"გაითვალისწინე, კუნთები მაქვს"
font-large font-small
"გაითვალისწინე, კუნთები მაქვს"
პროფესიით ფარმაცევტია. ერთი პერიოდი მკლავჭიდით იყო გატაცებული. ფართო საზოგადოებამ კი "კომედი შოუს" სკეტჩებით გაიცნო. მისი გმირი ფრაზით - "ჭამე, ნოდარი!"
პოპულარული ერთ დღეში გახდა. გიგა ტაბიძე ამბობს, რომ უცნობი ადამიანები თანაუგრძნობენ და ეკითხებიან, - "შვილო, რატომ გცემენ, რამე დააშავე?" ამბობს, რომ რეალურ ცხოვრებაში ჭამაზე დაძალება არ სჭირდება, წიგნების კითხვაზე კი...

პრეამბულის მაგიერ


- იყო პერიოდი, როცა მაძალებდნენ, აქტიური მკითხველი ვყოფილიყავი. VIII კლასამდე წარჩინებული, თითით საჩვენებელი ბავშვი ვიყავი. ფრიადოსნების დაფაზე სულ ჩემი სურათი იყო გამოკრული. რომ წამოვიზარდე, სწავლაზე გული ცოტათი ავიცრუე. რომ მითხარი, "ერუდიტში" უნდა ჩაგწეროო, გავნერვიულდი. გაითვალისწინე, კუნთები მაქვს.

- კუნთიან რესპონდენტებთან ინტერვიუს ჩასაწერად არ უნდა მივიდე?
- უნდა მიხვიდე, მაგრამ გაითვალისწინო, რომ რთული კითხვები არ დაუსვა. ზოგადად, სპორტსმენებზე ხომ ამბობენ, კარგი განათლებით არ გამოირჩევიანო.

- ბრაზდები?

- ვბრაზდები, მაგრამ უმეტესობა თითქმის ასეა.

- მკლავჭიდით რა ასაკიდან დაინტერესდი?

- სხვადასხვა სპორტული თამაშობებით ბავშვობიდანვე გატაცებული ვიყავი, ბოლოს მკლავჭიდს შევყევი.

- საქართველოს ჩემპიონიც (ახალგაზრდულ ჯგუფში) იყავი, არა?

- ჩემპიონი 2-ჯერ გავხდი. ორივე ხელით ვიასპარეზე, მერე ტრავმა მივიღე. ისე მოხდა, რომ მკლავჭიდს თავი დავანებე, მაგრამ ახლაც ვვარჯიშობ. სპორტის ამ სახეობას ყურადღება სახელმწიფოს მხრიდანაც ნაკლებად ექცეოდა.

- მკლავჭიდიდან იუმორისტულ შოუში როგორ აღმოჩნდი?

- "კავეენს" ვთამაშობდი, მერე ტელევიზიაში სცენარისტებზე კასტინგი გამოცხადდა. მოვედი, შესამოწმებელი პერიოდი გავიარე და ასე მოვხვდი გუნდში.

- "ნოდარი" როგორ გახდი?

- შემთხვევით, სკეტჩი დავდგით. განსხვავებული ტიპაჟი გვჭირდებოდა - თმა, გამომეტყველება, თავში ხელის წამორტყმა... და ეს გმირი ასე "აგორდა". ქუჩაში ხალხი მცნობს, მომაძახებენ ხოლმე - ჭამე ნოდარი!!! უმეტესობა თანამიგრძნობს: - შვილო, რატომ გცემენ, რა დააშავე?

- ბევრმა ნოდარ ხადურთანაც დაგაკავშირა.

- ეგ მე უკვე აღარ მეხება.

- პროფესიით ვინ ხარ?

- ფარმაცევტი. არ მკითხო, პროფესიაზე არაფერი მკითხო (იცინის). ამ ფაკულტეტზე დედის გავლენით მოვხვდი. დედაც ფარმაცევტია. წამლების ქარხანაშიც ვმუშაობდი, აფთიაქში სტაჟიორიც ვიყავი. არავინ იცის, შეიძლება მომავალში ამ პროფესიას მივუბრუნდე.

- შენი საყვარელი ავტორები ვინ არიან?

- მიხეილ ჯავახიშვილი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონი.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- მოპასანის ჟორჟთან ("ლამაზი მეგობარი") ვიმეგობრებდი. მისი ტიპაჟი, მიზანსწრაფულობა მხიბლავს. მგონია, ჩემთან ახლოსაა, ვგავარ კიდეც.

- ოსკარ უაილდიმ ქალაქგარეთ გასასეირნებლად ახალი ტანსაცმელი "გამოიგონა". რას ეძახიან დღეს მას?
- პირველი კითხვაზე ვერ გპასუხობ.

- შორტები. რას ნიშნავს ტიბეტურ ენაზე "ლამა"?

- მშვიდს.

- "ყველაზე მაღალს". რომელი ცხოველის ტყავი იყო ოქროს საწმისი?

- ვერძის.

- წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც 30 რიცხვს შეიცავს?

- არ დამითვლია.

- ახლა დათვალე.

- (პაუზის შემდეგ) 7 გამოდის.
GzaPress
- საინტერესოა, როგორ იანგარიშე?

- რა ვიცი, ასე გამოვიდა. ზოგი თვე ხომ ხომ 31-ითაც არის, თებერვალი 28-ით ან 29-ით.

- ძალიან დაიბენი. 30 რიცხვი 11 თვეშია. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ზომიერი. ხშირად დალევას ვერიდები.

- რა ემართება თეთრ ღვინოს, დაძველებისას?

- არ ვიცი.

- მუქდება. ვისი სცენარის მიხედვით არის გადაღებული ფილმი - "ქვევრი"?

- მგონი, ქართველი ავტორი არ არის.

