თიკო მოსემღვდლიშვილის პირადი ცხოვრება - გზაპრესი

თიკო მოსემღვდლიშვილის პირადი ცხოვრება

ახლა "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. მისმა ნამღერმა ჟიური აღაფრთოვანა. "ეს ის შემთხვევაა, როცა როგორც უნდა მინდოდეს, ვერაფერ ცუდს ვერ ვიტყვი", - თქვა თიკოს გამოსვლის შემდეგ გიორგი გაბუნიამ...

- საზოგადოებამ პროექტიდან - "ახალი ხმა" გაგიცნო. მას მერე რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ამ პროექტის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რაიმე რომ შეცვლილიყო, "X ფაქტორში" აღარ გამოვიდოდი. თუმცა, "ახალმა ხმამ" ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში კი, სცენაზე დგომის კომპლექსი მომიხსნა. მოგეხსენებათ, მაოს ჯგუფში ვიყავი და შეიძლება ითქვას, მან ჩამომაყალიბა ისეთ მომღერლად, როგორიც დღეს ვარ. ყველა ჟანრში მუშაობის საშუალება მომცა, ჩარჩოებში არ მომაქცია.

- მუსიკალური განათლება გაქვს?

GzaPress- დიახ, მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. 9 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გამოვედი და საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე, მოგვიანებით კი თეატრალურ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. ამ ეტაპზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობ.

- კიდევ ერთ კონკურსში მონაწილეობის სურვილი რატომ გაგიჩნდა?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია. ტელეეკრანზე რეკლამა რომ გავიდა, მაშინვე ვთქვი: მონაწილეობა ხომ არ მივიღო-მეთქი? მეგობრებმაც შემაგულიანეს და დედამაც მითხრა: გადი, რას კარგავო? გამაოცა იმ ფაქტმა, რომ "X ფაქტორში" გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში წერდნენ, ამას რაღა უნდა, "ახალ ხმაში" ხომ მონაწილეობდაო და მსგავი რაღაცები... თუ ასეთი ცნობილი ვიყავი, ხალხს ვახსოვდი, მაშინ ვერ ვხვდები, ეს ყველაფერი ჩემს კარიერაზე რატომ არ აისახა?

- რაიმე კონკრეტული შემოთავაზება არ გქონია?

- არანაირი შემოთავაზება არ მქონია. საქართველოში, როცა რაღაც საინტერესო ხდება, ცნობილებს იწვევენ, პოპულარული რომ გახდა, ეს ცოტა არ იყოს, რთულია. როცა ტელეეკრანთან ვზივარ და სხვების სიმღერას ვუსმენ, სურვილი მიჩნდება, მეც გავიდე სცენაზე და ყველას დავანახო, რომ მეც მაგარი ვარ. მინდა, ბოლომდე დავხარჯო ის ენერგია, რაც მაქვს.

- ვინ შეგირჩია სამოსი, რომლითაც პირველ დღეს გამოხვედი სცენაზე?

- ეს იმიჯი ჩემი მოფიქრებული იყო. სხვათა შორის, ჩაცმულობაზე ბევრი ვიფიქრე, რადგან მინდოდა, სხვებისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რაც მეცვა, სიმღერის შესაფერი იყო. სამწუხაროდ, ჩემი გამოსვლის შემდეგ "ფეისბუკზე" დიდი ამბავი ატყდა. მაგალითად, ერთი წერდა, - ლამაზიაო, მეორე - რა აქვს ახლა ამას ლამაზი, თვალები სად გაქვთო და ა.შ. გულწრფელად ვამბობ, სულ არ მინდა ვინმემ გარეგნობის გამო შემაქოს. ბოლოს და ბოლოს, მე არ ვმონაწილეობ სილამაზის კონკურსში. ეს სიმღერის კონკურსია და გამიხარდება, თუ ამ კუთხით შემაფასებენ.

- ისიც დაიწერა, რომ ცოტა არ იყოს, ვულგარულად გეცვა...

- დიახ, ეს მეც წავიკითხე. ჩემი აზრით, საერთოდ არ მეცვა ვულგარულად. არ მინდოდა, სცენაზე გამომწვევად გავსულიყავი და აქცენტი ჩემს გარეგნობაზე გაკეთებულიყო. თუმცა, ეს მაინც მოხდა.

- სოფო ნიჟარაძის გუნდში მოხვდი. გაგიხარდა?

- რა თქმა უნდა, გამიხარდა. კარგია, რომ სოფოა ჩვენი მენტორი, რადგან ქალია და რაღაც მომენტში ფსიქოლოგიურად და სულიერად უფრო კარგად გაგვიგებს, ვიდრე კაცი მენტორი გაგვიგებდა. თან, ძალიან ტაქტიანად გაძლევს შენიშვნას და რაც მთავარია, ზუსტად იცის რა უნდა. საკმაოდ კონტაქტურია და ამავდროულად, შეფასებებისას თავშეკავებული. კონკურსანტებთან კონტაქტში ზედმეტად შესვლა და დაახლოება მას არჩევანის გაკეთებას გაურთულებს.

- პირადად შენ თუ გაძლევს შენიშვნებს?

GzaPress- რა თქმა უნდა, მაძლევს. რომ გგონია, რაღაცას კარგად აკეთებ, ხანდახან ცდები. ვიღებ სოფოს შენიშვნებს, შემდეგ მივდივარ სახლში და ჩემს მინუსებზე ვმუშაობ.

- ელოდი იმ შეფასებებს, რაც ჟიურის წევრებისგან მოისმინე?

- ადამიანი არასდროს უნდა იყო იმაში დარწმუნებული, რომ ყველაზე მაგარი ხარ. ველოდი, გაბუნია ისეთი რაღაცას მეტყოდა, სირცხვილით თავს ზემოთ ვეღარ ავწევდი. არც ანრი ჩამორჩება ამ მხრივ გაბუნიას, მასაც მწარე ენა აქვს (იცინის). ამ მხრივ კი გოგოები უფრო თავშეკავებულები არიან. ჰოდა, ჟიურიმ დადებითად რომ შემაფასა, ძალიან გამიხარდა, ამას ნამდვილად არ ველოდი. ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამიცნოს. ჩემი სურვილი საზღვარგარეთ წასვლა და კარიერის იქ გაგრძელებაა.

- როგორ ფიქრობ, რა შანსი გაქვს ამ პროექტში?

- კონკურენცია დიდია. ვნახოთ, რა იქნება.

- როგორ ფიქრობ, შენი გარეგნობა ხელს შეგიწყობს წარმატების მიღწევაში?

- ვფიქრობ, კარგი გარეგნობა აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ წარმატებული გახდე. ამ პროექტში გამარჯვებისთვის სხვა რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად: მსახიობური ნიჭი, ვოკალური გარდასახვები, სცენაზე დგომა, მაყურებლის "ხელში აყვანა". თუ ეს ყველაფერი კარგად გამოგდის, უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ.

- ვფიქრობ, შენ ეს უკვე მოახერხე...

- კი, მგონი მოვახერხე, მაგრამ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. დედაც ჩემნაირია - ბოლომდე არასდროს არაფერი მოსწონს. მითხრა: კარგი იყო, მაგრამ რაღაც აკლდაო.

- თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრე?

- თავდაპირველად მუსკომედიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ მერე გავთხოვდი, დავფეხმძიმდი და 1 წელი აკადემიური ავიღე. როცა სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, მუსკომედიის ფაკულტეტზე მიღება აღარ იყო, ამიტომ მოვხდი სამსახიობოზე.

- კინორეჟისორებისგან შემოთავაზება არასდროს მიგიღია?

GzaPress- სერიალებში ეპიზოდური როლები მითამაშია. შემოთავაზებები მაქვს. აი, დღესაც მომწერა ერთ-ერთმა რეჟისორმა: ახალი სერიალის გადაღებას ვიწყებთ და თამამ სცენებში მონაწილეობაზე თუ დაგვთანხმდებიო? ვფიქრობ, ჩემი მინუსია, რომ ე.წ. თამამ სცენებში მონაწილეობა უბრალოდ, არ შემიძლია.

- კომპლექსი გაქვს?

- კომპლექსს ვერ დავარქმევდი. უბრალოდ, არ მინდა, სიშიშვლით გავხდე პოპულარული.

- როგორც ვიცი, მეუღლეს დაშორებული ხარ და გყავს ერთი შვილი. რამდენი წლის იყავი, როცა გათხოვდი?

