მარიტა როხვაძის გარდასახვა სცენაზე და ცხოვრებაში - გზაპრესი

მარიტა როხვაძის გარდასახვა სცენაზე და ცხოვრებაში

სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს. იშვიათად ავლენს აგრესიას, არ ახასიათებს ზედმეტი სიმორცხვე და მოკრძალებულობა. იუმორი მისი საბრძოლო იარაღია: ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მომღერალ მარიტა როხვაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის მჯერა, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ყოველი დღე ასტროლოგთა რჩევების მიხედვით დავგეგმო. მათი დახასიათებიდან ბევრი რამ ჩემს ხასიათთან თანხვედრაშია.

- ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ თევზები ზოდიაქოს 12 ნიშანთა შორის ყველაზე რთულად აღსაწერია. მართლა ასეთი ამოუცნობი ხარ?

- შეიძლება, ასეც არის. ზოგჯერ არათუ ახლობლებსა და მეგობრებს, საკუთარ თავსაც ვაოცებ. ჩვენი სიმბოლო ხომ სხვადასხვა მიმართულებით მოცურავე ორი თევზია და ეს გარკვეულწილად, ხასიათზეც აისახება. თევზებთან ურთიერთობა შესაძლოა, რთული იყოს, მაგრამ სასიამოვნოცაა.

- ცხოვრებაში დინებას უფრო ხშირად მიჰყვები თუ საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაც გჩვევია?

GzaPress- სიტუაციას გააჩნია. ძალიან კარგად განვითარებული ინტუიცია მაქვს და ზუსტად ვხვდები, რა დროს რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაო.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- არა, მე სულითა და გულით ოპტიმისტი ვარ, პესიმისტური შემოტევები არასდროს მაქვს.

- "ისეთი ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".

- ჰო, შეიძლება, ასეც ითქვას, მაგრამ ვინც კარგად მიცნობს, იცის, როგორ უნდა მომიდგეს.

- რა დროს ჯიუტდები?

- არ ვიცი, ხანდახან სისულელეზეც ვჯიუტდები. ვგიჟდები, როცა მართალი ვარ და მეწინააღმდეგებიან. ამ დროს ხმასაც კი ვუწევ. ყოველთვის ჩემი უნდა გავიტანო. ვაღიარებ, ამ თვისების გამო წამიგია კიდეც, მაგრამ სიჯიუტეს სიკეთეც მოუტანია.

- "იუმორი მისი საბრძოლო იარაღია: ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- ნამდვილად ასეა! სხვებთან საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ვცდილობ, მხიარული ვიყო. მაშინაც კი ვიცინი, როცა მეტირება. ეს ხასიათი დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა.

- როცა მარტო რჩები...

- მაშინაც არ ვტირი.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს".

- რეალისტი ვარ. ახლა რომ მკითხო, შენი ოცნება რა არისო? - ვერ გიპასუხებ. ოცნება აუხდენელი რამ არის. მე კი მაქვს სურვილები, რომელთა ასასრულებლად მოქმედებას ვიწყებ. მიწაზე მყარად ვდგავარ.

- "უანგარო სიყვარული შეუძლია. საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელია".

- მართალია, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს კარგი თვისებაა თუ არა.

- ცუდი რატომ არის?

GzaPress- ხომ შეიძლება, ასეთი დიდი და უანგარო სიყვარული ვინმემ ცუდად გამოიყენოს?!

- ამის მაგალითი წარსულში გქონია?

- კი და ამიტომაც ვამბობ.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ჩემი პირადი ცხოვრება "დახურულია".

- "მას საოცარი წინათგრძნობა აქვს".

- მაქვს და ხანდახან, ძალიან გამძაფრებულიც - რასაც გავიფიქრებ, ის ხდება... ზოგჯერ მეფიქრება ადამიანზე და თან, მიკვირს: ნეტავ, რამ გამახსენა მისი თავი-მეთქი? მერე ქუჩაში რომ გავდივარ, სწორედ ის მხვდება... სხვათა შორის, სიზმრებიც მიხდება.

- წინათგრძნობა პირადი ცხოვრების აწყობაში...

- ...(მაწყვეტინებს) აი, რა უცნაურია და პირად ამბებთან დაკავშირებით წინათგრძნობა არ მქონია.

