თაობა, რომელმაც "ჩექინი", "დათაგვა" და "სელფი" არ იცოდა - გზაპრესი

თაობა, რომელმაც "ჩექინი", "დათაგვა" და "სელფი" არ იცოდა

მოსწავლეები ემშვიდობებიან სკოლას, მასწავლებლებს. ბევრისთვის "ბოლო ზარი" ასოცირდება თეთრ პერანგთან, სადაც ბევრი სამახსოვრო და კეთილი სურვილი იწერება. აი, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტი კი "ბოლო ზარის" გვირგვინად შეიძლება ჩაითვალოს... ჩვენ რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუკავშირდით და ამ ლამაზი, დასამახსოვრებელი დღეების გახსენება ვთხოვეთ.

"იმ დღეს ერთმანეთი სხვა თვალით დავინახეთ - თურმე, ლამაზები ვყოფილვართ"

თამრიკო ჭოხონელიძე:

- ორი სკოლა მაქვს გამოცვლილი: პირველად შემიყვანეს სასწავლებელში, რომელიც ალიოშა ცინცაძის სახელობის სკოლად იყო ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ამ სახელის გაგონება ბევრს ტკბილ მოგონებებს გაუღვიძებს. ამ სკოლაში ჩემი პირველი მეგობრები შევიძინე, რომელთა ნაწილი ბაღიდანაც მომყვებოდა. მერვე კლასში ყოფნისას კი მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედში გადავედი, სადაც ჩემი კლასელი ლადო ბურდული გახლდათ.

- "ბოლო ზარი" თუ გქონდათ?

- ღონისძიება არ გვქონია. ბოლო დღესაც მოსწავლეები სკოლაში ფორმით გამოვცხადდით. სხვათა შორის, ის სამოსი, რომელიც მაშინ გოგონებს გვეცვა - შავი კაბა და თეთრი წინსაფარი მეც ძალიან მომწონდა და ვფიქრობ, მიხდებოდა კიდეც. ბიჭებს თეთრი პერანგები ეცვათ. ერთმანეთს ბევრი სამახსოვრო წარწერა გავუკეთეთ. იმ დღეს დავემშვიდობეთ მასწავლებლებსაც: ზოგს გულისწყვეთით, ზოგს კი სიხარულით (იცინის). იმედია, ამ ნათქვამს არავინ მიწყენს.

- ალბათ, სკოლის ბანკეტიც გქონდათ...

- ბანკეტი გვქონდა და უნდა გითხრათ, რომ ამ დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე: პირველად ჩავიცვი ქუსლიანი ფეხსაცმელი, პირველად გავიკეთე მაკიაჟი. როგორც მეუბნებოდნენ, ცუდად არ გამოვიყურებოდი. ჩემი კლასელებიც ყველანი ლამაზები იყვნენ. იმ დღეს ერთმანეთი სხვა თვალით დავინახეთ - თურმე, ძალიან ლამაზები ვყოფილვართ (იცინის). ბანკეტი ლადოს სახლში გვქონდა, სადაც მასწავლებლებიც მოვიწვიეთ. ძალიან ლამაზი დღე იყო. სამწუხაროდ, ახლა კლასელები ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ, მაგრამ როცა ვხვდებით, ისინი ისეთივე ლამაზები მეჩვენებიან, როგორც იმ დღეს.

- თუ გახსოვთ, როგორი კაბა გეცვათ?

- სადა, ცისფერი კაბა შევარჩიე. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი იყო. სალონში არ წავსულვარ: ვარცხნილობაც და მაკიაჟიც თავად გავიკეთე.

- იმ წლების ნოსტალგია თუ გაქვთ?

- მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ბოლო წლები ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემასა და არეულობას დაემთხვა, მაინც ლამაზი წლები იყო. მაშინ მეტი სიყვარული და სისუფთავე გახლდათ, ასე მგონია. სხვანაირად თბილი ურთიერთობა გვქონდა ადამიანებს და სწორედ ამის ნოსტალგია მაქვს. დღეს თითქოს, ერთმანეთის სიყვარული დავკარგეთ.

- რას ეტყვით მათ, ვისაც ახლა "ბოლო ზარი" აქვთ?

- მინდა, მათ ეს დღე მივულოცო. დარწმუნებული ვარ, მათ სიხარულს სევდაც ახლავს - ისინი ხომ ბავშვობის წლებს ემშვიდობებიან. მინდა, მათ ბევრი კარგი დღე და წარმატებები ვუსურვო! თავიანთი ძალა და შემართება იმისთვის გამოიყენონ, რათა ემსახურონ სიყვარულს და განათლება საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენონ.

"ფეხსაცმელი ისე მიჭერდა, ის სიმწარე დღესაც მახსოვს..."

რამაზ ნოზაძე:

- მახსოვს, პირველკლასელი ოთახში რომ შევედი, ძალიან დაბნეული და გაოცებული ვიყავი. ვფიქრობდი, - ეს სად მოვხვდი-მეთქი? იმავე დღეს მომიხდა პირველი უთანხმოება ჯარჯი ჩაბაკაურთან, რომელიც მერე ჩემი ყველაზე მაგარი ძმაკაცი გახდა. ახლა მე და ჯარჯი წარსულს ღიმილით ვიხსენებთ ხოლმე. ყოველი დღე, რაც სკოლაში გამიტარებია, ჩემთვის ტკბილი მოგონებაა. ჩვენი კლასის პირველი დამრიგებელი მერაბ გოგია იყო. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მოვიკითხო ეს ადამიანი და წარმატებები, ბედნიერება ვუსურვო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბოდიშსაც მოვუხდი ჩემი ოხუნჯობისთვის (იცინის). მიყვარხარ მერაბი მასწ, გულში! მიუხედავად სიცელქისა, ყურადღებიანი და ბეჯითიც ვიყავი. ვცდილობდი, დავალებები ყოველთვის შეძლებისდაგვარად კარგად შემესრულებინა. კლასელები ბევრჯერ "შატალოზეც" ვყოფილვართ.

GzaPress

- "ბოლო ზარი" გაიხსენეთ...

- ჩემი ცხოვრება ისეთი არ იყო, როგორიც ყველა მოსწავლის. სკოლის ბოლო დღეები სპორტულ შეკრებაზე გავატარე, სადაც ოთარი მასწავლებელი საქართველოსთვის ახალ სპორტსმენს "ჭედავდა". თუმცა, "ბოლო ზარის" ზეიმზე მაინც მივედი, ამ დღეს ვერ გამოვტოვებდი.

- ბანკეტი თუ გქონდათ?

- რა თქმა უნდა, გვქონდა და მანდ გავსინჯე პირველად სასმელი. ისე გავერთეთ, რომ ეს დღე ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება! დღესაც, თითეულ ჩემს კლასელთან დიდი სიყვარული და მეგობრობა მაკავშირებს.

- ბანკეტისთვის სამოსი თავად შეარჩიე?

- მინდოდა, ამ დღეს ამაყი ვყოფილიყავი, - თეთრი პერანგი, ჯემპრი, შავი შარვალი და "სალიდნი ტუფლები" მეცვა (იცინის). ფეხსაცმელი ისე მიჭერდა, ის სიმწარე დღესაც მახსოვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არ ვიმჩნევდი. ასევე, თეთრი პერანგის ქვეშ მეცვა მაისური, რომელზეც ჩემი ძმის დახატული მგელის ირგვლივ, ბევრი სამახსოვრო წარწერა და ხელმოწერა იყო გაკეთებული.

- ამ დღის ნოსტალგია თუ გაქვთ?

- ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი გავლილია, უკან არ დაბრუნდება. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი კლასელები, #89 საშუალო სკოლის "ა" ჯგუფის ყოფილი მოსწავლეები შემდგარი ადამიანები ვართ.

