ტაილანდური ცრემლდენი წიწაკები, მატყუარა კამბოჯელები და "მზის ქვეყნის" შვილები - გზაპრესი

ტაილანდური ცრემლდენი წიწაკები, მატყუარა კამბოჯელები და "მზის ქვეყნის" შვილები

რით აღფრთოვანდნენ ტაილანდში, კამბოჯასა და მიანმარში (ყოფილ ბირმაში) მოგზაურობისას და რა ამბები გადახდა თავს ორ ქართველ ქალბატონს, თამარის მონათხრობით შეიტყობთ.

- თბილისში მცხოვრებ ახალ მიგრანტ ჯგუფებთან დაკავშირებულ პროექტზე მულტიკულტურული სოციალური კომუნიკაციების კუთხით ვიმუშავე. ბოლო 10-წლიანი პერიოდის მიგრანტებს შორის იყვნენ ტაილანდელებიც. პროექტი ითვალისწინებდა ჩამოსული ხალხის კულინარიისა და მათ თავს გადახდენილი აქაური ამბების გაცნობას. ტაილანდელებით მოვიხიბლე, რადგან საოცრად მშვიდები, კეთილგანწყობილები და მოღიმარები არიან. ვიცნობდი კონკრეტულად მათ სამზარეულოსა და რელიგიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზეც ზოგადი წარმოდგენა მქონდა და გადავწყვიტე, უშუალოდ გავცნობოდი ყველაფერს, იქ მცხოვრებ ადამიანებსა და ტრადიციებს. ტაილანდი, კამბოჯა და მიანმარი ერთმანეთს ესაზღვრება. მაგალითად, ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ ჩანგმაიდან 2 საათის გზაა საზღვრამდე. ამ მხრიდან ტაილანდს ესაზღვრება კამბოჯა, ლაოსი და მიანმარი და ამ ადგილს ოქროს სამკუთხედს უწოდებენ. მიანმარის, ყოფილი ბირმის ისტორიიდან ცნობილია, რომ აქ სამხედრო რეჟიმი იყო და ტურისტებისთვისა და გარე სამყაროსთვის ცოტა ხნის წინ, 2012 წელს გაიხსნა. ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია, მასში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ და მულტიკულტურულობა დედაქალაქის - ნეილპიდოს არქიტექტურასაც ეტყობა.

GzaPress

- მაგრამ მოგზაურობა მიანმარით არ დაგიწყიათ. მოდი, მარშრუტს მივყვეთ. პირველად სად ჩაფრინდით?

- ტაილანდში, კერძოდ - ბანკოკში. მოკლედ გეტყვით: ბანკოკიდან გადავედით კამბოჯაში, იქ 10 დღე დავყავით, შემდეგ გავემგზავრეთ მიანმარში და იქიდან კვლავ ტაილანდში დავბრუნდით, ოღონდ მის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს, როგორ ცხოვრობს ხალხი. ჩრდილოეთ ტაილანდში, ძირითადად, თავმოყრილია კარგად მოვლილი დაცული ტერიტორიები, პარკები, მათ შორის შეხვდებით პეპლების რეზერვაციას, სპილოების პარკს. თუმცა, ცოცხალი არსებების ასე გამოკეტვას ვერ მოვიწონებ, მაგრამ ბევრი ტურისტი სწორედ ამით ინტერესდება, იხიბლება და 3-4 დღითაც კი რჩება ამ კეთილმოწყობილ პარკებში, ამწვანებულ და ათასფერად ბუნებაში. რაც შეეხება ბანკოკს, ის უზარმაზარი ქალაქია, სადაც ყველა ტიპის ტურისტს ნახავთ - აქ ჩამოდიან ქვეყნის ისტორიით, ღირსშესანიშნაობებით, ეგზოტიკით, ბუნებით დაინტერესებული ადამიანებიც და ჩამოდიან "სექსტურიზმის" გამოც. ამბობენ, რომ ამ უკანასკნელით ძალიან ვითარდება ტაილანდის ეკონომიკა. აქ თურმე საგანგებო ადგილებია, სადაც თავისუფლად დადიან ქალებიც და მამაკაცებიც და ქუჩაშივე შეუძლიათ სექსუალური აქტის ჩატარება. ცხადია, გარკვეული უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან და გადასახადებიც უნდა გადაიხადონ. თუმცა, ტაილანდი მხოლოდ სექსტურიზმი, ოქროსფერი ქვიშა და მზე არ არის და ბევრად საინტერესოა. აღვფრთოვანდით ადამიანებით: ქუჩაში, მეტროში, ნებისმიერ ტრანსპორტსა თუ თავშეყრის ადგილას ყველა გიღიმის. ძალიან მშვიდი და კეთილგანწყობილი ხალხია.

