ეკა ჩხეიძე: "მჯერა. ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერად ხდება" - გზაპრესი

ეკა ჩხეიძე: "მჯერა. ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერად ხდება"

ის "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტობის კანდიდატის - კატა ჯიქიას როლს ასრულებს. ინტერესდება თუ არა რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკით, რას გააკეთებდა, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყოს, როდის ვარდება დეპრესიაში და რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...უფ! აუცილებლად უნდა ვთქვა?

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. ერთი პერიოდი მხატვრობითაც ვიყავი გატაცებული. არტისტების გარემოცვაში გავიზარდე, მაგრამ თეატრალურში რომ ჩავაბარე, მსახიობობა მაშინაც არ მინდოდა. მიუხედავად ამისა, არასდროს მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. ხატვაზე გული მამამ ამაცრუებინა: ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, - ეგრე მეც კი ვხატავო (იცინის). იმ დღის მერე აღარაფერი დამიხატავს.

- ჩემზე ამბობენ...

GzaPress- ...მკაცრი და ცივიაო - ასე ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც არ მიცნობენ. გაცნობის შემდეგ კი აღიარებენ: უკარება მეგონე და სრულიად განსხვავებული ყოფილხარო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ვცდილობ, ტყუილის გარეშე ვიცხოვრო. ტყუილი ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, ამიტომ სხვებს არასდროს ვატყუებ. სიმართლით ცხოვრება ყველაზე ადვილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალი ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ლამაზ ტყუილს მწარე სიმართლე მირჩევნია და იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამით შეიძლება, ბევრი მტერი გავიჩინო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზარმაცი ვარ და ეს არ მომწონს. მაგალითად, მოვინდომებ ვარჯიში დავიწყო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეზარება. იმითაც ვთამამდები, რომ წონის პრობლემა არ მაქვს... ძალიან მიყვარს ფრანგული ენა. სკოლაში ვსწავლობდი და არც თუ ისე ცუდად ვიცოდი. რამდენჯერ მოვინდომე, უფრო საფუძვლიანად მესწავლა, მაგრამ ესეც დამეზარა და რაც ვიცოდი, ისიც დავიწყებული მაქვს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...აუცილებლად უნდა გითხრა? ლურჯი თვალები მინდა მქონდეს. შეიძლება, ოცნება ლინზებით ავიხდინო, მაგრამ უკვე ჩემი არ იქნება. ცხვირის ფორმასაც გამოვისწორებდი.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქვს განცდა, რომ კარგად ვერ ვითამაშე. მაყურებელთან მრცხვენია, როცა საკუთარი თავით ვარ უკმაყოფილო, როცა სპექტაკლი ისე ვერ შედგება, როგორც საჭიროა...

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მერიდება და ყოველთვის ვცდილობ, საუბრის თემა შევცვალო.

- პატიება შემიძლია თუ...

GzaPress- ...ადამიანი გულწრფელია, თუ მართლა ძალიან უნდა, რომ ვაპატიო, მაგრამ პატიება ყოველთვის არ არის იმის გარანტია, რომ იმავეს მეორედ არ გააკეთებს - ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...შეგნებულად ვიმეორებ. ვიდრე რამეს გავაკეთებ, ვფიქრობ. ამიტომაც, ჩადენილს არ ვნანობ. საერთოდ, რომელ კანონში წერია, რა არის შეცდომა და რა - არა? ყველა შეცდომა თავისებური გაკვეთილია, საფეხურია, გაძლიერებს, ეს ცხოვრებაა... შეცდომა უნდა დაუშვა - მრავალფეროვნებისთვის კარგია. რა თქმა უნდა, საბედისწერო შეცდომებს არ ვგულისხმობ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ლაპარაკობენ თემაზე, რომელშიც ვერ ვერკვევი.

- მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო...

- ...მოვუვლიდი ქყვეყანას, ბუნებას... ამდენი მტვერი, გამონაბოლქვი, გაურკვეველი წარმოშობის საკვები - ეს ყველაფერი ხომ საბოლოო ჯამში ერის მომავალზე აისახება?! ჯანმრთელი თაობისთვის ეკოლოგიის დაცვა აუცილებელია! რა თქმა უნდა, მისახედი და მოსაგვარებელი კიდევ ბევრი რამ არის.

- ბოლოს ვიტირე...

- ...1 საათის წინ. ახლობელთან დაკავშირებულ ამბავს მიყვებოდნენ და გული ამიჩუყდა... არ მგონია, ცრემლი სირცხვილი იყოს. ეს ადამიანის ბუნებრივი ემოციაა. ჩემი ატირება ძნელი არ არის.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...10 წლით პატარა.

