უპატრონოდ მიყრილი წიგნებით გამდიდრებული ბიბლიოთეკა - გზაპრესი

უპატრონოდ მიყრილი წიგნებით გამდიდრებული ბიბლიოთეკა

"უპატრონოდ მიგდებული" წიგნები მსახიობს ხშირად "შეუფარებია". მასთან წიგნებზე ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება: აქტიური და კარგი მკითხველი გახლავთ, მაგრამ თურმე, ცუდი თვისებაც აქვს...

- ჩემი ბიბლიოთეკა არც ისე მდიდარია. ძირითადად, ნათხოვარი და მოპარული წიგნები მაქვს - ნათხოვარ წიგნებს უკან არ ვაბრუნებ, თუკი მისმა პატრონმა ძალიან არ მთხოვა და არ შემაწუხა, - დამიბრუნეო. ათასგვარ მიზეზს მოვიფიქრებ: კითხვა ჯერ არ დამიმთავრებია, დედაჩემი ან ჩემი და კითხულობს-მეთქი და ა.შ. თუ ამან არ გაჭრა, ბოლოს მივაშავებ (იცინის). რომელიმე წიგნი თუ მომეწონა, მინდა, ჩემთან დავიტოვო.

- ეს ჩვევა ბავშვობაში ჩამოგიყალიბდა?

- ადრეულ ბავშვობაში - არა. მახსოვს, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნი წამოვიღე, შემდეგ კი მათი უკან დაბრუნება აღარ მინდოდა... მერე თეატრალურში ძველ, გადაყრილ წიგნებს მივაკვლიე - აუდიტორიებში, რაღაც ყუთებში ეყარა ან სარეპეტიციოებში ვიღაც წაიკითხავდა და გადააგდებდა ხოლმე. მოკლედ, "მიყრილი" გახლდათ. ვერ ვიტან, როცა წიგნს უდიერად ეპყრობიან. ჰოდა, ვიღებდი და შინ მომქონდა. თეატრალური სამყაროს შესახებ კარგი ბიბლიოთეკა დამიგროვდა. ყველა ჟანრის წიგნი მაქვს წამოღებული, რომელიც კაციშვილს არ მოუკითხავს, არავის აინტერესებს. მაგალითად, რუსთაველის თეატრის ისტორიისა და მსახიობების შესახებ დიდი წიგნი არსებობს, სულ რამდენიმე ეგზემპლარია. ეს წიგნი ერთ-ერთ აუდიტორიაში, ბევრ ნაგავთან ერთად მიგდებული ვიპოვე. მასში ყველა მსახიობის ავტოგრაფია, ვინც კი 1970-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. წამოვიღე და ვუფრთხილდები.

- შენს ბიბლიოთეკაში შენი ნაყიდი წიგნი რამდენია?

GzaPress- სხვათა შორის, ბევრია, რადგან "კვირის პალიტრამ" წიგნების სერია - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" რომ გამოსცა, შევაგროვე. კიდევ რამდენიმე პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნები მაქვს... ალბათ, ჩემი ბიბლიოთეკისთვის 100 წიგნი ვიყიდე.

- დამოუკიდებლად პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხე, გახსოვს?

- მგონი, "ბიძია თომას ქოხი". ჩემი თანაკლასელები გიჟდებოდნენ, ისე მოსწონდათ. ყოველდღე აცრემლებული თვალებით მოდიოდნენ და ამბობდნენ, - ეს რა ტრაგედიაა აღწერილი, რა ხდებაო? ამ წიგნის კითხვა მეც დავიწყე, მაგრამ მაშინ ჩემთვის მასში მოთხრობილი ამბები ცოტა არ იყოს გაუგებარი იყო და თავი დავანებე. ცოტათი რომ წამოვიზარდე, მერე წავიკითხე... "სიყრმის წიგნებიდან" ჩემზე დიდი გავლენა "დიდოსტატის მარჯვენამ" მოახდინა. მახსოვს, ლაშა თაბუკაშვილის, ლაშა ბუღაძის პიესები მიყვარდა.

- წიგნის წაკითხვა შენთვის ვინმეს დაუძალებია?

- კი, ბაბუას.

- რომელი ასაკიდან?

- 3 წლიდან (იცინის).

- 3 წლის ბავშვს კითხვა უკვე შეგეძლო?

