სალომე ღვინიაშვილის ქველმოქმედება - გზაპრესი

სალომე ღვინიაშვილის ქველმოქმედება

"ორი ვარსკვლავის" დასაწყისიდანვე პროექტზე ბევრი ნაგატიური რამ ითქვა, რამაც კონკურსანტზე ცუდად იმოქმედა: "ხალხის სტატუსებმა გამაღიზიანა. შეიძლება, მაყურებელს ვინმეს გამოსვლა არ მოეწონოს, მაგრამ მისი ლანძღვა რა საჭიროა?! ეს არის პროექტი, სადაც არაპროფესიონალს პროფესიონალი ეხმარება". როგორ გულშემატკივრობს მას მეუღლე ზურა ხიზანიშვილი, როდის გამოდის წონასწორობიდან, რის გამო საყვედურობენ და რაზე ოცნებობს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 18 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. ბალეტზე დავდიოდი, მაგრამ მშობლებმა გამომიყვანეს და სპორტსკოლაში შემიყვანეს. იმდენად პატარა ვიყავი, არც გამიპროტესტებია. ასე რატომ მოიქცნენ? - ამ სფეროში წარმატებული რომ იყო, ძალიან დიდი შრომაა საჭირო და ალბათ, დედ-მამას შევეცოდე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ლამაზიაო (იცინის). მშვიდი ადამიანი ვარ და რასაც "აფეთქებას" ეძახიან, იშვიათად მემართება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საკუთარ თავს, მაგრამ წარმატების მისაღწევად არასდროს არაფერი გამიკეთებია. შეიძლება, დუჯერებლი იყოს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავისთავად მოვიდა. არც პოპულარობაზე მიოცნებია. ერთი თვისება მაქვს: თუ რამეს ვაკეთებ, გულით ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

GzaPress- ...იგივენაირად ვიცხოვრებდი, არაფერს შევცვლიდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ზურა, შვილები... ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის.

- ზურა შოუს ყოველთვის ესწრება?

- თუ ახერხებს, 2 დღით ჩამოდის და მგულშემატკივრობს.

- თეონა კონტრიძის შეთავაზებაზე, ბრაზილიაში დაპატიჟებასთან დაკავშირებით, რა თქვა?

- (იცინის) ბრაზილიაში მეც მინდა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...კონფლიქტური არ გახლავართ. ვცდილობ, დაძაბულობა თავიდან ავიცილო. მომწონს, რომ მშვიდი ადამიანი ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ამაზე არასდროს მიფიქრია, ასეთი თვისება არც მახსენდება.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...სანანებელი შეცდომები არ დამიშვია, პატარა შეცდომებისგან კი დაზღვეული არც ერთი არ ვართ. რაც მთავარია, აღიარება არ მიჭირს.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ამ ბოლო დროს გული ხშირად მიჩუყდება. ფილმის ნახვისას, ბავშვების ზეიმებზე სულ მეტირება.

- ბოლოს ვიტირე...

- "ორი ვარსკვლავის" პირველ ტურის მეორე დღეს: ჩემს გამოსვლას რომ ვუყურე, ძალიან არ მომეწონა და ტირილი მომინდა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან ბევრს არ ვფიქრობ. ჩემი შვილების მომავალზე, მათ სწავლაზე უფრო ხშირად მეფიქრება.

- ვიბნევი, როცა...

- ...იმდენად იშვიათად ვიბნევი, რომ არც კი ვიცი, ეს წინადადება როგორ უნდა დავასრულო. თუმცა, დავიბენი მაშინ, როცა დიდი აუდიტორიის წინაშე, მიკროფონით ხელში გამოვედი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...კარგი მომღერალი. ცუდი შეგრძნებაა, როცა ხმა არ გემორჩილება.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა და უსირცხვილო ადამიანებს. ისეთებს, თვალებში რომ გიყურებენ და თან, გატყუებენ. საბედნიეროდ, ჩემ გარშემო ასეთი ბევრი ადამიანი არ არის.

- მეზარება...

- ...თუ ინტერესი მაქვს, არაფერი მეზარება. ზოგჯერ ვარჯიში მეზარება, მაგრამ ესეც იშვიათად ხდება.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

GzaPress- ...ჩემი ოჯახით, შვილებით, მეგობრებით... ჩემი ცხოვრება ისედაც ძალიან ლამაზია.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მომღერალი და ბალერინა.

- სიყვარული ეს...

- ...ის ძალაა, რომელიც ყველა ადამიანს გვამოძრავებს.

- ვოცნებობ...

- ...მშვიდ, დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრებაზე. მინდა, ჩემი შვილები ქუჩაში რომ გავლენ, არ ვინერვიულო იმაზე, რომ მათ რამე საფრთხე ემუქრებათ.

- ვეპრანჭები...

- ...ზურას. რაღა დროს ჩემი პრანჭვაა, მაგრამ მაინც.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა მუსიკამ, მეგობრებმა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, მაგრამ გულის სიღრმეში რა თქმა უნდა, მსიამოვნებს. ვერ წარმომიდგენია, ადამიანს შექება როგორ არ უნდა სიამოვნებდეს?

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...არაპუნქტუალურობის გამო. სულ ვიგვიანებ, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, ჩემი ეს თვისება როგორმე გამოვასწორო. ოდნავი წინსვლა მაქვს.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ. შავი კატა თუ გადამირბენს, შინ არ მივბრუნდები, გზას გავაგრძელებ. ასეთ ამბებს ყურადღებას არ ვაქცევ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რაც მოვინდომე, ყველაფერი ვისწავლე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებდი.

- ქველმოქმედებაში...

- ...პერიოდულად ვერთვები. ყოფილა შემთხვევა, როცა ტელევიზიით მომისმენია, - ოჯახი ღია ცის ქვეშ ცხოვრობსო და მათთვის ბინა მიქირავებია, მაგრამ ამ საქციელს აფიშირებას არასდროს ვუკეთებ.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რასაც არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბებიამ მითხრა: ყველაზე ცუდია, როცა გულით ბოღმას ატარებ, იცოდე, ეს ადამიანს აუშნოებსო. მისი სიტყვები სულ მახსოვს, გონებაში ჩამრჩა. ბოღმიანები არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანი ცოდვაა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გაიღიმეთ! ნუ იქნებით ბოღმიანები! გიყვარდეთ სიცოცხლე, საკუთარი თავი და მერე სხვების შეყვარებასაც შეძლებთ!

თამუნა კვინიკაძე