ნინო ძოწენიძის საინტერესო წარსული და "დიდი მეგობრის" სიკვდილით გამოწვეული ტკივილი - გზაპრესი

ნინო ძოწენიძის საინტერესო წარსული და "დიდი მეგობრის" სიკვდილით გამოწვეული ტკივილი

აქვს საოჯახო ალბომი, რომელშიც ძირითადად, ძველ, შავ-თეთრ ფოტოებს ინახავს. მის ბინაში მისულს გულდაწყვეტილმა მითხრა: ბევრი კარგი ფოტო დავკარგე იმ პერიოდში, როცა ბინა გამოვიცვალეთო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საკმაოდ მდიდარი ფოტოალბომი დამათვალიერებინა.

- სურათებიდან ჩანს, რომ პუტკუნა ყოფილახარ...

- ამ სურათში დაახლოებით, 6-7 თვის ვარ. მართლაც, პუტკუნა გახლდით, მაგრამ ბავშვობის შემდეგ ზედმეტი წონის პრობლემა აღარ მქონია. მართალია, ფეხმძიმობის მერე კი გამიჭირდა ზედმეტი კილოგრამების მოცილება, მაგრამ ეს მაინც მოვახერხე... ცეკვა მიყვარს ძალიან და ეს მშველის, სახლშიც კი ვცეკვავ ხოლმე.

- როგორი ბავშვი იყავი?

GzaPress- მოგეხსენებათ, წლების წინ ჩვილებს აკვანში აწვენდნენ და არც მე გახლდით გამონაკლისი. ისეთი აქტიური ვყოფილვარ, რომ თურმე, თავს სულ აქეთ-იქით ვაქნევდი და აკვნის კიდეებს ვურტყამდი. ამიტომ, სამ დღეში აკვანს მომაშორეს.

- შენი აქტიურობა მერეც გაგრძელდა?

- რა თქმა უნდა, გაგრძელდა, მაგრამ ისეთი ცელქიც არ ვყოფილვარ, რომ მშობლებისაგან საყვედური მიმეღო. ბაღში თუ სკოლაში სულ ვმღეროდი, ვცეკვავდი. თუმცა, პირველობა არ მიყვარდა, ამბიციური არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი. თუკი რაიმე დავალებას მომცემდნენ, პირნათლად ვასრულებდი. ჰოდა, ერთხელ სიცხიანი (39 გრადუსი სიცხე მქონდა) წავედი ბაღის ზეიმზე და ვიცეკვე. აი, ეს ბაღში გადაღებული სურათია.

- ამ ფოტოზე მამასთან ერთად ხარ. მშობლებზე რას გვეტყვი?

- დედა ეკონომისტია, მაგრამ თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია; შვილებზე გადაყოლილი დედაა, რომელიც ახლა ჩემს შვილს ზრდის. მთელი ცხოვრება ხელს მიწყობს იმაში, რომ წარმატებული ვიყო. რაც შეეხება მამას: მასზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. ის მუსიკოსი გახლდათ და ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ვმეგობრობდით. გარეგნულადაც და ხასიათითაც მას უფრო მეტად ვგავარ. ბავშვობიდანვე ბევრი გასტროლი მქონდა მოსკოვში და ხშირად, მამა დამყვებოდა. ერთ-ერთი გასტროლის დროს, კონცერტი მე უნდა გამეხსნა. მახსოვს, "ანა-ბანას" ვმღეროდი. მამამ მითხრა, - წინა რიგში ვიქნები. არ იღელვო. როდესაც გაგიღიმებ, სიმღერა დაიწყეო. ჩემი გამოსვლის დროც მოვიდა. ფარდა რომ გაიხსნა, მამა ვერ დავინახე, წინა რიგები შავკანიან მამაკაცებს ჰქონდათ დაკავებული. ეგრევე უკან გავბრუნდი და მამის ძებნა დავიწყე (იცინის). მას გული აწუხებდა, შეუძლოდ გამხდარა და გარეთ გასულა და როცა შეამჩნია, სცენიდან გავედი, მაშინვე დარბაზში შემობრუნდა...