- სიყვარული ეს...

- ...ღმერთის საჩუქარია. ერთხელ მაინც ისე ძალიან თუ გყვარებია, მის გარდა არაფერი რომ არ გახსოვს და ყოველ დილით ბედნიერი იღვიძებ, მაშინ მართლა უფლისგან ყოფილხარ დაჯილდოებული.

- მამაკაცი უნდა იყოს...

- ...მამაკაცური. ჩემი აზრით, მამაკაცი ფასდება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ქალისადმი.

- ვეპრანჭები...

- ...ცოტ-ცოტა ყველას ვეპრანჭები. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, სულ ფორმაში, მოვლილი, მოწესრიგებული ვიყო და ეს მაყურებლისადმი პატივისცემის ერთგვარი ფორმაც არის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ უხეში, პირდაპირი, მკაცრი და მომთხოვნი ვარ. ჰოდა, ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, შენ მსაჯულად ვინ დაგნიშნა ან რა უფლება გაქვს, ვინმეს შეცდომებზე მიანიშნო-მეთქი?

- თავისუფლებაა...

GzaPress- ...როცა არავისზე არ ხარ დამოკიდებული და არავის ემონები. თავისუფლება შენშია და "რაც მინდა იმას გავაკეთებს" არ ნიშნავს. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუწესოს, რისი უფლება აქვს და რისი - არა.

- ბედისწერის...

- ...ძალიან მჯერა. ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერად ხდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ტრაგიკულ შემთხვევებს არ ვგულისხმობ. პირადად მე, უფლის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობ.

- ინტუიცია...

- ...არასდროს მღალატობს. ზოგჯერ ერთი-ერთში ამხდარა ის, რაც გამიფიქრებია და ასეთ დროს საკუთარი თავი დამიტუქსავს, - ეს რამ მაფიქრებინა-მეთქი? ვცდილობ, ცუდზე არასდროს ვიფიქრო, ფიქრსაც ხომ თავისი ენერგეტიკა აქვს!

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...დედაჩემია.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...რაიმეს გაკეთებას მაიძულებენ. თუ მთხოვ, გავაკეთებ, მაგრამ თუ შეეცდები რაღაც მაიძულო, აუცილებლად გავჯიუტდები.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ექიმი. იცით, ექიმობაც როგორ მინდოდა? მაგრამ ამაზე არ მიოცნებია. ბიოლოგიასა და ქიმიას ვერაფრით ვისწავლიდი.

- ძალიან მინდა ვიცოდე...

- ...ბევრი უცხო ენა. ეს სურვილი ჩემს შვილში "ჩავდე". მან რამდენიმე უცხო ენა ძალიან კარგად იცის.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...აუცილებელია, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ადვილად "ვტყდები" და დეპრესიული ვხდები. მქონია ისეთი პერიოდები, როცა დეპრესიის გამო გარეთ გასვლა არ მინდოდა. ეს ჩემმა უახლოესმა მეგობრებმაც კი არ იციან და ახლა საჯაროდ ვამბობ. არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეცოდები, ვებრალები. არ შემიძლია მოვისმინო თანაგრძნობით ნათქვამი: "ვაიმე, ეკა!" საკუთარ თავს თავად ვშველი, გონებიდან არასასურველ "ფაილებს" ვშლი.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...თეატრში 2 საათით ადრე მოვდივარ და გარედან შემოტანილი ემოციისგან ვთავისუფლდები. საგრიმიოროს სურნელი მსიამოვნებს. გრიმის გაკეთება, ჩაცმულობა ცალკე რიტუალია. როლში ნელ-ნელა შევდივარ. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, ეგრევე სახლში წასვლა არ მინდა. იმდენად სავსე ვარ ემოციით, დაღლილობის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. დილით რომ ვიღვიძებ, მინდა, თეატრში სწრაფად წამოვიდე. ეს ადგილი ჩემთვის სამსახური არ არის - საყვარელი საქმეა, ჰობია, ჩემი ცხოვრებაა... მსიამოვნებს, როცა საჭირო ვარ. მე რომ საქმე არ მქონდეს, დეპრესია დამემართება და ამას ვერ შევებრძოლები, ვერ გავუმკლავდები, შესაძლოა ლოგინადაც ჩავვარდე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ მამამ მითხრა, - არ დაგავიწყდეს, რომ ჩხეიძე ხარო. რა იგულისხმა, არ ჩავძიებივარ, მაგრამ მისი ეს სიტყვები სულ მახსოვს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მიყვარხართ.

თამუნა კვინიკაძე