როგორი მამაკაცები არ მოსწონს ნინო ლეჟავას - გზაპრესი

როგორი მამაკაცები არ მოსწონს ნინო ლეჟავას

მას ცხოვრების განსხვავებული წესი აქვს. 26 წლის მოცეკვავე ამბობს, რომ მისი გული თავისუფალია და უკვე სურვილი აქვს, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს.

პირველი წარმატება

- ცეკვა 5 წლიდან დავიწყე. 21 წელია, სცენაზე ვდგავარ. თითქმის ყველა ჟანრში ვცეკვავდი (სამეჯლისოს, ქართულს, მსოფლიო ხალხთა ცეკვებს) და უამრავი დიპლომი მაქვს, ბევრჯერ ლაურეატიც გავხდი. თუმცა, პირველი სერიოზული წარმატება იყო 2008 წელს, აღმოსავლურ ცეკვებში ევროპის ჩემპიონი გავხდი.

- გარდა იმისა, რომ ცეკვავ, სხვა პროფესიაც გაქვს?

- ცეკვა ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ მიყვარს ხატვა, ჩანახატების წერაც... დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ტანსაცმლის მოდელირებისა და დიზაინის" ფაკულტეტი. ჰოდა, ჩემი საცეკვაო კოსტიუმების უმეტესობა საკუთარი ხელით მაქვს შექმნილი. ასევე, ვმუშაობდი უსახლკარო ძაღლთა თავშესაფარში, ბატონ თამაზ ელიზბარაშვილთან. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, იქ მუშაობას ვეღარ ვახერხებ, მაგრამ როცა ჩემი ოთხფეხა მეგობრები მენატრება, მათ სანახავად თავშესაფარში მივდივარ და უკან დადებითი ემოციებით დატვირთული ვბრუნდები.

ოჯახი

GzaPress- ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში დავიბადე. დედა ფილარმონიის სოლისტი იყო (სამწუხაროდ, გარდაიცვალა). ყველაზე დიდი წვლილი ჩემს აღზრდაში სწორედ დედას მიუძღვის. მან შემაყვარა სცენა. ძალიან მკაცრად მზრდიდა და ამიტომაა ჩემში პირველობის მიმართ სწრაფვა. 2010 წელს, როცა საქართველოში პირველი ცეკვის ოლიმპიადაში გავიმარჯვე და ჩემს ჟანრში პირველი ადგილიც ავიღე, გული დამწყდა, რადგან დედა ჩემ გვერდით არ იყო და ვერ გაიზიარებდა ამ გამარჯვებით მოგვრილ სიხარულს. მამა "რეროს" მუსიკოსი იყო. უკრავდა გიტარაზე, საქსოფონზე... ახლა მამაა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მისი მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმულია.

მატერიალური მდგომარეობა

- დაახლოებით 10-15 წლის წინ, საქართველოში აღმოსავლურ ცეკვებს სტრიპტიზად მიიჩნევდნენ. არადა, ეს აღმოსავლური ტრადიციული, ქალური და არა - ვულგარული ცეკვაა. მიხარია, ეს ჟანრი რომ უკვე საქართველოშიც მიიღეს და მოთხოვნაც დიდია. წლების წინ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა, ამ საქმიდან შემოსავალი რომ მქონოდა, ახლა კი საქართველოდან გამგზავრება აღარ მჭირდება - აქაც სტაბილურად კარგი მატერიალური მდგომარეობა მაქვს.

სხვათა შორის, დამოუკიდებელი ძალიან პატარა ასაკიდან გავხდი. 16 წლის ვიყავი, როცა დედამ ცეკვის სტუდია - "პირველი ნაბიჯები" ჩამოაყალიბა, სადაც ქორეოგრაფად ვმუშაობდი.

პირადი ცხოვრება

- შედარებით პატარა ასაკში ხან ერთი ბიჭი მიყვარდა, ხან - მეორე, ახლა კი ამ ყველაფერზე მეცინება. სერიოზულად შეყვარებული ორჯერ ვიყავი და ორივე ურთიერთობა მტკივნეულად დასრულდა. ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ.

ძალიან მომთმენი და უბოროტო ადამიანი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცს ჩემთვის გული უტკენია, მაგრამ ამის მცდელობა ყოფილა. ისე, წყენასაც ადვილად ვივიწყებ, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა ამევსება, კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობას უბრალოდ, გავწყვეტ. სხვათა შორის, ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე, ახლა კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი და ვინმე ძალიანაც რომ შეეცადოს, ასე მგონია, ვეღარ მატკენს.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- პირველ რიგში, მამაკაცი მეგობრული უნდა იყო. ზედმეტად ყურადღებიანი ტიპები არ მომწონს. თავად სხვის თავისუფლებას არასდროს შევზღუდავ და მეც ვერ შევეგუები შეზღუდვებს. რაც შეეხება გარეგნობას, ეს ჩემთვის პირველხარისხოვანი არ არის. შეიძლება, მამაკაცი სიმპათიურიც გახლდეთ და საწოლშიც - არაჩვეულებრივი, მაგრამ იმის იქით "ნაგავი" იყოს... მთავარი ადამიანობაა. ჩემი რჩეული გულწრფელი უნდა იყოს, მატერიალური მდგომარეობა და გარეგნობა კი წარმავალია.

თაყვანისმცებლებისგან განებივრებული

GzaPress- უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მათგან საჩუქრებს არასოდეს ვიღებ. რაც შეეხება კომპლიმენტებს, - სიამოვნებით ვისმენ. ვფიქრობ, ქალმა საჩუქრები მხოლოდ საყვარელი მამაკაცისგან უნდა მიიღოს. როცა ადამიანი არ მოგწონს, არ გიყვარს და მისგან ძვირად ღირებულ საჩუქრებს იღებ, ეს უკვე ანგარებაა.

