მწარე წიწაკით გამოვლენილი ნიჭი - გზაპრესი

მწარე წიწაკით გამოვლენილი ნიჭი

იუბილესთან დაკავშირებით, გადაცემაში - "ჩემი გზა", მარიკა დარჩიას მოწვეული ჰყავდა მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, ბარიტონი ლადო ათანელი. ბატონმა ლადომ პირველ რიგში მედია ჰოლდინგს მიულოცა დაბადების დღე, შემდგომ კი, ტრადიციისამებრ, ინტერვიუ მისი ცხოვრების გზის გახსენებით გაგრძელდა.

- პირველ რიგში, მინდა, "მედია პალიტრას", მის დამფუძნებელსა და თანამშრომლებს მივულოცო 20 წლის იუბილე და ვუსურვო პროფესიული და პირადი წარმატებები.

- გმადლობ. მოდი, გავყვეთ თქვენს გზას. ვინ თქვა პირველად თქვენზე, რომ სიმღერის ნიჭი გქონდათ?

- 4 წლის ვიყავი, როცა სტუმრად ვიყავით ერთ ოჯახში. ბავშვები ცალკე ვთამაშობდით, მშობლებისგან მოშორებით. ორი სხვადასხვა ფერის რაღაც შევნიშნე. ისე მომეწონა, ავიღე და ორივე ჩავკბიჩე. რამდენიმე წამში კივილი დავიწყე. ხალხი ვერ მიხვდა, რატომ ვტიროდი. იქ მყოფმა მუსიკის პედაგოგმა ქალბატონმა შენიშნა, რომ ორი დიდი წიწაკა განახევრებული იყო. მაღალი ხმით ვტიროდი და თქვა, მიაქციეთ ყურადღება, მას კარგი ხმა ექნებაო. მერე ამისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება, არ მიფიქრია საოპერო მომღერლობაზე. ესეც შემთხვევით მოხდა, ჩემი დაიკოს პედაგოგთან, ჯემალ ლორთქიფანიძესთან ერთ-ერთ გაკვეთილზე ვახლდი. პედაგოგმა ხმის გასინჯვა შემომთავაზა, 14-15 წლის ვიყავი. კარგი ბარიტონი გაქვთ, მოდით ჩემთან და იმეცადინეთ, დიდი მომავალი გაქვთო. გამეღიმა, ეს სერიოზულად ვერ წარმომედგინა. გავიდა დრო, აღმოსავლეთმცოდნეობაზე ვაბარებდი უნივერსიტეტში, მაგრამ აღარ გავაგრძელე და ჯემალ ლორთქიფანიძესთან დავბრუნდი. ვიგრძენი, რომ ეს არის ის, რისთვისაც ღმერთმა ინება ჩემი დაბადება.

- რომელი იყო პირველი პროფესიული წარმატება?

GzaPress- ეს 1991 წლის პირველი ივლისი იყო, ჩემი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, ვერდის "ბალ-მასკარადში" რენატოს პარტიით. ძნელია საკუთარ თავზე ასე საუბარი, მაგრამ იმდროინდელი პრესა და უფროსი კოლეგები საოცრად კარგი ეპიტეთებით ამკობდნენ ჩვენს გამოსვლას - ჩემთან ერთად იყო იანო ალიბეგაშვილი, ჩემი კურსელი და ნუგზარ გამგებელი. ახალგაზრდა თაობა მოვიდა, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ და იმედი მაქვს, ყველამ გავამართლეთ.

- რომელ მასწავლებელს გამოარჩევდით?

- პირველ რიგში პირველ პედაგოგს, ბატონ ჯემალ ლორთქიფანიძეს, რომელიც სამწუხაროდ, გარდაცვლილია. მან ანბანი შემასწავლა - რომ არა მისი სწორი მიდგომა ვოკალისადმი, ჩემი კარიერა ასე არ წარიმართებოდა. გავიხსენებდი ასევე აწ გარდაცვლილ ნოდარ ანდღულაძეს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩემი პედაგოგი, აღმზრდელი და ასევე, ჩემი მეჯვარე. მათი სახელების ხსენება დიდ სევდას მგვრის, მათ ამაგს ალბათ მხოლოდ იმით გადავიხდი, რომ ვიყო წესიერი ქართველი ადამიანი და მივაღწიო მეტ წარმატებას.

- როგორ მოხვდით უცხოეთში, სადაც მოხვედრა კონკურენციის გამო ძნელი იქნებოდა?

