კაცი, რომელსაც ზურა ყიფშიძემ ღამის გასათევად საგრიმიორო დაუთმო - გზაპრესი

კაცი, რომელსაც ზურა ყიფშიძემ ღამის გასათევად საგრიმიორო დაუთმო

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია და სცენის მოყვარულები მას კარგა ხანია, იცნობენ, მაგრამ ხალხის მოჭარბებული ყურადღება პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც გია ჯაჯანიძის შოუში გამოჩნდა - მისმა ორიგინალურმა გარეგნობამ და საუბრის მანერამ საზოგადოებას ამ ადამიანის მიმართ ინტერესი გაუმძაფრა და მასთან დამეგობრების, ფოტოს გადაღების სურვილი ბევრს გაუჩნდა.

- რატომ ატარებთ ორ გვარს - ესეც ორიგინალურობისთვის გჭირდებათ?

- არავითარ შემთხვევაში! მე არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო ორიგინალური. რეალურად როგორიც ვარ, საზოგადოება ისეთს მხედავს... ბიბინეიშვილი მამაჩემის გვარია - ეს არის ჩვენი ჯიში, სისხლი, ხორცი, გენეტიკა... წარმოშობით ჩოხატაურის რაიონიდან, კერძოდ კი სოფელ სურებიდან ვართ. ძალიან ლამაზი და იშვიათი გვარი გვაქვს, რომელიც უნდა ატაროს ჩემმა შვილმა და შვილიშვილმაც. ისე არავინ გაიგოს, თითქოს ორი გვარი რაიმეს გასაპროტესტებლად მაქვს. ვგიჟდები მამაზე... უბრალოდ, ბაბუამ (დედას მამამ) გამზარდა. 11 წლის ვიყავი, როცა ეს ადამიანი - ომარ ჯაყელი დავკარგე. ის ჩემი სულიერი მოძღვარი გახლდათ, ამ სიტყვის სრული გაგებით. მისი ამქვეყნიდან წასვლით გამომეცალა დიდი პიროვნება, ბრძენი კაცი. მის ამაგს ვერასდროს დავივიწყებ. დედაც მიყვარს, მამაც, მაგრამ ბაბუ რომ მიყვარდა, ისე ვერავის შევიყვარებ. ამიტომაც ვარ ჯაყელი და მისი სიცოცხლე ჩემს შთამომავლობაში მარადიულად გაგრძელდება.

- ორიგინალური გარეგნობა გაქვთ, საუბრის გამორჩეული და ემოციური მანერა, რითაც ყურადღებას იქცევთ...

GzaPress- მგონი, ამ სიტყვებით ახლა ძალიან მანებივრებთ (იღიმის).

- სულაც არა...

- მაშინ ხუმრობანარევი სიმართლით გიპასუხებთ: იმდენად შეუხედავი ვარ, რომ ამის გადასაფარად, ათასგვარ აქსესუარს ვატარებ... არასდროს მქონდა იმის ფუფუნება, რომ ისე მეცხოვრა, როგორც მინდოდა. დედაჩემი - გულნარა ჯაყელი კოხტა, ყოველთვის მოწესრიგებული ქალბატონია. 90-იან წლებშიც კი, როდესაც საქართველოში რთული პერიოდი იყო (არამატრაკვეცობით ვამბობ), შეიძლება, მშივრებიც ვყოფილიყავით, მაგრამ გარეთ მოუწესრიგებლები არ გავიდოდით. პიროვნება პირველად "ვიზუალით" ფასდება და მერე შეიცნობენ მას, როგორც ადამიანს... ისე მიყვარს აქსესუარები, რომ მგონია, წინა ცხოვრებაში ბოშა ვიყავი (იღიმის).

- 26 წლის ხართ, მაგრამ როგორც გავიგე, ბევრი რამ გადაგხდენიათ... იყო წარუმატებლობა, ქუჩაში გათენებული ღამეებიც...

- მთავარია, ადამიანს "ბომჟობა" სულში არ ჰქონდეს, თორემ ნებისმიერ ადგილას შეიქმნის კომფორტს... მქონდა ერთი ადგილი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი, რომელმაც გამოცდილებაც შემძინა და ზოგადად, თეატრს დამაახლოვა - ეს იყო ძველი კინოსტუდიის ეზო, "თუმანიშვილის თეატრის" უკან მდებარე ე.წ. კერძო სკვერი, რომელიც აღარ არსებობს. იქ ორი ხის სკამი იდგა, სადაც ხშირად მიწევდა ჯდომა და ფიქრი ყველაფერზე; ზოგჯერ დაძინებაც, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს...

- ღამე რომ გაგეთიათ, ზურა ყიფშიძეს თქვენთვის საკუთარი საგრიმიორო დაუთმია...

- 2007 წელს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში ჩავბარე, მაგრამ ისე მოხდა, რომ დიპლომი ვერ ავიღე: თანხის გადაუხდელობის გამო სასწავლებლიდან გამრიცხეს, მაგრამ კეთილი ადამიანების წყალობით, გადავრჩი. კერძოდ, ნანა ბოჭორიშვილმა, სასწავლო ნაწილის გამგემ თვე-ნახევარი თავის ოჯახში მაცხოვრა. მან და მისმა მეუღლემ - საშკა ღამბაშიძემ (ისიც ინსტიტუტში მუშაობდა) ხელი გამიმართეს. კახა კახაბრიშვილის მადლიერიც ვარ, რადგან ჩემში რაღაც კარგი მარცვალი დაინახა. ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს "შემფუთველს" - ბატონ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ეკუთვნის ჩემგან: საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებში მათამაშა... მერე, როცა ზურა ყიფშიძემ გაიგო, რომ ძალიან მიჭირდა, თბილისში არც სახლი მქონდა, არც - კარი და არც ნიკოლოზ გაბელიას ოჯახის ნათესავი ვიყავი (არადა, ამ ოჯახმა დიდი მზრუნველობა გამოიჩინა, ნიკოლოზის დედა შვილივით მივლიდა), მითხრა: შვილო, შენ ალბათ, აქ ვერ მამჩნევ. ადი და იცხოვრე ჩემს საგრიმიოროში, რამდენჯერაც გინდა დარჩი და დაიძინეო...

- როგორც ვიცი, ოჯახის წევრებმა პროფესიული არჩევანი დაგიწუნეს, წინააღმდეგობას გიწევდნენ...

GzaPress- ბათუმში გავიზარდე და რა გასაკვირია, რომ დედას ოცნება იყო, მეზღვაური ვყოფილიყავი. ჰოდა, წინააღმდეგობა რომ გავუწიე, ჩემზე გაბრაზდა. თუმცა, როცა ჩემი პირველი თეატრალური როლი, ჩემი პირველი წარმატება იხილა, გაიხარა და ახლა ზუსტად ვიცი, მოსწონს ჩემი საქმე.

9 მაისს, ბათუმში, მეგობრის ქორწილში თამადა ვიყავი და მივხვდი, ძალიან მომნატრებია იქაურობა. სამწუხაროდ, მშობლიურ ქალაქში ხშირად ვერ ჩავდივარ. ბებიას, რომელიც ბაბუას შემდეგ ერთ-ერთ ნათელ წერტილად დამრჩა და რომელიც ინსულტის გამო, ლოგინად ჩავარდა, საჭმელი საკუთარი ხელით ვაჭამე.

თურმე, გია ჯაჯანიძის შოუს სარეკლამო ანონსი რომ გადიოდა და თვალი მომკრა, ყველას ეხვეწებოდა, - გადართეთ, მანახეთ ანრიო.

- თავად რატომ და როდის გადაწყვიტეთ, მსახიობი გამხდარიყავით?

- ბავშვობაში ბათუმის დრამატული თეატრის აქტიური მაყურებელი ვიყავი. თან, იმ პერიოდში ბატონი რობერტ სტურუა ბათუმის თეატრის კონსულტანტი იყო და თეატრი კარგად მუშაობდა. ერთი და იმავე სპექტაკლის რამდენჯერმე ნახვა არ მღლიდა, არ მბეზრდებოდა. ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო და ამიტომაც წამოვედი თბილისში. მისაღები გამოცდების პირველ ტურზე თქვეს, რომ კარგი ბიჭი ვიყავი, მაგრამ მეორე ტურზე მიმღებ კომისიას რამდენიმე პიროვნება დაემატა, რომლებმაც დაასკვნეს, რომ მქონდა ორგანული "ლ", რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იყო და მოკლედ მომიჭრეს: არავითარ შემთხვევაში, სცენაზე დგომაზე არ იოცნებოო... ამის შემდეგ მოვხვდი ბრწყინვალე პედაგოგთან და პიროვნებასთან, ჩემს პროფესიულ მამასთან, ბატონი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. მისი დამსახურებაა, თუმანიშვილის თეატრში რომ ვარ. ბატონი გია როინიშვილი გარკვეულ მიზეზების გამო, ხშირად ვერ ახერხებდა ბატონი ნუგზარის სპექტაკლში - "ჰარალეთი, ჰარალეთი" თამაშს და რაღაც პერიოდის განმავლობაში, სპექტაკლი გაჩერდა კიდეც. მერე ბატონმა ნუგზარმა წარმოდგენის აღდგენა მოინდომა. ერთხელაც, ლექციის დამთავრების შემდეგ მითხრა, დარჩიო. მერე მკითხა: როგორ ფიქრობ, "ჰარალეთში" რომ დაგაკავო, რა როლი უნდა მოგცეო? დავიბენი, ვერაფერი ვუპასუხე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბატონი გიას როლზე დამაკავებდა. - ვცადოთ და თუ გამოგვივა, ხომ კარგი, თუ არ და, თავი დავანებოთო...

მერე მომცეს როლი სპექტაკლში - "იკაროსი". ჰოდა, ბატონი ნუგზარის რეკომენდაციით, ქალბატონი ქეთი დოლიძის და ამ თეატრის მსახიობების კეთილი ნებით, დასში აღმოვჩნდი...

- იმ პერიოდში, როცა ქუჩაში მოგიხდათ ცხოვრება, რა ისწავლეთ?

- ქუჩამ აღმომაჩენინა საკუთარი თავი და მიმახვედრა, შემეძლო თუ არა ბრძოლა გადარჩენისათვის; იმ პერიოდმა მასწავლა, რომ ცხოვრება არის საფეხური: დღეს პირველ საფეხურზე ხარ, ხვალ მეათეზე იქნები, ზეგ - მეასეზე, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება, ისევ ნულზე აღმოჩნდე... ქუჩამ გამოცდილება შემძინა, სხვანაირად დამანახა დედა, მამა, ჩემი და, ჩემი ბათუმი და ზოგადად, ადამიანი...

მერე, როცა ბატონი ზურა ყიფშიძე გავიცანი, ამით ნატვრა ამიხდა. წარმოგიდგენიათ, ტელევიზორში ვხედავდი და მისთვის "გამარჯობის" თქმას ვნატრობდი, ჰოდა, უცებ ამ ადამიანის გაცნობის შანსი მომეცა. ახლა ვძმაკაცობთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამით ვამაყობ.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ნაქირავები ბინიდან წამოვედი და ნიკოლოზ გაბელიას ოჯახში ვარ, სადაც დედობილი - ქალბატონი ნანა გუნცაძე მყავს.

GzaPress

- ერთი წლის წინ თქვენმა ფოტომ, რომელიც კესარიასთან ერთად გადაიღეთ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რეალურად რა მოხდა? რატომ გადაიღეთ ის სკანდალური სურათი?

- შარდენზე, ჩემს სამეგობროსთან ერთად, კლუბში ვიყავი, სადაც კესარიაც მოვიდა და ეს მეგობრული ფოტო ფოტოგრაფმა გადაიღო, მერე კი კლუბის საიტზე ატვირთა. შემდეგ ვიღაც უსაქმურმა შექმნა "ფეისბუკგვერდი" - კლუბის მარგალიტები და ეს სურათი იქ დადო, მოგვიანებით კი, ჩემივე თხოვნით წაშალა, მაგრამ მანამდე ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მერე ჟურნალისტი დაინტერესდა ჩემი და კესარიას ურთიერთობით, ჰოდა, იუმორნარევი პასუხი მიიღო. გურული კაცი ვარ და იუმორის გარეშე სიცოცხლეც არ მინდა. მოკლედ, იყო დიდი ვაი და უი...

არ მესმის, მე თუ მაქვს უფლება, ვიარსებო და ვიცხოვრო, რატომ არ შეუძლიათ არსებობა უმცირესობის წარმომადგენლებს? არც ერთი სარწმუნოება არ ქადაგებს (მით უფრო - მართლმადიდებლობა) ადამიანების დაჩაგვრას. მთავარია, პიროვნებამ საკუთარი ცხოვრებით არც მე და არც ქვეყანას ხელი არ შეუშალოს.

ლალი ფაცია