"პოპულარობის ზენიტში იყო... და უცებ - "ბრახ"! ახალ ქმართან ერთად გამოჩნდა!" - გზაპრესი

"პოპულარობის ზენიტში იყო... და უცებ - "ბრახ"! ახალ ქმართან ერთად გამოჩნდა!"

მსახიობის "ანგარიშზეა" პუტკუნა და ფუსფუსა გამოცდილი მეძავი ქალბატონის (რომელმაც აქტიურ "მოღვაწეობას" თავი დაანება და ახალბედები ჩაიბარა) როლიც... გიორგი დარწმუნებულია, რომ ასეთი ქალბატონები ნამდვილად არსებობენ და ზუსტად ისე მეტყველებენ, როგორც მისი პერსონაჟი...

გასულ კვირას გაირკვა, რომ მსახიობი საკმაოდ ელასტიურიც გახლავთ: მან "X ფაქტორის" მონაწილის (რომელმაც შია-ს Chandelier შეასრულა) სახალისო პაროდია შემოგვთავაზა და თავდაუზოგავად იცეკვა.

- თავდაპირველად "კავეენში" ვთამაშობდი, შემდეგ რამდენიმე ტელევიზიაში ვმუშაობდი. "კომედი არხმა" პროექტი - "ქლაბ შოუ" რომ გააკეთა, ჯერ საცდელი ვადით ამიყვანეს, ახლა კი "კომედი ჯგუფის" წევრი ვარ. - სხვა ტელევიზიებში რას საქმიანობდით?

- იქაც იუმორის სფეროში ვმუშაობდი, გადაცემებს ვაკეთებდით (მაგალითად - "ნოკაუტი" "ჯიდიესზე"), მაგრამ მერე ის პროექტები აღარ გაგრძელდა. მანამდე, 2010 წელს ჯგუფი მყავდა - "იუმორინაზე" გამოვდიოდით ხოლმე. მერე "კომედი ჯგუფში" მოსვლა მიზნად დავისახე და მოვედი კიდეც.

- ამ მიზნის მიღწევა რთული იყო?

GzaPress- საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი. როცა იუმორის სფეროს ავირჩიე, მეუბნებოდნენ, - არ გინდა, თავი დაანებეო, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძოლე და მგონი, შრომა დამიფასდა.

- თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟები ძირითადად, თქვენი მოგონილია თუ სხვების იდეას ახორციელებთ?

- ზოგი ჩემია, ზოგი - სხვისი. აქ ყველა ყველაფერზე მუშაობს, ერთმანეთისთვისაც ვფიქრობთ. შეიძლება, ჩემი იდეა სხვამ განახორციელოს და ა.შ. ხუმრობებს ერთად ვწერთ და ვარჩევთ.

- ვულგარულ-სექსუალური ქალბატონების განსახიერების პოტენციალი თქვენში ვინ შენიშნა?

- (იცინის) ზუსტად არ მახსოვს. მგონი, სცენარისტების იდეა იყო. მეც დავთანხმდი, არანაირი პრობლემა არ მქონდა. ჩემი საქმე ადამიანების გაცინებაა და რაც საჭირო იქნება, გავაკეთებ. არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის მსგავსი როლები. პირველად სუსტი ნებისყოფის ქალი განვასახიერე. უცებ შევიმოსე შესაბამისი ტანსაცმლით. სხვათა შორის, ძალიან მომიხდა (იცინის).

- სამოსი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ?

- არა, ჩამაცვეს, დამახურეს. თუმცა, რაღაცებში ჩავერიე. მაგალითად, ვურჩიე, პომადა ცოტა უფრო სქლად წაესვათ. ძირითადი საქმე სტილისტს მივანდეთ, რომელმაც მგონი, მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

- "ელასტიკის", ტანზე მომდგარი სამოსის მორგება არ გაგიჭირდათ?

- თავიდან გამიჭირდა, რადგან მცირე ზომის იყო... სხვათა შორის, ახლა დიდი ზომის სამოსი მომიტანეს და თავისუფლად ვიცვამ.

- შარშან თქვენ მიერ განსახიერებული "ნიჭიერის" კონკურსანტი - ეკა აბშილავა ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობდა...

- სხვათა შორის, ეგ ქალი ჩემზე გაბრაზებული იყო. უთქვამს, - რას ჰქვია, დამცინეს? მე კარგად გამოვედიო. ერთი სიტყვით, დამემუქრა, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა.

- ახლობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა ისეთი სამოსი მოირგე, როგორიც ეკა აბშილავას კონკურსში მონაწილეობისას ეცვა?

- ვისაც ჩვენი საქმის ცოტათი მაინც ესმის, განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ ასეთი ზარებიც იყო, - ბიჭო, რითი გამოდიხარო? ვფიქრობ, სასაცილო სკეტჩი იყო და დადებითად შეაფასეს. ხალხი ხვდება, რომ ჩემს საქმეში ასეთი რაღაცებიც საჭიროა.

- გიორგი, გურამისგან მიტოვებული ნანულის ახალი ქმარი - ბონდო "ხართ". რთული არ არის პოპულარული ქალბატონის ქმრობა?

