ვინ ატკინა გული ნინო ონიანს - გზაპრესი

ვინ ატკინა გული ნინო ონიანს

"13 წლის ასაკში, საკუთარი ინიციატივით, წლების შემდეგ მამას პირველად შევხვდი", - მითხრა ნინომ, რომელსაც მშობელმა გული ატკინა.

- დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით ტყუპი ვარ, აღმოსავლურის - გველი. სიმართლე გითხრა, საკუთარ ჰოროსკოპს ხშირად ვკითხულობ და რაღაცები ემთხვევა, რაღაცები - არა. ზოგადად, ასტროლოგია ძალიან მიტაცებს. თუმცა, ამაზე დამოკიდებული ნამდვილად არ ვარ.

- უცხო ადამიანებთან ურთიერთობას იოლად ახერხებ?

- ვფიქრობ, კომუნიკაბელური ვარ და უცხო ადამიანებთან ურთიერთობა არასდროს მიჭირს.

- შენი გაბრაზება ადვილია?

- ემოციური კი ვარ, მაგრამ საჭირო დროს თავშეკავებულიც გახლავართ. ჩემი გაბრაზება ადვილი არ არის, წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. თუმცა, თუ მოახერხეს და გამაბრაზეს, მაქსიმალურად ვცდილობ, ეს არ შევიმჩნიო... რა ვქნა, ბრაზიანი ადამიანები არ მიყვარს (იცინის).

GzaPress

- ანუ არასდროს ამბობ, რა გწყინს?

- პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, ვთქვა, რა მეწყინა, უბრალოდ, ამას "ცხელ გულზე" არ ვაკეთებ.

- წყენას მალევე ივიწყებ?

- წყენას ზედმეტად მარტივად ვივიწყებ, რაც კარგი სულაც არ არის - ამის გამო ერთსა და იმავე ადამიანებს არაერთხელ უტკენიათ ჩემთვის გული.

- შენს მავნე ჩვევად რას მიიჩნევ?

- ცოტა არ იყოს, ჯიუტი ვარ, მაგრამ ბოლო დროს ჩემი ეს თვისება მეტ-ნაკლებად დავძლიე. ამ მინუსის გამოსასწორებლად საკუთარ თავზე ყოველდღიურად ვმუშაობ... ისე, ჩემი ყველაზე დიდი მავნე ჩვევა უკვე დაძლეულია: 2 წელია, თამბაქოს მომხმარებელი აღარ ვარ და ამით ვამაყობ.

- დიდი ხანი იყავი თამბაქოს მომხმარებელი?

- სიგარეტს რამდენიმე წლის განმავლობაში ვეწეოდი. ორჯერ ვცადე თავის დანებება: პირველად 4 წლის წინ და მეორედ - 2 წლის წინ... მიხარია, რომ ამ მავნე ჩვევას მოვერიე.

- დედმამიშვილები გყავს?

- სამწუხაროდ, დედისერთა ვარ.

- საკუთარ დადებით თვისებებზე რას გვეტყვი?

- ამაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, მეუხერხულება... ვფიქრობ, ერთგული და სამართლიანი ადამიანი ვარ. ჩემთვის ღალატი და ტყუილი მიუღებელია... მეტს ვერაფერს გეტყვით. ჯობია, ამაზე სხვებმა ილაპარაკონ.

- მეგობრები როგორ გახასიათებენ?

- ამბობენ, რომ ყურადღებიანი, თბილი, სანდომიანი, მიზანდასახული და მხიარული ვარ, მაგრამ ხანდახან - ბრაზიანიც (იცინის).

- ფიცხი ხარ?

- ფიცხი ვარ, მაგრამ ამას იშვიათად ვამჟღავნებ. თუ "ავფეთქდი", მტრისას!..

GzaPress

- როგორია შეყვარებული ნინი?

- რომანტიკული, "უკიდეგანოდ" ერთგული და მოსიყვარულე... ხანდახან, დეპრესიულიც.

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- მათ ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი. მეტ-ნაკლებად შემაწუხებელი თაყვანისმცემლებიც მყავს, მაგრამ ასეთ ადამიანებს ზედმეტს არ ვაბედვინებ. ვცდილობ, ყველასთან დისტანციური ურთიერთობა მქონდეს.

- მათგან საჩუქრებით განებივრებული ხარ?

- რომ არ მოგატყუოთ, ამ მხრივ მართლაც, განებივრებული ვარ.

- შენთვის სერენადა თუ უმღერიათ?

- კი, ფანჯრებთანაც უმღერიათ და სადარბაზოშიც მოსულან, ვიოლინოებით "შეიარაღებულები" (იცინის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მიზანდასახული, ყურადღებიანი, იუმორის მქონე, სიმპათიური მამაკაცები მომწონს... და რაც მთავარია, ჩემ გვერდით მყოფი მამაკაცი აუცილებლად, ძლიერი უნდა იყოს. ისე, არასიმპათიური კაციც მომწონებია, მისი განსაკუთრებული თვისებების გამო.

- შენი გულის მოგება ძნელია?

- საერთოდ, გრძნობა ძნელად მიჩნდება, მაგრამ თუ მამაკაცში მონათესავე სული დავინახე, ჩემი გული უნებურად, სხვაგვარად იწყებს ფეთქვას... ის უნდა იყოს მამაკაცი და არა უბრალოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი.