- განათლების თვალსაზრისით როგორი მდგომარეობაა?

- განათლებაზე განსაკუთრებით ზრუნავს ტაილანდის ხელისუფლება. აქვთ ბევრი უნივერსიტეტი, საოცრად კეთილმოწყობილია სკოლები და ა.შ. მოკლედ, განათლების თვალსაზრისით სახელმწიფოს სწორი გეზი აქვს აღებული. ტაილანდის ქალაქებში ხალხი ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობს. ბაზრები და დახლებიც ქუჩაში აქვთ მოწყობილი და ოჯახებიც მთელ დღეს და შეიძლება - ღამესაც სახლის წინ ატარებენ. გამოტანილი აქვთ ყველა საჭირო პროდუქტი, თანაც დასუფთავებული, პატარა გაზქურა უდგათ და იქვე იმზადებენ კერძებს, იქვე შლიან მაგიდას და იქვე მიირთმევენ. მხოლოდ დასაძინებლად შედიან შინ. საერთოდ, მათთან ოჯახის ინსტიტუტი ძალიან ძლიერია. იცით, ალბათ, რომ მათი ძირითადი რელიგია ბუდიზმია. ტაილანდელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ან ზოგადად ასაკოვან ხალხს, უხუცესებს - სწორედ ისინი მიაჩნიათ ყველაზე ბრძენ და პატივსაცემ ადამიანებად. ახალგაზრდები მოწიწებით, ერთმანეთს მიტყუპული გაშლილი ხელისგულებით თავდახრილები ესალმებიან და ესაუბრებიან მათ. ეს პოზა ქართულად ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს - "ვაი, ვაი" ჰქვია. ხელისგულების შეერთება მათთვის უდიდესი პოზიტიური სიმბოლოა და ჰარმონიულობას, ერთიანობას ნიშნავს. ამიტომ ჩვენს მათსავით "ვაი, ვაით" დავდიოდით. ძალიან მოგვეწონა, რომ მათ ყვირილი და ხმაური არ ახასიათებთ, მეტიც - სრულიად გაუგებარიცაა. ადამიანი თუ ხმას უწევს, განრისხებულია, ფიქრობენ, რომ მას რაღაც უჭირს და სასწრაფოდ უნდა დაეხმარონ. ირგვლივ ყველგან სიჩუმეა. კიდევ ერთი სიწმინდე აქვთ - თავი. ჩვენ ხომ გვახასიათებს, თუნდაც ბავშვისთვის თავზე ხელის გადასმა, იქ ეს არაფრით არ შეიძლება. მას ხელითაც არ უნდა შეეხო, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით თავი დაბინძურდება.

GzaPress

- ჰიგიენის თვალსაზრისით რა მდგომარეობაა?

- ამ მხრივ სამივე ქვეყანამ გაგვაოცა: ყველგან, თუნდაც ქუჩის საპირფარეშოებში გასაოცარი სისუფთავეა. თუმცა, კამბოჯა შედარებით მაინც დაბინძურებულია, რადგან ეკონომიკურადაც შედარებით ნაკლებადაა განვითარებული და შესაბამისად, მოსახლეობის დონეც უფრო დაბალია. ტაილანდს ტრადიციული სულიც შენარჩუნებული აქვს. გარდა ქუჩის ბაზრებისა, ძველი, ტრადიციული ბაზრის ადგილებშიც გამოაქვთ ვთქვათ, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ ადგილობრივ ფერმერებს თავისი პროდუქცია, ასევე, არხებში მოცურავე ფერად ნავებშიცაა მოწყობილი ბაზრები. ერთგან არის ე. წ. რკინიგზის ანუ "რეილუეი" მარკეტი, რომელიც ფაქტობრივად, ლიანდაგებსა და მის აქეთ-იქითაა მოწყობილი. მატარებლის მოახლოებისას გამყიდველები სასწრაფოდ ყველაფერს იღებენ და მისი ჩავლისთანავე კვლავ აწყობენ.

