მოშინაურებული გველი და კოცნა, დამალული ფეხსაცმლის სანაცვლოდ - გზაპრესი

მოშინაურებული გველი და კოცნა, დამალული ფეხსაცმლის სანაცვლოდ

ცხადია, "პირველი ამბების" გახსენებისას, პოპულარულ ბექაზე ლაპარაკს გვერდი ვერ ავუარეთ.

- გაიხსენეთ პირველი პროდიუსერი, რომელთანაც ითანამშრომლეთ...

- მაია ყიფიანი. მაშინ "იმედის ტალღა 3"-ში ქორეოგრაფად ვმუშაობდი. ვფიქრობ, ყველა პროდიუსერს პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, თავისი "ხედვა" და ნიშა აქვს. საერთოდ, ძალიან კომფორტული ვარ: შენიშვნა მეზიზღება და ვცდილობ, დაკისრებული დავალება ისე შევასრულო, რომ ეს შენიშვნა არ დავიმსახურო. ჰოდა, ვერ ვიხსენებ, ვინმე ჩემი მუშაობით უკმაყოფილო დარჩენილიყო.

- პროდიუსერს თქვენთვის მიუღებელი წინადადება შემოუთავაზებია?

GzaPress- არის ხოლმე რაღაც დავალებები, რომელსაც შეიძლება, არ ვეთანხმებოდე, მაგრამ პროდიუსერს უფრო მეტი გამოცდილება აქვს და უნდა ვენდო - კონკრეტულ დავალებას, საქმეს ის უკეთ ხედავს. ამ შემთხვევაში, მე შემსრულებელი ვარ და ვცდილობ, დავალება მისი თვალით დავინახო. ეს იგივეა, რაც რეჟისორის მიერ შემოთავაზებული როლი, რომელსაც "ვერ დავინახავ", მაგრამ ბრმად ვენდობი. განსაკუთრებულად, დავით დოიაშვილს ვენდობი: როცა ის კონკრეტულ როლს მთავაზობს, შეკითხვა - "რატომ?" არც მიჩნდება. მოგეხსენებათ, ნდობის გარეშე ურთიერთობა არ გამოდის. რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ, ეს არ მეთაკილება...

- პირველი როლი...

- სკოლაში დირექტორმა - ნანა ჯუღელმა "მხეცი და ლამაზმანი" დადგა, რომელშიც მხეცს ვთამაშობდი, თან - ფრანგულად. ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რომ მოცეკვავე და მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. მოცეკვავეობა ადვილია.Mმსახიობობას რაც შეეხება: მიმაჩნია, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის - არ მაქვს იმის ამბიცია, რომ "შევდექი".

- პირველი სიყვარული...

- ეს საბავშვო ბაღში იყო და ერთად ვცეკავდით კიდეც. სიყვარულსGიმით გამოვხატავდი, რომ გოგონას ფეხსაცმელებს ვუმალავდი და როცა შინ წასაყვანად მოაკითხავდნენ, მანამდე არ ვუბრუნდებდი, ვიდრე არ მაკოცებდა (იცინის).

- თქვენ მიერ გაცემული პირველი ავტოგრაფი...

- მქონდა ბედნიერება, რომ თეატრალურ სარდაფში "დიდი სკოლა" გამევლო. მესამე კურსის სტუდენტი გახლდით, როცა სპექტაკლი - "ინსტინქტი" დავდგით და გასტროლით თელავში გავემგზავრეთ. ჩემგანAავტოგრაფი პირველად მაშინ აიღეს: მახსოვს, წარმოდგენის შემდეგ მაყურებლების რიგი იდგა. რა თქმა უნდა, მარტო არ ვყოფილვარ - ჩემთან ერთად იქ ბევრი ჩემზე უკეთესი მსახიობი იყო: ბაიკო დვალიშვილი, დუტა სხირტლაძე, ნანკა კალატოზიშვილი...

GzaPress

- ავტოგრაფი თავად თუ მიგიღიათ?

- კი. ფილარმონიაში კონცერტი გაიმართა, რომელშიც "პასეანსის" მსახიობები მონაწილეობდნენ, "ა-სტუდიოც" იყო ჩამოსული და ავტოგრაფები ამ ჯგუფების წევრებისგან ავიღე.

- ავტოგრაფების მისაღებად, დიდი ბრძოლა დაგჭირდათ?

- არა, ასე ვერ ვიტყოდი (იცინის). ჩემ მიმართ ისინიც ისეთივე ლოიალურები იყვნენ, როგორიც - დღეს მე ვარ: თუკი ვინმეს ესიამოვნება, ავტოგრფს სიამოვნებით გავცემ.

