რატომ ინიღბება თაკო გაჩეჩილაძე? - გზაპრესი

რატომ ინიღბება თაკო გაჩეჩილაძე?

"ერთი მხრივ, თავმდაბლობა კარგია, მაგრამ მეორე მხრივ - ცუდი, რადგან "შეგჭამენ", - ამბობს თაკო. მისთვის არავის უთქვამს, რომ მებრძოლი ხასიათი უნდა ჰქონოდა. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მიახვედრა, რომ ზოგჯერ ნიღბის ტარებაა საჭირო...

ამჟამად, თაკო მუსიკალურ-გარდასახვით შოუში - "ერთი ერთში" მონაწილეობს.

- პროექტში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ დაგიმალავთ და გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან სხვა ადამიანად გარდასახვა რთულია, მაგრამ საბოლოოდ, გავრისკე. ახლა ვხვდები, რომ არ შევმცდარვარ... რაც შეეხება პირველ "ლაივს": მთელი ბავშვობა დაიანა როსის სიმღერების მოსმენაში ნამდვილად არ გამიტარებია, მაგრამ რადგან გარეგნობთ, ვარცხნილობით, ცოტა არ იყოს, ვგავდი, ვიფიქრე, მის როლს იოლად მოვირგებდი, თუმცა, ესეც რთული აღმოჩნდა. შემდეგ ლოტოტრონში მადონა რომ ამომივიდა, გამიხარდა - ბავშვობიდან მისი ფანი ვარ. ვაფასებ, როგორც ხელოვანს, შოუვუმენს. ვფიქრობ, ეს ქალი გენიოსია...

- ქეთი დოლიძის შეფასება როგორ აღიქვით, როცა თქვა: თაკოს 100 ქულას დავუწერდიო, მაგრამ რვიანი დაგიწერათ...

- ეს ნიშნავდა, რომ თაკოს ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ ამ ნომერში ეს არ გამოჩნდაო. დაახლოებით იმავენაირად შემაფასა, როგორც ზაზა შენგელიამ. მათი მადლობელი ვარ. ჩემი შესაძლებლობები ნამდვილად, იმაზე მეტია, ვიდრე დაიანა როსის იმ კონკრეტული სიმღერის შესრულებისას ჩანდა.

- თქვენი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა ვინ იქონია?

GzaPress- უპირველეს ყოვლისა, მაიკლ ჯეკსონმა. ასევე, მომწონდა მერაია, უიტნი, მადონა... საერთოდ, ჩვენს ოჯახში ყოველთვის მრავალფეროვანი მუსიკა ჟღერდა: კლასიკა, როკი, ჯაზი, არენბი, სოული, პოპი, ქართული ხალხური სიმღერები... ამიტომ გემოვნებაც სხვადასხვა განხრით ჩამომიყალიბდა... პირველად "ბასტი-ბუბუში" სწორედ ჯეკსონის სიმღერა შევასრულე და ვიცეკვე. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ მეც მომღერალი უნდა ვყოფილიყავი.

- გული არ დაგწყდათ, რომ "ერთი ერთში" ჯეკსონის როლი თიელმა მოირგო და არა - თქვენ?

- ჯეკსონის რეპერტუარიდან თჰრილლერ ყველაზე მეტად მიყვარს. გული არ დამწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, იქნებ ბედმა მეც გამიღიმოს-მეთქი? თიელის გარდასახვა ძალიან მომეწონა. მით უმეტეს, რომ შოუსთვის მზადება ძალზე მცირე დროში მოასწრო.

- თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- არა, ძალიან გოიმი და გორსალა ვარ (იცინის)... უმნიშვნელოვანესია, როგორ გარემოში იზრდები, მაგრამ ალბათ, გემოვნება შენში უნდა "იჯდეს", დროთა განმავლობაში კი ამის გაზრდა-გაფართოებაც არ სრულდება ანუ შეიძლება, კარგი გემოვნება ხვალ და ზეგ უკეთესი გახდეს ან პირიქით - უარესისკენ შეიცვალოს. პირადად მე, ჯერჯერობით გემოვნებას არ ვუჩივი.

- სამაგალითო ადამიანი გყავთ?

- დიახ, მამაჩემი. ის ჩემთვის ყველაფერში მისაბაძია: თავშეკავებული, გაწონასწორებული, ინტელიგენტი, ზრდილობიანი, თავმდაბალი პიროვნებაა მიუხედავად იმისა, რომ ბუმბერაზი მუსიკოსია. ცხადია, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემია, ამის შესახებ მთელ საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ლაპარაკობდნენ. მამას საუკეთესო ადამიანური თვისებები აქვს, მის პროფესიონალიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უკვე 76 წლის გახლავთ და რაღაცებს დღესაც სწავლობს, არ ჩერდება: ინტერნეტში "იქექება", წიგნებს იწერს, მუსიკას უსმენს, სიახლეებით ინტერესდება... მოკლედ, ნამდვილი მუსიკოსია!

- თავად თავმდაბალი ხართ?

- ეს თვისება მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩამინერგეს. რა თქმა უნდა, თავმდაბალი ადამიანი ბევრად უფრო მხიბლავს, ვიდრე - უაზრო ამბიციების მქონე. ჩემს თავმდაბლობას ბევრი არასწორად იგებს. გარკვეულ ადგილებსა და სფეროში ეს თვისება აბსოლუტურად არ ჭრის, პირიქით - ყველას უნდა უჩვენო, რომ ძალიან თავდაჯერებული, მაგარი, "ქულ" და "ძერსკი" ტიპი ხარ.

- მაგალითად, ეს სად და როდის უნდა გააკეთო?

- ჩემს სფეროში ეს საჭიროა. შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველას ვემეგობრო? გარდა ამისა, თითქმის მთელ თბილისს ვარ "მოდებული". არ შეიძლება, ყველასთან "ნამდვილი თაკო" ვიყო. ზოგ შემთხვევაში, თავმდაბლობის გამო, დაიჩაგრები, ვიღაც ბოროტად გამოიყენებს შენს ამ თვისებას, ზოგი კი უბრალოდ, გიჟად შეგრაცხავს... ამიტომ რაღაც ნიღბის ტარება აუცილებელია. შეიძლება, ეს კარგი არ არის, მაგრამ რა ვქნათ, ასეთია ცხოვრება... სხვათა შორის, ვიდრე პირადად გამიცნობენ, ბევრს ძალიან ამბიციური ვგონივარ. რა თქმა უნდა, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეტყობა, გარეგნობა, გამოხედვა ისეთი მაქვს, რომ "თავში ავარდნილი", "ვარსკვლავური მანიით" შეპყრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ჩემი გაცნობის შემდეგ ბევრს უთქვამს, - ვაიმე, სხვანაირი მეგონე და როგორი ყოფილხარო...

- თმის ფერი შეგიცვლიათ...

- დიახ. მელირება მომბეზრდა. ბუნებრივად ღია ფერის თმა მაქვს, კანი კი - ძალიან თეთრი. მზის გულზე წოლისას "ზაგარს" ვერ ვიღებ - ვიწვები და ვწითლდები. ერთფეროვნება მბეზრდება. როცა რაღაცის შეცვლა მინდება, თმას შავად ვიღებავ, გარუჯვას ვცდილობ...

GzaPress

- დაფერვის მეთოდით ირუჯებით?

- არა, ამჯერად სოლარიუმში გავირუჯე. სოლარიუმში მაქსიმუმ, 8-10 წუთს ვძლებ, ისიც - კვირაში ერთხელ.

- როგორი სტილის სამოსი მოგწონთ?

- თიმბერლენდები, "ბოტასები", კედები მომწონს. ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ მნახავთ. უფრო, "ბომჟური სტილის" სამოსი მაცვია, მაგრამ გარემოებები ითხოვს (ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ!), რომ ზოგჯერ "ქუსლზეც" დავდგე. ყოველდღიურად არც მაკიაჟს ვიკეთებ - დისკომფორტს მიქმნის.

- თქვენი სასცენო ჩაცმულობა და იმიჯი სიამოვნებას განიჭებთ?

- რა თქმა უნდა. შეიძლება, ცოტა უხერხულ ნათქვამში ჩამითვალონ, მაგრამ საკუთარი თავი მაკიაჟის, გრიმის გარეშე უფრო მეტად მომწონს.

- თქვენს სხეულზე განსაკუთრებულად ზრუნავთ?