- 1991 წელი იყო, საზღვრები ცოტა გაიხსნა. ადამიანს სპონსორის დახმარებით რაიმე კონკურსში მონაწილეობა შეეძლო. ჩემი პირველი კონკურსი გახლდათ ესპანეთში, ფრანცისკო ვინიასის კონკურსი, სადაც გრან-პრი ავიღე. პრიზი მილიონი პესო იყო და როცა საქართველოში გაიგეს, - მილიონერი გახდაო, ამბობდნენ. რა თქმა უნდა, ამდენი არ იყო დოლარის ეკვივალენტში. გრან-პრის ჯილდოზე ისეთი საოცარი, ლამაზი, შიშველი ქალის ქანდაკება დავინახე, აღარც ფული მინდოდა და აღარც არაფერი (იღიმის). ბატონმა გურამ ქაშაკაშვილმა დამაფინანსა და მეამაყება, რომ იმედები გავუმართლე. შემდგომ გამოჩნდნენ ჩემით დაინტერესებული პირები, წამოვიდა შემოთავაზებები, მაგრამ საქართველოში მინდოდა დარჩენა. ცუდი პერიოდი იყო ჩვენთვის. როცა მივხვდი, აქ შემოქმედებისთვის პერსპექტივა არ იყო, უფლის ნებით მოწვევა მომივიდა და გერმანიაში წავედი, სადაც კონკურსზე პირველივე ტურში შემომთავაზეს კონტრაქტი.

- მასწავლებლებზე ვისაუბრეთ, მაგრამ არის გამოთქმა, რომ "ყველა წარმატებული კაცის უკან დგას ძლიერი ქალი". მანანა ჩიქოვანი-ათანელი სულ თქვენ გვერდით დგას, თქვენი გზის გამკვლევია. რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებაში?

- ვერ ვიტყვი, რა როლი აქვს, რადგან ის ჩემთვის ყველაფერია, ღმერთისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქარია, რომელზე ლაპარაკისას სიტყვები არ მეყოფა. ღმერთს შევთხოვე, რომ მინდოდა, პირველი პრემიის ლაურეატი სამჯერ გავმხდარიყავი. მან მისმინა და ჩემს მანანასთან ერთად, გავხდით სამჯერ პირველი პრემიის ლაურეატი. 1993 წელს მანანა გახდა ჩემი მეუღლე ასევე, იყო ჩემი კონცერტ-მეისტერი. საოცრად ნიჭიერი ადამიანია, გაიზარდა ოპერის თეატრში, შალვა ჩიქოვანის და ვენერა ჩიქოვანის ქალიშვილია. ჩვენი დაქორწინების შემდეგ მთელი თავისი მომავალი გვერდზე გასწია და ჩემს შემოქმედებაზე გადმოერთო. ყველა სპექტაკლის ჩანაწერი მაქვს, სადაც მიმღერია. გადაღება არ შეიძლება, მაგრამ მანანა ისე დაოსტატდა, რომ ლა-სკალას ჩანაწერიც კი მაქვს.

GzaPress

- ფონდის შესახებ რას მეტყვით?

- გავიგე, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობა იყო, ადამიანებს უჭირდათ, განსაკუთრებით - ღვაწლმოსილებს, ჩემს უფროს კოლეგებს, საოპერო თეატრის წამყვან მსახიობებს. მე და ჩემმა მეუღლემ 2010 წელს საქართველოში ფონდი დავაარსეთ. ვეხმარებით ჩემს ისეთ კოლეგებს, ვისაც თანადგომა სჭირდება. ასევე, ნიჭიერ ახალგაზრდა სტუდენტებს, მომღერლებს. ძირითადად კონცენტრაციას ვოკალისტებზე ვაკეთებთ. დავაარსეთ ლადო ათანელის სახელობის კონკურსი. ცნობილი პედაგოგები და პროფესორები გვყავს ჟიურიში და ჩემთან ერთად ისინი წყვეტენ წარმატებული ახალგაზრდებისთვის ლადო ათანელის სახელობის სტიპენდიის მინიჭებას. გვაქვს 3 სტიპენდია 2 000 ლარის ოდენობით.

- ხშირად გიწევთ საქართველოში ჩამოსვლა?

- ბოლოს ცოტა მოვუხშირე, წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ. ადრე 3-4 წელი შეიძლება ვერ ჩამოვსულიყავი. თბილისში გასულ წელს, რიყის გალა-კონცერტზე ვიმღერე.

- ქართველ მაყურებელს შეეძლება უახლოეს მომავალში თქვენი მოსმენა?

- 25 მაისს, ბათუმში, საკონცერტო დარბაზში ჩატარდება ლადო ათანელის სცენაზე დგომის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო. ოქტომბერში იხსნება საოპერო თეატრი, სადაც გალა-კონცერტში მივიღებ მონაწილეობას.

- რთულია მოძრაობა, სხვადასხვა კოლექტივთან მიჩვევა? სხვადასხვა ქვეყანაში რა ენაზე საუბრობთ?

- ურთულესია, მაგრამ 25 წელია, რაც შემოქმედებით ბრუნვაში ვარ. ძირითადად იტალიურად ვსაუბრობთ, ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულადაც. ჩვენი მუსიკალური ენა ძალიან გვეხმარება ენის ათვისებაში. ტექსტის სწავლისას ყველაფერს სიტყვა-სიტყვით ვთარგმნი. სადაც ვიმყოფები, ძირითადად იმ ენაზე ვსაუბრობ.

ეკა აბაშიძე