"შეიძლება, ერთმა ფიქრმა გადაგაღებინოს ფილმი"
font-large font-small
"შეიძლება, ერთმა ფიქრმა გადაგაღებინოს ფილმი"
ნუცა ალექსი-მესხიშვილი ხელოვანთა ოჯახიდან გამოსული ხელოვანია: მამა - ლადო ალექსი-მესხიშვილი გამოჩენილი მხატვარი ჰყავდა, დედა - კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეა.
ნუცა თავდაპირველად მამის კვალს გაჰყვა - თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მერე კი დედის გზაზე "გადაუხვია" და სულ ახლახან თავისი საინტერესო კინონამუშევარი - ფილმი "კრედიტის ლიმიტი" გამოიტანა მაყურებლის სამსჯავროზე.
"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ჩემი გზისა" და მარიკა დარჩიას სტუმარი გასულ შაბათს სწორედ რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი იყო.

- სამხატვრო აკადემიაში ჩააბარე. მაშინ რეჟისორობაზე არ გიფიქრია?

- აკადემიაში ჩაბარების საკითხი თავისთავად დადგა. მხატვრობა ჩემთვის სერიოზული, ასე ვთქვათ, ეპოქა იყო და არა - ეტაპი რეჟისორობამდე.

- თუ სერიოზული ეპოქა იყო, რეჟისორობა როგორ გადაწყვიტე?

- უცებ გამიჩნდა შესაძლებლობა, გამეგზავნა საბუთები პარიზის კინოსკოლაში. არაფერი ვიცოდი ამ სკოლის შესახებ. ერთ კვირაში შევკარი საბუთები, რასაც ითხოვდნენ - დოსიე, სცენის განხილვა და ა.შ. გავიდა დრო და არც მახსოვდა, როცა ზაფხულის ერთ დღეს შემოვედი სახლში და გაისმა სატელეფონო ზარი: მაცნობეს, რომ მოვხვდი. შემდეგ ძალიან ბევრი რამე აღმოჩნდა რთული, მაგრამ ამ გზის შეტრიალება თითქოს მაინც ადვილად გამოვიდა. 1992 წელი იყო, ერთ თვეში უნდა ვყოფილიყავი პარიზში. ასე ვთქვათ, არსაიდან ვიყავი ჩასული: პარიზში წინა პერიოდს არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. კინოსკოლა უცხოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები, შეიძლება, ცოტა აკრიტიკებენ... იქ ოთხი წლის განმავლობაში ვისწავლე. გადავიღეთ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, ერთ-ერთი იყო ქართველი ემიგრანტების შესახებ.

- კინო ამბის გარკვეული თხრობაა. მას უამრავი ელემენტი აქვს - ხმა, სინათლე, მხატვრობა. შენთვის როგორ იკვრება ყველაფერი?

GzaPress- ამბობენ, რომ შეიძლება, ერთმა ფიქრმა გადაგაღებინოს ფილმი. არაა აუცილებელი, ამბავმა მოგანდომოს ფილმის გადაღება, შეიძლება, მხოლოდ ერთი განცდა იყოს ამის საფუძველი. ამას გარკვეული ტიპის სწავლა უნდა. ძალიან დიდი ინტერესი უნდა გქონდეს ყველაფერ იმის მიმართ, თუ რისგან შედგება კინო.

- მენეჯმენტიც ძალიან მნიშვნელოვანია...

- გეთანხმდებით. რეჟისორს ძალიან დიდი ძალა უნდა ჰქონდეს, ფიზიკური ძალიდან დაწყებული. ფილმის გადაღების პროცესში ერთადერთი ადამიანი, ვინც ვერაფერზე დაიწუწუნებს, რეჟისორია, რადგან იგი აკეთებს იმას, რაც თავად დაისახა მიზნად. წინასწარ უნდა წარმოიდგინო, როგორი ტიპის ფილმის გადაღებას გეგმავ, რომ რეალობაში ჩაჯდეს და უკმაყოფილება არც თანხების გამო გამოთქვა.

- გზას ისე მიყვები, თითქოს კარგად აკვირდები ყველაფერს. მართლა ასეა?

- ერთადერთი, რაც ცხოვრების ამ გზაზე შეიძლება, ჩემს დამსახურებად ჩავთვალო, ისაა, რომ დაცდის არ მეშინოდა, არ მეჩქარებოდა. ბევრი არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ ცხოვრების ყველა სპექტრში, პირადის ჩათვლით, ადრეულ ასაკში არასწორი ნაბიჯები არ გადამიდგამს. დალოდებას საბოლოოდ მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს.

- ხშირად ამბობენ, რომ ვერ მოახერხეს კარიერის აწყობა, რადგან შვილები ჰყავდათ და ა.შ. სამი შვილი გყავს; მიუხედავად ამისა, არ ჩანს, რომ ეს შენთვის ბარიერს წარმოადგენდა...
- ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომელსაც ვერავის აუხსნი. ბავშვებს თუ შეეხები და მართლა ცხოვრებას, თუ შეგხვდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც ცხოვრებას "ორად ინაწილებ", შენი ძალებიც ორმაგდება. ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი დამსახურებაა. ამ შემთხვევაში, ძალიან გამიმართლა. ევროპაში ვისაც შესაძლებლობა აქვს, ის ატარებს ბავშვებთან ბევრ დროს, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, პირიქითაა. მე, საბედნიეროდ, მქონდა ამის შესაძლებლობა და მათთან ერთად დროს ხშირად ვატარებდი.

