"ქართველ გოგონებს ყველაზე ლამაზი ტუჩები აქვთ" - გზაპრესი

"ქართველ გოგონებს ყველაზე ლამაზი ტუჩები აქვთ"

იგი უნივერსალური ფეხბურთელია - თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია. საქართველოში გადმობარგებულმა, ქვეყნის ჩემპიონობა მაშინვე იზეიმა: "დინამო" ამჟამად უმაღლესი ლიგის პირველ ადგილზეა - რამდენიმე ქულით უსწრებს "ზესტაფონს" და სავარაუდოდ, გუნდის ლეგიონერი საფეხბურთო სეზონის დასრულებისას თასს კვლავაც აწევს.

დარკო საინტერესო მოსაუბრეა. ის არა მარტო ფეხბურთზე, არამედ საკუთარ ოჯახზე, საქართველოსადმი დამოკიდებულებასა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა.

- ოჯახისა და მეგობრების გარეშე ჩემთვის აქ ყოფნა, ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ თბილისის "დინამო" ჩემთვის მეორე ოჯახია და ეს მაბედნიერებს. მაკედონიაში ოჯახი მყავს: მშობლები და ორი უფროსი და. ოჯახისთვის მესამე შვილი ვარ და ყოველთვის, ასე ვთქვათ, მეფესავით მამყოფებდნენ, რადგან მათი ერთადერთი ვაჟი ვარ (იცინის).

- როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში?

GzaPress- ფეხბურთის თამაში მეც ისევე დავიწყე, როგორც ყველა ბიჭი იწყებს ანუ ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. მერე მამამ შემომთავაზა, რომელიმე საფეხბურთო გუნდში მიგიყვანო და მეც დავთანხმდი. ჯერ პატარა კლუბში ვთამაშობდი, შემდეგ უკეთეს ადგილას გადამიყვანეს, რადგან დაინახეს, რომ იქ ყველას ვჯობდი. ყველა პოზიციაზე მითამაშია: თავიდან მარცხენა ფლანგზე, დაცვაში, შემდეგ - ორივე ფრთაზე, ნახევარდაცვაში ვთამაშობდი.

- ვინ იყო შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი და რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობდი?

- ერთხელ ტელევიზორში ტიერი ანრი დავინახე. ის მაშინ ლონდონის "არსენალში" თამაშობდა. ფეხბურთი ანრის გამო შემიყვარდა და "არსენალსაც" მის გამო ვგულშემატკივრობდი.

- ახსენე, რომ ყველა პოზიციაზე გითამაშია. შენთვის დაცვაში თამაში უფრო კომფორტულია თუ ნახევარდაცვაში?

- რატომღაც, ხალხი ყოველთვის ამას მეკითხება, მე კი არ ვიცი, რა ვუპასუხო. შეიძლება, ერთი თამაში დაცვაში ჩავატარო და შემდეგ ვთქვა, რომ ეს ჩემი საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ შემდეგ მატჩში მწვრთნელმა ნახევარდაცვაში, მარცხენა ფრთაზე დამაყენოს და მომეჩვენოს, რომ საუკეთესო ადგილი მოედანზე ჩემთვის ეს არის (იცინის). ამიტომ, ვიტყვი, რომ ორივე პოზიციაზე თამაში სიამოვნებას მანიჭებს.

- სანამ შენი აქ გადმოსვლის საკითხი დადგებოდა, თბილისის "დინამოს" შესახებ რაიმე ინფორმაცია თუ გქონდა?

- სიმართლეს გეტყვი: როცა ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ "ჯორჯიაში" უნდა წავსულიყავი, ვუპასუხე, - კარგი, წავალ ამერიკაში-მეთქი. მაშინ საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მერე, როცა აგენტმა ამიხსნა, სად მივდიოდი, მერე თბილისის "დინამოს" შესახებაც მოვიძიე ინფორმაცია. გავიგე, რომ ეს საქართველოში ნომერ პირველი კლუბია დიდი ისტორიით, რაც ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, ჩემი გუნდი წელს საქართველოს ჩემპიონი გახდება. ვიდრე აქ გადმოვიდოდი, 5 წლის განმავლობაში ვერ იმარჯვებდნენ. შეიძლება, იღბლიანი ვარ - შარშან გუნდში ჩავირიცხე და გამარჯვება ორჯერ ვიზეიმეთ: უმაღლესი ლიგისა და თასის ჩემპიონები გავხდით. ვფიქრობ, წინა წლის შედეგს წელსაც გავიმეორებთ. "დინამოთი" ვამაყობ, რადგან ყველას ვუმტკიცებთ, რომ ეს დიდი კლუბია. ზაფხულში კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ.