- არა, მაგრამ ბაბუას სურდა, წიგნი აგვეღო ხელში. ძალიან განათლებული კაცი გახლდათ. გაუნათლებელი ხალხი არ უყვარდა. თუ დაინახავდა, რომ მისი შვილიშვილები ეზოში დიდხანს ვთამაშობდით, ტელევიზორს ვუყურებდით ან სხვა ბავშვური გასართობით ვიყავით დაკავებული, ჩხუბს იწყებდა - ბავშვებს ამ დროს ხელში წიგნი უნდა ეჭიროთო!.. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე წიგნები, კალამი და ფურცელი ეჭირა. ბოლოს უკვე აზარტში ისე შევიდა, რომ გადაცემაში - "რა? სად? როდის?" კითხვების გაგზავნა დაიწყო. ამ ამბავში ჩვენც "ჩავერთეთ", შეკითხვებს ვეძებდით, უამრავ წიგნს ვკითხულობდით. რამდენჯერმე გადაცემაში მისი შეკითხვა ამოვიდა კიდეც, მაგრამ დავით ბაქრაძემ გვაჯობა (იცინის). მახსოვს, შეკითხვას სწორი პასუხი მან გასცა...

- ანუ ბაბუას მეთოდმა გაამართლა? წიგნების კითხვა ამიტომ გიყვარს?

- შეიძლება, რაღაც გავლენა მოახდინა, მაგრამ ვიდრე წიგნებით თავად არ დავინტერესდი (სტუდენტობისას), მანამდე ნაწარმოებს მაშინ ვკითხულობდი, თუ ვინმე რეკომენდაციას გაუწევდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების მერე, ჩემი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო, ყველა დიდი დრამატურგის ნაწარმოებს ვეცნობოდი...

- შენთვის განსაკუთრებულად საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები რომელია?

- "მექანიკური ფორთხალი". ამ ნაწარმოების კუბრიკისეული ეკრანიზაცია განსაკუთრებულად მომწონს, სადაც მალკოლმ მაკდაუელი მთავარ როლს ასრულებს. "მექანიკურ ფორთოხალში" პერსონაჟები სიმბოლურადაა დახასიათებული, გაშარჟებულია, მაგრამ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას მაინც აღმოაჩენ - წიგნშიც და ფილმშიც.

- ხშირია შემთხვევა, როცა ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგწონს?

- კი, რადგან კინო ძალიან მიყვარს. ბევრი კარგი რეჟისორია, რომლის გადაღებულ ფილმებსაც ვუყურებ. ფილმის ნახვის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, რეჟისორის ვინაობით კი არ ვინტერესდები, არამედ - პიესის ავტორით. შემდეგ იმავე ავტორის სხვა პიესებს ვნახულობ, მათ მიხედვით გადაღებული ფილმებით ვინტერესდები... ზოგი ამბობს, - არა, რას ლაპარაკობ? ფილმს წიგნი ჯობიაო! რა თქმა უნდა, ცუდი ეკრანიზაციებიც არსებობს, როცა ფილმს წიგნი ჯობია, მაგრამ ბევრი მაგარი ფილმიც არის. მაგალითად, "დიდებული გეტსბი" "ავიღოთ": წიგნი რომ წავიკითხე, საერთოდ არ მომეწონა, ფილმი კი ძალიან კარგია: სანახაობრივია, სულ სხვა ეფექტი აქვს... ფილმებში შოუს ელემენტებიც მომწონს.

- ისეთი ლიტერატურული ნაწარმოები დამისახელე, რომელიც ფილმად გადაღებულს ჯობია...

- მაგალითად, "ტრიუმფალური თაღი". ვფიქრობ, წიგნი ჯობია... საერთოდ, როცა ჯერ წიგნს კითხულობ, მერე კი მის ეკრანიზაციას ნახულობ, შენს წარმოდგენასა და რეჟისორის "ხედვას" შორის დიდ განსხვავებას აწყდები. ფილმი შენი ფანტაზიით წარმოდგენილზე ბევრად მაგარი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედი გიცრუვდება.

- ჯერ ფილმის ნახვას ამჯობინებ თუ წიგნის წაკითხვას?

- გააჩნია, რომელი "მომხვდება ხელში". თუ წიგნი წავიკითხე და ძალიან მომეწონა, მის ეკრანიზაციას აუცილებლად ვეძებ; თუკი ჯერ ფილმი ვნახე, წიგნის წაკითხვის სურვილი მაინც მიჩნდება. მაგალითად, "მილენიუმის" ტრილოგიიდან ფილმი - "გოგონა დრაკონის ტატუთი" ძალიან მომეწონა (ოღონდ, ჰოლივუდური - არა; მგონი, სერბების გადაღებულია). წიგნის კითხვა მერე დავიწყე.

- წიგნის კითხვისას შენთვის გარემო მნიშვნელოვანია?

GzaPress- ძალიან. აუცილებლად მშვიდ გარემოში უნდა წავიკითხო, რადგან ხმაურში ყურადღება საშინლად მეფანტება. ნაწარმოებში უკვე ძალიან "ჩართული" უნდა ვიყო, რომ ხმაურიან ადგილასაც გავძლო და წავიკითხო. ასეთი შემთხვევები მქონია. ფილმის ყურების დროსაც ასე ვარ: კინოთეატრში სიარული მიყვარს, მაგრამ თუკი დარბაზში მაყურებლების ხმა ფილმის ხმას აჭარბებს, არაფერი აღარ მინდა!..

