რის დაწერას აპირებს სოფია სებისკვერაძე - გზაპრესი

რის დაწერას აპირებს სოფია სებისკვერაძე

მსახიობი მიიჩნევს, რომ მისი პროფესიის ადამიანი ნაკითხი უნდა იყოს, ბევრ პერსონაჟს იცნობდეს და სხვადასხვა როლის საინტერესოდ შესრულება შეეძლოს.

- ჩემს ცხოვრებაში წიგნს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ ბოლო პერიოდში წასაკითხად ხშირად ვერ ვიცლი.

- ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად კითხვა როდის დაიწყე?

- მეოთხე-მეხუთე კლასში. პირველად "ყვითელი კოდალას ორდენი" წავიკითხე.

- თავად შეარჩიე?

- მახსოვს, ბიბლიოთეკაში მივედი, მაგრამ დამოუკიდებლად შევარჩიე თუ სხვები დამეხმარნენ, ვერ ვიხსენებ... ფანტასმაგორიული, საინტერესო ნაწარმოებია. განცდილი ემოციები დღესაც მახსოვს.

GzaPress

- საბავშვო ლიტერატურას დღესაც ეცნობი?

- აღარ, მაგრამ ჩემი შვილი ჩემი რჩევითაც და დამოუკიდებლადაც რაღაცებს კითხულობს.

- "ყვითელი კოდალას ორდენის" გარდა, ბავშვობას რომელი ნაწარმოები გახსენებს?

- ასტრიდ ლინდგრენის "პეპი გრძელიწინდა", მარკ ტვენის "უფლისწული და მათხოვარი", რემარკის "სამი მეგობარი", ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები...

- შინ ბევრი წიგნი გაქვს?

- ახლა სადაც ვცხოვრობთ, იქ ბევრი წიგნი არ მაქვს, რადგან ახალი გადასულები ვართ. ჩემი ბიბლიოთეკა დედასთანაა და ჯერჯერობით არ გადმომიტანია. ისე, ბევრი წიგნი მაქვს.

- წიგნებს ყიდულობ ხოლმე?

- კი და მეგობრებისგანაც ვთხოულობ, ბიბლიოთეკითაც ხშირად მისარგებლია.

- ისეთი წიგნი თუ გიყიდია, რომლის წაკითხვის შემდეგ მასში გადახდილი ფული დაგნანებია?

- არა, ასეთი არაფერი მახსენდება, მაგრამ პატრიკ ზიუსკინდის "პარფიუმერი" რომ წავიკითხე, მას შემდეგ რატომღაც, ეს წიგნი აღარც გადამიშლია. უფრო მეტიც: მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, - მათხოვეო და ვაჩუქე.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ლიტერატურული ნაწარმოები რომელია?

- ძალიან ბევრი. მაგალითად, აბიტურიენტობისას ჩეხოვის ნაწარმოებებმა ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა, დოსტოევსკის ნაწარმოებების პერსონაჟებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩემი ფასეულობების გადაფასებაში თომას მანმაც დიდი წვლილი შეიტანა. მისი პერსონაჟები (მაგალითად - "ჯადოსნური მთიდან") საინტერესოები არიან. ჩემთვის შთამბეჭდავ მწერლებს შორის შემიძლია, რაბინდრანათ თაგორი, რიუნოსკე აკუტაგავა დავასახელო...

GzaPress

- ლიტერატურული ნაწარმოების დაწერა თავად თუ გიცდია?

- კი, მიცდია: თინეიჯერობისას ჩანახატებს, ლექსებს ვწერდი. რომანის წერაც დავიწყე, მაგრამ შუა გზაზე მივატოვე. პატარა ნოველა გონებაში მიტრიალებს და ალბათ, ოდესმე დავწერ. ეს იქნება ჩემი გონების, აზრების, ემოციების ნაყოფი. შეიძლება, ჩემს ცხოვრებასაც ჰგავდეს.

- დღიური თუ გიწარმოებია?