- შენი აზრით, ამჟამად კარგ ფორმაში ხარ?

- მგონია, რომ კი. ყოველთვის თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, რადგან ეს ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- შენს თანაგუნდელებზე რას იტყვი?

GzaPress- გუნდში ბევრი მეგობარი მყავს. როცა უცხოელი უერთდება რომელიმე კლუბს, ფეხბურთელები ცდილობენ, ადაპტირებაში დაეხმარონ. მეც კარგად მექცეოდნენ და მათი მადლიერი ვარ. კარგად მიმიღეს და ჩვენი ურთიერთობა ახლაც იდეალურია. ამიტომ ვამბობ, რომ "დინამო" ჩემთვის მეორე ოჯახივით არის.

- ვის დაასახელებ საუკეთესო ფეხბურთელად მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშია?

- ზაფხულში მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. შვედეთის წინააღმდეგ, მალმოში ვითამაშე. მეოთხმოცე წუთზე, შეცვლაზე შევედი მოედანზე. მარცხენა მცველად გამამწესეს. უეცრად, ჩემთან ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაჩნდა და გავიფიქრე: ღმერთო, მიშველე-მეთქი (იცინის). მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობ, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო. ორჯერ თუ სამჯერ იბრაჰიმოვიჩს ბურთი წავართვი და ამან ძალიან გამახარა. თამაშის მერე მეუბნებოდნენ, რომ იგი შევაჩერე. საუკეთესო ფეხბურთელი კი, რომელთან ერთადაც მითამაშია, ჩისკოა. მართალია, სწრაფი არ არის და არც ძალიან ახალგაზრდა გახლავთ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული აქვს. როცა კარიდან 16 მეტრშია, უკვე იცი, რომ ბურთის მიღების შემთხვევაში, გოლს აუცილებლად გაიტანს.

- საქართველოში დარჩენას აპირებ თუ გაქვს სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებები?

- "დინამო" ძალიან მომწონს, მაგრამ სხვა კლუბებიდან ბევრ შემოთავაზებას ვიღებ. ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე 3 თვეა დარჩენილი, შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ჯერ არაფრის თქმა არ მინდა, რადგან მოქმედებამდე ლაპარაკს არასწორად მივიჩნევ.

- ქართულ ფეხბურთში დიდი პრობლემებია. რას ფიქრობ ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე და ქართველ ფეხბურთელებზე?

- მათ შეუძლიათ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალონ. მახსოვს, ესპანეთის წინააღმდეგ როგორი თავგანწირვით ითამაშეს. ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, - მეკარე გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო და ქართველებმა გოლი ამის შემდეგ გაუშვეს. ის მატჩი ესპანეთმა მოიგო, მაგრამ ჩემთვის ფრეს ტოლფასი გახლდათ. ქართველებმა იბრძოლეს, დაუღალავად ირბინეს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს... ზოგადად, საქართველოში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მენტალობა აქვთ არასწორი. ნიჭი აქვთ ღმერთისგან ბოძებული და ამ ნიჭს უაზროდ ფლანგავენ. ხანდახან ასეც კი ამბობენ: "რატომ უნდა ვითამაშო? რა მნიშვნელობა აქვს?!" ძლიერი და სწორი მენტალობა რომ ჰქონდეთ, უმაღლეს დონეზე შეძლებენ თამაშს.

- ნიჭიერი უფრო ხარ თუ შრომისმოყვარე?

GzaPress- არის პერიოდები, როცა სიზარმაცე შემოგიტევს კაცს, რაც სავსებით ნორმალურია. იშვიათად ვამბობ, რომ კარგად ვითამაშე. მირჩევნია, საკუთარი თავი დავარწმუნო იმაში, რომ ბევრად მეტი შემიძლია. ვინმემ რომ მითხრას, - საკმარისია რასაც აკეთებო, შევედავები (იღიმის).

