"შეხედავ გოგოს, მოგეწონება, მაგრამ დაელაპარაკები თუ არა..." - გზაპრესი

"შეხედავ გოგოს, მოგეწონება, მაგრამ დაელაპარაკები თუ არა..."

თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მეცადინეობაში ატარებს. წინა წელს ერთი ქულა დააკლდა, რის გამოც სასწავლებლის მიღმა დარჩა. "ამ ერთხელაც ვცდი. მაშინ გული ძალიან ავიცრუე. მომღერალ კაცს მათემატიკას რატომ მაბარებინებენ? ეს რა საჭიროა, ვერ ვხვდები".

პრეამბულის მაგიერ

- ყველაზე მეტად ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები მიყვარს. ბავშვობიდან დღემდე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ლევან სანიკიძის ავტორობით გამოცემულ წიგნებს. ძალიან მიყვარს მუხრან მაჭავარიანის, რეზო ამაშუკელის ლექსები, რომ აღარაფერი ვთქვა "ვეფხისტყაოსანსა" და გალაკტიონის შემოქმედებაზე.

- ახლა რას კითხულობ?

- ახლა მხატვრულ ლიტერატურას არ ვკითხულობ. მუსლიტერატურამ, კომპოზიტორთა ბიოგრაფიებმა გამიტაცა.

- სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას თუ აქცევ ყურადღებას, გოგო რამდენად ერუდირებულია?

- რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. შეხედავ გოგოს, მოგეწონება, ისეთია, ვარსკვლავებს ეთამაშება, მაგრამ დაჯდები მასთან ერთად და შთაბეჭდილება ეგრევე ქრება. როგორ შეიძლება, 24 საათის განმავლობაში სარკეში იყურებოდე? მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობდე და ზოგადი განათლება არ გქონდეს. ამ კატეგორიის გოგონებს მხოლოდ ის უნდათ, რომ კარგად ჩააცვა, აჭამო, ასეირნო... მათთან ურთიერთობა უინტერესოა. შეიძლება ერთხელ გაისეირნო და მეორედ შეხვედრის სურვილიც კი აღარ გაგიჩნდეს. როგორ შეიძლება, ასეთი გოგო ცოლად მოიყვანო? მეორე ნახევრის სულში ხომ უნდა ჩაიხედო, მათ კი სული არ აქვთ, მატერიალისტები არიან.

- თვლი, რომ გოგონების უმრავლესობა ასეთია?

- 50% მაინც ასეთია.

- ეს არის ფითილი, რომლის ერთ მხარეს ცეცხლია, მეორე მხარეს - სულელი. რის შესახებ ამბობდა ამას ბერნარდ შოუ?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ადამიანის მავნე ჩვევაზეა ლაპარაკი.

- ვაიმე, ვერ ვხვდები.

- სიგარეტის მოწევაზე.

- უნდა გამომეცნო. მწეველი რომ არა ვარ, როგორ მეტყობა?! გასინჯვითაც კი არასდროს გამისინჯავს. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, არ მომწონს, როცა გოგო სიგარეტს ეწევა. რაც უნდა ლამაზი იყოს, დროთა განმავლობაში ის მაინც დაამახინჯებს.

- ალბათ გახსოვს ფრთიანი გამონათქვამი - "რელიგია ეს ხალხისთვის ოპიუმია". რომელი სიტყვით შეცვალა სიტყვა რელიგია ნიქსონმა?

- ეს გამონათქვამი მახსოვს, მაგრამ ნიქსონმა "რელიგია" რომელი სიტყვით შეცვალა, ვერ ვიხსენებ.

- "ტელევიზია". შენი "ოპიუმი" რა არის?

- კარგი მუსიკა და ლამაზი ქალი.

- რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში, შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: "20 წლის გოგონა, კარგი ოჯახიდან, რომელსაც გააჩნია 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ოჯახის შექმნის მიზნით გაიცნობს წესიერ ყმაწვილს". როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ განცხადების ავტორი გოგონა უბრალოდ, კოლექციონერი იყო. რას აგროვებდა ის?

- თაყვანისმცემლებს?

- არა, ის მარკების კოლექციონერი იყო. რომელიმე ქართულ გამოცემაში მსგავსი განცხადება რომ ნახო, როგორი რეაქცია გექნება?

- ვიფიქრებ, ვიღაც ღადაობს ან მაგრად აკლია.

- თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ კაშკაშა მზიანი ამინდი იქნება.

- შეიძლება?

- მეც ამას გეკითხები.

- (პაუზის შემდეგ) 48 საათის შემდეგ ისევ ღამე იქნება.

- რომელ ოკეანეშია ფიჯის კუნძულები?

- წყნარ ოკეანეში.

- რა ნათესაური კავშირი არსებობდა ქართლის მეფე ლუარსაბსა და გიორგი სააკაძეს შორის?

- მეფეს ცოლად სააკაძის და ჰყავდა.

- "იაგუარი", "როლს-როისი", "ბენტლი", "ლენდ-როვერი" რომელი ქვეყანა აწარმოებს ამ ავტომობილებს?

- დიდი ბრიტანეთი.