"ბოლო ზარზე" მისვლა დამავიწყდა..."

მანიკა ასათიანი:

GzaPress- სკოლის წლები ტკბილად მახსენდება. კარგი მასწავლებლები მყავდა და ამის დამსახურებაა, რომ კარგად ვსწავლობდი. მათი რიდი მქონდა. ოჯახშიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ სწავლა-განათლებას. მე და ჩემი და ერთ კლასში ვსწავლობდით და ხშირად, ერთმანეთს სწავლაში ვეჯიბრებოდით.

- მასწავლებლისგან საყვედური არასდროს მიგიღია?

- საყვედურებს ვიღებდი იმის გამო, რომ როგორც დღეს, მაშინაც ძალიან მიყვარდა ლაპარაკი და გაკვეთილზეც ვერ მაჩერებდნენ. ისე, პედაგოგებისგან სიყვარულს ვგრძნობდი და მეც ძალიან მიყვარდა ისინი.

- "ბოლო ზარი" გქონდათ?

- არ ვიცი, ამ დღესთან დაკავშირებით ასეთ ამბავს კიდევ ვინმე გეტყვით თუ არა, მაგრამ როცა "ბოლო ზარი" უნდა გვქონოდა, ახალგათხოვილს ჩამეძინა და სკოლაში წასვლა დამავიწყდა. ჩემს დასაც არ უფიქრია, ჩემთვის რაიმე შეეხსენებინა. ვერც კი წარმოიდგენდა, ასეთი დღესასწაული თუ დამავიწყდებოდა. გული მწყდება, იმ დღეს სკოლაში რომ ვერ მივედი.

- ბანკეტი თუ გქონდათ?

- აი, ბანკეტზე კი ვიყავი. მასწავლებლებთან ერთად კარგად მოვულხინეთ. ამ დღისთვის ლამაზი და ორიგინალური კაბა შევიკერე, მაკიაჟი კი როგორც ყოველთვის, თავად გავიკეთე. ბოლოს ცოტა ხნით ბექაც მოვიდა. დასამახსოვრებელი დღე იყო.

- სკოლის და იმ დღეების ნოსტალგია თუ გაქვს?

- რა თქმა უნდა, მაქვს. მენატრება ის პერიოდი. მიხარია, რომ სკოლის მეგობრები შევინარჩუნე და კლასელები ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, სიამოვნებით ვიხსენებთ სკოლაში გატარებულ დროს.

"ასე მგონი, მასთან შეხება ბავშვობაში მაბრუნებს"

თაკო აბაშიძე:

GzaPress- სკოლაში გატარებულ წლებს ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ. სასწაული, ახტაჯანა გოგო ვიყავი და კლასელ ბიჭებთან ვძმაკაცობდი. მე ტანვარჯიშზე დავდიოდი, ჩემი ძმა - კარატეზე. მას ხშირად მივყვებოდი, ვარჯიშს თვალს ვადევნებდი და იქ ნასწავლ ილეთებს კლასში, ბიჭებზე ვცდიდი ხოლმე (იცინის).

- "ბოლო ზარი" გქონდათ?

- სკოლის დამთავრების პერიოდში საოცარი განცდა დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა მოზარდს, მეც ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდოდი, სკოლის პერიოდის დასრულებამ გული მაინც ძალიან დამწყვიტა... როგორც ყველას, ჩვენც გვქონდა "ბოლო ზარი". ის დღეები დაუვიწყარია. მახსოვს, თეთრი პერანგი მეცვა, რომელსაც დღემდე ვინახავ. მასზე უამრავი ხელმოწერა, კეთილი სურვილია აღბეჭდილი და ასე მგონია, მასთან შეხება ბავშვობაში მაბრუნებს.

- იმ წლების ნოსტალგია გაქვს?