- როგორ არა! სკოლაში სწავლის პერიოდში და სტუდენტობისას (პირველ-მეორე კურსამდე) ვწერდი ხოლმე... მაგრამ ჩანაწერებს ყოველდღიურად კი არ ვაკეთებდი, უფრო - შთამბეჭდავი, განსაკუთრებული დღეების გასახსენებლად.

- რომელი მწერლის წერის მანერა მოგწონს?

- მურაკამის სტილი ძალიან მომწონს. თანამედროვე ქართველი მწერლებიდან აკა მორჩილაძეს გამოვყოფ. მის ნაწარმოებებში ის მხიბლავს, რომ მწერალი ჩვეულებრივი, "ადამიანური" ენით დიდ სიბრძნეს გაზიარებს. მისი სიტყვა ძალიან უშუალო და მართალია. ემოციას ისე სწორად გადმოგცემს, რომ ხანდახან თავხედობა გყოფნის, წარმოიდგინო, თითქოს შენი დაწერილია (იმდენად ახლობელი ხდება შენთვის)...

- შენს ნაცნობ მსახიობებს თუ უყვართ კითხვა და საერთოდ, ამ თემაზე თუ მსჯელობთ ხოლმე?

- მსახიობისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბევრ ინფორმაციას ფლობდეს, ბევრი ნაწარმოები ჰქონდეს წაკითხული, პერსონაჟებს იცნობდეს... საინტერესო თუ არ იქნები, ვერც საინტერესო როლებს "გამოიყვან". წიგნი ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის უფრო პოპულარულია, ვიდრე - ჩემი ასაკის ადამიანებში.

- შენი აზრით, ამის მიზეზი რა არის? ახალ თაობას ხომ უფრო მეტი გასართობი აქვს?

- ალბათ, მიზეზი ის გახლავთ, რომ რთული პერიოდი გამოვიარეთ და წიგნისთვის არავის ეცალა; მშობელი არ უჩიჩინებდა შვილს, რომ წიგნები წაეკითხა ან თავად ბავშვები არ მიდიოდნენ წიგნამდე... ახლანდელი თაობა მიხვდა, რომ ადამიანი რაც უფრო ნაკითხი, საინტერესო და გამორჩეულია, მით უფრო "კარგი ტიპია". წიგნის კითხვასთან დაკავშირებული მოდური ტენდენცია მისასალმებელია. წიგნი ხომ სწავლასთან ასოცირდება და თუ სწავლა არ გინდა, ვერ განვითარდები.

- რა გრძნობა გეუფლება, როცა ნაწარმოების კითხვას ასრულებ და წიგნს ხურავ?

- თუ ჩემთვის ღირებული წიგნია, იმ ნაწარმოებზე დიდხანს ვფიქრობ ანუ ფიქრის პროცესი წიგნის დახურვისთანავე არ სრულდება. ამ სიამოვნებამ შესაძლოა, რამდენიმე დღე გასტანოს.

- ახალი ნაწარმოების კითხვის დაწყება რა პერიოდის შემდეგ შეგიძლია?

- ყოფილა შემთხვევა, როცა კითხვა 2-3 დღის შემდეგაც დამიწყია, ასევე - 1-2 თვის შემდეგაც. ზოგჯერ ერთი წიგნი ერთ ღამეში წამიკითხავს, 1 თვეზეც გამიწელია...

- კითხვას როგორ გარემოში ამჯობინებ?

- მგზავრობის დროს, ძილის წინ, დასასვენებლად ყოფნისას... როცა თავს მყუდროდ ვიგრძნობ, მაშინ ვკითხულობ.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- მგონი, ფამუქის "მდუმარე სახლი" წავიკითხე. ახლა ფრედერიკ ბეგბედერის წიგნს - "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე" ვკითხულობ. ეს რომანი არ არის: "აუცილებლად წასაკითხი 50 წიგნი" 6-7 ათასი ფრანგის გამოკითხვით დაადგინეს. ჰოდა, ბეგბედერს სწორედ ამ წიგნების შესახებ აქვს დაწერილი თავისი აზრი... ძირითადად, მგზავრობის დროს ვკითხულობ, სანამ სამსახურში მივალ.