- პირველად როდის შეგიყვარდა?

- პირველად 12 წლის ასაკში შემიყვარდა და მას შემდეგ სულ შეყვარებული ვარ (იცინის).

- ოდესმე სასიყვარულო ურთიერთობის ინიციატორი ყოფილხარ?

- ურთიერთობაში ინიციატივის გამოჩენას არასდროს მაცდიან (იცინის). თუმცა, შემდეგ ეტაპზე ჩემი აქტიურობა აუცილებელი თუ ხდება, უკან არ ვიხევ.

- ამ ეტაპზე რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- საინტერესო არაფერი, შეყვარებული არ ვარ.

- მკაცრი მშობლები გყავს?

- 5 წლის ვიყავი, მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ და მას შემდეგ მამასთან ურთიერთობა არ მქონია. მასაც არასდროს გამოუთქვამს ჩემი ნახვის სურვილი... 13 წლისამ, საკუთარი ინიციატივით მოვინახულე და მისი მხრიდან ბოდიშებიც მივიღე, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში მაინც არაფერი შეცვლილა, ის ისევ აღარ გამოჩენილა... დედამ და ბებიამ გამზარდეს. ბებია ძალიან თანამედროვე, ლამაზი ქალი იყო და ყოველთვის მანებივრებდა. ახლა ცოტათი დამიბერდა... დედა რაღაც-რაღაცებში მზღუდავდა, მაგრამ ჩემი პიროვნული ღირსება არასოდეს შეულახავს. ყოველთვის ისე მექცეოდა, როგორც მეგობარს. მიხარია, მისნაირი მშობელი რომ მყავს. ის ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი და რაც მთავარია, გმირი დედაა.

GzaPress

- მამას მეორე ოჯახი ჰყავს?

- როგორც ვიცი, არ ჰყავს. თუმცა, ჩემთვის მისი ცხოვრება საინტერესო აღარ არის.

- წლების შემდეგ, როცა მამას პირველად შეხვდი, ალბათ ძალიან ღელავდი...

- ვღელავდი, მაგრამ რომ გითხრა, იმ დროს რაიმე ემოცია დამეუფლა-მეთქი, მოგატყუებ... გულნატკენი ვარ. მაშინ, როდესაც თავად გადავდგი ნაბიჯი მისკენ და ვნახე, მეგონა, ამის მერე ჩვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ შევცდი და ამით გული კიდევ უფრო მეტკინა... მერე გადავწყვიტე, მასთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონოდა.

- ქართული ტრადიციები მოგწონს?

- გააჩნია, რომელ ტრადიციაზეა ლაპარაკი. ყველა ქართული ტრადიცია მოსაწონი ნამდვილად არ არის. მაგალითად, ყანწით 7 ლიტრი ღვინის დალევა კარგი არ არის.

- ქართული ტრადიციული ქორწილი თუ მოგწონს?

- დიდი ქორწილები არ მიყვარს. თავად ალბათ, ძალიან მოკრძალებულ ქორწილს გადავიხდი, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იქნებიან.

- პროფესიით მსახიობი ხარ?

- არა, ფარმაცევტი ვარ.

- მომავალმა მეუღლემ არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოს: ან ოჯახი, ან კარიერაო, რას იზამ?

- მამაკაცი, რომელიც მსგავს ულტიმატუმს წამიყენებს, ვერასოდეს მომხიბლავს და ვერც ჩემი მეუღლე გახდება. ყველა ქალს აქვს უფლება, ის აკეთოს, რაც მოსწონს. თუმცა, სიყვარულისა და ოჯახის გამო რაღაცები ქალმაც და მამაკაცმაც აუცილებლად უნდა დათმონ.

- მომავალი მეუღლის მშობლებთან ერთად თუ იცხოვრებდი?

- ვფიქრობ, ცოლ-ქმარმა დამოუკიდებლად უნდა იცხოვრონ, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა იქნება, წინააღმდეგი არ ვიქნები.

- შენს რჩეულთან ერთად, საქორწინო მოგზაურობაში რომელ ქვეყანაში წახვიდოდი?

- საყვარელ ადამიანთან ერთად მსოფლიოს მოვივლიდი, განსაკუთრებით კი თბილი ქვეყნები მიყვარს, ზაფხულის ადამიანი ვარ.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება?

- თითქმის ყველაფრის კეთება ვიცი, მაგრამ არც ისე ხშირად მაქვს დრო საიმისოდ, რომ საოჯახო საქმეები ვაკეთო... თუმცა, არის დღეები, როცა საყვარელი ადამიანებისთვის გემრიელი კერძების მომზადება მინდება. ამბობენ, რომ "კარგი ხელი" მაქვს. ერთადერთი, ნამცხვრებისა და ტკბილეულის მომზადება არ ვიცი.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება შეგიძლია?

- უთოსთან ვერ ვმეგობრობ და ამიტომაც, სულ ვცდილობ, ისეთი ტანისამოსი შევარჩიო, რომელსაც დაუთოება არ სჭირდება, მაგრამ როცა საჭიროა, ამასაც ვაკეთებ.

სოფო ჭონიშვილი