- ის ავტოგრაფები შენახული გაქვთ?

- ასეთ რაღაცებს ყოველთვის ვინახავ. უბრალოდ, მას მერე, რაც სახლში რემონტი გაკეთდა, ბევრი რაღაც დაიკარგა, მათ შორის - ბავშვობის დროინდელი ეს საგანძურიც.

- პირველი ოთხფეხა მეგობარი...

- ძაღლი, სოფელ ძეგვში. მამაჩემს ნადირობა უყვარს და შესაბამისად, ძაღლი ყოველთვის გვყავდა. ახლაც, სახლში ლაბრადორი გვყავს, ეზოში - მონადირე... შინ თუთიყუშიც მყოლია, ლოკოკინებიც, ხოჭოც, გველიც, კუც, ზაზუნებიც, თევზებიც... ობობები ძალიან მიყვარდა, მაგრამ არ მომაშენებინეს. საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც დაფრინავს, დაცოცავს და დადის. ჯოჯოც გვყავდა, მაგრამ შინ ვერ ვაცხოვრეთ - მისი სახლში ყოფნა დედამ ძალიან გააპროტესტა.

- თქვენი და გველის მეგობრობამ რამდენ ხანს გასტანა?

- სოფელში დავიჭირეთ, წამოვიყვანეთ და სახლში მყავდა. გადასარევი, საყვარელი, პატარა გველი იყო. ჩემთან დაახლოებით ერთი კვირა ცხოვრობდა. მანამდე "გავქაჩე", ვიდრე ოჯახის წევრებმა არ გაიგეს, რომ სახლში ქვეწარმავალი იყო...

- პირველი პაემანი...

- "პაემანს" ვერ დავარქმევდი, რადგან ერთმანეთთან საქმე გვაკავშირებდა. ჩემი "პაემანი" სამსახურში იყო - ერთმანეთს ყოველდღე ვხედავდით, თანამშრომლობა გვიხდებოდა. მახსოვს, პირველად მანქანით გავისეირნეთ... მინდა, ნუცასთან ყოველი შეხვედრა განსხვავებული და განსაკუთრებული იყოს! უკვე მეოთხე წელია, ასე გრძელდება და ამას სიამოვნებით გავაგრძელებ მთელი ცხოვრება...

- პირველი კამათი მეუღლესთან...

- პირველად რაზე ვიკამათეთ (ფიქრობს)?.. თუ რამე არ მსიამოვნებს, გულში არაფერს ვიტოვებ, მაშინვე "ვიცლები" და კამათზე მეტად, "აზრების გაცვლას" დავარქმევდი ამ ყველაფერს. მე და ნუცა ერთნაირები ვართ. ჯერჯერობით, სკანდალი ან რაიმე მსგავსი არ გვქონია და იმედია, არც მომავალში გვექნება.

- პირველი სიგარეტი...

- დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი და ნაფაზის დარტყმა არ ვიცოდი. დავინტერესდი, ანთებული სიგარეტი პირში ჩავიდე და "ფუ" გავაკეთე. ლამის დავიხრჩე.

- სიგარეტის მოწევა როდის დაიწყეთ?

- სამწუხაროდ, 15 წლიდან. ეს ერთადერთია, რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ. არავის ვურჩევ, რომ სიგარეტის მოწევა ჩვევად აქციოს. აუცილებელი არ არის, ყველაფერს გაუსინჯო გემო.

- პირველი დიეტა...

- ბავშვობაში მსუქანი რომ ვიყავი, ეს გადმოცემით ვიცი. საბავშვო ბაღის ასაკის მერე, ყოველთვის ნორმალური წონის გახლდით. დიეტის დაცვა არასდროს დამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ გურმანი ვარ და ძალიან ბევრს ვჭამ.

GzaPress

- პირველი ინტერვიუ...

- ეს ჩემი მონაწილეობით პირველი სარეკლამო კლიპის გამოსვლის, პირველი "გატელევიზორების" შემდეგ მოხდა და მახსოვს, ინტერვიუზე ძალიან ვღელავდი, რადგან ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ვიცოდი. ახლა ზუსტად ვიცი: ვიდრე მიკროფონი ჩართულია, ზედმეტი არაფერი უნდა თქვა (იღიმის)... მახსოვს, მაშინაც ძალიან გულწრფელი ვიყავი. ზოგჯერ ეს თვისება დამღუპველია, მაგრამ რა ვქნა? მირჩევნია, ამან დამღუპოს, ვიდრე - "ქვედინებებმა".