- შენი ფილმი - "კრედიტის ლიმიტი", რომელიც ამჟამად გადის კინოეკრანებზე, ძალიან საინტერესო და მტკივნეულია, რომელიც გვიჩვენებს იმ რეალობას, რომელიც გამოვიარეთ, - ისეთს, როგორიც იყო სინამდვილეში და არა - ზედმეტი დრამატიზირებით...
- როცა ფილმზე ფიქრი დავიწყე, მივხვდი, რომ ასეთი ამბავი უამრავია ჩვენ გარშემო. ყველა მდგომარეობის ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მარწუხებში. თვითონ გადაწყვეტილების მიხედვით ბანალური სიტუაციების ჯაჭვი გადაება ერთმანეთს. თავიდანვე მივხვდი, რომ ეს არ არის ფილმი, რომელიც გაგიტაცებს და არ გეცოდინება, როგორი დასასრული ექნება. უნდა დაათვალიერო სტატიკური გამოსახულება, უნდა მიჰყვე ტემპს და სისადავეს. არ მინდოდა, რომ ბოლო ყოფილიყო მოულოდნელი ან კეთილი, - იცი, ბოლოში რა მოხდება და როგორ. ეს ჩვენი ცხოვრებაა, რომელიც აღვწერე.
GzaPress
- ნუცა, ვთქვით, რომ კინო ძალიან კომპლექსურია. როცა ფილმს იღებ, გაქვს კავშირი დედასთან, ლანა ღოღობერიძესთან?
- შეგიძლია, ის სრულიად ელემენტარულ საქმეშიც კი დაიხმარო. ფილმის სტილსა და წყობას რაც შეეხება, ამ დროს დისტანციაა. ბევრჯერ დამისვეს კითხვა, არის თუ არა ლანას გავლენა? რაღაც ნაწილია, როცა გინდა, ცალკე საქმიანობდე, რაღაცებში კი დახმარებას სთხოვ.

- ნინო კასრაძე შესანიშნავი მსახიობია. ფიქრობდი მასზე, როცა სცენარს წერდი?

- პირველივე წუთიდან ვფიქრობდი ნინოზე. მას რომ ეთქვა, ვერ ვითამაშებო, არ ვიცი, რას ვიზამდი. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: გადაღების მოედანზე სრულიად უნაკლოა საქციელით, ურთიერთობებით, მუშაობისთვის მზადყოფნით.

- რა გზით მიდის შენი ფილმი? სცდება თბილისის ფარგლებს და იგზავნება სხვა ქვეყნების ფესტივალებზე?
- არ ვიცი, დასწრების ციფრი საბოლოოდ რა იქნება, მაგრამ მაყურებლის სერიოზული პრობლემა ნამდვილად არსებობს. მე როგორ მოვუწოდო სხვას, როცა თვითონ არ დავდივარ ხშირად კინოთეატრში?.. პრემიერა ვენეციაში შედგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩასულები ვიყავით მე, ნინო, ფილმის ოპერატორი. ფილმი იყო გაგზავნილი ფესტივალზე ჩინეთში, პეკინში. ნიუ-იორკშიც ვიყავით, რაც ძალიან საინტერესო იყო. მაისში თურქეთში უჩვენებენ.

- ფიქრობ თუ არა რაიმე ახალ ფილმზე?

- განმარტოებას, თავად იდეასაც რაღაც დრო სჭირდება. ჩვენთან ძალიან რთულია ფილმის გადაღება. შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ყოველ წელს აქვს ფილმის გადაღების სურვილი და შესაძლებლობა. მე ისეთი ექსპრესიული ნატურა არ ვარ, რომ ყოველწუთას ახალი იმპულსები მქონდეს.

- სამი შვილი გყავს. როგორ ფიქრობ, რაღაც მომენტში მათ ცხოვრებაში უნდა იყოს სიტყვა - "უნდა"?
- კი, უნდა იყოს. ჩარჩოები აუცილებელია, მაგრამ ამისთვის შენ თვითონ უნდა იცოდე, რა "უნდა". ყველაზე მეტად რაც მიძნელდება, ეს არის ამ საკითხთან დაკავშირებული მუდმივი უკმაყოფილების გრძნობა. სულ მგონია, რომ რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ, რადგან არანორმალური პასუხისმგებლობაა ბავშვების აღზრდა. ბავშვობა ცხოვრების განმსაზღვრელია, შესაბამისად, მე ამ სამი ბავშვის ცხოვრების განმსაზღვრელი ვარ. მათთან ერთად ცხოვრება და ყოველდღიურობა კი არაჩვეულებრივია.

- გიფიქირა, რომ არის განსხვავება ქალების გადაღებულ ფილმებსა და მამაკაცების გადაღებულ ფილმებს შორის?
- რაც უნდა ვთქვათ, ქალებს მაინც ბევრად უფრო უჭირთ, იყვნენ მხოლოდ საქმით დაკავებულები. მათ ბევრი სიძნელე აქვთ, და მაინც ვთვლი, რომ ქალების როლისთვის ბრძოლა ყოველთვის საჭიროა და ასეც დარჩება. ამისთვის ყველა საზოგადოება იბრძვის. ჩემს ფილმებში სულ ქალები არიან, მე მათი ამბავი უფრო კარგად ვიცი და ეს კინო ალბათ, ქალის გადაღებულია ამ გაგებით, მაგრამ - არა იმიტომ, რომ სადღაც ფარდა ლამაზად ფრიალებს...
ეკა აბაშიძე
ბეჭდვა