- თავს ნამდვილად ვუვლი, ვვარჯიშობ. ახლა პროექტმა - "ერთი ერთში" ბევრი დრო წამართვა და სამწუხაროდ, ყოველდღე ვარჯიშს ვეღარ ვახერხებ, მაგრამ ფიტნესი უკვე ჩემი ცხოვრების სტილია. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა უნდა ივარჯიშოს. კიდევ, დღეში მინიმუმ, 2-3 ლიტრ წყალს ვსვამ. სწრაფი კვების ობიექტებში არ შევდივარ, არც გაზიან სასმელს გეახლებით და არც შემწვარ-მოხრაკულს მივირთმევ. უპირატესობას მოხარშულ საკვებს (მაგალითად - ბროკოლს) ვანიჭებ...

- ასეთი საკვები მოგწონთ თუ სხეულის სიჯანსაღის გამო იქცევით ასე?

- მომწონს, კი. საერთოდ, დიდად მჭამელი არ ვარ. შემიძლია, მთელი დღე იოგურტი და ხილი მივირთვა, მაგრამ ტკბილეული ძალიან მიყვარს! ნამცხვრებზე, შოკოლადზე ვგიჟდები.

- კარგი კულინარი ხართ?

- სამწუხაროდ, როგორც კულინარი, ნამდვილად არ ვვარგივარ. რამდენიმე კერძის მომზადება ვიცი, მაგრამ ეს არაფერია. ძალიან გემრიელი მჭადი გამომდის და თუკი შინ მჭადის გამოცხობა იგეგმება, მამა ამბობს, - თაკომ გამოაცხოსო (იღიმის). ნამცხვრის გამოცხობაც ვიცი და შემიძლია, პიცაც მოვამზადო, ხილის უგემრიელესი ფრანგული ტორტიც... სიმართლე გითხრათ, ეს საქმე დიდად არ მხიბლავს და არც განსაკუთრებული ნიჭით გამოვირჩევი. კულინარია "ჩემი" არ არის.

- რამდენი ტატუ გაქვთ და თითოეულს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- ბავშვობიდან ვამბობდი და ვწერდი დღიურებში, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ. ბოლოს ავდექი და მარცხენა ხელის მაჯაზე (გულის მხარეს) დავიწერე: I წას ბორნ ტო ბე ჰაპპყ (დავიბადე იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი). ეს ტატუ არ მბეზრდება, პირიქით - სტიმულს მაძლევს: როცა შევხედავ, მახსენდება, რომ ბედნიერი ვარ. მარჯვენა ხელის მაჯაზე დახატულ გულს რაც შეეხება, რამდენიმე წლის წინ კი გაავრცელეს ჭორი, თითქოს ვიღაცის გამო ამოვისვირინგე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, რადგან შეყვარებული არ მყავს და დიდი ხანია, არც მყოლია. უბრალოდ, გულის ფორმის ტატუ მომწონდა... კისერთან ამოსვირინგებულ "ვარსკვლავს" რაც შეეხება, იმ შინაარსიით დავიხატე, რომ ბავშვობიდან მთელი ჩემი ცხოვრება ვარსკვლავობამდე მიდის. თან, ვარსკვლავი ვიზუალურადაც მომწონს... საერთოდ, ტატუები მომწონს და შეიძლება, კიდევ ერთხელ გავრისკო...

- როგორი მამაკაცები მოგწონთ?

- შემდგარი, თავდაჯერებული, ყველაფერში ჩემზე ბევრად განვითარებული, ჭკვიანი, ჩამოყალიბებული, ჩემზე ბევრად "წინ მდგომი". ჩემს ცხოვრებაზე გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ბევრი შეყვარებული არ მყოლია, მაგრამ ვინც მყავდა, ყველა დაკომპლექსებული იყო, რადგან "თაკო გაჩეჩილაძე" ვარ. ეს თვისება უკვე "აღარ შემიძლია" და მეზიზღება.Gმინდა, გვერდით ისეთი მამაკაცი მყავდეს, რომელიც თავდაჯერებული, ჩამოყალიბებული და შემდგარი პიროვნება იქნება. საკუთარ თავზე შეყვარებულ "მაჩოებს" ვერ ვიტან... მოკლედ, ჩემი რჩეული ნამდვილი კაცი უნდა იყოს, ასეთი კი ცოტაა...

- თაკო, პროექტში - "ერთი ერთში" თქვენი მიზანი რა არის?

- ცხადია, მიზანი გამარჯვებაა. თუმცა, ვაღიარებ, კონკურსის ყველა მონაწილე უნიჭიერესია, თითოეული ძლიერი მეტოქეა და დაძაბულობაც იგრძნობა...

ეთო ყორღანაშვილი