- რომელი ცხოველის ჯიშია ჰუსარი?

- არ ვიცი.

- მაიმუნის. დაასრულე ოვიდიუსის ცნობილი გამონათქვამი: "ქალთა უმეტესობა თეატრალურ სანახაობაზე მხოლოდ იმიტომ დადის, რომ თავად გახდეს..."

- ვერ დავასრულებ.

- "...თავად გახდეს სანახაობა".

- მართალია, ვეთანხმები.

- რომელ წიგნზე სრულდება საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია?

- საქართველოს კონსტიტუციაზე.

- 1972 წელს, ერთმა ბიჭმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა დახმარებას. ლენონმა მისწერა: "დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო, შენს წარმოსახვაში". გავიდა რამდენიმე თვე, იმ ბიჭმა ფული იშოვა. როგორ?

- ვერ გიპასუხებ.

- ლენონის წერილი გაყიდა. როდესაც გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში მიტოვებულ სოფელს აღწერს, აღნიშნავს, მხოლოდ რამდენიმე იმედის თეთრი ძაფი მოჩანდაო. რას გულისხმობდა ის "იმედის ძაფებში"?

- არ ვიცი.

- სახლიდან ამოსულ კვამლს გულისხმობდა.

- ვაა, ეს არ ვიცოდი, რა მაგარი შედარებაა.

- 1905 წელს პარიზში უჩვეულო შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდა 300 ადამიანი. მათ 300 მეტრი უნდა დაეფარათ. გამარჯვებულმა დისტანცია 3 წუთსა და 12 წამში დაფარა. დაასახელე ადგილი, სადაც ეს შეჯიბრი მოეწყო.

- ეიფელის კოშკზე.

- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, რა ერქვა მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთს?

- დიონისე.

- ამ ძაღლის ჯიში სად გაჩნდა უცნობია, ვარაუდობენ, რომ მათი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც ისინი მოხვდნენ საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის ყურეში. დიდი ხნის მანძილზე ეს ჯიში ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან, დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელე ამ ძაღლის ჯიში.

- (პაუზის შემდეგ) დალმატინელი.

- რა ჰქვია ლომების გუნდს?

- არ ვიცი.

- პრაიდი. "მე დავიბადე აპრილის თვეში,/ ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,/ მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში/ მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან./ აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები./ ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,/ ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება/ და ეს ეყოფა გამოსარჩლებად".... ვისი პოეზიიდან არის ეს სტროფი?

- ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის.

- დაასახელე ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მოცარტი.

- ამბობენ, რომ ის მოცარტის შთაგონების წყარო იყო. ერთხელ კომპოზიტორის მიერ ახალდაწერილი ფორტეპიანოს პარტიის ფრაგმენტი "წაიმღერა", თან მცირე შესწორება შეიტანა. მოცარტმა აღიარა, რომ ახალი მოსმენილი ვარიანტი უკეთესად ჟღერდა და ასე შეიტანა ნაწარმოების საბოლოო ვარიანტში. დაასახელე მოცარტის შთაგონების წყარო.

- ვერ გიპასუხებ.

- მიგანიშნებ, ამ შემთხვევაში ფრინველის ერთ-ერთ სახეობაზეა ლაპარაკი.

- ფრინველის? არ ვიცი.

- შოშია. ბახი არანაკლებ განთქმული იყო სხვა სფეროში. მან თავისი გატაცების შესახებ წიგნიც კი შექმნა, რომელმაც დახმარება ბევრ რომანისტს და დრამატურგს გაუწია თავისი გმირების ასეთივე გატაცების აღწერაში. რით იყო ბახი გატაცებული?

- არ ვიცი.

- ბანქოს თამაშით. გზაზე ერთ მწკრივში რამდენიმე ბავშვი მიდის, პირველმა თქვა, რომ მას უკან 2 ბავშვი მიჰყვება, ბოლომ თქვა, ჩემ წინ 2 ბავშვი მიდისო. სულ რამდენი ბავშვი მიდის გზაზე?

- 3.

- რა დროს სჭირდება დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად?

- 1 წელი.

- დიახ, 365 დღე და 6 საათი. "რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დაეთანხმება შენი ტვინიდან გადმოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ". - დოსტოევსკის რომელ ნაწარმოებში ვხვდებით ამ სიტყვებს? მიგანიშნებ, ეს ნაწარმოები 1869 წელს დაიწერა.

- არ ვიცი.

- "იდიოტში". ინგლისის რომელი ქალაქიდან იყვნენ ლეგენდარული ჯგუფის "ბითლზის" წევრები?

- ლივერპულიდან.

- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის "მიმინო"?

- გია ყანჩელმა.

- როგორც ცნობილია სიმღერა საქართველოში, ისევე, როგორც შელოცვა სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. რომელი სამკურნალო ხალხური სიმღერის დასახელება შეგიძლიათ?

- "ბატონებო".

- დაბოლოს დაასრულე გერმანელი ფილოსოფოსის ნიცშეც ცნობილი გამონათქვამი: "საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა...

- ერთობაშია.

- "...რომ ძალა არაფერს ნიშნავს".

თამუნა კვინიკაძე