯახის დანგრევა მტკივნეულად გადაიტანა... არადა, თავის დროზე დეამ სწორედ ოჯახის გამო თქვა უარი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საინტერესო შემოთავაზებებზე.

GzaPress- სამოდელო ბიზნესში სრულიად შემთხვევით, "მის საქართველოს" კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე ამოვყავი თავი. ყოველთვის მქონდა საინტერესო შემოთავაზება სხვადასხვა სააგენტოდან, მაგრამ რატომღაც, მოდელობაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. არადა, ყველა ახლობელი მთხოვდა, საკუთარი შესაძლებლობები სწორედ ამ სფეროში მომესინჯა. ჰოდა, მეგობრის შეგულიანების შემდეგ მივედი ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში. ცნობისათვის, იმ პერიოდში უნივერსიტეტში ვსწავლობდი. რაც შეეხება კონკურსს, რომელმაც წარმატება და პოპულარობა მომიტანა: აქაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. კონკურსი უკვე დაწყებული იყო და გოგონები ფიზიკურ მომზადებას გადიოდნენ იმ ფიტნეს-გამაჯანსაღებელ ცენტრში, სადაც მეც ვვარჯიშობდი. ჰოდა, მასში მონაწილეობის შემოთავაზება სწორედ მაშინ მივიღე. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვიფიქრე, გამერისკა თუ არა?

- საკუთარ შესაძლებლობებში არ იყავი დარწმუნებული?

- საკუთარ შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებული ვარ და ალბათ ამიტომაც, ვერასდროს ვეგუები დამარცხებას, იმედგაცრუებას... რატომღაც მეგონა, რომ მსგავსი კონკურსები არასამართლიანად ტარდებოდა და ამიტომაც ვიკავებდი თავს.

- "მის საქართველოში" მონაწილეობის შემდეგ შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ის ზღაპარი, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს... იყო აქტიური სამოდელო საქმიანობა, გადაღებები, საერთაშორისო კონკურსები, სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზება საზღვარგარეთიდან; მოულოდნელად გავხდი პოპულარული გოგონა, დიდ ყურადღებას ვგრძნობდი საზოგადოების მხრიდან. ჩემდა საბედნიეროდ, ამ ყველაფერს ჩემზე ცუდად არ უმოქმედია, ეს თავში არ ამვარდნია (იცინის). სამოდელო საქმიანობის პარალელურად, სასწავლებელშიც დავდიოდი, მაგრამ მივხვდი, მოდელობა სწავლაში ხელს მიშლიდა. ჰოდა, ვინაიდან ჩემთვის განათლების მიღება უფრო პრიორიტეტული იყო, სამოდელო საქმიანობა დავთმე.

- თან, იმ პერიოდში უკვე შეყვარებული იყავი, არა?

- არა, მაშინ შეყვარებული არ გახლდით. სიყვარული ჩემამდე ცოტა უფრო გვიან, "მის საქართველოს" კონკურსიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოვიდა.

- რა პროფესია გაქვს?

GzaPress- პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ახლა მაგისტრატურაზე განსხვავებულ პროფესიას, საჯარო ადმინისტრირებასა და მენეჯმენტს ვეუფლები.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

- სწავლა-განათლებით ვარ დაკავებული... მოდელის კარიერა დავთმე, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულ ფოტოსესიებსა და ჩვენებებში მაინც ვმონაწილეობ.

- შენი საქმიანობა მომავალ მეუღლეს მოსწონდა?

- ყოველ შემთხვევაში, მას ჩემთვის ხელი არაფერში შეუშლია. თუ რამეზე ვთქვი უარი, ეს მხოლოდ ჩემი სურვილით მოხდა.

- მეუღლეს რატომ დაშორდი?

- ჩვენ ერთი წლის წინ დავშორდით, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს...

- რამდენი წელი ცხოვრობდით ერთად?

- 3 წელი.

- შერიგების შანსი არსებობს?

- გამორიცხულია! მას უკვე თავისი პირადი ცხოვრება აქვს და მინდა, წარმატება ვუსურვო! მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთზე ნაწყენი და გაბრაზებულები არ ვართ.

- ანუ მან ოჯახი სხვასთან შექმნა?