- დამისახელე რომელიმე, ძალიან პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავს?

- ალბათ, ბევრი არ წამიკითხავს, მაგალითად - "დათა თუთაშხია". არც მაქვს სურვილი, წავიკითხო.

GzaPress

- რატომ?

- მახსოვს, სტუდენტი ვიყავი, როცა ამ ნაწარმოების რამდენიმე ფურცელი წავიკითხე და წიგნი დავხურე... ხანდახან ხვდები, რომ რაღაც "შენი" არ არის... სამაგიეროდ, დოჩანაშვილის წიგნს - "სამოსელი პირველი" ვერ მოვწყდი...

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები მოგწონს?

- მაგალითად, "პარფიუმერი" ძალიან მომწონს, სხვათა შორის - "გოგონა დრაკონის ტატუთიც". "ანა კარენინას" ახლანდელ ეკრანიზაციაზე მეტად, ძველი (რომელშიც სოფი მარსო თამაშობს) მომწონს, მაგრამ ჩემთვის ნაწარმოები უფრო შთამბეჭდავია. კიდევ, კარგია ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხლის" ეკრანიზაცია.

- შენს გოგონას - მარის წიგნების კითხვა უყვარს?

- ჯერჯერობით, მარი და წიგნები დიდად არ "მეგობრობენ", მაგრამ იმედია, დაინტერესდება. ახლა "ლაბირინთში მორბენალს" კითხულობს. ბესტსელერი ყოფილა. მე არ წამიკითხავს.

- ცდილობ, შვილს წიგნის კითხვა შეაყვარო? ამისთვის რაიმე მეთოდი გაქვს?

- რატომღაც, მარი წიგნების კითხვას იწყებდა და არ ამთავრებდა. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დიდი სიმპათიით არის განმსჭვალული. რაღაც მომენტში, დორიან გრეი გამახსენდა და მარის ვუთხარი, - თუ გინდა, გაიგო, გიორგი გაბუნია როგორია, "დორიან გრეის პორტრეტი" წაიკითხე-მეთქი. გაჭრა (იცინის)... "დორიან გრეის პორტრეტი" პირველი ლიტერატურული ნაწარმოები იყო, რომელიც ჩემმა შვილმა ბოლომდე წაიკითხა. გიორგი გაბუნიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მისი სახელი ასე სასარგებლოდ გამოვიყენე (იცინის).

- წიგნიდან საინტერესო ფრაზებს, მონაკვეთებს თუ ინიშნავ ხოლმე?

- ბავშვობაში და სტუდენტობისას ვინიშნავდი, ახლა - აღარ.

- რაიმე შთამბეჭდავი ფრაზა ხომ არ გახსენდება, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რაღაცაში დაგეხმარა?

- უფრო ის განწყობილება, ემოციები და ფასეულობები მახსოვს, რაც წიგნის პერსონაჟებს აქვთ. საერთოდ, რომელ ნაწარმოებსაც ვკითხულობ, თითქოს ჩემი ცხოვრების იმ პერიოდს ემთხვევა ხოლმე. ეს დამთხვევები ყოველთვის უცნაურია...

- წიგნი საჩუქრად მიგიღია?

- კი. მაგალითად, ახლა რასაც ვკითხულობ (ბეგბედერის "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე"), მეგობარმა მაჩუქა.

- "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?

- მერიდება, ვინმეს რამე ვურჩიო, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: წიგნებთან "დამეგობრება" აუცილებელია... და კიდევ: ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" ალბათ, ბევრს წაკითხული აქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ კიდევ წაიკითხავენ. დაბინძურებული გარემოსა და აზრების მერეEეს წიგნი ყოველთვის "რეფრეშს" მიკეთებს. როცა "პატარა უფლისწულს" წაიკითხავ, თითქოს უფრო ბედნიერი და ხალასი ხდები.

ეთო ყორღანაშვილი