- უსამართლობის პირველი განცდა...

- პირველს ვერ ვიხსენებ, ბოლოს - კი.

- ბოლოს შესახებ მიამბეთ...

- არ შეიძლება! ბოლო ძალიან მტკივნეულია და ვერ ვიტყვი. როცა იცი, არაფერი გამოსწორდება, ჯობია, ამაზე არ ისაუბრო... სამწუხაროდ, უსამართლობასთან პირველ შეჯახებას მართლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ ალბათ, 90-იანი წლები იყო ჩემი თაობისთვის უსამართლობა. ის პერიოდი მძიმედ მახსოვს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ცუდ სიტუაციაში იყო. უსამართლობად მივიჩნევდი, რომ სამსახურის გამო, დედას ღამის გათევა ჯიხურში უხდებოდა, მამა უმუშევარი დარჩა, მე მუშაობის დაწყება მცირე ასაკში მომიხდა ანუ მაშინ, როცა ადამიანს გართობა ყველაფერზე მეტად გინდა...

- გადაცემა "იქს ფაქტორის" წამყვანები თქვენ და ია სუხიტაშვილი რატომ აღარ ხართ, ამის რეალური მიზეზი რა არის?

- უმჯობესია, ამაზე პროდიუსერებმა ისაუბრონ... ძალიან მტკივნეულია, მაგრამ როგორც ჩანს, ასე უნდა ყოფილიყო...

- პირველი სამსახური...

- თეატრალურ სკოლა-სტუდია "ბერიკებში" ცეკვის მასწავლებლად ვმუშაობდი და თან, ვსწავლობდი. მარტივი არ არის, ბავშვებს ცეკვა ასწავლო და შეაყვარო კიდეც. ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ყველას გაახსენდება, რომ მაშინ განსაკუთრებულად ბევრი მოსწავლე მყავდა და მათ ჩემს გაკვეთილზე შემოსვლა უხაროდათ. არ ვიცი, ამას როგორ ვახერხებდი.

- პირველი ჰონორარი...

- როცა პრეზიდენტის სტიპენდიანტი გავხდი და მთელი წლის თანხა - 1.200 ლარი ერთბაშად მომცეს, თავი მილიონერი მეგონა.

- მიღებული თანხა რაში დახარჯეთ?

- ისეთი აუცილებელი რაღაცები შევიძინე, რაც ადამიანს თუნდაც, იმისთვის სჭირდება, რომ მაგალითად, გარეთ ფეხშიშველი არ გავიდეს.

- პირველი შეგრძნება, როცა თქვენი პერსონაჟი - ბექა ეკრანზე ნახეთ...

- ძალიან ვნერვიულობდი. რამდენჯერმე გადავახვიე და ხელახლა ვნახე. როცა ხალხისთვის საყვარელ სერიალში თამაშობ, რთულია, იქ ახალი პერსონაჟი შექმნა. თან, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და როლზე ვიმუშავე-მეთქი, - ვერ ვიტყვი. დღემდე ძალიან ვნერვულობ და ვცდილობ, როლის შესრულებისას არ გადავაჭარბო.

- ბექას მსგავს პროდიუსერთან გითანამშრომლიათ?

- ასეთ აფექტურთან - არა. ისიც არ ვიცი, ბექასნაირ პროდიუსერთან ვიმუშავებდი თუ არა, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, ისეთი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს ანუ ძალიან ავიც არ გახლავთ. უბრალოდ, "ყეფა" უყვარს და თავისთვის "იყეფება" (იცინის).

- ამ როლით პროდიუსერებზე ერთგვარად, "შური ხომ არ იძიეთ", მათი თვისებები ხომ გააშარჟეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პროდიუსერთან მითანამშრომლია, შევეცადე, ისეთი ახალი სახე შემექმნა, რომელშიც ყველა პროდიუსერი საკუთარ თავს ოდნავ მაინც იპოვიდა. ვიღაცებმა იპოვეს კიდეც. პროდიუსერები ხშირ შემთხვევაში, ძალიან დაუნდობლები არიან. ვიღაცებს ვაჩვენებდი (ცხადია, ეს სცენარისტზეა დამოკიდებული), რომ ასეთი დაუნდობლობა არ შეიძლება, რადგან თანამშრომლები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები არიან და ადამიანურ მოპყრობას იმსახურებენ. საქმე მთავარია, მაგრამ მასზე წინ ადამიანური ურთიერთობა დგას.

ეთო ყორღანაშვილი