"უცნაური ადამიანები მომწონს და უცნაურად მიყვარს" - გზაპრესი

"უცნაური ადამიანები მომწონს და უცნაურად მიყვარს"

თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, თავად ის ადამიანი მოსწონს, რომელიც ჯერჯერობით ვერც კი ამჩნევს... როცა უყვარს, ბედნიერი და ცოტა არ იყოს, დაბნეულია.

- ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ. ხშირად ვკითხულობ ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას და ვფიქრობ, ნამდვილი კირჩხიბი ვარ, თავისი დადებითი, უარყოფითი და ცოტა უცნაური თვისებებით.

- უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ადვილად გამოგდის?

- კონტაქტური ვარ, მაგრამ ახალ ურთიერთობებს ადვილად ვერ ვიწყებ, რაღაც პერიოდი დაკვირვებისთვის მჭირდება.

- შენი გაბრაზება ადვილია?

GzaPress- საკმაოდ ადვილად ვბრაზდები. ვერ ვიტან უსამართლობას, ირგვლივ კი მსგავს მაგალითებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები და ამიტომაც, თითქმის ყოველთვის ნერვებმოშლილი დავდივარ(იღიმის).

- წყენის გულში ჩადება გჩვევია თუ მალევე ივიწყებ?

- გააჩნია მიზეზსა და პიროვნებას, ვინც მაწყენინა. ხშირ შემთხვევაში, წყენას მალევე ვივიწყებ. არ მიყვარს ბოღმის გულში ჩადება. ბოღმიანი არ ვარ. როცა მწყინს, ამას ხმამაღლა ვამბობ.

- რამდენი წლის ხარ?

- 21-ის გახლავართ.

- რას გვეტყვი შენს დედმამიშვილებზე, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. როგორი ურთიერთობა გაქვს ძმებთან?

- 2 ძმა მყავს - ლევანი და გიორგი. ისინი ყოველთვის მხარში მიდგანან. ჩვენ ვმეგობრობთ და ერთმანეთის მეგობრებთანაც ვპოულობთ საერთო ენას. მიხარია, ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ადამიანი რომ არსებობს. მათ გარეშე მოწყენილობა იქნებოდა (იცინის).

- ხშირად კამათობთ?

- ხშირად - არა, ძალიან იშვიათად ვკამათობთ.

- რამდენად პრინციპული ხარ?

- ძალიან პრინციპული ვარ. არ შემიძლია მოვითმინო, როცა ვიღაც ჩემი თავმოყვარეობის შელახვას ცდილობს. ასეთ დროს სულაც არ მაინტერესებს, ვინ არის და რამდენს დავკარგავ მასთან დაპირისპირებით, უკან არ დავიხევ, ჩემი პრინციპების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ.

- რას მიიჩნევ შენს უარყოფით თვისებად?

- ზარმაცი ვარ (იღიმის).

- სიზარმაცის გამო რაიმე საქმე გაგიფუჭებია?

- არა, ასეთი რამ არ მახსენდება. ზარმაცი ვარ-მეთქი, - იმიტომ აღვნიშნე, რომ საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ არ ვიყენებ. თუმცა, ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის ვაკეთებ.

- მავნე ჩვევები თუ გაქვს?

- მგონი, არ მაქვს (იცინის).

- შენი ყველაზე კარგი თვისება რა არის?

- სამართლიანი ვარ, ერთგული, არ მიყვარს ადამიანების მოტყუება... ისე, საკუთარი თავის ქება უხერხულია... საკმაოდ ფიცხი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში, სამართლიანად "ვფეთქდები".

- თავად თუ მოუტყუებიხარ ვინმეს?

- ადამიანებს ვენდობი. რა ვქნა, არ მინდა ეჭვის თვალით ვუყურო მათ, ვინც მიყვარს. გულწრფელი ვარ და მგონია, რომ ჩემთან ურთიერთობაშიც ყველა გულახდილია. თუმცა, ზოგჯერ იმედგაცრუებაც მქონია - მოტყუებული და გულნატკენი დავრჩენილვარ.

- ოჯახის წევრებისგან შენიშვნას ხშირად იღებ?

- ყველაზე ხშირად შენიშვნას დედისგან ვიღებ. თუ ეს შენიშვნა სამართლიანია, აუცილებლად ვითვალისწინებ.

- შეყვარებული ნინი როგორია?

