რეჟისორი, რომელიც ემოციებსა და განცდებს აგროვებს - გზაპრესი

რეჟისორი, რომელიც ემოციებსა და განცდებს აგროვებს

"მე ერუდიტი არა ვარ", - მითხრა სატელეფონო საუბრის დროს, მაგრამ შეხვედრაზე მაინც დამთანხმდა. ინტერვიუს მსვლელობისას კი ნათელი გახდა, რომ მისი - "ერუდიტი არ ვარ" მხოლოდ თავმდაბლობა იყო.

პრეამბულის მაგიერ

- პროზა მიყვარს, ფილოსოფიური ჟანრი, დრამატურგია თანაბრად მიტაცებს. ადამიანებს ლიტერატურისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ზოგიერთი წიგნის კითხვისას ყურადღებას ფაქტებზე ამახვილებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოცია, განცდები და გამოცდილებაა. წიგნებიდან და ფილმებიდან უმეტეს შემთხვევაში კადრები და ეპიზოდები მამახსოვრდება. ალბათ ეს ჩემი პროფესიის ბრალია.

- წასაკითხ ნაწარმოებებს რა ნიშნით ირჩევთ?

- სულ რაღაცას ვეძებ. ვეძებ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მიჩნდება. ვეძებ პიესებს, ლიტერატურას, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი მეგულება და ვკითხულობ.

- ეს ლიტერატურული პერსონაჟი რეალურ ცხოვრებაში რომ არსებობდეს, რომელ გმირთან იმეგობრებდით?

- (იცინის) მგონი ზოგიერთი პერსონაჟი რეალურ ცხოვრებაში მართლა არსებობს. უფრო მეტიც - მე მათ ვიცნობ და ვემეგობრები. ზოგიერთი ხილულია, ზოგი - უხილავი. ახლა ერთდროულად ბევრი პერსონაჟი მახსენდება. მათთან არა მხოლოდ ვიმეგობრებდი, ბევრ საკითხზე ვიკამათებდი. ყველა პერსონაჟთან შინაგანი დიალოგი ისედაც მაქვს ხოლმე. დასახელება აუცილებელია?

- რა თქმა უნდა.

- იყო პერიოდი, როცა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ალიოშა კარამაზოვი. ეს გმირი რომ გავიცანი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამყაროს მისი თვალით ვუყურებდი. 90-იან წლებში კი მეგონა, რომ საქმე რასკოლნიკოვთან მქონდა. სათქმელს სპექტაკლებით ვამბობ ხოლმე. ბოლოს მოლიერის "მიზანთროპი" დავდგი. ჩემი განცდით, კონფლიქტი რეალობასთან ყველაზე მეტად აქტუალური თემაა. ეს არის სპექტაკლი "კაცთმოძულე" ადამიანზე. მას ეს სახელი დაექვა, რადგან თანამედროვეობასთან კონფლიქტი აქვს. პიესაში წინ წამოწეულია იდეალები, რომელთა უკან რეალურად არ ვდგავართ. საზოგადოებაში ფარისევლობის პრობლემაა. ხშირია თვალთმაქცობის შემთხვევები, არაგულწრფელობა მეფობს. ეს ყველაფერი მიზანთროპს აღიზიანებს. ადამიანები ერთმანეთს ეფერებიან, ესიყვარულებიან და ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ამ სპექტაკლში თანამედროვე საზოგადოების სახე კარგად ჩანს.

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას ეს ჩვევები რატომ ჩამოუყალიბდა, რისი გავლენის შედეგია?

- მგონი ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც უნდა გადაილახოს. ჩვენ ჯერ არ ვართ მისული იმ ეტაპზე, როცა თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი შეხედულება ყველა აქტუალურ საკითხზე. ხშირად ხომ ადამიანები იმის მტკიცებას იწყებენ, რის აზრზეც არ არიან.

- ახლა რომელიმე სპექტაკლზე თუ მუშაობთ.

- ახლა გაცილებით მეტს ვფიქრობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სწორად ვიპოვო ის ნაწარმოები, რომელიც რეალობას მოერგება. 4 სამუშაო ვარიანტი მაქვს, არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- ნაკლებად. ერუდიტი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროდან. მე ინფორმაციებზე მეტად ემოციებსა და განცდებს ვაგროვებ.

- მძაფრი შთაბეჭდილება რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- ამ წუთში "მძაფრ შთაბეჭდილებაზე" დოსტოევსკის "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" გამახსენდა. ამ ნაწარმოებმა შემაზანზარა. ასეთივე შთაბეჭდილება მოახდინა ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებმა".

- ამ ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლის დადგმას ხომ არ ფიქრობთ?

- ჩემი აზრით, ეს თემა თემურ ჩხეიძემ ამოწურა. არასდროს გამიჩნდება სურვილი ვიმუშაო "დათა თუთაშხიაზე". შედევრები უკვე შექმნილია.

- შუა საუკუნეების ევროპაში ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებში, ლოდების გარდა მკვდარ ცხოველებსაც ისროდნენ. რატომ?

- ორი სავარაუდო პასუხი მაქვს.

- მიგანიშნებთ, ამ მეთოდს რაღაცის გასავრცელებლად იყენებდნენ.

- შიშის?

- არა.

- შეიძლება ვივარაუდო, რომ ამას ეპიდემიის გავრცელების მიზნით აკეთებდნენ.

