რისთვის აგროვებს ფულს თაკო ცქვიტინიძე - გზაპრესი

რისთვის აგროვებს ფულს თაკო ცქვიტინიძე

როგორი დატვირთული დღის რეჟიმიც უნდა გქონდეს, საღამოს მაინც ენერგიული და ლაღი ხარ", - ამბობს მსახიობი თაკო ცქვიტინიძე, რომელიც საკუთარი შემოსავლით კმაყოფილია. თუმცა, ხანდახან მეუღლის დახმარება მაინც სჭირდება.

- ფულის ხარჯვა ძალიან მიყვარს, ამიტომ გარკვეული თანხის შეგროვებას ვერასდროს ვახერხებ. როგორც ყველა ქალბატონს, შოპინგი მეც მიყვარს და ამით არასდროს ვიღლები (იცინის). ფული არც იმაში მენანება, რომ მეგობრებთან ერთად გასართობად წავიდე. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქველმოქმედება, რასაც ხშირად ვერ ვაკეთებ, მაგრამ როცა ამის საშუალება მაქვს, უკან არ ვიხევ. მიყვარს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთებაც.

- ფული შენთვის რასთან ასოცირდება?

- რთული კითხვაა (ფიქრობს). ალბათ, იმ ყველაფერთან - რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ფულით შეგვიძლია, საყვარელი ადამიანები გავახაროთ და მათ ბედნიერება მივანიჭოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფული არ არის.

- მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან ხარ?

GzaPress- მატერიალურად დამოუკიდებელი 19 წლიდან ვარ. მაშინ ტელეკომპანია "პირველ სტერეოში" ვმუშაობდი და პარალელურად რუსთაველზე, თეატრალურ სარდაფში დადგმულ სპექტაკლებში ვთამაშობდი.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი როდის აიღე და რამდენი იყო ეს თანხა?

- პირველი ანაზღაურება? - "მედიისა და ტელეხელოვნების" კოლეჯში ვსწავლობდი, როცა დრამატურგიის პედაგოგმა დამირეკა და მითხრა, რომ ერთ-ერთ სერიალში ჩემი გადაღება უნდოდათ. 3 სერიაში გადამიღეს. სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო, გადაღებების გაგრძელება ვეღარ შეძლეს, მაგრამ რაც ვიმუშავე, იმისთვის ჰონორარი - 60 ლარი მაინც გადამიხადეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ფულით მეგობრები კაფეში დავპატიჟე და კარგად გავერთეთ.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?

- სამწუხაროდ, არასდროს გამომდის. ბევრს შეუძლია დანაზოგის გაკეთება, მე კი მსგავსი რაღაცები არ მეხერხება.

- ფული ყულაბაშიც არასდროს მოგიგროვებია?

- არა, ამასაც ვერასოდეს ვახერხებდი, საამისოდ ნებისყოფა არ მყოფნიდა. თუ რაღაც ძალიან მომინდებოდა და ფული არ მქონდა, მაშინვე ყულაბას ვტეხდი. ახლაც მაქვს ულამაზესი ყულაბა, მერილინ მონროს გამოსახულებით. ის რამდენიმე დღის წინ ვიყიდე და გადავწყვიტე, ზაფხულში დასასვენებელი ფული შევაგროვო და სამოგზაუროდ წავიდე. მეეჭვება, რომ ეს ჩანაფიქრი განვახოციელო... თუმცა, ძალიან ლამაზია და შეიძლება, გასატეხად ვერ გავიმეტო - იმედი მაქვს, გავუძლებ ფულის ხარჯვის ცდუნებას (იღიმის).

- როცა მატერიალური კრიზისი გაქვს, დასახმარებლად ვის მიმართავ?

- რა თქმა უნდა, ასეთ დროს თანხას ნიკუშას ვთხოვ (იცინის).

- ყველაზე დიდი სიამოვნებით ფულს რაში ხარჯავ?

- მსიამოვნებს ჩემს შვილთან, სანდროსთან ერთად სხვადასხვა გასართობ ადგილას სიარული და ამაში ფული არ მენანება. მიყვარს ასევე, ჩემს გოგონებთან ერთად სადმე წასვლა და გართობა.

- ოდესმე ფულის სესხება დაგჭირვებია?

- რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა მქონია. ზოგჯერ ხომ ხდება, რაღაცის შეძენა გინდა და იმ მომენტში საკმარისი თანხა აქ გაქვს, ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი. ახლობელი ადამიანისთვის დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის.

GzaPress

- თავად თუ გაგისესხებია თანხა?

- მეც ხშირად გამისესხებია! თუ მაქვს, რა პრობლემაა, ადამიანს აუცილებლად გავუმართავ ხელს.

- ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას თუ ახერხებ?

- ანაზღაურების გადანაწილება ძირითადად, სანდროს სწავლა-განათლებისთვის მიწევს. დადის წყალბურთზე, ცეკვაზე... კიდევ, ყოველთვიურად სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებიც გვაქვს.

- საკუთარი შრომით ყველაზე დიდი თანხა რამდენი გამოგიმუშავებია?

- ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება. თუმცა, საკუთარი შემოსავლით უკმაყოფილო არასდროს ვარ. რასაც ვშრომობ, იმას საფასურს ვიღებ.

- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი, რომელიც შენთვის მოურთმევიათ.

- ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია საჩუქრის ფასი. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, თუ ვინ მომართვა და როგორი ფორმით. აქედან გამომდინარე, არასდროს დავინტერესებულვარ საჩუქრის ღირებულებით.

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- კი, ხშირად მჩუქნიდნენ და მეც ეგრევე ვხარჯავდი. ძირითადად, ტკბილეულსა და სათამაშოებს ვყიდულობდი.

- როგორ ფიქრობ, ბევრს შრომობ საიმისოდ, რომ საკმარისი თანხა გამოიმუშაო?

- დიახ, ნამდვილად ბევრს ვშრომობ. თუმცა, არ ვწუწუნებ. რასაც ვაკეთებ, იმ საქმეში ყოველთვის მთელ ენერგიას ვდებ, სიგიჟემდე მიყვარს ჩემი პროფესია.

- შენი ხელფასით ყველაზე ძვირად ღირებული, რა შეგიძენია?

- მობილური ტელეფონი, რომელიც მეუღლეს ვაჩუქე. ეს ნიკუშასთვის სიურპიზი იყო და ძალიან გაუხარდა.

- ერთმანეთს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებთ?

GzaPress- კი, ხშირად ვანებივრებთ. მიყვარს, როდესაც ნიკუშა გასტროლებზე მიდის, რადგან იქიდან ყოველთვის ბევრი საჩუქარი ჩამოაქვს არა მარტო ჩემთვის, არამედ სანდროსთვისაც (იცინის)... მან, უკვე კარგად იცის ჩემი გემოვნება და ისიც, თუ რა გამიხარდება ყველაზე მეტად.

- საფულე რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია შენთვის?

- ძალიან მომწონს ლამაზი და ორიგინალური საფულეები და სხვათა შორის, საკმაოდ ბევრიც მაქვს. სხვადასხვა ზომის, ფერის, ჩანთების შესაფერისები... მეგობრებმა იციან ჩემი საფულეებისადმი დამოკიდებულება და ხშირად მჩუქნიან ხოლმე.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ყოველთვის ვიცი, დაახლოებით რა თანხა მაქვს საფულეში. ფულს ისე არასდროს ვხაჯავ, რომ "კაპიკების" იმედად დავრჩე.

- შოპინგი მიყვარსო, - ამბობ. სამოსის შეძენაში ბევრი ფული გეხარჯება?

- შოპინგი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. მიყვარს, როდესაც საყიდლებზე მარტო დავდივარ და არავინ მაჩქარებს. სიმართლე გითხრათ, ამ საქმეში ბევრ ფულსაც არ ვხარჯავ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძვირად ღირებული და ბრენდულია ტანსაცმელი. მთავარია, კომფორტული იყო.

- კოსმეტიკას ხშირად ყიდულობ?

- არა, ამაში ბევრ ფულს ნამდვილად არ ვხარჯავ. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, ხარისხიანი კოსმეტიკა შევიძინო, რადგან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გრიმის გაკეთება ისედაც ხშირად მიწევს და უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება ცუდს შედეგამდე მიმიყვანს... ყოველდღიურად ძირითადად, ტუშსა და ფანქარს ვიყენებ.

- რომელია შენი საყვარელი სუნამო?

- ერთი და იმავე სუნამოს ვერასოდეს ვიყენებ. ზედმეტად ცვალებადი ხასიათი მაქვს და სუნამოსაც განწყობის მიხედვით ვირჩევ. ყოველთვის ვცდილობ, დიდი მოცულობის ფლაკონით არ შევიძინო, რადგან ვიცი, მალე მომბეზრდება.

- ოდესმე ფული თუ დაგიკარგავს?

- არა, არასდროს დამიკარგავს. ისე, ერთხელ ქუჩაში 20 ლარი ვიპოვე (იღიმის).

- საოჯახო ნივთების შეძენა თუ გიყვარს?

- ადრე საოჯახო ნივთებს არ ვყიდულობდი, მსგავსი რაღაცები არ მაინტერესებდა. ბოლო დროს, სიმართლე გითხრათ, ამ საქმით დავინტერესდი. სახლისთვის თუ რაიმე აქსესუარი ან ჭურჭელი მომეწონება, ვყიდულობ.

- როგორ ფიქრობ, ფულით შეიძლება, წარმატებული გახდე?

- ფულსა და წარმატებას ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ. წარმატება შრომისმოყვარეობას, ნიჭსა და მიზანდასახულობას მოაქვს. ფულით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება, მაგრამ წარმატებას ვერ იყიდი.

- საბანკო მომსახურებით ხშირად სარგებლობ?

- არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც საბანკო მომსახურებით არ სარგებლობს. XXI საუკუნეში ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენება.

- თუ გაქვს გამოთვლილი, რა თანხა გჭირდება ყოველთვიურად იმისთვის, რომ თვის ბოლოს თანხის სესხება არ დაგჭირდეს?

- ნამდვილად რთულად დასადგენი და სათქმელია, რა თანხაა საკმარისი ყოველთვიურად. ხომ იცით, რაც მეტი გაქვს ადამიანს, მით მეტი მოთხოვნილება გიჩნდება. აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: რამდენიც გაქვს, იმდენი უნდა იკმარო.

სოფო ჭონიშვილი