- თბილისში თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- როცა თქვენს ქვეყანაში ჩამოვედი, საკმაოდ აღელვებული ვიყავი, გარემოს გამოცვლის პირველი თვე ხომ ყველაზე რთულია: უცხო ხალხი, უცხო ქალაქი... საბედნიეროდ, აქაურობას თანდათან შევეჩვიე და ახლა თბილისი ძალიან მომწონს. უკვე მეორე წელია, აქ ვარ და ძალიან კარგი მეგობრებიც მყავს. მათთან ერთად რესტორნებში, კაფეებში დავდივარ. სამაგიეროდ, თბილისური ღამის კლუბები არ მომწონს.

- ქართულ სამზარეულოზე რა აზრის ხარ?

- ძალიან მომწონს ქართული კერძები, მაგრამ ჯანსაღი საკვების მიღებას ვამჯობინებ. ხინკალს, ხაჭაპურს, მწვადს თვეში ერთხელ თუ მივირთმევ. მაგრამ როცა პირველად გავსინჯე, მეგონა, ამ კერძების გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებდი (იცინის).

- აქაური გოგონები თუ მოგწონს?

- ყველა ეროვნების ქალს აქვს განსაკურებული, დამახასიათებელი რამ. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ძირითადად ქერა, თეთრი გოგონები არიან, ზოგან მუქი ფერის კანით გამოირჩევიან. ქართველ გოგონებს კი ყველაზე ლამაზი ტუჩები აქვთ.

- შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- შეყვარებული მყავდა, მაგრამ ახლა ერთად აღარ ვართ.

- სოციალურ ქსელში ბევრი ფოტო გაქვს დადებული, რაღაც წარწერებით, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნამდვილი ჯენტლმენი ხარ, ასეთები კი დღევანდელ რეალობაში ცოტანი არიან. რომანტიკულიც ჩანხარ.

- ასეა და მიხარია, რომ მშობლებმა ასეთი აღმზარდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალს პატივისცემით მოვეპყრა. სამი წელი მქონდა ურთიერთობა ერთ გოგონასთან და ვფიქრობ, მასთან ღირსეულად ვიქცეოდი. ჩემთვის სასიამოვნოა, როცა ქალს პატივს ვცემ.

- სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც სპორტსმენების უმეტესობას, სწავლა შენც არ გაგიგრძელებია?

- ამასთან დაკავშირებით სახალისო ამბავს მოგიყვებით: 10-11 წლის ასაკში, როცა თამაში დავიწყე, მამას ვუთხარი, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდი და სადმე სხვა ქვეყანაში მარტო ვიცხოვრებდი. ეს ბავშვური ოცნება იყო. მკითხა, - მერე, თავს როგორ მიხედავო? ვუპასუხე, რომ სკოლაში კერძების მომზადებას ვისწავლიდი და კარგი მზარეული დავდგებოდი. რა თქმა უნდა, მაშინ ვხუმრობდით, მაგრამ მართლა ასე მოხდა: მზარეულების სკოლაში ვიარე და კერძების მომზადება ვისწავლე. როცა მამას ამის შესახებ ვუთხარი, ბევრი ვიცინეთ. ისე, სკოლა იმიტომ დავამთავრე, რომ რაღაც მცოდნოდა, მერე კი უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი არ გამჩენია. მინდა, ჯერ ფეხბურთელის კარიერას მივხედო, ამ სფეროში საკუთარი ადგილი დავიმკვიდრო და როცა კარიერას დავასრულებ, ამის შემდეგ ჩავაბარებ უნივერსიტეტში... პატარა რომ ვიყავი, ფეხბურთელობა ისე მინდოდა, ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი: "მისმინეთ, ან ფეხბურთელი ვიქნები, ან ცხოვრებაში საერთოდ არაფერს გავაკეთებ!" ჰოდა, მშობლები მხარში ამომიდგნენ. მიხარია, რომ ასე მოიქცნენ; ამის გამო მათი მადლობელი ვარ.

ეკატერინე აბაშიძე