- ქართველ მამაკაცებს მოსწონთ შენი პროფესიული საქმიანობა?

- ვერ გეტყვით, მოსწონთ თუ არა... თუმცა, როცა სცენაზე ვარ და ვცეკვავ, ანთებული თვალებით მიყურებენ... დღეს ალბათ, იმიტომაც ვარ მარტო, რომ ბევრი მამაკაცი სათანადოდ ვერ აღიქვამს ჩემს საქმიანობას და ურთიერთობის დაწყების შემთხვევაში აუცილებლად, არჩევნის წინაშე დამაყენებს, რაც ჩემთვის მიუღებელია! ცეკვა ჩემი ცხოვრება, ამას 21 წელი მივუძღვენი და მირჩევნია, მარტო ვიყო, ვიდრე საყვარელ საქმეს შევეშვა.

- როგორი მამაკაცები გაღიზიანებს?

- "მობლატავე" მამაკაცები, რომლებიც ამ "ბლატაობას" თამაშობენ. არ მომწონს ზედმეტად "პეწენიკები", რომლებსაც შეუძლიათ, მთელი დღე სარკის წინ გაატარონ.

იმიჯი

- ბევრს არ ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. საშინლად მეშინია გახდომის. აღმოსავლური ცეკვისთვის მრგვალი ფორმებია აუცილებელი ანუ "სავსე" უნდა იყო. საკუთარ თავს იმ დონეზე ვუვლი, როგორც ყველა ნორმალურმა ქალბატონმა უნდა მოუაროს.

- იმიჯს ხშირად იცვლი?

- მას შემდეგ, რაც აღმოსავლური ცეკვების შესრულება დავიწყე, არასოდეს არავისთვის მიმიბაძავს. ჩემი იმიჯი მხოლოდ მე მეკუთვნის! უფრო მისტიკური, აგრესიული, ამორძალი ქალის იმიჯი მაქვს.

- სახის კანს განსაკუთრებულად უვლი?

- რა თქმა უნდა, ვუვლი. არასოდეს ვიძინებ მაკიაჟით. ყოველთვის ვცდილობ, მქონდეს ხავერდოვანი, ელასტიკური და მიმზიდველი სახის კანი. უპირატესობას აღმოსავლურ სურნელოვან კრემებს ვანიჭებ. ამიტომ, როცა საზოგადოებაში გავდივარ, ჩემი სპეციფიკური სურნელი ყოველთვის განსხვავებული და შესამჩნევია. კანი არის ის, რასაც ყველა ქალმა განსაკუთრებულად უნდა მოუაროს.

ჩემი ბუნებრივი თმის ფერი შავია. დედის გარდაცვალების შემდეგ, ცოტა გავჭაღარავდი და ამიტომ, ჭაღარების დაფარვის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ვისვამ საღებავს. ჩემთვის ბუნებრიობა უპირველესია.

- მაკიაჟს ხშირად იკეთებ?

- მაკიაჟის გაკეთებით უკვე დაღლილი ვარ (იცინის)... ყოველ საღამოს სხვადასხვა კლუბსა თუ რესტორანში მაქვს გამოსვლა, აქედან გამომდინარე, მაკიაჟის გაკეთება ყოველდღიურად მიწევს. როცა შინ ვარ ან მეგობრენთან ერთად სადმე მივდივარ, ვცდილობ, ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთო. მიყვარს, როცა კანს ვასვენებ.

შოპინგი

GzaPress- საერთოდ, ძალიან მხარჯველი ვარ. შოპინგი მახალისებს. არასდროს დავდივარ სამოსის შესაძენად მეგობრებთან ან ახალობლებთან ერთად. ასეთ დროს მარტო ხეტიალი მომწონს. ეს ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

გართობა

- თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვერთობი. მიყვარს ფილმების ყურება, წიგნის კითხვა. ყველაზე კარგად მაშინ ვისვენებ, როცა მეგობრები ჩემთან მოდიან, ვსვამთ ყავას და ვსაუბრობთ უამრავ საინტერესო თემაზე.

- დასასვენებლად ძირითადად, მთას ირჩევ თუ ზღვას?

- ორივე ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, მთას თავისებური ხიბლი აქვს და ზღვაზე ყოფნაც სიამოვნებას მანიჭებს. ასე რომ, როცა ზაფხულში შვებულებას ვიღებ, ვცდილობ, დრო ისე გავანაწილო, ზღვაზეც რომ დავისვენო და მთაშიც.

ლამაზი კომპლიმენტი და საზაფხულო რომანი

- ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ის არის, როცა მეუბნებია, რომ პროფესიონალი მოცეკვავე ვარ. მამაკაცს თუ უნდა, მასიამოვნოს, პირველ რიგში ჩემს პროფესიონალიზმს უნდა გაუსვას ხაზი.

- საზაფხულო რომანები გქონია?

- ზაფხული რომანების გარეშე გამორიცხულია!.. არ ვგულისმობ იმას, რომ ეს რომანები აუცილებლად, ორმხრივ გრძნობაზე აგებული უნდა იყოს. საერთოდ, მამაკაცებთან ურთიერთობაში ძალიან მკაცრი და კონსერვატორული ვარ. არ შემიძლია რომანის სწრაფად გაჩაღება და მერე ასევე სწრაფად, ადამიანთან ურთიერთობის დასრულება.

სოფო ჭონიშვილი