- ლუიჯი პირანდელო. რით გამოირჩევა ვენესუელაში მდებარე ჩანჩქერი ანხელი?

- ვარდნის ყველაზე დიდი სიმაღლე აქვს.

- საქართველოს რომელი კუთხის შვილები არიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?

- ეგ რომ არ ვიცოდე, მეპატიება? იმერლები არიან.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო" ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- დაასახელე უდიდესი და უმცირესი სამნიშნა რიცხვი.

- 100 და 999.

- 1883-1884 წლებში სად სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და რატომ გახდა ის იძულებული, სწავლისთვის თავი დაენებებინა?

- პეტერბურგში სწავლობდა, მაგრამ თავი რატომ დაანება, არ ვიცი.

- უსახსრობის გამო. ეს მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 5068 მეტრია. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- შხარა.

- მთამსვლელობით ხომ არ ხარ გატაცებული?

- მთამსვლელი ბაბუა მყავდა - ავთო ახვლედიანი. ამ სფეროში მისი ძმა საკმაოდ ცნობილი იყო. ერთად დადიოდნენ. ლევან ახვლედიანი სსრკ-ის ნაკრების წევრი იყო.

- ამერიკაში მის სახელს 7 მთა, 8 მდინარე და უამრავი დასახლებული პუნქტი ატარებს. ვის სახელს?
- ვაშინგტონის. აბა, სხვა ვინ იქნება?

- პოეზია გიყვარს?

- გალაკტიონი მიყვარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი მოგვარე ვარ. "მესაფლავე" გამორჩეულად მომწონს.

- "რაც უფრო შორს ხარ..."

- "...მით უფრო ვტკბები,/ მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი/ ხელშეუხები, როგორც მზის სხივი,/ მიუწვდომელი, როგორც ედემი"...

- "ეს რა მსახიობი ვიღუპები". რომელ ცნობილ პიროვნებას აღმოხდა სიკვდილის წინ ეს სიტყვები?
- ვერ გიპასუხებ.

- ნერონს. რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქართლში გამეფდა?

- არ მახსოვს.

- დაჩი. რომში ის სიმამაცის სიმბოლოდ ითვლებოდა. ომის დროს, ვინც პირველი შეიჭრებოდა მოწინააღმდეგის ქალაქში, უფლებას აძლევდნენ, ხელში ეს მცენარე სჭეროდა, ხოლო ვინც მისით თავს დაუმსახურებლად გაილამაზებდა, სენატის გადაწყვეტილებით, ციხეში სვამდნენ. რომელ მცენარეზეა ლაპარაკი?
- საქართველოშიც ხარობს?

- დიახ. ერთ-ერთ ყვავილზეა ლაპარაკი.

- ვარდი.

- ამ ძაღლის ჯიში სად გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც ისინი მოხვდნენ საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის ყურის სანაპიროზე. ამ ჯიშის სახელი ნაწარმოებია ყურის სანაპიროს სახელიდან. დიდი ხნის მანძილზე ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან, დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელე, რომელი ჯიშის ძაღლზეა ლაპარაკი?
- დალმატინელი ხომ არა?

- რა თქმა უნდა. კლასში 45 მოსწავლეა, ვაჟების რაოდენობა გოგონების რაოდენობის 50%-ს შეადგენს. რამდენი ვაჟია კლასში?
- ეგ როგორღა დავიანგარიშო?

- ძალიან მარტივია.

- არ შემიძლია, ვერ გიპასუხებ.

- 15. "ჩემი თავია ჩემივე მტერი,/ თავი რომ არა, მე რა დამწვავდა". რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს ლექსი?
- არ ვიცი.

- დაფიქრდი, თავიდან რა იწვება?

- ასანთი.

- ამ ხელსაწყოს, რომელიც გამიზნულია ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფიქსირებისთვის, ოფიციალურად ჰქვია პოლიფიზიოგრაფი. დაასახელე ამ ხელსაწყოს საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება.

- ვერ გიპასუხებ.

- სიცრუის დეტექტორი. რომელ სპექტაკლს დგამდნენ სოფლის სცენაზე, ფილმში - "იმერული ესკიზები"?
- ეს ფილმი კარგად მახსოვს, "ოტელოს" დგამდნენ.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?
- ფარნავაზზე.

- რომელმა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ უთხრა საფრანგეთის მოხუცებულ მეფეს - ლუდოვიკო XIV-ს შემდეგი სიტყვები: "ისეთი მოხდენით ატარებთ ასაკს, რომ ყველა ინატრებდა თქვენს ადგილზე ყოფნას"...
- სულხან-საბა ორბელიანმა.

- რამდენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო?

- 9.

- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის - "მიმინო"?

- გია ყანჩალმა.

- ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული"?

- სავარაუდო პასუხებით დახმარება შეიძლება?

- მრისხანებას, სიყვარულს, ეჭვაინობას თუ სიძულვილს?

- ალბათ ეჭვიანობას, არა?

- გამოიცანი. ეჭვიანი ადამიანი ხარ?

- აღმოჩნდა, რომ ვარ. მეგონა, არ ვიყავი.

- შეყვარებული ხარ?

- კი. სწორედ ამ ადამიანის შეყვარების შემდეგ მივხვდი, რომ ეჭვიანი ვყოფილვარ. იმ გოგოს შესახებ დამატებით ნურაფერს მკითხავ, ამ ეტაპზე ლაპარაკი არ მინდა.

- ვის უწოდებენ "ვალსების მეფეს"?

- არ ვიცი.

- შტრაუსს. დაბოლოს, დაასრულე ბელინსკის ცნობილი გამონათქვამი: "ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას..."
- გააბედნიერებს.

- "...რომელიც მას უყვარს".

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი