როგორ ანებივრებდა ედიშერ მაღალაშვილი შვილიშვილს - გზაპრესი

როგორ ანებივრებდა ედიშერ მაღალაშვილი შვილიშვილს

მისმა ბაბუამ რუსთაველის თეატრში არაერთი საინტერესო როლი შექმნა, ქართულ კინოს კი საოცარი სახეები შემოუნახა. უარყოფითი გმირების უბადლო შემსრულებელი იყო. ყველა როლს - დიდსა თუ მცირეს, განსაკუთრებული დამაჯერებლობით თამაშობდა... ცხოვრებაში კი, როგორც ამბობენ, ძალიან თბილი და პოზიტიური ადამიანი გახლდათ.

ნატალია მაღალაშვილი დიდი მსახიობის შთამომავალი გახლავთ. ის ამჟამად, რადიო "პალიტრის" დილის გადაცემის პროდიუსერია.

ბაბუა და ოჯახური გარემოცვა

- მე ვარ ედიშერის შვილიშვილი, ვატარებ ამ ადამიანის გვარს, ნატალია კი მისი მეუღლის ანუ ბებიას პატივსაცემად დამარქვეს. ვფიქრობ, ოჯახის წევრებში ძალიან გამიმართლა. ყველანი საოცრად კარგები არიან და თითოეულის მადლობელი ვარ თუნდაც იმისთვის, რომ ასეთები არიან... შეიძლება ითქვას, რომ მე ედიშერმა და მისმა მეუღლემ, პიანისტმა - ნატა ყავრიშვილმა გამზარდეს.

GzaPressდედისერთა ვარ, ამასთან, ედიშერის პირველი შვილიშვილი გახლდით და თანაც, შვილიშვილებში ერთადერთი გოგო! ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მანებივრებდნენ?! თავიდანვე შემიყვანეს მუსიკალურ ათწლედში. ნატა თვითონ მასწავლიდა მუსიკას და ეს იყო 6-საათიანი სერიოზული მეცადინეობა. ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობდნენ, მე კი ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი. ბაბუა 2005 წელს გარდაიცვალა...

- დიდი მსახიობი იყო და როგორც ირკვევა, ყურადღებიანი ბაბუაც ყოფილა...

- არაჩვეულებრივი ბაბუა გახლდათ, თბილი ადამიანი... ჩემGშემდეგ გაჩნდა ჩემი ბიძაშვილი, რომელიც მის სახელს ატარებს (ედიშოს ვეძახით) და მოგვიანებით, მისი ძმა - გივიკო. ბაბუსთვის ჩვენ ყველაფერი ვიყავით, მაგრამ მე და ედიშერს განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით. თუმცა, ედიშოსთანაც ძალიან მეგობრობდა... მოგვიანებით, როცა საცხოვრებლად მშობლებთან გადავედი, არ არსებობდა, სადმე წასლა მომნდომებოდა და არ ეკითხა: ხომ არ გინდა, მანქანით გაგიყვანოო? ასე მგონია, გრძნობდა ჩემს სურვილებს და მუდმივად ჩემი ოცნებების ამსრულებელი იყო. ის ჩემთვის დიდი ძალა და იმედი გახლდათ. ნებისმიერი სიტუაციიდან მომიძებნიდა გამოსავალს. მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი.

დიდი მსახიობი - სცენაზე

- ძალიან მიყვარდა ედიშერი სცენაზე. მიმაჩნია, რომ თეატრში ბევრად უკეთ ჩანდა მისი ტალანტი, ვიდრე - კინოში. მისი კინოროლების უმეტესობა, რომელიც ედიშერის ახალგაზრდობაშია გადაღებული, მაყურებელმა ძალიან შეიყვარა და მეც რაღაცნაირად მიყვარს, მაგრამ ასეთი ახალგაზრდა ბაბუ თითქოს "ჩემი არ იყო" და მისი ამ ნამუშევრების მიმართ თითქოს, გაუცხოება მაქვს... თეატრში, სცენაზე მის სანახავად რომ მივდიოდი, შინ აღფრთოვანებული ვბრუნდებოდი. ძალიან დიდი ძალა და ენერგია მოდიოდა მისგან. ამასთან, მის როლებში საოცარი მრავალფეროვნებაც იყო. კინოში კი რატომღაც, ძირითადად, ერთი და იგივე სახე ჰქონდა...

- ჰო, სიმპათიური მამაკაცი უარყოფით როლებს საოცარი დამაჯერობლობით თამაშობდა...