ტაილანდში ძალიან ცხარე კერძებს მიირთმევენ და საქართველოს თუ შევადარებ, ის კერძები ძალიან ჰგავს მეგრულს, მაგრამ უფრო მეტად ცხარეა. ათასნაირი ფორმის, ზომისა და გემოს წიწაკა აქვთ. მე და ჩემს მეგობარს ცხარე კერძები გვიყვარს და ტირილამდეც კი მივყავდით ტაილანდურ კერძებს, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდით (იცინის). სანელებლებისა და ზღვის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი აქვთ, რომლის ნაწილი ჩვენთანაც გვხვდება; იქვე, შენ თვალწინ, გობში ამზადებენ უგემრიელეს სალათებს; ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევენ და არც წვავენ და არც ხრაკავენ, უმრავლეს კერძს ქოქოსის რძეში აკეთებენ, მოკლედ, ყველა გემოვნების ადამიანისთვის მისაღები უგემრიელესი და მრავალფეროვანი სამზარეულო აქვთ. ერთადერთი, რაც შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს (თვითონ კი გემრიელად მიირთმევენ) ხოჭო და სხვა მწერებია. ასეთ საკვებს უფრო კამბოჯაში ვხვდებოდით. და კიდევ, ტაილანდში მე და ჩემს მეგობარს არ მოგვეწონა ტკბილეული.

GzaPress

- ყველაზე მეტად რით დაგამახსოვრდა ტაილანდი, რამ მოგხიბლა და რა არ მოგეწონა?

- არ მომეწონა ის, რომ გადამეტებულად ტურისტული ქვეყანაა და ძალიან გაგვიძნელდა დასასვენებლად მშვიდი, წყნარი ადგილის პოვნა, ამიტომ რაღაც ხანი ერთ-ერთ კუნძულზე დავყავით. მეტისმეტად განვითარებული ტურიზმი საფრთხესაც წარმოადგენ - მალე შეიძლება ქვეყანამ თავისი ორიგინალობაც დაკარგოს. თუ ნამდვილი ტაილანდის ნახვა გინდა, მის ჩრდილოეთში უნდა წახვიდე.

- ნარკოტოკები თუ არის ხელმისაწვდომი?

- როგორც ვიცი, არის, მაგრამ შედარებით ნაკლებად. გვითხრეს, რომ ამ მხრივ მიანმარი გამოირჩევა და კონფლიქტიც იმიტომ აქვთ ჩინეთთან - ოპიუმი გადაჰქონდათ ჩინეთში. ტაილანდზე ერთიც მინდა აღვნიშნო: მას ჰყავს მეფე და მისი და დედოფლის ფოტოებს ქალაქსა თუ სოფელში - ყველგან ნახავთ. მეფეს წმინდად მიიჩნევენ და მისი პორტრეტიც რომ შეურაცხყო, მასზე გაიცინო ან მეფე ირონიით, თუნდაც ცინიკური ღიმილით მოიხსენიო, დაგიჭერენ. კარგია, ეს ყველა ტურისტმა იცოდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ტაილანდელები არავის დაინდობენ. ეგ კი არა, მეფის სიყვარულით რამდენიმე საათში ერთხელ ქალაქებში ხმამაღლა რთავენ ქვეყნის ჰიმნს.

- კრიმინალური თვალსაზრისით რა ხდება ტაილანდში?