- მიმნდობი ხარ?

- ადრე ვიყავი, ახლა კი ვისწავლე, რომ ყველას არ უნდა ვენდო. ჩემი მოტყუება ადვილი აღარ არის.

- წყლის სტიქიის ნიშანი ხარ. წყალი გიყვარს?

- ძალიან მიყვარს ცურვა, ზაფხულის წვიმა... ყველაფერი მიყვარს, რაც წყალთანაა დაკავშირებული. ზღვაზე ყოფნისას ზოგიერთი იღლება, მე - ენერგიით ვივსები.

- "ზედმეტად ამბიციურია და ამ თვისების წყალობით, კარგ კარიერას იკეთებს".

- ამბიციური ვარ, მაგრამ ზღვარი არ მეშლება. არაჯანსაღი ამბიცია არასდროს მქონია.

- "ზედმეტი სიმორცხვე და მოკრძალებულობა არ ახასიათებს".

- მართალია, არც მორცხვი ვარ და არც ძალიან მოკრძალებული.

- "მას საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული და ტრაბახი სჩვევია".

- ეს არ არის ჩემი თვისება.

- საზოგადოების აზრი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- გარკვეულწილად ყურადღებას ვაქცევ, ანგარიშს ვუწევ. როცა სცენაზე ვდგავარ, ვიცი, რა უნდა ჩავიცვა, რა და როგორ უნდა ვიმღერო და ამ შემთხვევაში ხალხის აზრს ნაკლებად ვითვალისწინებ. ჩემთვის მთავარი პიროვნებებია და არა - ბრბო.

- როცა სცენაზე დგახარ და ამ დროს ხალხის გემოვნებას, მოთხოვნას არ ითვალისწინებ, ეს მომავალში შენს კარიერაზე არ აისახება?

GzaPress- როცა სცენაზე გამოდიხარ და თამამად გაცვია, იმ წუთში შენ პერსონაჟი ხარ, ვიღაცას ასახიერებ და "ზედმეტი ლაპარაკი" არ უნდა იყოს. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც ცუდის თქმა შვებას ჰგვრით. სამწუხაროდ, ასეთები ბევრნი არიან. ისინი ყველაფერში ცუდის დანახვას ცდილობენ და კარგს არ აღიარებენ.

- "ბოლომდე არავის ენდობა".

- შეიძლება, ვიღაცას გაენდო, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდო. შენს მცდარ თუ წარმატებულ ნაბიჯზე პასუხისმგებელი თავად უნდა იყო.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მშიშარა არ ხარ, მაგრამ შენი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობით არის გამოწვეული.

- ამაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები.

- "იშვიათად ავლენს აგრესიას".

- აგრესიული არ ვარ და ისიც კარგად ვიცი, რომ "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი".

- "აქვს უნარი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".

- (იცინის) ეს მომღერლისთვის საჭირო თვისებაა.

- "ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე გამოცანად რჩება".

- არის შემთხვევები, როცა გამოცანა საკუთარი თავისთვისაც ვარ. მერე ჩემს ქცევებს ანალიზს ვუკეთებ. როცა ადამიანთან ვურთიერთობ, მას ვუტოვებ შესაძლებლობას, გამომიცნოს და გააკეთოს დასკვნა, როგორი ადამიანი ვარ.

- მერყევი ხასიათი გაქვს?

- კი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვახერხებ, სწორი დასკვნა გამოვიტანო, ნაბიჯი საჭიროების მიხედვით გადავდგა და ა.შ.

- "სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს".

- ძალიან რთულია, ჭკუა სხვის შეცდომებზე ისწავლო. მქონდა შემთხვევა, როცა კონკრეტულ ადამიანზე არჩევანი არ გავაკეთე და მერე ვინც მისი რჩეული გახდა, კარგი ამბავი არ დაემართა.

- დასახული მიზნისთვის ბრძოლის უნარი შენში რამდენად ძლიერია?

- მიზნის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძვი. მიზნად დავისახე და 4 თვეში 21 კილო დავიკელი. ისეთ ნაბიჯს არასდროს გადავგამ, ვინმეს რომ დააზარალებს. მინდა, ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით, დაუზარელი შრომით მივაღწიო და არა - ვინმეს ხარჯზე.

თამუნა კვინიკაძე