- 18 წლისა გავთხოვდი. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე 3 წელი ვცხოვრობით ერთად.

- თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი რა იყო?

- ძირითადი მიზეზი ურთიერთგაუგებრობა იყო. როცა მივხვდი, რომ იმ ოჯახში გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, ავდექი და წამოვედი.

- შერიგების მცდელობა არ გქონიათ?

- მისი მხრიდან იყო მცდელობა, მაგრამ მე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ "ვსიო", ყველაფერი დამთავრდა.

- შენი შვილი რამდენი წლის არის?

- 6 წლისაა და სექტემბერში სკოლაში შევა. მასზე ვნერვიულობ. ძალიან ცელქია და არ ვიცი, როგორ შეეჩვევა სკოლას.

- შვილთან ერთად, მარტო ცხოვრობ?

- არა, დედასთან ერთად ვცხოვრობთ. მყავს ერთი და, რომელიც საზღვარგარეთაა.

- "ახალ ხმაში" მონაწილეობის პერიოდში, ჩვენთან ინტერვიუში თქვი, რომ საქმრო გყავს. ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- დიახ, იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი. სამწუხაროდ, მასაც დავშორდი... ამ ეტაპზე კი არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემს ცხოვრებაში ვინმე არსებობდეს. ოჯახი, სამსახური, ახლა ეს პროექტიც - ისედაც ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე, პირად ცხოვრებაში პაუზა ავიღო. ისე კი, ჯერ 26 წლის ვარ და ვფიქრობ, ყველაფერი წინ მაქვს.

- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს...

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა (იცინის). თაყვანისმცემელი რომ გყავდეს, შენამდე ცოტათი მაინც უნდა მოუშვა, მე კი ვცდილობ, ყველასთან დისტანცია მქონდეს.

- რომანტიკული ხარ?

- რომანტიკული ვარ, მაგრამ ჩემთვის რომანტიკა ფანჯრებთან სიმღერა და კართან ყვავილების დატოვება არ არის - ასეთი ბანალური რაღაცებით არ ვიხიბლები. ჩემთვის რომანტიკა სულ სხვა რამეა. მაგალითად, საყვარელი მამაკაცი რომელიმე ლამაზ კუნძულზე რომ წაგიყვანს (იცინის).

- შენი შვილი სცენაზე რომ გხედავს, რა ამბობს?

- მგულშემატკივრობს და მოუთმენლად ელოდება ჩემს გამოჩენას.

- საკუთარ გარეგნობაზე ბევრს ზრუნავ?

- სხვათა შორის, ბავშვობაში ძალიან პუტკუნა ვიყავი. 16 წლის ვიყავი, როცა საესტრადო სასწავლებელში დავდგით სპექტაკლი - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" და მახსოვს, რეჟისორი მეჩხუბებოდა, - ნუ ჭამ ამდენს, წონაში ცოტა უნდა დაიკლო, რას გავხარო.... როცა გავთხოვდი, წონაში დავიკელი და მის შემდეგ აღარც მომიმატია.

- ვარჯიშობ?

- ვვარჯიშობ, ოღონდ - სახლში. აბა, სად მაქვს დრო საიმისოდ, რომ ყოველდღე სპორტდარბაზში ვიარო?

- როგორ მამაკაცს დაუკავშირებდი შენს ცხოვრებას?

- მამაკაცი, რომელზეც სერიოზულად ვიფიქრებ, აუცილებლად, ძალიან თბილი უნდა იყოს, თავდაჯერებული, სიმპათიური. ხომ გაგიგონია, - თვალი ჭამს და თვალი სვამსო (იცინის)... და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთის უნდა გვესმოდეს. ჩემი სურვილია, საყვარელმა მამაკაცმა პროფესიაში არ შემზღუდოს, რადგან ეს არის ის საქმე რითაც ვხარობ. ასე რომ, მილიონები წინ რომ დამილაგოს, ვილები და ავტომობილები მიყიდოს, თუ ჩემს პროფესიაში შემზღუდავს, არ არსებობს, ვერ გამაბედნიერებს.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- ვცდილობ, ვიყო. ჩემს საქმეს სხვას არასდროს ვანდობ და რომც ვანდო, აუცილებლად გადავამოწმებ.

სოფო ჭონიშვილი