- დიახ. თავდაპირველად "პობედას" "როდინა" ერქვა. მანქანას სახელი სტალინის მითითებით შეუცვალეს. რა იყო ბელადის არგუმენტი?

- არ ვიცი.

- მან იკითხა, - რა ეღირება "როდინა"?

- ა!!! ამ მანქანის ფასად გამოდის, სამშობლოს ვყიდითო.

- ლაკონაში ჩაკეტილი სპარტელებისთვის ფილიპე მაკედონელს მიუწერია: თუ მოვედი, ძირფესვინად ამოგთხრითო. რა უპასუხეს ლაკონიელებმა?

- ძალიან მოკლე და ლაკონურ პასუხს გასცემდნენ (ფიქრობს), "თუ", ხომ?

- გამოიცანით. რა ჰქვია ფურცლის დაკეცვით შექმნილ ხელოვნებას?

- არ ვიცი.

- ორიგამი. რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს ქალზე თუ ღვინოზე? - ამ კითხვას ფრანგები მეტად ორიგინალურად პასუხობენ.

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ, ის, რაც ღვინისთვის ღირსებაა, ქალისთვის - ნაკლია.

- ასაკი. ანუ გააჩნია ასაკს?

- თავად რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს?

- ღვინოზე.

- "დათა თუთაშხია" გავიხსენოთ. რა ერქვა დურუ მედუქნის ქალიშვილს?

- კიკუ.

- ვინ იხსნა კოხტასთავის შეთქმულება?

- ცოტნე დადიანმა.

- რას იჭრიდნენ ძველი ბერძნები გლოვის ნიშნად?

- წვერს.

- ცდებით.

- არა, არა, თმას იჭირდნენ.

- ილია ჭავჭავაძის მეუღლის გარდა, კიდევ რომელი ცნობილი საზოგადო მოღვაწის მეუღლე ატარებდა სახელსა და გვარს - ოლღა გურამიშვილი?

- გალაკტიონის მეუღლესაც ოლღა ერქვა, მაგრამ ის ოკუჯავა იყო.

- მიგანიშნებ, ამ საზოგადო მოღვაწეს დიდი როლი მიუძღვის ფოთის განვითარების...

- ...(მაწყვეტინებს) ნიკო ნიკოლაძე.

- რა ფუნქცია ჰქონდა ძველ საქართველოში გზირს?

- ამბის, განკარგულების მიმტანი იყო.

- ვინ დაამკვიდრა პოლიტიკური ბრძოლის ფორმად შიმშილობა, როგორც პროტესტი?

- მაჰათმა განდიმ.

- რამდენი ფეხი აქვს რვაფეხას?

- (იცინის) 8. ერთი ანეკდოტი გამახსენდა: მოქმედება გურიაში ხდება. კაცს მანქანა დაეჯახება, მძღოლი გადავა, მიწაზე წაქცეულს თავზე დაადგება და - ადექი ძამა, ადექი, მანდ რომ გაშხლართულხარ, შენ მე მილიონერი ხომ არ გგონივარო? - ვიდექი ძამა ჩემთვის და არ დამაყენე, მანქანას რომ მარტყამდი, რვაფეხა ხომ არ გგონივარო?

- რა გვარი იყო იეთიმ გურჯი?

- არ მახსოვს.

- დაბღაშვილი. პოეზია გიყვარს?

- მეტნაკლებად. ნიკო სამადაშვილის ლექსები მომწონს.

- "ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო,/ გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება,/ მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს/ არ სჭირდება მთების გამოგონება". ვისი პოეზიიდან არის ეს სტროფი?

- არ მახსოვს.

- მორის ფოცხიშვილის. რომელმა ამერიკელმა მწერალმა დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა ციხეში?

- არ ვიცი.

- ო ჰენრიმ. ამ ხელსაწყოს სახელი ორი ლათინური სიტყვისგან წარმოიშვა. ეს სიტყვებია - წყვილი თვალი. რომელ ხელსაწყოზეა ლაპარაკი?

- ბინოკლზე.

- რომელი არასამეფო წარმომავლობის მქონე პორტრეტი დაბეჭდეს პირველად ბრიტანეთის საფოსტო მარკაზე?

- უილიამ შექსპირის.

- სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს. კიდევ რას არ იცვლის იგი სიცოცხლის განმავლობაში?

- რას შეიძლება არ იცვლიდეს, ბუდეს?

- დიახ. დამთვალიერებელი გალერეაში შედის და ამბობს: ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრიაო. რა იქნება მისთვის?

- თუ შეიძლება, გამიმეორეთ (გამეორების შემდეგ), დავიბენი, მადროვე და გამოვიცნობ (პაუზის შემდეგ) კარგად ვერ გავიგე, ბიძა გამოდის?

- დიახ. რა ერქვა ესკიმოსების საცხოვრებელ ქოხს, რომელიც ყინულის აგურებისგანაა აშენებული?

- ვერ გიპასუხებ.

- იგლუ. რომელი ქართველი პოეტი ამბობდა, "ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალიაო".

- ტერენტი გრანელი, ხომ?

- ცდებით.

- გალაკტიონი.

- დაბოლოს, დაასრულეთ ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "მე შემიძლია გავუძლო ყველაფერს, გარდა..."

- ბევრი რამ შეიძლევა ვივარაუდო.

- იმის გაძლება, რასაც უაილდი გულისხმობდა, ყველაზე ძნელია.

- ვერ დავასრულებ.

- "...გარდა ცდუნებისა".

თამუნა კვინიკაძე