- ძალიან რთულია. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ნანულისა და გურამის შესახებ სკეტჩები ძალიან პოპულარული იყო, ეს პერსონაჟები ხალხს დღემდე ახსოვს. ნანული პოპულარობის ზენიტში იყო, შემდეგ გარკვეული პაუზა ჰქონდა და უცებ - "ბრახ"! ახალ ქმართან ერთად გამოჩნდა! ჩემთვის გურამის ჩანაცვლება საპასუხისმგებლო საქმე გახლდათ. დაძაბული ვიყავი... ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება, ბავშვიც გაჩნდეს (იცინის). მე და ნანულის ყველაფერი წინ გვაქვს, ცხოვრების დინებას მივყვებით.

- გასულ კვირას ერთ-ერთ სკეტჩში მონდომებით ცეკვავდით.

- ჰო, რაღაც გამომდის. სიმართლე გითხრათ, ნომერი ერთხელ ვნახე და პაროდია გავაკეთე, შევეცადე კარგად მიმებაძა. მგონი, სასაცილო გამოვიდა.

GzaPress

- ცეკვის გამოცდილება გაქვთ?

- არა, არანაირი. თვითნასწვალი ვარ (იცინის).

- სმა-ჭამის მოყვარულ პერსონაჟსაც დამაჯერებლად ასახიერებთ...

- სმა დიდად არ მიყვარს, ჭამაზე კი უარს ვერასდროს ვამბობ. 2 თვეა, გავიძახი, - ხვალიდან დიეტას ვიწყებ-მეთქი. დღესაც ასე ვთქვი, მაგრამ ინტერვიუს რომ მოვრჩებით, ბუფეტში შევალ (იცინის).

- თქვენი პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად, რომელი მოგწონთ?

- მოკრივე ბავშვი. მის შესახებ ჯერ ბევრი სკეტჩი არ ჩაგვიწერია: კრივზე შეყვარებულია, მაგრამ არაფერი გამოსდის და არც ერთ სპორტულ დარბაზში არ იღებენ, რადგან ტანად დიდია, მაგრამ ასაკით - პატარა.Aკრივი ისე უყვარს, რომ ყველას სცემს, ეჩხუბება, თან - ხუმრობით, მაგრამ მისი "ხუმრობა" მტკივნეულია.

- თავად სპორტით თუ ხართ დაკავებული?

- 10 წელი რაგბიში ვვარჯიშობდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, თავი დავანებე: ჯერ ტრავმა მივიღე, შემდეგ სიზარმაცემ მძლია და ვარჯიში აღარ გავაგრძელე.

- პროფესიით ვინ ხართ?

- აგროინჟინერი. აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე, მექანიზაციის განხრით. "მანსანკანში" თამაში სწორედ უნივერსიტეტში დავიწყე.

- პროფესიით გიმუშავიათ?

- სხვადასხვა ადგილას მიმუშავია, მაგრამ პროფესიით - არა. სამაგიეროდ, დიპლომი მაქვს (იცინის).

- თქვენი ოჯახის წევრები გაგვაცანით.

GzaPress- მყავს დედა-მამა და და. სამივე დასაქმებულია. დილით ჩვენი სახლის კარი იღება და პირველი მამა გადის, შემდეგ - მე, მერე - ქალები. საღამოს ისევ ვიკრიბებით... ხანდახან ჩემებს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ვნახულობ. "კომედი ჯგუფში" მუშაობის გარდა, სხვა საქმესაც ვაკეთებ, ამიტომ ზოგჯერ, შინ ძალიან გვიან მივდივარ, იმ დროს კი ჩემი ოჯახის წევრებს სძინავთ. როცა ისინი შინ ბრუნდებიან, ზოგჯერ მე მძინავს და ა.შ.

- "კომედი ჯგუფში" მუშაობის გარდა, რას საქმიანობთ?

- კარაოკე-ბარი გავხსენი, სადაც წამყვანადაც ვმუშაობ, ანიმატორადაც... ეს საქმე ახლახან დავიწყე. ჯერჯერობით, ცუდი არ არის.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- რაღაცები ხდება, მაგრამ ასე ვთქვათ, "გამოკვეთილი" არავინ არის. თავისუფალი ბიჭი ვარ.

- როგორი გოგონები მოგწონთ?

- განათლებული გოგონები მომწონს. ისეთები არ მიყვარს, საუბრის უნარი რომ არ აქვთ და თავს განათლებულებად გაჩვენებენ. "იცი, მე ყველაზე მაგრად ეს პოეტი მიყვარს" - ამბობენ, მაგრამ ხსენებული პოეტის შესახებ რამე რომ ჰკითხოთ, არაფერი იციან. აი, ასეთ "ძალით განათლებულებს" ვერ ვიტან. სიმართლე გითხრათ, გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, კარგად მეტყველებდეს, კარგად აზროვნებდეს...

- პროფესიული განათლებისა და ამჟამინდელი საქმიანობის გარდა, რომელ სფეროში ხართ განათლებული, რა გაინტერესებთ?

- მაგალითად, სპორტი ძალიან მაინტერესებს და მოგზაურობაც მიყვარს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდივარ, 1-2 "გასვლა" უცხოეთშიც მქონდა. ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, ქალაქიდან გავიდე. გარეგნობის გამო, ზოგს ზარმაცი ვგონივარ, სინამდვილეში კი აქტიური გახლავართ: სიარული, მოძრაობა, "მიდი-მოდი" მიყვარს (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი