ანჩო დოლიძის "რომანტიკული ქორწილი" - გზაპრესი

ანჩო დოლიძის "რომანტიკული ქორწილი"

მომღერალი ამბობს, რომ მზად არის, პატარძლის ამპლუა მოირგოს, მაგრამ ჯერ ის ერთადერთი ვერ იპოვა, ვისაც ბედს სიამოვნებით დაუკავშირებდა. პროექტში - "ახალი ხმა" მონაწილეობის დროს ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, მაგრამ მოგვიანებით, რჩეულს დაშორდა.

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. თუმცა, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დროსთან ერთან, ჩემი ოჯახის წევრებიც შეიცვალნენ და ამჟამად "ევროპულად" ვცხოვრობთ. ბავშვობიდანვე გათამამებული ვიყავი. ბებია და ბაბუა მზრდიდნენ და შესაბამისად, ძალიან მანებივრებდნენ, ხელის გულზე მატარებდნენ. თანაც, მათთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ჩემზე გიჟდებოდნენ. ორივეს ძალიან ვუყვარდი. როცა სრულწლოვანი გავხდი, საცხოვრებლად დედასთან გადავედი. დედა ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და დაქალია. იმდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს, რომ ხანდახან მგონია, რომ მშობელს კი არა, თანატოლს ვესაუბრები. მყავს პატარა და-ძმა. კიდევ, გვყავს ძალიან საყვარელი ძაღლი - ბუბუ. ჩემი ოჯახის წევრები კეთილი და მშრომელი ფუტკრები არიან.

- შეგიძლია საკუთარ თავზე გულახდილად გვესაუბრო?

- ყოველთვის ზედმეტად გულახდილი ვარ. საკუთარ თავზე ლაპარაკი არასდროს მიჭირს. თამამად შემიძლია ვისაუბრო როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებზეც, მაგრამ მაინც, კარგი თვისებებით დავიწყებ (იცინის): ძაღლივით ერთგული ადამიანი ვარ. როცა მიყვარს, იმდენად "ვდებილდები", რომ გონება მეკარგება და ხანდახან საკუთარი თავის მეშინია. ძალიან მხიარული ვარ და ზუსტად ვიცი, თუ მოვინდომებ, ყველაფრის გაკეთებას შევძლებ. მაგალითად, შეიძლება, ელექტრიკოსიც გავხდე. სხვათა შორის, საკუთარი ოთახი თავად გავარემონტე. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხე, ეს ლამინატის დაგებაა.

- უარყოფითი თვისებების ჩამოთვლა არ დაგავიწყდეს...

GzaPress- ამას რა დამავიწყებს: საშინლად მძიმე ხასიათი მაქვს. შეიძლება, 5 წუთში ხასიათი ხუთჯერ შემეცვალოს. ვარ ძალიან ზარმაცი. თუმცა, როცა რაღაცის გაკეთება მინდა, სიზარმაცეს დროებით ვემშვიდობები.

- მეგობრები რაიმე მეტსახელს ხომ არ გეძახიან?

- (იცინის) მეგობრები "გადამგდებს" მეძახიან. როცა სადმე ერთად წასვლას ვგეგმავთ, პირობას ვდებ: მეც წამოვალ-მეთქი, მაგრამ მერე აღარ მივდივარ. ვერ გეტყვით, ასე რატომ ვიქცევი, ამის ახსნა შეუძლებელია. ყველაფრის გაკეთება სპონტანურად მიყვარს და ამიტომაც, წინასწარ არასოდეს არაფერს ვგეგმავ.

- რამდენად პრინციპული ადამიანი ხარ? ვის ან რის გამო შეიძლება, საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- პრინციპული ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ჯიუტი და ეგოისტი ნამდვილად ვარ. საყვარელი ადამიანების და ოჯახის წევრების გამო შეიძლება, ბევრი რამ დავთმო.

- სიამაყის გრძნობა რა დოზით არის შენში?

- სამწუხაროდ, ამაყი არ ვარ და ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ვიჩაგრები. ადრე ზედმეტად თავმდაბალიც ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ჭკუა ვისწავლე.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- სახლის დალაგება ძალიან მიყვარს. თუმცა, ზოგჯერ არეულ ოთახში ყოფნაც მინდება. ასეთ დროს აბა, ვინმემ გაბედოს და ნივთები დაალაგოს (იცინის)... სახლის დალაგება ჩემი უხასიათობის წამალია. როცა რაღაცაზე ვნერვიულობ, სულ რაღაცას ვალაგებ.

- სადილების მომზადება თუ იცი?

- ვერ დავიტრაბახებ, - გადასარევი მზარეული ვარ-მეთქი. თუმცა, მშიერი არ მოვკვდები. ჩახოხბილს და ასეთ რაღაცებს მართლა ვერ მოვამზადებ.

- როგორც მომავალ პატარძალს, თუ წარმოგიდგენია, როგორ გაართმევ თავს საჯახო საქმიანობას?

- ეს არ გამიჭირდება. მე არ ვემხრობი იმ აზრს, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი უნდა იყოს. კარგია, როცა საოჯახო საქმეებიც იცი, მაგრამ პროფესიულ საქმიანობაშიც წარმატებული უნდა იყო.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- უთოობა შემიძლია, მაგრამ ასეთ რაღაცებს მხოლოდ "პა პრაზნიკამ" ვაკეთებ (იცინის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა არ იყოს, რთულია. ისეთი მამაკაცები, როგორებიც მე მომწონს, ჯერ არ შემხვედრია. პირველ რიგში, კაცი სიმპათიური უნდა იყო (ჩემთვის ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია), საკუთარი პროფესია უნდა ჰქონდეს; კიდევ, თბილი, მოსიყვარულე, ერთგული და გემოვნებიანი უნდა იყოს. ცნობისათვის, ლამაზი კი არა, შავგვრემანი და უხეში მამკაცები მომწონს. ამბიციურობაში თუ არ ჩამითვლით, გეტყვით: ვფიქრობ, რომ არც ერთი მამაკაცი არასდროს მიღალატებს. ჰო, რაც მთავარია, მომავალმა მეუღლემ ჩემი საყვარელი საქმის კეთება არ უნდა დამიშალოს.

- კიდევ, რა არ უნდა დაგიშალოს?

- როცა ადამიანი გულწრფელად გიყვარს, იქ ყველაფერი თავისთავად ლაგდება. ისიც გააზრებული მაქვს, რომ როცა ოჯახს შევქმნი, კლუბებში სიმღერასა და "ტუსოვკებზე" სიარულს თავი უნდა დავანებო... საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებ ღალატს, ეჭვიანობასა და უნდობლობას.

- შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად ფულიანი უნდა იყოს?

GzaPress- ბევრ ფულზე, ვილებსა და სიმდიდრეზე არ ვოცნებობ. არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ცუდია. პირიქით, კარგია, როცა მატერიალურად უზრუნველყოფილი ხარ და ცხოვრებას კომფორტში ატარებ, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ მეორე ნახევარმა ელემენტარული მოთხოვნილებები დამიკმაყოფილოს. მჯერა, თუ ქმარს სიმყუდროვეს, სიმშვიდესა და კომფორტს შეუქმნი, ის შენგან არასოდეს წავა. თანაც, მარტო ქმრის ქონების იმედად არ უნდა იყო, შენც უნდა გქონდეს რაღაც ღირებული.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც სიყვარულს ზღაპრულ ცხოვრებაზე ცვლიან...

- (მაწყვეტინებს) მიმაჩნია, რომ სიყვარულის გარეშე ამქვეყნად არაფერს აქვს აზრი. ფული კარგია, მაგრამ სიყვარულის გარეშე ვერ "ქაჩავს".

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა?

- არა, ასეთი რამის არ მჯერა. ადამიანი ერთი ნახვით შეიძლება, უბრალოდ მოგეწონოს ან მის მიმართ ლტოლვა გაგიჩნდეს... ადრე მეც მეგონა, რომ ერთი ადამიანი მიყვარდა, მაგრამ როცა კარგად გავიცანი, იმედები გამიცრუვდა.

- მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი თუ გყოლია?

- მქონია შემთხვევები, როცა ადამიანს ვერ გავაგებინე, რომ მასთან ურთიერთობა უბრალოდ, არ მინდოდა. მერე მეგობრებმა მირჩიეს: სჯობს, შენს თაყვანისმცემელს მწარე სიმართლე უთხრა, ვიდრე მოატყუო და ამით შენც დაიტანჯოო. ბოლო დროს ყველას და ყველაფერს პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვეუბნები და სხვათა შორის, ამან გაამართლა.

- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?

- აბსოლუტურად ყველაფრის პატიება შემიძლია, გარდა ღალატისა. ღალატი ჩემთვის მარტო ვიღაცასთან სექსუალური ურთიერთობა არ არის, ღალატია ისიც, როცა დაინახავ, რომ შენი რჩეული სხვას ეფლირტავება.

- მომავალში როგორ ქორწილი გინდა, რომ გქონდეს? შენს საქორწილო კაბაზე ბავშვობაში მაინც თუ გიოცნებია?

- ასეთ რაღაცებზე ხშირად ვფიქრობ. ბავშვობიდან ვოცნებობ თეთრი, ფუშფუშა კაბის ჩაცმაზე. ძალიან მინდა გრანდიოზული ქორწილი მქონდეს, სადაც ყველა ჩემი მეგობარი, ნათესავი და კიდევ, ნათესავის ნათესავებიც იქნებიან... როცა კარგად გავერთობით, მერე მომავალ მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, სიამოვნებით გავისეირნებ იახტით. შემდეგ იახტასთან უნდა დაეშვას ვერტმფრენი, რომელზეც კიბით მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ავალთ და იქედან გადმოვაგდებ საქორწილო თაიგულს. მერე კი ამავე ვერტმფრენით საქორწილო მოგზაურობაში, რომელიმე ევროპულ ქალაქში წავალთ (იღიმის)...

- ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულია და ფანტაზიის უნარიც გქონია, მაგრამ საინტერესოა, მზითევი თუ გაქვს?

- როგორ არა, ამაზე ბებიამ იზრუნა და ახლახან მომიტანა კიდეც, - რომ გათხოვდები, ეს ნივთები წაიღეო.

- როგორ ფიქრობ, მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას შეძლებ?

- ოოო... აქ უკვე ცუდად მაქვს საქმე. როგორი კარგი მშობლებიც უნდა ჰყავდეს ჩემს მეუღლეს, მათთან ერთად ვერ ვიცხოვრებ. თუ მეუღლე მთხოვს და საჭირო იქნება, რომ დროებით მის მშობლებთან ვიყოთ, კიდევ შეიძლება გავრისკო, მაგრამ ვფიქრობ, ახალდაქორწინებული წყვილისთვის სხვებთან ერთად ცხოვრება ძალიან ძნელი იქნება.

- დედამთილს დედას დაუძახებ?

- არა, ამას ნამდვილად ვერ შევძლებ! დედა ერთი მყავს ამქვეყნად. იმედია, ჩემს მომავალ მეუღლეს არ ექნება იმის სურვილი, რომ დედამისს "დედა" დავუძახო... სამაგიეროდ, ნიშნობის ბეჭედს სიამოვნებით ვატარებ. ძალიან მომწონს ბაჯაღლოს "კალიცო".

- ოჯახი ან კარიერა - ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოს, რას იზამ?

- ოჯახს ავირჩევ. ოჯახი მარადიულია, კარიერა - წარმავალი.

- როგორც ვხვდები, შეყვარებული არ ხარ...

- თავისუფალი ვიქნები მანამ, ვიდრე იმ ერთადერთს არ ვიპოვი, ვისთან ერთადაც ოჯახის შექმნა მომინდება. მაიმუნობისა და ფლირტაობის დრო დამთავრდა, უკვე დიდი გოგო ვარ (იღიმის).

- შენს ყოფილ შეყვარებულზე რას გვეტყვი?

- ლევანზე მეკითხები?

- დიახ.

- მე და ლევანი უბრალოდ, ვმეგობრობთ.

- შერიგებას ხომ არ გთხოვს?

- არა... სხვათა შორის, ის თამუნას მუსერიძესაც დაშორდა.

სოფო ჭონიშვილი