- რა თქმა უნდა, ნოსტალგია მაქვს. პირველ კლასში რომ ვიყავი, მეოთხე კლასელებზე ვამბობდი, - აუ, რა მაგარია, რამხელები არიან-მეთქი; მეოთხე კლასში კი უფროსკლასელები მეგონენ ძალიან დიდები. ახლა კი ვფიქრობ, - მაშინ რა პატარა ვყოფილვარ-მეთქი.

"ბოლო ზარიც" და ბანკეტიც თურქულ "ზმანებში" აღვნიშნეთ"

დათო გოგიშვილი:

- სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლების საშუალო სკოლა 1994 წელს დავამთავრე. დედაც ამ სკოლაში მუშაობდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ. საუკეთესო პედაგოგები მასწავლიდნენ და დღეს თუკი რაიმეს წარმოვადგენ, ეს მათი დამსახურებაა. საკმაოდ რთული პერიოდი იყო: ეროვნული მოძრაობა, მიტინგები და ასე შემდეგ. 12 წლისა ბევრჯერ ვმდგარვარ მუშტშემართული, ზვიად ძიძიგურის მიერ მოწყობილ მიტინგზე. მაშინ სხვანაირი, გულუბრყვილო, "მეგობრობის დღიურის" თაობა იყო, რომელმაც არ იცოდა "ჩექინი", "დათაგვა" და "სელფი". კლასელების "მეგობრობის დღიურში" "იური შატუნოვის ნაკლეიკებს" ვაკრავდი. მძიმე, მაგრამ ულამაზესი წლები იყო.

- "ბოლო ზარი" და ბანკეტი ალბათ თქვენს კლასსაც ჰქონდა?

GzaPress- კი, გვქონდა. "ბოლო ზარიც" და ბანკეტიც თურქულ "ზმანებში" აღვნიშნეთ. ესპადრელების, "შოლკის" პერანგებისა და ერევნის "ინსპექტორების" ზეიმი გვქონდა. "პრიჩოსკა" - "კოსა" და ერთმანეთის დღიურებში ჩაწერილი კეთილი სურვილები. უმაგრესი კლასი გვქონდა და დღესაც გვაქვს ურთიერთობა. ყველას დაბადების დღე ზეპირად ვიცი და თითოეულს ვურეკავ, ვულოცავ.

- თეთრ მაისურზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები არ გაუკეთეთ?

- იმ პერიოდიში მოდაში აღარ იყო თეთრ პერანგზე წარწერები. მახსოვს, სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთმანეთს სამახსოვროდ, დღიურები შევუვსეთ. ჰოდა, ცოტა ხნის წინ კლასელმა ჩემი "პუბლიცისტური შედევრი" წამაკითხა. კითხვის დროს იმდენი ვიცინე, ლამის ცუდად გავხდი.

- მასწავლებლებს როგორ დაემშვიდობეთ?

- მე განსაკუთრებულად თბილი და სამადლობელი სიტყვებით კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლია თოიძეს დავემშვიდობე. ის არა მარტო ალგებრასა და გეომეტრიას გვასწავლიდა, არამედ უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებად და პიროვნებებად გვზრდიდა - მადლობა მას ამისთვის. სოფელში როცა ვარ, ყოველთვის დიდი სითბოთი მოვიკითხავ ხოლმე.

- იმ წლების ნოსტალგია გაქვთ?

- ნოსტალგიის რა მოგახსენოთ... ძალიან მძიმე წლები იყო. ჩემი სოფელი სამტრედიის რაიონს ეკუთვნის და შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო ომმა ჩვენს ზურგზე გადაიარა. ერთადერთი, რისი ნოსტალგიაც მაქვს, ეს არის ურთიერთობები, გულწრფელობა. ძალიან ვუფრთხილდებოდით კლასელები ერთმანეთს. ამ ადამიანებს დღეს ძალიან ლამაზი ოჯახები აქვთ და პრესის ფურცლებიდან ყველას დიდი პატივისცემით მოვიკითხავ.

მარეხ ჭონიშვილი