- ჩვენ არაფერს შევსწრებივართ. ერთადერთი, ბანკოკზე გაგვაფრთხილეს, ფრთხილად იყავით, ვინმემ არ გაგქურდოთო. ყველაზე კრიმინალური კამბოჯაა. 10 დღის განმავლობაში ძალიან დაძაბულები ვიყავით. კამბოჯაში მოგზაურობა ეგზოტიკურიც იყო და სათავგადასავლოც. წარმოგიდგენია? - გზამკვლევში გარკვევით წერია, რომ აქა და აქ არის ავტობუსების გაჩერება, რომ კონკრეტული ავტობუსი ამა და ამ საათზე გადის, მიდიხარ იმ ადგილას და არც გაჩერებაა, არც ავტობუსი, ან გეუბნებიან, რომ სადგური დაიკეტა და ა.შ. ტაილანდი-კამბოჯის საზღვრის გადაკვეთისთანავე დაიწყო ჩვენი თავგადასავლები. თავდაპირველად თვალი მოგვჭრა იქაურმა მოდამ - რატომღაც ყველა ჩვენ რომ "ღამის პიჟამოს" ვუწოდებთ, ისეთ სამოსში ანუ ფერად "პიჟამოებსა" და ჩუსტებში დადის. ქალაქის ქუჩებშიც ასე დადიან. 60 წლის ქალს შეიძლება ვთქვათ, ფისუნებიანი ან იხვებიანი "პიჟამო" ეცვას. ამის გარდა, საზღვრიდანვე მივხვდით, რომ ყველა ჩვენს მოტყუებას ცდილობდა, სააგენტოებიც თითქოს შეთანხმებულად მოქმედებენ. თურმე, ზოგადად ასეთი მატყუარები არიან. შეიძლება რაღაც 10 დოლარი ღირდეს და 30 გადაგახდევინონ. საშინელება ის არის, რომ მათი ენა არ იცი, არაფერი გესმის, არ იცი, სად მიდიხარ, ისინიც ვერაფერს გაგებინებენ, რადგან ინგლისურიც არ იციან. საზღვარს გადაჭრი თუ არა, სიღარიბე გეცემა თვალში, პარალელურად კი, იქვე გხვდება კაზინოები და "ლექსუსის" ჯიპები. მთელ კამბოჯაში, ადამიანები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ და არავინ იღიმოდა. ერთადერთი, შედარებით უკეთესი ვითარებაა ანკორვატში, რომელიც ტურისტული ქალაქია და "იუნესკო" იცავს. იქ უდიდესი ბუდისტური ტაძრებია და ფაქტობრივად, ქალაქებია ქვაში გამოკვეთილი. ზოგან ფრესკებიც არის და მართლაც ულამაზესია, გასაოცარია ყველაფერი. საერთოდ კი, კამბოჯაში ბედის ანაბარა ვიყავით. ბატანბონგში რომ წავედით და შუაღამეს სადღაც ჩავედით, ბნელოდა, არც წარწერა ჩანდა სადმე და ვერც ტაქსი ვიპოვეთ. მხოლოდ 3 მამაკაცი იდგა პატარა მოპედებით და მათთან დავაზუსტეთ, ნამდვილად იმ ქალაქში მოვხვდით თუ არა. კიო, გვითხრეს და იძულებული გავხდით, ქალაქის ცენტრამდე მათ გავყოლოდით. ვენდეთ და ჩვენი ბარგიანად თითო მამაკაცს შემოვუჯექით მოპედზე. კარგა ხანს ვიარეთ ბნელ ტრასაზე და ღმერთს მადლობა, რომ დანიშნულების ადგილას მიგვიყვანეს. მძაფრი სიუჟეტების მოყვარულებს მოეწონებათ კამბოჯაში მოგზაურობა, რადგან თავგადასავალს ვერ გამოლევს, თანაც სასტუმროთი დაწყებული, ყველაფერი იაფია. ბატანბონგში ბევრი არც არაფერია სანახავი, ერთადერთი, საინტერესოა ძველი, ბამბუკის ერთვაგონიანი ღია მატარებელი და ადგილი, სადაც ერთად ბევრი ღამურა დაფრინავს. ერთი ლიანდაგი აქვთ და თუკი ბამბუკის მატარებელს მოპირდაპირე მხრიდან სხვა მატარებელი უახლოვდება, ბამბუკის მატარებელი ჩერდება, ისეთი მსუბუქია, ხელით გადმოაქვთ ვაგონი ლიანდაგიდან, ატარებენ სხვა მატარებელს, მერე კვლავ დგამენ ლიანდაგზე და გზას განაგრძობენ... საოცარია კიდევ, ტრადიციული ღია ტაქსები სასაცილო სახელით - "ტუკ-ტუკი". ძალიან ლამაზად მორთული ტაქსებია, რკინის სტრუქტურის მოპედები, მძღოლის დასაჯდომზე გადაფარებული ტენტით და ზოგში - ორი, ზოგში კი - ოთხი ან უფრო მეტი ადამიანი ეტევა. კამბოჯაში ქალები და ბავშვები გამოირჩევიან სილამაზით: მუქი კანი აქვთ და ცხვირითა და თვალებით კავკასიელებს ჰგვანან. განსაკუთრებით პატარა გოგონებზე გვრჩებოდა თვალი - ულამაზესები იყვნენ.