- არა, როგორც ვიცი, დაქორწინებულები არ არიან... იმედია, ამჯერად მაინც მოახერხებს და აიწყობს პირად ცხოვრებას... მასთან დაშორების შემდეგ დეპრესია არ მქონია, მაგრამ რთული გადასატანი ნამდვილად იყო და ეს ტკივილი დღემდე მომყვება. როცა ოჯახი დიდი სიყვარულითაა შექმნილი, ძნელია ყველაფრის ერთი ხელის მოსმით გაქრობა. ამ ტკივილმა და განსაცდელმა დამარწმუნა, რომ ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლახავ! მწამს, ღმერთი იმაზე დიდ განსაცდელს არ მოგვივლენს, რის გადატანასაც ვერ შევძლებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულში არ გაგიმართლა, თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევ?

GzaPress- ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ვფიქრობ, ამა თუ იმ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, გაცილებით მეტის მიღწევა შემეძლო, ვიდრე მივაღწიე. იმედია, მომავალში შეცდომებს აღარ დაუშვებ.

- მაინც, რას მიიჩნევ შენს დიდ შეცდომად?

- მაგალითად, იმას, რომ უარი ვთქვი "ვიქტორია სეკრეტის" შემოთავაზებაზე... ასევე, იყო შემოთავაზება მილანის რამდენიმე სერიოზული სააგენტოდან, რომლებთანაც კონტრაქტები თითქმის გამზადებული იყო და ჩავშალე. იყო საინტერესო შემოთავაზება პარიზიდან, ნიო-იორკიდან, მაგრამ ყველაფერი გავაფუჭე და ამას ვნანობ.

- გამოდის, რომ ოჯახი დააყენე კარიერაზე წინ, ასეა?

- დიახ, ასეა... საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მსხვერპლი ამაოდ გავიღე.

- თავის მოვლის განსაკუთრებული მეთოდი გაქვს? როგორ ახერხებ მუდმივად ფორმაში ყოფნას?

- ამის ერთადერთი საიდუმლო სწორი კვება და ვარჯიშია. დიდი ხანია, აქტიურად ვარ დაკავებული ფიტნესით, დავდივარ სპორტულ დარბაზში. ეს ყველაფერი უკვე ჩემი ცხოვრების წესია.

- ყოველდღიურად მაკიაჟსა და ვარცხნილობას თავად იკეთებ?

- კი და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს დამოუკიდებლადაც მშვენივრად ვუმკლავდები. ჩემი სამოდელო გამოცდილებიდან გამომდინარე, ამაში უკვე კარგად დახელოვნებული ვარ. სილამაზის სალონში კი ძირითადად, ისეთი რაღაცების გასაკეთებლად მივდივარ, რასაც სახლის პირობებში ვერ გავიკეთებ. მაგალითად, მანიკიურის, პედიკიურის, სახის მოვლის პროცედურების ჩასატარებლად, სოლარიუმში გასარუჯად, მასაჟისთვის და ა.შ.

- სახის კანს განსაკუთრებულად უვლი?

- სახის კანს მართლაც განსაკუთრებულად ვუვლი: თვეში ერთხელ ვიტარებ იმ აუცილებელ პროცედურებს, როგორიცაა: კანის გაწმენდა, პილინგი და ა.შ. ასევე, ვიცავ ოქროს წესს: მაკიაჟით არასდროს ვიძინებ, რაც ზოგადად, ძალიან ვნებს სახის კანს.

- სოლარიუმში ხშირად დადიხარ?

GzaPress- "ზაგარი" ძალიან მიყვარს. ადრე სოლარიუმს ხშირად ვსტუმრობდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი უარყოფითი გვერდითი ეფექტი აქვს, ბოლო პერიოდში თავს ვარიდებ და მოუთმენლად ველოდები ზაფხულს, რათა მზის აბაზანები მივიღო.

- შოპინგი გიყვარს?

- რა თქმა უნდა, მიყვარს! შოპინგი ჩემთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა... სამაგიეროდ, აქსესუარებზე დიდად არ ვგიჟდები: მხოლოდ 2 საათი მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. მომწონს სათვალის ტარებაც.

- ქირურგიული ჩარევით საკუთარი გარეგნობის შეცვლის სურვილი თუ გქონია?

- კი და არაერთხელ მივედი კიდეც ქირურგთან კონსულტაციაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე გაწბილებული გამომიშვეს: შენი სხეულის არც ერთი ნაწილი არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევასო. ჯერჯერობით, მათ ვუჯერებ (იღიმის). მინდა, ყველას ჰქოდეს საშუალება, გახდეს უკეთესი.

- მაინც, რის შეცვლას აპირებდი შენს გარეგნობაში?

- ცხვირის "გაკეთება" მინდოდა. მეგობრები უკვე ხშირად ხუმრობენ ჩემს აკვიატებაზე და კარგადაც ხალისობენ.

სოფო ჭონიშვილი