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- 2-3 კვირის წინ ეჟენ იუნესკოს "გაკვეთილი" წავიკითხე. სამწუხაროდ, ახლა წიგნების წასაკითხად იმდენი დრო არ მრჩება, როგორც - ადრე, მაგრამ მაინც ვცდილობ, საკითხავი სულ მქონდეს და დროს როგორც კი გამოვნახავ, "ჩავუჯდე".

- შეიძლება, 1 თვე ისე გავიდეს, რომ წიგნი არ წაიკითხო?

- კი, 1 თვე შეიძლება, მაგრამ მეტი - არა.

- ნათარგმნ და "ორიგინალ" ლიტერატურულ ნაწარმოებს ერთმანეთს ადარებ ხოლმე?

- კი, როგორ არა! სხვათა შორის, ბოლო დროს უცხოური (თუნდაც - რუსული) პიესები კარგად არის ნათარგმნი, მაგრამ რუსულად მაინც ისე მდიდარი ენით არის დაწერილი, რომ პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მირჩევნია, რუსულად წავიკითხო. ამასაც შეჩვევა უნდა: ერთი პერიოდი, რუსულად ყველაფერს კარგად ვკითხულობდი, ახლა ცოტათი "შევნელდი", ძველებური ტემპი აღარ მაქვს, ხელახლა უნდა "ავკრიფო". ჩემ გარშემო უკვე ყველა ქართულ თარგმანს კითხულობს, რუსულად ნათარგმნ ახალ წიგნს არ გადავწყდომივარ, რომ ვინმეს გამოვართვა და მოვპარო (იცინის).

- ელექტრონულ წიგნებს კითხულობ?

- კი, სარა კეინის შემოქმედების ელექტრონული ვერსია წავიკითხე, რადგან ქართული თარგმანი არ მომეწონა, რუსული - ვერსად ვიპოვე, ინგლისურად - ისე ვერ "გავქაჩე", რომ ყველაფერი გამეგო, რადგან წიგნში სამედიცინო ტერმინოლოგიაცაა. ჰოდა, ელექტრონული ვერსია (რუსულად) ამიტომ წავიკითხე.

- საერთოდ, წიგნად გამოცემული ნაწარმოების კითხვა უფრო გიყვარს თუ ელექტრონული ვერსიის?

- "ტრადიციულ" წიგნს ვამჯობინებ. კომპიუტერი საერთოდ არ მიყვარს (იცინის), მაგრამ XXI საუკუნეში კომპიუტერიც და პრინტერიც საჭირო რამ არის.

- წასაკითხ ლიტერატურას ვინმე გირჩევს?

- წიგნის შერჩევა დამოუკიდებლადაც მიხდება, მაგრამ მირჩევნია, ვიღაცამ მირჩიოს. თუნდაც, ნაწარმოები არ მომეწონოს, იმ ადამიანის შეხედულებას ვეცნობი, ვინც წაკითხვა მირჩია - ვფიქრობ, ამ წიგნში რა შეიძლებოდა, მას მოსწონებოდა. ესეც საინტერესოა... ისე, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა არ იცი, როგორი წიგნია და თავად "აღმოაჩენ", შემდეგ მის წაკითხვას სხვებსაც ურჩევ...

- წიგნის დიზაინს ყურადღებას აქცევ?

- არა, არც - ილუსტრაციას. წიგნის "ილუსტრაცია" ჩემს წარმოსახვაშია (იცინის).

- წიგნების განათხოვრება თავად თუ გჩვევია?

- არა. რომ არ დამიბრუნოს (იცინის)? საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ მდიდარი ბიბლიოთეკა არ მაქვს და ამაში ჩემი ოთახის ფართობიც ვერ შემიწყობს ხელს. ცალკე სახლი რომ მექნება, ბიბლიოთეკისთვის ოთახს გამოვყოფ, სადაც საკითხავად მაგიდაც იქნება, საქანელა-სკამიც, რეტრომუსიკაც, "ვისკიც", სიგარაც (იცინის)...

- წიგნს ხშირად გჩუქნიან?

- რამდენჯერმე მაჩუქეს. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ კარგი წიგნი საუკეთესო საჩუქარია.

- დაბოლოს, "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?

- ვისაც გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" ჯერ არ გადაუშლია, აუცილებლად წაიკითხოს. პირადად მე, ამ წიგნმა ბევრ რამეზე დამაფიქრა: ცხოვრებაზე, ფასეულობებზე, ღირებულებებზე, ადამიანებზე... ეს ჩემი საყვარელი წიგნია.

ეთო ყორღანაშვილი