ქართველი გოგონა, რომლის ფოტოები "სიენენზე" მოხვდა - გზაპრესი

ქართველი გოგონა, რომლის ფოტოები "სიენენზე" მოხვდა

არადა, სამოდელო სფეროში შემთხვევით ამოჰყო თავი. მისი ფოტოები რუმინელი ფოტოგრაფის - მიჰაელა ნოროკის პროექტის "სილამაზის ატლასი" წყალობით "სიენენზეც" მოხვდა. თეკლა შეყვარებულია: მისი რჩეული ფეხბურთელი ოთო გოშაძე გახლავთ, რომელიც ერთი წელია, რაც თურქეთის გუნდში თამაშობს.

- მოდელობა საკამოდ გვიან, 18 წლის ასაკში დავიწყე. ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა ქუჩაში შემამჩნია და მითხრა, რომ საკმაოდ უცხო, საინტერესო გარეგნობა მაქვს... რომ არა ამ ადამიანთან შეხვედრა, დღეს მოდელი არ ვიქნებოდი.

- როდესაც პოდიუმზე გასვლა გადაწყვიტე, ოჯახის წევრები მხარში ამოგიდგნენ თუ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს?

GzaPress- ოჯახი ჩემთვის ძალიან დიდი განძია. ფაქტობრივად, ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. ჩემი ოჯახით ვამაყობ. ისინი ყოველთვის მხარში მიდგანან და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. დედა კოსტუმების დიზაინერია, მამა - არქიტექტორი, ჩემი დები - მხატვრები. პოდიუმზე გასვლის სურვილი რომ გამოვთქვი, ამას მათი მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია. ჩემი სურვილი დროებით გატაცებად მიიჩნიეს, რაც ნამდვილად ასეა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ. უამრავი გატაცება და ჰობი მაქვს. მიყვარს ხატვა, ვმღერი... მოკლედ, სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს.

- სამოდელო სფეროში წარმატებას როდის მიაღწიე?

- შარშან სტამბოლის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სამოდელო სააგენტომ "რესპეცტ მოდელს" მიმიწვია და ჟურნალისთვის გადამიღო. ამას მოჰყვა მიჰაელა ნოროკის პროექტი - "სილამაზის ატლასი", სადაც 37 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის და მათ შორის, ჩემი ფოტოებიც არის.

- როგორ მოხვდი ამ პროექტში?

- მიჰაელა საქართველოში ჩამოვიდა და სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს დაუკავშირდა, მათ მოდელების ფოტოები სთხოვა. მან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების პორტრეტებით პლანეტის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას გაუსვა ხაზი. როგორც გაირკვა, ჩვენთანაც ტიპურ ქართველ გოგონას ეძებდა. მიჰაელა ჩემი ფოტოებით მოხიბლულა და გადაწყვიტა, რომ უნდა გვეთანამშრომლა. ამ პროექტის საშუალებით ჩემი ფოტოები მსოფლიოს არაერთ რეიტინგულ საიტზე და მათ შორის, "სიენენზეც" მოხვდა; შემდეგ "სიენენზე" 37 გოგონადან 15-ის პორტრეტი შეარჩიეს და მათ შორის ჩემი ფოტოც რომ აღმოჩნდა, ეს შოკისმომგვრელი გახლდათ, ამას არ ველოდი.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

GzaPress- 20-ის გახლავართ და ვფიქრობ, წინ კიდევ უამრავი საინტერესო პროექტი მელოდება... საერთოდ, წარმატება დიდი შრომისა და იღბლის ხარჯზე მოდის. მწამს, რომ თუ ადამიანს მთელი გულით სურს რაიმეს მიაღწიოს და საამისოდ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

- თავად მიზანდასახული ხარ?

- მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვარ. საყვარელი საქმის კეთება არასდროს მეზარება. ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს პროფესიაში წარმატებული ვიყო.

- საქართველოში მოდელობა ნაკლებად შემოსავლიანი პროფესიაა, არა?

- დიახ, ჩვენთან მოდელობა შემოსავლიან პროფესიად ნამდვილად არ მიიჩნევა, მაგრამ დროთა განმავლობაში იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...

- კი, შეყვარებული ვარ ფეხბურთელ ოთო გოშაძეზე. ის თურქეთის გუნდში - "ქასიმფაშაში" თამაშობს, მეკარეა.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

GzaPress- ათათურქის აეროპორტში, სტამბოლში გავიცანი. გავიგონე, ვიღაც ქართულად, ხმამაღლა ლაპარაკობდა. პასპორტკონტროლზე რაღაც პრობლემა ჰქონდა და ვკითხე: დახმარება ხომ არ გნებავთ-მეთქი? შემომხედა და მკითხა: თბილისში მიდიხართო? პატარა დიალოგის შემდეგ ერთმანეთი დავკარგეთ, ცოტა ხანში კი ისევ შევხვდით და სახელი მკითხა, ყავაზე დამპატიჟა. მოკლედ, ბევრი ვისაუბრეთ, თბილისამდეც ერთად ვიმგზავრეთ.

- შემდეგ, როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?

- როცა აეროპორტში შევხვდით, ერთმანეთს მხოლოდ სახელები ვუთხარით. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ერთმანეთი კარგა ხანს აღარ გვინახავს. მერე ოთომ "ფეისბუკზე" როგორღაც მომძებნა და დამეკონტაქტა. იმ პერიოდში თურქეთში იყო, მაგრამ როცა თბილისში ჩამოვიდა, შევხვდი. გარკვეული პერიოდი ვმეგობრობდით. მერე თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა და სიყვარულშიც გამომიტყდა.

- ვიდრე სიყვარულში გამოგიტყდებოდა, ვერ ხვდებოდი, რომ მოსწონდი?

- ნუ, რაღაცას ვხვდებოდი, მაგრამ სიყვარული რომ ამიხსნა, ეს ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო და თავიდან ცოტა არ იყოს დავიბენი; არ ვიცოდი, მისთვის რა უნდა მეთქვა, თან - მეორე დღეს სტამბულში მიფრინავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარგა ხანს ვეღარ ვნახავდი... თუმცა, ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უნდა დავლოდებოდი. მერე, როცა ისევ საქართველოში დაბრუნდა, მივხვდი, რომ არ შევმცდარვარ, ლოდინი ნამდვილად ღირდა.

- ანუ მიხვდი, რომ გიყვარდა?

- დიახ, დრომ და განშორებამ მიმახვედრა, რომ ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასი იყო (იღიმის).

- შეყვარებულს შენი საქმიანობა თუ მოსწონს?

- ცნობილი ფაქტია, რომ ფეხბურთელები და მოდელები ერთმანეთს კარგად უგებენ (იცინის). ოთოს ჩემი საქმე ძალიან მოსწონს, ყველაფერში მეხმარება და მხარში მიდგას. ის ჩემთვის საუკეთესო მეგობარია.

GzaPress

- ოთო თურქეთშია, შენ - საქართველოში ანუ ერთმანეთს იშვიათად ხვდებით. ასეა?

- დიახ და ეს ამბავი ძალიან გვაწუხებს. თუმცა, ერთმანეთს ყოველდღე ვწერთ და ვუყვებით, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს იმ კონკრეტულ დღეს. მეც და ოთოც ჩვენს მომავალ კარიერას სერიოზულად ვეკიდებით და ვცდილობთ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი კი ჩვენს ურთიერთობას კიდევ უფრო ალამაზებს და აძლიერებს.

- ერთმანეთს სიურპრიზებს თუ უკეთებთ?

- კი, ერთმანეთს სიურპრიზებით ხშირად ვანებივრებთ. ვცდილობთ, ერთურთი ყოველდღიურად გავაბედნიეროთ...

- ორივე საკმაოდ წარმატებული ხართ. ერთმანეთზე ხომ არ ეჭვიანობთ?

- არა, ეჭვიანი არც ერთი არ ვართ და სიმართლე გითხრათ, არც საბაბს ვაძლევთ ერთმანეთს.

- ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?

- დაქორწინებას არ ვჩქარობთ. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა და ჯერ ამ ყველაფრისთვის მზად არ ვართ...

- ბევრ დროს ხარჯავ საიმისოდ, რომ სასურველ ფორმაში იყო?

- ფორმაში ყოფნისთვის ბევრს ვვარჯიშობ და ვცდილობ, სწორად და ჯანსაღად ვიკვებო.

- როგორც ვიცი, ახლო მომავალში მილანში მიემგზავრები...

- დიახ, მილანის ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენლებს მოვეწონე და მაქვს შემოთავაზება, რომ მათ სააგენტოსთან კონტრაქტი გავაფორმო.

სოფო ჭონიშვილი