- ასე დაინახეს რეჟისორებმა, მაგრამ "ქეთო და კოტეში" ეპიზოდური როლი ჰქონდა, ამჯერად, ბოროტ ადამიანს არ განასახიერებდა (იღიმის). სხვა მისი ყველა კინოროლი ერთმანეთს რაღაცით ჰგავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოპულარული, მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი გახლდათ და ქალებსაც ძალიან მოსწონდათ... ედიშერს კი უზომოდ უყვარდა თავისი ცოლი. ისეთი სიყვარული, როგორიც მას საკუთარი მეუღლის მიმართ ჰქონდა, ჩემ მიმართ ვინმემ რომ გამოამჟღავნოს, ბედნიერ ადამიანად ჩავთვლი თავს.

მუშაობა როლებზე და მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი

GzaPress- ის ჩვენთან თავის როლებზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ ასეთი რამ ხშირად ხდებოდა: მანქანით სადმე რომ მივდიოდით, გზაში უეცრად, რაღაცას იტყოდა და ვხვდებოდი, რომ საჭესთან მჯდომი როლს იმეორებდა. ასეთი რამ მას შინ, ვთქვათ, საუზმობის დროსაც ახასიათებდა. როგორც ჩანს, სულ ფიქრობდა, გონებაში როლს იმეორებდა და შტრიხებს ეძებდა. გონებით იმდენად იყო ჩართული როლზე მუშაობაში, რომ ზოგჯერ ავიწყდებოდა, სად იყო...

- ვინ იყვნენ მისი უახლოესი მეგობრები?

- მსახიობ ზინა კვერენჩხილაძეს დავასახელებ, რომელიც მისი სასცენო პარტნიორიც იყო და ბევრ სპექტაკლში მასთან ერთად აქვს ნათამაშები. მედეა ჩახავასთან სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა. მახსოვს, ერთმანეთს ურეკავდნენ და საათობით შეეძლოთ ელაპარაკათ. როცა ბებია გარდაიცვალა, ამ ორმა ქალბატონმა - ზინამ და მედეამ გადაატანინეს ტკივილი, მხარში ამოუდგნენ. მათთან ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა... არ მახსოვს დღე, ბაბუ ცოლის საფლავზე არ მისულიყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველდღე დადიოდა...

რა თქმა უნდა, მისი უახლოესი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ფიქრობდა, არსებობდა, სუნთქავდა, იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგჭკორი, ბადრი კობახიძე, კარლო საკანდელიძე, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე... მათ გვერდით ყოფნა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.

ბაბუს მეგობრები

- თურმე, ჩემი მშობლების ქორწილი სახლში გადაიხადეს. რამაზ ჩხიკვაძე ყოფილა თამადა. მეზობლებს ფანჯრები გაუღიათ და მთელი ეზო ასე ადევნებდა თვალს მსახიობების თავმოყრას. ისინი თურმე, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მღეროდნენ და ნამდვილი ზეიმი გაუმართავთ.

ბაბუსა და მისი მეგობრების ურთიერთობის შესახებ ბევრი რამ გადმოცემით, მშობლებისგან ვიცი...

პროფესია

- დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი და გადავიღე რამდენიმე ფილმი, მათ შორის - დოკუმენტური ფილმი განსხვავებული უნარების მქონე ბავშვებზე... ჩემი სადიპლომო ნამუშევარი კი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტიებს ეხებოდა. ამ ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესო იყო... ჩემს პროფესიაში კომფორტუად ვგრძნობ თავს, მაგრამ ძალიან მიყვარს ჟურნალისტიკაც. წლების განმავლობაში ვიყავი ტელევიზიისა თუ რადიოს ჟურნალისტი, წამყვანი, პროდიუსერი. ძალიან მიყვარს სიუჟეტების კეთება. რაც შეეხება რადიო "პალიტრას", აქ კარგი კოლექტივი დამხვდა და მეც ვცდილობ, ჩემი საქმე კარგად ვაკეთო.

- მიკვირს, პროფესიად მსახიობობა რომ არ აირჩიე...

- ძალიან მომწონდა ბაბუა დიდ სცენაზე და მეამაყებოდა, როცა მას ხალხი ტაშს უკრავდა, მაგრამ მსახიობობის სურვილი თავად არასდროს გამომითქვამს. შესაძლოა, ეს პროფესია იმიტომაც არ ავირჩიე, რომ ვიცოდი, ოჯახში ამაზე თანხმობას არ მომცემდნენ, რადგან უნდოდათ, პიანისტი გავმხდარიყავი. ისიც მესმოდა, რომ მსახიობობა მაინც რეჟისორზე დამოკიდებული პროფესიაა...

უკვე გითხარით, რომ მუსიკალურ ათწლედში დავდიოდი და როგორც ამბობდნენ, მქონდა ძალიან კარგი მონაცემები; ფორტეპიანოს განხრით კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მე მეცადინეობა აღარ მომინდა. მერვე კლასში ყოფნისას მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მუსიკისთვის თავი დამენებებინა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ მხარში ამომიდგა, მამა იყო, რომელსაც თურმე, როგორც მოგვიანებით გავიგე, იგივე გზა გაუვლია - მანაც დაანება მუსიკას თავი...

მსახიობი დედა

GzaPress- დედაჩემი - მსახიობი ნინო დუმბაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ერთ-ერთი პირველი "მზიურელიც" არის. მას იღებენ სერიალებში და პერიოდულად, "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მონაწილეობს. ახლაც, რაღაც ახალ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცეს, მაგრამ თეატრი ყველაფერს ურჩევნია...

დედა სპექტაკლში - "გვირილა" სოფიკო ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად თამაშობდა. დედა სოფიკოსთან მეგობრობდა. როცა მან "ურიელ აკოსტა" პირველად განაახლა, ივდითის როლი (რომელსაც ჯერ ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა, მოგვიანებით კი თვითონ სოფიკო) დედას მისცა. რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ გაანახლეს ეს სპექტაკლი და დღესდღეობით ივდითს ნატა მურვანიძე განასახიერებს, დედის როლი კი ნინოს ერგო. ჰოდა, ახლა ნინო და ნატუკა ხუმრობენ: ივდითი ჯილდოსავით გვერგოო. კოტე მარჯანიშვილის ეს სპექტაკლი დღემდე იდგმება და სასიამოვნოა, რომ ამ წარმოდგენის სანახავად ახალგაზრდობა დადის.

სხვათა შორის, დედა თამაშობდა კოტე თოლორდავასთან ერთად, წარმოდგენაში - "ტანგო ნაბიჭვართან", რომელიც კოტეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთხელ ითამაშეს. კოტე ამ სპექტაკლში ერთადერთი მამაკაცი იყო...

დღესდღეობით, დედა ბევრ სპექტაკლშია დაკავებული და პრემიერისთვისაც ემზადება.

- აღარ მღერის?

- არა, თუმცა იყო პერიოდი, როცა ანსამბლ "ივერიასთან", "თეატრონთან" ერთად მღეროდა. მართალია, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ სცენაზე დედის სიმღერა მახსოვს...

ედიშერ მაღალაშვილის მემკვიდრეები

- მამა - მიშა მაღალაშვილი კინოოპერატორია. თუმცა, წარსულში მსახიობი გახლდათ. მამას ნამუშევრებიდან უნდა აღინიშნოს ფილმი - "ოცნებების სასაფლაო" (რეჟისორი - გოგა ხაინდარავა), რომელიც აფხაზეთის ომის დროს გადაიღეს. ასევე, მუშაობდა რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილთან, რომელთან ერთადაც არაერთი ფილმი თუ სხვა პროექტი აქვს გადაღებული, მათ შორის, პირველი სატელევიზიო სერიალი - "სახლი ძველ უბანში" და სწორედ ამ ფილმისთვის აიღო "მანა" - სატელევიზიო ჯილდო, როგორც საუკეთესო ოპერატორმა. მისი გადაღებულია დიტო ცინცაძის "ზღვარზე".

- თქვენი ოჯახის კიდევ ერთ ცნობილ და სახელოვან ადამიანზე, ექიმ გოგი მაღალაშვილზეც გვითხარი რამე...

- გოგი ედიშერის უფროსი შვილია. ის მართლაც ცნობილი ნეიროქირურგი გახლავთ. ახლა მისმა შვილმა - ედიშომაც პროფესიად ნეიროქირურგია აირჩია. გოგის მეუღლე - რუსიკო ნიკოლაიშვილიც ექიმი-ნევროლოგია. ჩემი ოჯახის წევრებზე ლაპარაკი უხერხულია, მაგრამ მაინც გეტყვით: თითოეული მათგანისგან შეგიძლია, რაღაც ისწავლო. დიდი ბედნიერებაა, როცა ერთ ოჯახში ამდენი საინტერესო ადამიანია. ტრაბახა არ ვარ, მაგრამ ბავშვობაში, როდესაც თეატრში პარტერში ვიჯექი და ოჯახის წევრებს სცენაზე ვუყურებდი, სურვილი მქონდა, ყველას გაეგო, რომ ადამიანი, რომელსაც ტაშს უკრავდნენ, ჩემი ბაბუა ან დედა იყო...

- თავად რამდენი შვილი გყავს?

- 15 წლის ვაჟი - თეიმურაზ (თიო) გაბუნია ჩემთვის დიდი საჩუქარია.

ლალი ფაცია