GzaPress

კამბოჯადან გავემგზავრეთ მიანმარში, ყოფილ ბირმაში, რომელსაც ძალიან დემოკრატიის გზა აქვს არჩეული და ყველაფერს ცდილობს, რომ არა მარტო ტურიზმი, სხვა სექტორებიც განავითაროს. გვითხრეს, რომ იქ განათლება საკმაოდ ძვირი ჯდება და ყველასთვის არც არის ხელმისაწვდომი. განგვაცვიფრა ხალხის კეთილგანწყობამ, თითოეულისგან თითქოს, მზის სხივი ანათებს. საოცრად კომუნიკაბელურები არიან და რომც არ გინდოდეს, თავად გაგესაუბრებიან. ექსტრაორდინარული სამზარეულო აქვთ. მართალია, ტაილანდურს ჩამოჰგავს, მაგრამ ისეთი სალათები აქვთ, სხვაგან რომ ვერ შეჭამ. მაგალითად, მათთანვე მოყვანილი ჩაის ფოთლების სალათი, ასევე, მათი საუზმე - ბრინჯის, სანელებლების და თევზის წვნიანი - უგმრიელესი მოჰინგა. ეგაა, რომ ძალიან ცხარეა და საუზმედ მისი მირთმევა გაგვიჭირდა. მიანმარელებიც ბუდისტები არიან, ძალიან რელიგიურები და მაგალითად, ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოვხვდით, 24 საათის განმავლობაში ლოცვის ხმა ისმოდა და ჰაერში მათი საკმევლის სუნი ტრიალებდა. მოსახლეობას ფერადი სამოსი აცვია, ბერების სამოსი კი მკვეთრად განსხვავებულია ტაილანდელი და კამბოჯელი ბერების სამოსისგან, უფრო მუქია. ვნახე, ძალიან ახალგაზრდა ბერებიც, ფეხბურთს რომ თამაშობდნენ. ბევრი ხელსაქმითაა დაკავებული და მეორადი ნივთებისგან ულამაზეს ფერად-ფერად კალათებს და სხვადასხვა საგანს ამზადებენ, ჭილოფითაც ქსოვენ. თვალში მომხვდა ნებისმიერი ასაკის ადამიანების გათეთრებული სახეები - თურმე, დიდებიც და პატარებიც სახის კანის გასაგრილებლად და დასაცავად ერთ-ერთი ადგილობრივი ხის მერქანს ისვამენ და ამას ტრადიციული მიანმარული კოსმეტიკა ჰქვია. წამოსვლის წინ მიანმარში გასაოცარ ადგილას ვიყავით, რომელსაც "იუნესკო" იცავს - ქალაქ ბაგანში, სადაც უდიდესი ბუდისტური ტაძრები - აგურისფერი და მზისფერი პოგოდებია განლაგებული. საერთოდ, მიანმარს "მზის ქვეყანასაც" კი უწოდებენ.

ვგრძნობ, რომ მოგზაურობა, ახალ-ახალი ადგილების, ქვეყნების, კულტურისა და ხალხის გაცნობა ძალიან მეხმარება, პარალელები გავავლო საკუთართან და ყველაფერი სხვაგვარად აღვიქვა.

ირმა ხარშილაძე