GzaPressჩემი მეგობრების მშობლებს ძალიან უყვარდათ, როცა გასტროლზე მამა მომყვებოდა. ის კარგად მღეროდა, მოლხენაც იცოდა. მახსოვს, ერთ-ერთი გასტროლის დროს მე დამაძინა, თვითონ კი დაბლა ჩასულა და მანდილოსნებს გიტარის თანხლებით უმღეროდა. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო და ცხადია, ქალებს მოსწონდათ. რომ გავიღვიძე და მამა ოთახში ვერ ვიპოვე, დაბლა ჩავედი. გიტარით ხელში რომ დავინახე, ვიეჭვიანე, ტირილი დავიწყე და ისიც იძულებული გახდა, ოთახში დაბრუნებულიყო (იცინის). 20 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო.

- გარდა იმისა, რომ ცეკვავდი და მღეროდი, ვიოლინოზეც უკრავდი?

- დედას ძალიან უნდოდა, ვიოლინოზე დაკვრა მესწავლა. ჰოდა, მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა. დაკვრა მართლაც, კარგად ვისწავლე. როგორც მომღერალი, მუსიკალურ სკოლაში პედაგოგმა - მარინა ტყაბლაძემ აღმომაჩინა. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მას ამისთვის კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო. მახსოვს, ჩემი ნამღერი რომ მოისმინა, საბავშვო მუსიკალურ თეატრში წამიყვანა. მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი... სიმღერა რომ დავიწყე, ვიოლინოზე დაკვრას თავი დავანებე.

- როგორც ვიცი, გოგონათა კვარტეტის - "ტეტრაქორდის" წევრი იყავი...

- კი და ეს ანსამბლი ქუთაისში 10 წელი არსებობდა. სხვათა შორის, საკმაოდ წამატებული გამოსვლები გვქონდა არა მარტო ქუთაისში, არამედ - საზღვარგარეთაც. აი, ეს სურათი, სადაც ჩემი ცეკვაა აღბეჭდილი, გერმანიაში, ერთ-ერთ კონცერტამდე გადამიღეს. ბავშობაში უფრო წარმატებული და განებივრებული ვიყავი კონცერტებით, ვიდრე ახლა ვარ.

GzaPress

აი, ეს ფოტო კი თვითმფრინავშია გადაღებული. ჩემი პირველი ჰონორარი 14 წლის ასაკში, ბაქოში გასტროლის დროს ავიღე... 90-ანი წლებში ქვეყანაში არეულობა იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ვმღეროდით. ქალაქიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი და ხშირად, რეპეტიციებზე ფეხით მიწევდა სიარული. იქ მისულს კი სიბნელე, ცუდი აპარატურა და სიცივე მხვდებოდა, მაგრამ მაინც მხიარულად და ენთუზიამით ვაკეთებდით საქმეს.

- თინეიჯერების პერიოდზე საუბრობ. საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდი ამ პერიოდში?

- რომ გითხრათ, განსაკუთრებული ჩაცმის სტილი და იმიჯი მქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, ვცდილობდი, გამორჩეული ვყოფილიყავი თანატოლებისაგან. მაგალითად, ჯინსის შარვალს ვხევდი და ზედ ნოტებს ვაკრავდი. აი, ეს ფოტო თინეიჯერობაში მაქვს გადაღებული. სხვათა შორის, იმ პერიოდში სიგარეტს ვეწეოდი და ამას არავის ვუმალავდი. "ბირჟაზეც" მომიწევია და წარმოიდგინეთ, საზოგადოებისთვის ეს როგორი შოკი იქნებოდა (იცინის). ძმა მყავს და როცა ის შინ იჯდა, მეცადინეობდა, მე ამ დროს "ბირჟაზე" ვიყავი. მამა ამბობდა: ვერ გავიგე, რომელია გოგო და რომელი - ბიჭიო (იცინის). ქუჩაში ვმღეროდი კიდეც, ამიტომ უიტნის მეძახდნენ.

- ოჯახის წევრებმა იცოდნენ, სიგარეტს რომ ეწეოდი?

GzaPress- ერთხელ დედა სახლიდან რომ წავიდა, მოწევა დავიწყე, მაგრამ მალევე დაბრუნდა, მე კი უცებ სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, უმი კარტოფილი ჩავიდე პირში. დედა ყველაფერს მიხვდა და სილა გამაწნა... მამამ იცოდა, რომ ვეწეოდი. ის ყოველთვის და ყველაფერში მიგებდა, დედა კი ძალზე მკაცრი იყო. თუმცა, ახლა შვილიშვილმა შეცვალა, მასთან ძალიან დამთმობია.

- მაკიაჟს თუ იკეთებდი?

- მაკიაჟი ყოველთვის მიყვარდა და ამ საქმეში "დასპეცებული" ვიყავი. სარკის გარეშეც შემეძლო სახის მოხატვა. ადრე უმაკიაჟოდ გარეთ არ გავდიოდი, ახლა კი იშვიათად ვიკეთებ.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგოები იმიჯს იცვლიან. შენ თუ შეიცვალე?

- ბევრი არაფერი შემიცვლია. თმაც კი გვიან - შვილის გაჩენის შემდეგ შევიღებე. ყოველთვის მეგონა, რომ დიდი ყურები მქონდა, ამიტომ სულ გაშლილ თმას ვატარებდი. ჰოდა, მამა მეჩხუბებოდა, - თმა აიწიეო. სამწუხაროდ, მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ ავიწიე თმა.

- ამ ფოტოზე მეგობრებთან ერთად ხარ. მათ შორის გიგაც არის. მომავალი მეუღლე როდის გაიცანი?

- გიგას ბავშვობიდანვე ვიცნობდი. საბავშვო მუსიკალურ თეატრში ერთად დავდიოდით. ჩემ მიმართ გრძნობა გაუჩნდა, მე კი მას მხოლოდ მეგობრად მივიჩნევდი. თბილისში ჩამოსულმა შემომთავაზა, - ჩამოდიო. ყოველთვის უნდოდა, სოლო კარიერა მქონოდა, მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი: როცა გუნდში მღერი, მერე ძნელია მარტო გახვიდე სცენაზე. საბოლოოდ, გიგამ თავისი გაიტანა - თბილისში ჩამოვედი, სოლო კარიერის აწყობა ვცადე და გავხდი გიგას ცოლი... ვფიქრობ, ჩვენ დღემდე მეგობრები ვართ. სიყვარულთან ერთად, ეს მეგობრული დამოკიდებულება და ჩვენი შვილია ოჯახის სიმყარის გარანტია.

- ამ ფოტოზე საქორწინო კაბაში ხარ გამოწყობილი...

- (მაწყვეტინებს) ეს სურათი ერთ-ერთი ჩვენების დროს გადამიღეს. მე და გიგას ქორწილი არ გვქონია. სხვათა შორის, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი - დაწერილი. ასეთ ფორმალობებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მთავარია, ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ვართ.

GzaPress

- თბილისს როგორ შეეჩვიე?

- ძალიან გამიჭირდა. თავიდან სულ ვტიროდი, ქუთაისიდან კი წერილებს მიგზავნიდნენ და მწერდნენ: სკვინჩა (ასე მეძახდნენ), უშენოდ მოვიწყინეთო. წერილების კითხვისას ვტიროდი. თბილისში რომ ჩამოვედი, აქ დამხვდა ქუთაისელი ქალბატონი მზია ღამბაშიძე. ის ჩემი ვოკალის პედაგოგი იყო. მან დიდი წვლილი შეიტან ჩემს მუსიკალურ განათლებაში. 6 თვე მასთან ვცხოვრობდი კიდეც და როგორც საკუთარ შვილს, ისე მივლიდა.

- ოდესმე გარეგნობაში რაიმეს შეცვალაზე არ გიფიქრია?

- ჯერჯერობით, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, მაგრამ ასაკში რომ შევალ, მერე ალბათ, დამჭირდება რაღაცები. როდესაც შესაძლებელია, უკეთესად გამოიყურებოდე, ამაზე უარი არ უნდა თქვა.

- დაბოლოს, შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეა?

- სულ მალე მოისმენთ ჩემს ახალ ინგლისურენოვან სიმღერას, რომელზეც კლიპიც გადავიღე. ცუდია, ბოლო დროს ყველა პოლიტიკაში რომ ჩავერთეთ, კონცერტებიც აღარ ტარდება. მინდა, ეს ყველაფერი დამთავრდეს და ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოთ, ამის შესაძლებლობა მოგვეცეს.

მარეხ ჭონიშვილი