"ისეთი გმირის თამაში მიყვარს, რომელიც ნაკლებად მგავს" - გზაპრესი

"ისეთი გმირის თამაში მიყვარს, რომელიც ნაკლებად მგავს"

საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ხოლმე პერიოდები, როცა ბევრს კითხულობს და დგება ისეთი დღეები, ერთი თვის განმავლობაში ერთი მოთხრობის წაკითხვასაც კი ვერ ახერხებს. რაც მოსწონს, უყვარს და მისთვის საინტერესოა, ყველაფერი ადვილად ამახსოვრდება.

პრეამბულის მაგიერ

- როლანდ, ახლა როგორი პერიოდი გაქვს, კითხულობ?

- ბოლო 1 თვეა, არაფერი წამიკითხავს. პროექტში - "ორი ვარსკვლავი" ვიყავი ჩართული და რეპეტიციებს ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა.

- გოდერძი შარაშიასა და ელენე ფოჩხუას წყვილის გამარჯვებას ელოდი?

- ვულოცავ მათ ამ წარმატებას. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, გათვლა სხვა ადამიანზე მქონდა, დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- რომელი ჟანრის ლიტერატურა გიზიდავს?

- ბოლო წლებში ფილოსოფიურმა ლიტერატურამ გამიტაცა. ძალიან მომეწონა გურჯიევი და ლაო ძის "დაო დე ძინი". დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დიმიტრი უზნაძის "განწყობის თეორიამ". ზოგადად ფილოსოფიური ჟანრის ლიტერატურა მკითხველს ბევრ რამეზე სხვაგვარად აფიქრებს. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ბოლოს ანტონ ჩეხოვის მოთხრობები წავიკითხე. საერთოდ პროფესიიდან გამომდინარე, დრამატურგების შემოქმედებას გაცილებით კარგად ვიცნობ. ვალდებულიც ვარ წავიკითხო, თან - მაინტერესებს.

- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- საერთო პიროვნული თვისებები არაერთ გმირთან აღმომიჩენია. სცენაზე ისეთი გმირების თამაში მიყვარს, რომელიც ნაკლებად მგავს, მეტი სათამაშოა და საინტერესო. დონ-კიხოტთან ვიმეგობრებდი.

- ეს პერსონაჟი რით გხიბლავს?

- თავისი არანორმალურობით, სიკეთით, რწმენით, რომ ბოროტ ძალებს უნდა მოერიოს. ძალიან, ძალიან მომწონს... მასთან საერთო რა მაქვს? ხეტიალის სიყვარული, ბავშვური გულუბრყვილობა, ბოროტებასთან შეუგუებლობა, სიფიცხე...

- სიმაღლე ხელს გიწყობს. ითამაშებდი?

- დიდი სიამოვნებით. ისე, საოცნებო როლი არა მაქვს.

- წიგნი მოგიპარავს?

- ხშირად ვიპარავ. თუ არ მაჩუქეს, ვიპარავ. არის წიგნები, რომლებიც გინდა, რომ სულ თან გქონდეს.

- შენთვის მოუპარავთ?

- კი, ვაზის ჯიშებზე მქონდა ერთი კარგი წიგნი, მომპარეს და დღემდე ვეძებ... ღვინის დაყენების ტექნოლოგია მაინტერესებს, ქვევრის ღვინოს თავად ვაყენებ. სასმელებიდან უპირატესობას ამ სახეობას ვანიჭებ.

- პოეზია გიყვარს?

- რა თქმა უნდა, მიყვარს. ძალიან მომწონს ბაადურ ბალარჯიშვილის ლექსები. ბევრი ლექსი ზეპირად ვიცი.

- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას თვალს ადევნებ?

- შეძლებისდაგვარად. ზოგიერთი ჩემი მეგობარია. მაგალითად, გიორგი ზანგური.

- საყვარელი ქალისთვის ლექსი მიგიძღვნია?