GzaPress- ძალიან დაბნეულია და მეტწილად გაშტერებული დადის, უყურადღებოა; ოცნებებში წასულმა შეიძლება, შემთხვევით სახლი გადაწვას. აუტანელია მეგობრებისთვის, რადგან ათასჯერ შეუძლია მოუყვეს მათ ერთი და იგივე ამბავი. მოკლედ, ნინი უცნაური გოგოა (იცინის)... ცვალებადი ხასიათი მაქვს, უცნაური ადამიანები მომწონს და უცნაურად მიყვარს... შეიძლება, ერთმა უმნიშვნელო მომენტმაც შემაცვლევინოს წარმოდგენა საყვარელ ადამიანზე და ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდეს. უცნაურია ჩემი დამოკიდებულებაც ცხოვრებისადმი. ერთ წუთში შემიძლია დავანგრიო ის, რასაც წლები ვაშენებდი.

- დეპრესიული პერიოდი თუ გქონია?

- საშინლად დეპრესიული ვარ, მაგრამ ასეთ დროს საკუთარ თავს ვებრძვი და ვცდილობ, მანამდე აღმოვფხვრა კონკრეტული პრობლემა, ვიდრე მომერევა. ასეთ დროს სახლში ნამდვილად არ ვიკეტები. საბედნიეროდ, ჩემი დეპრესია დიდხანს არ გრძელდება - მეგობრები არ მაძლევენ ცუდად ყოფნის საშუალებას.

- პირველად რა ასაკში შეგიყვარდა?

- 13 წლის ასაკში, ჩემი სკოლელი შემიყვარდა. არ ვიცი, ამას რამდენად ერქვა სიყვარული, მაგრამ გაშტერებული კი დავდიოდი და ოცნებებში წასულმა სამი ჩაიდანი დავწვი. თუმცა, ის ადამიანი ისე გადავიყვარე, ჩემი გრძნობების შესახებ არაფერი გაუგია (იცინის).

- ამ ეტაპზე რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი ხდება. ერთი კარგი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მე სხვა მომწონს და მგონი, ის სხვა თვალებში კარგად ვერ იყურება (იცინის)...

- რას გვეტყვი, შენს თაყვანისმცემლებზე?

- ყველა გადარეული ჩემი თაყვანისმცემელია. თუმცა, ამ ყველაფრით კარგად ვერთობი.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- პირველ რიგში, მართალი ადამიანები მომწონს და მიყვარს. კონკრეტულ თვისებებზე ვერაფერს გეტყვით. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

- როგორ ფიქრობ, შენი გულის მოგება ძნელია?

- მგონი, არც ისე ძნელია. ამისთვის ცოტაოდენი მონდომება და ტვინის ამუშავებაა საჭირო. ბანალური რაღაცებით არ ვიხიბლები (იცინის).

- თაყვანისმცემლები რით განებივრებენ?

- საჩუქრების კეთებით თავს დიდად არ იკლავენ, რადგან ვინც არ მომწონს, მას თავიდანვე ვუხსნი, რომ არაფერი გამოვა. არ მიყვარს ტყუილად ადამიანის დაიმედება.

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- გააჩნია ტრადიციას: ზოგი მომწონს, ზოგი - არა. მაგალითად მისაღებია სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია. სამაგიეროდ, არ მომწონს ისეთი წესები, რომლის გამოც ქალთა უფლებები ილახება.

- ქართულ ტრადიციულ ქორწილს თუ გადაიხდიდი?

GzaPress- საწინააღმდეგო არაფერი მექნება (იღიმის).

- რა პროფესიას ეუფლები?

- კონსერვატორიაში ვსწავლობდი ჯაზ-ვოკალს და ასევე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობას. ამჟამად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ.

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, მოგეწონება?

- თუ ამის აუცილებლობა იქნება, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ცხადია, საყვარელ ადამიანთან ერთად ცალკე ცხოვრება მირჩევნია.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ იცი?

- არა, ამით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. თუმცა, როცა ვინდომებ, ყველაფერი ძალიან კარგად გამომდის.

- სადილების მომზადება გეხერხება?

- რაღაცების მომზადება ვიცი. მაგალითად, საკუთარი შაურმის რეცეპტი მაქვს. ისეთი გემრიელი გამომდის, რომ ყველა ჩემს მეგობარს ძალიან მოსწონს.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება იცი?

- კი, ვიცი და თან, უთოობა მაგრად მაქვს "დამხეცებული".

სოფო ჭონიშვილი