- მიმიძღვნია. არ ვიცი, ეს რამდენად ჭრის, მაგრამ იმ წუთში გინდა, რომ დაუწერო და მორჩა! დღემდე ვინახავ ლექსებს, მაგრამ არ ვაპირებ, ფართო საზოგადოების წინაშე გამოვიტანო. ისე, დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია. ხანდახან გონებაში კარგი ფრაზა "მომიფრინდება" და მერე მავიწყდება.

- მეხსიერება კარგი გაქვს?

- რაც მომწონს და მიყვარს, ადვილად მამახსოვრდება.

- ახლახან სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" - გამოჩნდი. პრეზიდენტობის კანდიდატის დაცვის როლში თავს როგორ გრძნობ?

- როგორც ვიცი, ჩემი პერსონაჟი მხოლოდ დაცვა არ არის, მის გარშემო დიდი ამბები უნდა განვითარდეს. ამ გმირთან დაკავშირებით სხვა ჩანაფიქრია. გადაღების პროცესი საინტერესოა. ძალიან სწრაფად მუშაობენ.

- რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკაში რამდენად ერკვევი?

- ბოლოს რომ არჩევნები ჩატარდა, პირველი შემთხვევა იყო, რომ მივედი და ჩემი არჩევანი გავაკეთე. ეს მოვალეობა ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, არეულობა და ალიაქოთი ქვეყანაში ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს?

- იმ არჩევანის გამო, რომელიც არჩევნების დღეს გააკეთე, გინანია?

- არა.

- კოკო შანელი ამბობდა, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი - პასპორტი, ქალის სხეულის რომელ ნაწილს უწოდებდა ის "საზღვარგარეთის პასპორტს"?

- ფეხებს?

- ცდები.

- აბა?

- მკერდს. XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში იყო პოპულარული ჩაის სერვიზი ორ პერსონაზე, რომელსაც ფრანგული სახელწოდება - "ტეტ ა ტეტ" ერქვა. რა სახელწოდებას ატარებდა იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი, ერთ პერსონაზე?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ამ სიტყვას დღეს ადამიანის დასახასიათებლად ვამბობთ, როცა გვინდა ხაზი მის პიროვნულ თვისებას გავუსვათ.

- "ეგოისტი" ხომ არა?

- გამოიცანი. რომელი არასამეფო წარმომავლობის ადამიანის პორტრეტი დაბეჭდეს პირველად ბრიტანეთის საფოსტო მარკაზე?

- შექსპირის.

- "ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს". რომელი პროფესიის ადამიანებზე ამბობდა ამ სიტყვებს მარკ ტვენი?

- ვერ ვხვდები.

- ბანკირებზე.

- ძალიან კარგად დაუხასიათებია.

- რომელი სახელმწიფოა მეორე ადგილზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით?

- ინდოეთი.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინდოეთში ჩატარდა დემონსტრაცია, ხურდა ფულის გაუქმების მოთხოვნით. ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ისინი გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ.

- ვერ ვხვდები.

- ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ.

- ინდოეთში გასტროლზე ვიყავი უი! უი! გახსენება აღარ მინდა.

- ცუდი შთაბეჭდილებით დაბრუნდი?

- იქ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს მოწყალებას. მოუწესრიგებელი გარემო სიბინძურე, მშიერი ხალხი...

- ის საზოგადოება, რომელიც სპექტაკლს დაესწრო?

- ისინი ძალიან მდიდრები არიან, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა და ქუჩაში ვერსად ნახავ.

- დაასრულე სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამი: "სრულყოფილების ნუ გეშინიათ, თქვენ ის ოდნავადაც არ..."

- გაქვთ.

- "...გემუქრებათ". რომაელები განსაკუთრებით საიდუმლო წერილებს სტანდარტულ ფრაზას აწერდნენ, "შენ და..."

- არ ვიცი.

- "შენ და ცეცხლს". ის უდავოდ წარმოადგენს თავისი ქვეყნის სიმბოლოს. დროდადრო უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებს ანიჭებდნენ. პირველი ორდენი წერა-კითხვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. მისმა ასობით ათასმა თანამემამულემ კითხვა მხოლოდ იმიტომ ისწავლა, რომ მისი ბიოგრაფია წაეკითხა. რა სახელით ვიცნობთ მას?

- (ფიქრობს)

- ცნობილი ფეხბურთელი...

- ...(მაწყვეტინებს) პელე.

- ცნობილია, რომ მონღოლები დაბეგვილ უმ ხორცს მიირთმევდნენ. როგორ ბეგვავდნენ?

- ცხენით მგზავრობის დროს უნაგირის ქვეშ დებდნენ და იბეგვებოდა.

- "ეს რა მსახიობი ვიღუპები", რომელ ცნობილ პიროვნებას აღმოხდა სიკვდილის წინ ეს სიტყვები?

- ნერონს.

- "უცხოელები "გენაცვალეს" და "შენი ჭირიმეს" იმიტომ ვერ თარგმნიან, რომ ამ გამოთქმის შესატყვისი განცდა არ გააჩნიათ, თორემ მათი ენა ქართულზე ღარიბი როდია". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- მომეწონა, მაგრამ ავტორს ვერ დაგისახელებ.

- მიხეილ ქვლივიძე. მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- კოცნაზე. ეს ორგანო ადამიანის წონის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მოიხმარს მთელი ორგანიზმისთვის საჭირო ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები. ადამიანის სხეულის 70% წყალია. სისხლი - 5 ლიტრამდე.

- ტვინზე. ისინი ძმები იყვნენ ადლოფი და რუდოლფი. ერთმანეთი არ უყვარდათ. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი 2 ცნობილი ფირმის დამაარსებლები იყვნენ. დაასახელე ეს ფირმები.

- "ადიდასი" და "პუმა".

- რომში ის სიმამაცის სიმბოლოდ ითვლებოდა. ომის დროს ვინც პირველი შეიჭრებოდა მოწინააღმდეგის ქალაქში, უფლებას აძლევდნენ, ხელში ეს მცენარე სჭეროდა. ხოლო ვინც მისით თავს დაუმსახურებლად გაილამაზებდა, სენატის გადაწყვეტილებით, ციხეში სვამდნენ. რომელ მცენარეზეა ლაპარაკი?

- საქართველოში ხარობს?

- დიახ. ერთ-ერთ ყვავილზეა ლაპარაკი.

- ვარდი.

- რომელ ყვავილად გადაიქცა ჭაბუკის გარდაცვლილი სხეული, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს და საკუთარი თავი შეაყვარეს?

- ნარცისად.

- ჰაირიხ ჰაინემ იმ დროისთვის წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა: 6-წლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა გოგოზე, რომელიც გლეხის ოჯახიდან იყო. ქორწილში მან მეგობრების ნაწილი მიიპატიჟა. რა ნიშნით შეარჩია ისინი?

- ვინც შეყვარებული იყო, არა?

- ვისაც საყვარელი ჰყავდა და მოუწოდა, მისთვის მიებაძათ. "მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ/ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,/ მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში/ და თმების ქარით გამოქროლება". ვისი პოეზიიდან არის ეს სტროფი?

- გალაკტიონ ტაბიძის.

- რომელ ბრძოლაში დაიღუპა 9 ძმა ხერხეულიძე?

- მარაბდის.

- ვისთან ერთად იპოვა განძი ტომ სოიერმა?

- ჰეკლბერი ფინთან ერთად.

- რომელი მწერლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია კირილე მიმინოშვილი?

- დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი".

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი - "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- ფარნავაზზე.

- სიცოცხლის ბოლო წლებში რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ჩარლი ჩაპლინი?

- შვეიცარიაში.

- რომელი ქართველი მწერალი მოღვაწეობდა გერმანიაში?

- გრიგოლ რობაქიძე.

- დაბოლოს, დაასრულე შარლ დე გოლის ცნობილი გამონათქვამი: "ყოველთვის აირჩიე ყველაზე ძნელი გზა, რადგან ამ გზაზე კონკურენტებს..."

- ვერ დავასრულებ.

- "...კონკურენტებს ვერ შეხვდები".

თამუნა კვინიკაძე